იკლიკანტური სამიტი ერევანში

იკლიკანტური სამიტი ერევანში

წინა კვირის დასაწყისში ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი ჩატარდა. თუ დააკვირდებით, სათაურიდანვე ჩანს, რომ ეს იყო ყალბი სამიტი - ევროკავშირის წევრი ქვეყნების ე. წ. ლიდერებს მოუნდათ, სამხრეთ კავკასიაში პუტინისთვის წითელი ნაჭერი აეფრიალებინათ და აუფრიალეს კიდევაც. მე არ ვიცი, რამდენად აღიგზნო ამაზე ვლადიმირ ვლადიმიროვიჩი, მაგრამ ჩვენი აკაცუკები რომ გაგიჟდნენ და ისედაც გადარეულები უფრო გადაირივნენ, ეს ვნახეთ. რატომ უნდა გადარეულიყვნენ აკაცუკები და მათთან გათანაბრებული პირები ამ ყალბი სამიტის გამო? იმიტომ, რომ იქ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩავიდა. ესენი ჯერ ჩასვლაზე გამწარდნენ, მერე იმაზე, რომ უკრაინის ვადაგასული პრეზიდენტი მივარდა, ხელი ჩამოართვა და როგორც შემდეგ გაირკვა, რაღაც საკითხებზე ისაუბრეს კიდევაც. მოგვიანებით ზელენსკიმ თავადვე დაწერა სოციალურ ქსელში: „საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შევხვდი. ჩვენს ქვეყნებს შორის გადაუჭრელი საკითხები მართლაც არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ დიალოგი ყველა დონეზე იყოს. ჩვენ თანამშრომლობას მომავალშიც გავაგრძელებთ“.
მისი თქმით, უკრაინა საქართველოს და მის სუვერენიტეტს ყოველთვის პატივს სცემდა, ქართველი ხალხის პატივისცემას ახლაც განაგრძობს. პატივისცემა რაში გამოიხატება, ზელენსკი არ აკონკრეტებს და ვერც დააკონკრეტებს. რა არის პატივისცემა, ჩვენი სამართალდამცავების მიერ ძებნილები რომ შეიფარა და მაღალ თანამდებობებზე დანიშნა? მათი ხელით არაერთი პროვოკაცია რომ დაგეგმა? მიხეილ სააკაშვილი რომ გამოგვიგზავნა ქვეყნის ასარევად და ომის დასაწყებად? რუსეთთან ომის დაწყებისთანავე თავისი ელჩი რომ გაიწვია საქართველოდან? ელჩის გაწვევა რაღა იყო, ყოფილიყო თბილისში მაგისი წარმომადგენელი, უკეთესად არ გაგვლანძღავდა? ჩამოვიდნენ უკრაინელი დევნილები, ქალები, ბავშვები, პრობლემა არ არის, მაგრამ კაი ტალიკ-ტალიკა ბიჭებიც რომ შემოგვისახლდნენ და რესტორნებში დღემდე გააქვთ გრიალი, ეს როგორღა არისო? აქედან ტვირთებიც გავუგზავნეთ, ჰუმანიტარულად დავეხმარეთ, მადლობის ნაცვლად პანჩური მივიღეთ, სანქციები მივიღეთ, ომი დაიწყეთო, გვამებით შეგვეხიდეთო, ჩაგვჩიჩინებდნენ და იცით, ვინაიდან ეს ყველაფერი კარგად ახსოვს ჩვენს საზოგადოებას, ამ ხელისუფლების ზოგიერთი მომხრეც გაღიზიანდა. კი, ბატონო, ხელი გამოგიწოდა, ჩამოართვი, ეს ელემენტარული ზრდილობაა, მაგრამ აწი ჩახუტებას და გადაფსკვნას თუ გადავწყვეტთ, მთლად ასე არ გამოვა, ჯერ ბოდიში უნდა მოიხადოს უკრაინის ვადაგასულმა ხელისუფლებამ, უკან წაიღოს თავისი ქეციანი სანქციები, საქართველოს გადმოსცეს ყველა აღზევებული ძებნილი და მერე უკვე შეიძლება ლაპარაკი. ისე, რაღა დაგიმალოთ და მე უკრაინის ამ სახელგატეხილ ხელისუფლებასთან დალაპარაკება და ურთიერთობის აღდგენა ნაკლებად წარმომიდგენია, ეს უნდა მოხდეს მომდევნო ხელისუფლებასთან. 
თავიდან აკაცუკებმა და მათთან გათანაბრებულმა პირებმა ერთი ამბავი ატეხეს, კობახიძე მივიდა ზელენსკისთან, ფეხებში ჩაუვარდა და იმასაც რა უნდა ექნა, ადგა და ხელი ჩამოართვაო. ნახეთ, რა დაწერა გიგა ბოკერიას უშნო კნეინამ, რა მოიგონა და მოჩმახა: „ცალ ფეხზე მდგომები ეტენებიან ზელენსკის. ჩიხში როცა ხარ, რას არ იკადრებ. დიდება უკრაინას! საქართველო ივანიშვილის გარეშე“!
მეგობრებო, ვიცი, აქ გეცინებათ, თავს ვეღარ იკავებთ და არც გთხოვთ, შეიკავეთ-მეთქი. შეგიძლიათ, გაზეთი გადადოთ, იცინოთ, სული მოითქვათ და მერე ისევ განაგრძოთ კითხვა. ესე იგი, ბოკერიას ცოლი, „ფედერალისტების“ „უმფროსი“ ხელისუფლებაზე ამბობს, ჩიხშიაო, ზელენსკის ეტენებიანო. ვინ ვის ეტენება, ეგ ჯერ კიდევ საკითხავია, მაგრამ ჩვენ ვნახეთ ვიდეო, სადაც კარგად ჩანს, როგორ მივარდა ზელენსკი კობახიძესთან და როგორ ჩამოართვა ხელი. მეტიც, მანამდე კობახიძეს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ამანუელ მაკრონმა გადაუღობა გზა და ძალზედ მხურვალედ ელაპარაკა რაღაცაზე. საერთოდ, რაზე ვლაპარაკობთ? ვინ ვის ხელი ჩამოართვა და ვინ ვის რანაირად შეხედა, რა გასარჩევი უნდა იყოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ე. წ. ქართულ პოლიტიკაში სასაუბრო მხოლოდ ასეთი თემებია. 
ემანუელ მაკრონმა, როგორც ყოველთვის, ისევ გამოიჩინა თავი, მე ვიცი, რომ არჩევანი, რომელსაც აკეთებს სომხეთი და რომელსაც ვაკეთებთ ჩვენ, აიძულებს ყველა მეზობელს, დააზუსტოს საკუთარი პოზიციაო, დადგება დრო, ჩვენ მათ ვკითხავთ, არიან ისინი ევროპელებთან ერთად თუ მათ წინააღმდეგო? ის, რაც დღეს აქ მოხდა, შეუქცევადია, ჩვენ სომხეთი ევროპის გულად ვაქციეთო. ხედავთ? ერთი ჩასვლით სომხეთი ევროპის გულად აქციეს, მეორედ რომ ჩავლენ, რას იზამენ? ალბათ, მსოფლიოს გულად გამოაცხადებენ, მაგრამ ტრამპი როგორ ხასიათზე დადგება? გამოვა და იტყვის, მსოფლიოს გული სომხეთი კი არა, თვითონ არის. ისე, იციან ევროპიელებმა, როგორ გააბრიყვონ ერები, ჩვენ ამ ეტაპზე ვერ გაგვაბრიყვეს და ამიტომაც არიან მოსეულები. ევროპის გული არა, შაშა, კოლა და თემურ ჭყონია კიდე, სომხეთი სამხრეთ კავკასიაში ერთი ჩაკეტილი ქვეყანაა, არც ზღვა აქვს, არც მდინარე, არც ჩანჩქერი, თუ ტვირთები არ გაუტარე, უკიდურეს გაჭირვებაში ჩავარდება. თუმცა, ევროპელებს სულ სხვანაირი წარმოდგენა აქვთ, თუკი ამერიკული კანონი რუსულია, მაწონი შავია და რუსთაველის გადამბუგავები გმირები არიან, რატომ არ შეიძლება, რომ სომხეთს ზღვა ჰქონდეს? აგერ, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ასეთ განცხადებას აკეთებს: „სომხეთი უზრუნველყოფს კასპიის ზღვასა და ცენტრალური აზიისკენ უმოკლეს გზას, გზა ადრე დაკეტილი იყო, მაგრამ ახლა, სომხეთის თამამი გადაწყვეტილების წყალობით სიტუაცია შეიცვალა, სომხეთს შეუძლია, რეგიონული ცენტრი და გზაჯვარედინი გახდეს“.
გაგიჟდები კაცი, ამ ქალს და საერთოდაც, გამოთაყვანებულ ევროჩინოვნიკებს რუკას რატომ უმალავენ? იქნებ, არც უმალავენ და თვითონ არ უნდათ, რომ შეხედონ? იქნებ, შეხედეს კიდევაც და ახლა უბრალოდ, ცდილობენ, ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი აკაცუკები გააბრიყვონ? მაგათ კიდევ გაბრიყვება უნდათ? სად სომხეთი, სად - კასპიის ზღვა? სად სომხეთი, სად - გზაჯვარედინი? სად სომხეთი, სად - რეგიონული ცენტრი? რა გზა იყო გადაკეტილი, რომელი სიტუაცია შეიცვალა? სომხეთის ნაცვლად აზერბაიჯანი რომ ეთქვა, კიდევ გავიგებდით, მაგრამ წინა კვირას ილჰამ ალიევმა მილიმეჯლისს დადგენილება მიაღებინა, ამ ქვეყანამ საერთოდ გაწყვიტა კავშირი ევროკავშირთან და მის სტრუქტურებთან, მთავრობას უბრძანა, არანაირი ურთიერთობა აღარ დაამყარონ მათთან. ალიევმა იცის, რომ თუ ეგენი ცოტა მაინც გაიშინაურე და თავი დაუხარე, ეგრევე თავზე წამოგაჯდებიან. ნიკოლ ფაშინიანი დასვეს მაგიდასთან და ხელი მოაწერინეს ხელშეკრულებაზე, რომ ამ წელს თუ არა, მომავალ წელს მაინც კასპიის ზღვიდან სომხეთზე ტვირთები უნდა გაატაროს. ფაშინიანი ამბობს, თუ ევროკავშირში მიგვიღებენ, გამიხარდება, თუ არა და მაინც გამიხარდებაო, ადგა და ისევ განაგრძო კაფე-კაფე სიარული, „ჭამა-სმა დიდად შესარგი“. კაცმა სასადილოებში იპოვა საკუთარი თავი და არ იკლებს არაფერს. თქვენ ის უნდა გენახათ, როგორი მტლაშა-მტლუში ჰქონდათ ფაშინიანსა და მაკრონს გამომშვიდობებისას აეროპორტში. წინა ღამეს ხომ შეასრულა ემანუელმა შარლ აზნავურის სიმღერა უნიჭოდ, ფაშინიანი ხომ უკრავდა დასარტყამ ინსტრუმენტზე, წასვლისას კი ბარე ხუთჯერ ჩაეხუტნენ ერთმანეთს. მე მგონი, ორივენი ერთი ჭკუისანი არიან. ამათ რომ ვუყურებ, გოდერძი ჩოხელის ნათქვამი მახსენდება - კაცები ცხენებზე შესხდნენ და სადღაც წავიდნენო, ისინი, ალბათ, აღარ დაბრუნდებიანო. 
ჩვენი აკაცუკები ჯერაც შოკში არიან, ევროპამ საქართველო სომხეთით ჩაანაცვლაო, ახლა ის იქნება გამტარიო. როგორ იქნება? ამაზე პასუხი არ აქვთ, ურსულა დეიდამ ხომ თქვა, კასპიის ზღვა სომხეთისააო? რეალურად არ არის, მაგრამ ხომ თქვა? არც ამერიკული კანონი იყო რუსული, მაგრამ ამერიკის ელჩმა რომ თქვა, ხომ დავიჯერეთ? კი, ბატონო, ამასაც დავიჯერებთ, მაგრამ სომხეთს რა ხეირი? - არც არაფერი.

გელა ზედელაშვილი