რა უნდა იცოდეს მოქალაქემ ადვოკატის აყვანის დროს
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ადვოკატის როლი მართლმსაჯულებაში თავისი სპეციფიკით შეცვლილია. დემოკრატიულმა ფორმაციამ და მასთან დაკავშირებულმა კანონებმა ადვოკატი, როგორც უფლებადამცველი ინსტიტუტი, უფრო დამოუკიდებელი გახადა.
ხშირად მოქალაქეები და, მათ შორის, მედიასაშუალებები აპროტესტებენ ადვოკატთა ობიექტურობას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი მკვლელებს იცავენ, ან საქმის სიცხადისათვის არ აკეთებენ მათთვის მისაღებ კომენტარებს საინფორმაციო საშუალებებით. სამართალში ჩაუხედავი ადამიანისათვის ამის ახსნა მართლაც რთულია, მაგრამ ამ წერილით შევეცდებით განვმარტოთ, რა როლი აკისრა უფლებადამცველს კანონის წინაშე და რის მოლოდინი უნდა გვქონდეს მისგან. ამჯერად სისხლის სამართლის სპეციალიზაციის ადვოკატების როლზე შევჩერდებით.
მაგალითად, ადვოკატი სისხლის სამართლის პროცესში კანონის თანახმად, უნდა მოქმედებდეს ცალმხრივად, ბრალდებულის ინტერესების შესაბამისად და მას არ ეკისრება ობიექტურობის ვალდებულება. ამიტომ, ადვოკატისთვის ცნობილიც რომ იყოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიერ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის შესახებ, იგი ვალდებულია, მხარი დაუჭიროს საქმის არსებითად განხილვის დროს ბრალდებულის გამართლებას და არა მისთვის, როგორც დამნაშავისთვის, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას. აღნიშნული ვალდებულებიდან გამომდინარეობს ისიც, რომ ადვოკატმა სასამართლოში უნდა წარმოადგინოს მხოლოდ ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდებულს ამართლებს ან უმსუბუქებს მას პასუხისმგებლობას.
ადვოკატს უფლება არ აქვს, ბრალდებულის თანხმობის გარეშე, მათ შორის მედიასთან, ისაუბროს ისეთ გარემოებებზე, რაც ბრალდებულს ამხელს დანაშაულში ან დაუმძიმებს პასუხისმგებლობას. ამიტომაც არის, რომ საინფორმაციო საშუალებებით ხშირად ვხედავთ სიტყვაძუნწ უფლებადამცველებს, რომელთაც ერთი სული აქვთ, საჩოთირო თემებზე არ უპასუხონ მედიის შეკითხვებს, რადგან ყველა მათი განმარტება შემდგომში, შესაძლოა, დაინტერესებული პირის მიერ მტკიცებულებად იქცეს და გამოყენებული იქნას კლიენტის ინტერესების საზიანოდ.
ამასთან, ადვოკატსაც ეკისრება პასუხისმგებლობა. ადვოკატი ყოველთვის უნდა ეყრდნობოდეს გაუყალბებელ მტკიცებულებებს და მან ხელი არ უნდა შეუშალოს სიმართლის დადგენას. უფრო კონკრეტულად, ადვოკატს ეკრძალება სასამართლოში წინასწარი შეცნობით ყალბი მტკიცებულებების წარდგენა (იხ. ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილი). მაშასადამე, ადვოკატი უფლებამოსილია, დაფაროს სიმართლე და არ თქვას ყველაფერი, რაც მისთვის არის ცნობილი, მაგრამ, რასაც იგი იტყვის ან წარადგენს სასამართლოში, არ უნდა იყოს სიცრუე და სიყალბე.
კანონმდებლობის თანახმად, ადვოკატს ეკრძალება, მაგალითად:
– მტკიცებულებების ფალსიფიკაცია და ასეთი მტკიცებულებების სასამართლოში წარმოდგენა (ასეთი ქმედებისათვის სსკ-ის 3691-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა);
– მოწმისადმი და დაზარალებულისადმი მიმართვა ან მათი დაყოლიება ცრუ ჩვენების მიცემისათვის ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის, ასევე მათ მიერ მიცემული ჩვენების შეცვლისათვის (ამგვარი ქმედებისათვის გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა სსკ-ის 372-ე მუხლით);
– ექსპერტისადმი ან თარჯიმნისადმი მიმართვა ან მათი დაყოლიება, რათა ექსპერტმა წარმოადგინოს ყალბი დასკვნა ან შეცვალოს წარმოდგენილი დასკვნა, ხოლო თარჯიმანმა თარგმნოს არასწორად (სსკ-ის 372-ე მუხლი);
– სასამართლოში დასაკითხად მოწმის გამოძახება, თუ ადვოკატისთვის წინასწარ არის ცნობილი, რომ იგი მისცემს ცრუ ჩვენებას. ამისგან უნდა განვასხვავოთ შემთხვევა, როცა ადვოკატისთვის მოულოდნელად, მისი გამოძახებული მოწმე სასამართლოში დაკითხვისას ბრალდებულის სასარგებლოდ იძლევა ცრუ ჩვენებას. ამ შემთხვევაში ადვოკატი არ არის ვალდებული, ამხილოს მოწმე ცრუ ჩვენების მიცემაში და უარი თქვას მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენებაზე.
ადვოკატს არ ეკრძალება, მაგალითად: ურჩიოს ბრალდებულს, გამოიყენოს დუმილის უფლება და არ მისცეს ჩვენება;
– ურჩიოს ბრალდებულის ოჯახის წევრს, რომ გამოიყენოს მისთვის კანონით მინიჭებული ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლება და არ გამოვიდეს სასამართლოში მისი ოჯახის წევრის წინააღმდეგ მოწმედ, მოითხოვოს სასამართლოში ბრალდებულის გამართლება იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც იგი დარწმუნებულია მის დამნაშავეობაში.
ასე რომ, როდესაც, მაგალითად, სისხლის სამართლის საქმეში ადვოკატის აყვანას გადაწყვეტთ, უნდა იცოდეთ, მისგან რა მოლოდინი შეიძლება გქონდეთ.
რომელი სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტები ექვემდებარება აღსრულებას
ვინაიდან აღსრულების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ მათ სრულად გთავაზობთ:
ა) აღსრულებას შეიძლება დაექვემდებაროს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისა;
ბ) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი სასამართლო განაჩენი ფიზიკური პირისათვის ან/და იურიდიული პირისათვის სასჯელის სახით ჯარიმის დაკისრების ან/და ქონების ჩამორთმევის შესახებ;
გ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს მიერ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილება;
დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო დადგენილება ქონებრივი გადახდევინებისა და ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების ნაწილში;
ე) სასამართლოს ბრძანება ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ;
ვ) სასამართლოს გადაწყვეტილება მოვალის (გადასახადის გადამხდელის) საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული, ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ;
ზ) საქართველოს საერთო სასამართლოს თავმჯდომარის ან სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულება სასამართლოში წესრიგის დამრღვევი პირის დაჯარიმების ან დაპატიმრების შესახებ;
თ) მოსამართლის ბრძანება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII-8 თავით გათვალისწინებულ საკითხებზე;
ი) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის თანახმად, საქართველოსთვის სავალდებულოა;
კ) უცხო ქვეყნის სასამართლოს, აგრეთვე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის აღსრულებაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით;
ლ) არბიტრაჟის გადაწყვეტილება;
მ) უცხო ქვეყნის არბიტრაჟის ან საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება, რომლის აღსრულებაც გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით;
ნ) სანოტარო აქტი;
ო) გირავნობის მოწმობა;
პ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
ჟ) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს, საქართველოს ეროვნული ბანკისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები სანქციის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ;
რ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად სახელმწიფო ქონებისათვის ან/და თვითმმართველი ერთეულის ქონებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ;
ს) რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიის და მისი კომიტეტის გადაწყვეტილებები;
ტ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
უ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ (შემდგომ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება) და აღსრულების შესახებ ბრძანება;
ფ) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII-13 თავით გათვალისწინებული პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ მოსამართლის ბრძანება;
ქ) ლიზინგის მოწმობა.
გვერდის ავტორია ლევან ჭიღლაძე
ტელ: 555 75-04-45

