უკვდავი ხელოვნება - ელენე ლუხუტაშვილი

უკვდავი ხელოვნება - ელენე ლუხუტაშვილი

საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქში, თელავში, ცხოვრობდა საოცარი ენერგიისა და ნიჭის ქალბატონი, თვითნასწავლი ხელოვანი ელიკო ბებო, ელენე ლუხუტაშვილი. სანამ ხელით არ შეეხება ადამიანი მის ნამუშევრებს, ვერ მიხვდება, რომ ასეთი ზუსტი ფორმები თუ შტრიხები ქვებით, კენჭებით, ძველი ჭურჭლის ნატეხებითა და აბრეშუმის პარკებითაა სულჩადგმული. როდესაც ელენე ბებოს ვესაუბრე, ოთხმოცდაათ წელს მიტანებული იყო. 31 იანვარს მისი დაბადების დღე იყო და გამახსენდა ჩვენი საუბარი, რომელიც არსად დაბეჭდილა. 
_ ელენე ბებო, რის მიხედვით ქმნით სურათებს, მუზა რას მოჰყავს...
_ გიამბობთ. ერთ დღეს მოვდივარ გზაში და ჩამესმის „მინდა საიდუმლოება გაგიმხილო“. გამიკვირდა, საიდან მესმის-მეთქი. ცოტა ხანში ისევ ჩამესმა და უცბად წარმოვიდგინე _ წერო დგას წყალში, უახლოვდება გოგონა, კაბის ბოლოები აიკრიფა და ეუბნება: მინდა საიდუმლოება გაგიმხილო! წერომ ვერ გაიგო მისი ნათქვამი, ამიტომ გოგონა დაიხარა და ისევ გაუმეორა. ამ დროს გოგონას მკერდი გამოუჩნდა _ საიდუმლოებას ინახავს მკერდში. გავიფიქრე, იდეაა, სურათი უნდა გავაკეთო-მეთქი, ჩქარა-ჩქარა წამოვედი სახლში და სურათის კეთება დავიწყე. მიხაროდა, ამ სურათს რომ ვქმნიდი, ვხედავდი, რა უნდა გამეკეთებინა. ეს ჩემი ბოლო ნამუშევარია, 2016 წლის 4 მარტს დავასრულე. ახლა ველოდები შთაგონებას... 
_ შოთა რუსთაველის იუბილემ გასულ წელს ჩუმად ჩაიარა საქართველოში, მაგრამ მახსოვს, თქვენ 80-იან წლებში გააოცეთ მნახველი...
_ 1988 წელი იყო, შოთა რუსთაველის იუბილეზე პიონერები მოიყვანეს ღონისძიებაზე იყალთოში. თითოეულ მათგანს კონკრეტულ ადგილზე მივუთითე და ლამის ვუბრძანე, აქ იდექი, ფეხი არ მოიცვალო-მეთქი. ბავშვებმა ვერ გაიგეს, რა მინდოდა და შეცბნენ, მაგრამ დამემორჩილნენ. ზემოდან ვერტმფრენი ფრენდა, მაღლა, ნანგრევებზე კი ბიჭები ისხდნენ და ერთხმად აყვირდნენ „შოთა რუსთაველი გამოვიდა, ეეე!“ კინაღამ გული წამივიდა _ შევძელი, ისე დამეყენებინა პიონერები, რომ შოთა რუსთაველი გამოსულიყო ზედხედიდან... ახლახან პერსონალური გამოფენა მქონდა თბილისში, საჯარო ბიბლიოთეკაში.
_ ლენინის სურათიც გაგიკეთებიათ „იმ“ დროში... ერეკლე II...
_ კი, აბრეშუმის პარკებით გავაკეთე ერთი ლენინი, მეორე _ ჭურჭლის ნამტვრევებით. ერეკლე II კენჭებით გავაკეთე, ასეთად წარმომედგინა დიდი მეფე, „პატარა კახი“.
_ როგორც ვიცი, ნატურას არ იყენებთ... ეს ორი შიშველი გოგონა რა კუთხით ჩამოყალიბდა თქვენს ფანტაზიაში. როდესაც ამ სურათს ქმნიდით, რა ჩადეთ მასში...
_ დიახ, მხოლოდ ფანტაზიაა, რომ მომივა იდეა, მაშინვე ვიწყებ და ნელ-ნელა ვაკეთებ, დასრულებას კი სხვადასხვა დრო სჭირდება, ერთი კვირა, ორი კვირა და ყველაფერი, რასაც ხედავთ, ფანქრისა და საღებავების გარეშეა გაკეთებული, ყოველგვარი წინასწარი მონახაზის გარეშე, მხოლოდ ქვიშა-ცემენტისა და ფანერის გამოყენებით. ზოგჯერ ფერები მჭირდება და არ მაქვს, ამიტომ, დავდივარ ქუჩაში და ვეძებ. რადგან, ვინც ეძებს, ის პოულობს კიდეც, უშედეგოდ არ დავდივარ, ხომ ასეა...
რომელ სურათზეც მკითხეთ, მას „წყლის კარის გახსნა“ ჰქვია. მასზე ჩემი ყოფილი თანამშრომლები არიან გამოსახული, ნუნუ მაისურაძე და შარმაზანაშვილი ეთერი. საერთოდ, რომ იცოდეთ, ხელოვნებაში არის ფორმა, როცა სამოსი არ იხატება, ზედმეტია, რადგან სამოსში ვერ გადმოსცემ იმას, რისი თქმაც გინდა. ეს გოგონები შეყვარებულები არიან. წამოვიდნენ მდინარის პირას, ყვავილებით გვირგვინი შეკრეს და წყალში გადააგდეს ბადის ნაცვლად, საბედო დავიჭიროთო. ამ დროს ამოცურდა თევზი, შეეხო გვირგვინს და გვირგვინი გაიხსნა. აბა, კარგად დააკვირდით, რას ვამბობ! შეყვარებულები არიან ეს გოგონები, ხოლო გვირგვინი არის ქალიშვილობა. ამ დროს ამოცურდა თევზი, შეეხო გვირგვინს და გვირგვინი გაიხსნა; მუხა მშობელია, მათკენ გადაიხარა და მისცა ამ მშვენიერებას თავისუფლება...
თუ თავად ვერ შეიგრძნობ, რაგინდ დაალაგო კენჭები, არაფერი გამოვა. ხუთი კონტინენტის ადამიანები გამოვსახე, მათი ეროვნება, ხასიათი _ თუ ვერ იგრძენი, ვერც გადმოსცემ...
სიზმარში ვნახე, თამარ მეფის საფლავს ირემი ყარაულობდა და ეს სიზმარიც გადმოვიტანე... საკუთარი თავიც გამოვსახე, ნაწნავი მქონდა ახალგაზრდობაში... ეს ჭურჭელიც ჩემი მოხატულია... „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“... ნანი ბრეგვაძე რომ მღერის, „ვაზო ქალწულო, დალალდაწნულო“, ლხინი საიდან იქნება, თუ ვაზი მოწეული არ არის; ქორწილი საიდან იქნება, თუ ქალი მოწეული არ არის? ქალი შეყვარებულია, თავისი საიდუმლო მტევანს გაანდო... ასე გავაცოცხლე კენჭებით იოსებ ნონეშვილის ტექსტზე ნანი ბრეგვაძის ნამღერი...
მახათას მთა თვალით არ მინახავს, მაგრამ ჩემს წარმოდგენაში ავაგე. შავი ქვები გამიზნულად ჩავატანე, ეს საქართველოს შავი დღეებია... ამას რომ ვაკეთებდი, გარეთ მომიწია გასვლამ და გზაში მძივის ერთი ცალი მბრწყინავი ბურთულა ვიპოვე. კარგად მენიშნა, ჯიბეში ჩავიდე, წამოვიღე და ჯერ კიდევ სველ „მთას“ ჯვრის გვერდზე ჩავუდე, რადგან საქართველო უნდა გაბრწყინდეს ჯვრის მადლით!..
_ ორ სურათზე ერთი და იმავე ქალის სახე მეორდება...
_ დიახ. გაგონილი მქონდა, რომ ბუშეტელი ქალი იყო, ყველა შვილი სამამულო ომში გაუშვა და წერილებს რომ სწერდა ფრონტზე, მხოლოდ იმას ნატრობდა, რომ ცოცხლები ენახა. საწყალი, ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, ვერც ერთი შვილი ვერ ნახა. პირველ სურათზე გამოსახულია, როგორი იმედით კითხულობს ფრონტიდან მოსულ წერილს, მეორე კი ჩემი მორიგი ფანტაზიაა, შევახვედრე დედა-შვილი...
_ კენჭებით ასე ზუსტად როგორ გაიმეორეთ სახისთვის დამახასიათებელი რთული შტრიხები...
_ როგორ აგიხსნათ _ ცხადად ვხედავდი შვილების მომლოდინე დედის სახეს და მეორე სურათზე როგორღა შეიცვლებოდა, მსგავსი გამოვიდოდა... 
_ ელენე ბებო, ვინმემ გასწავლათ თუ თქვენით მიაკვლიეთ ამგვარად გამოსახვის ხერხს...
_ ჩემით მივაგენი. პატარა რომ ვიყავი, ძალიან მინდოდა ხატვა, მაგრამ ხატვისთვის საჭირო რომ არაფერი მქონდა, კენჭებს მივადექი. პირველი სურათი ფიქალის ქვების ნატეხებისგან გაკეთებული მამლაყინწა იყო. პატარა ვიყავი, და-ძმა რომ გარდამეცვალა, მერე კიდევ, ლოგინად ჩავარდნილი დედა მამამ მიატოვა და მე ვიყავი ყველაფერი. პური პირველად, 15 წლისა ვიყავი, რომ შევიძინე, ისიც, როცა პირველი ხელფასი ავიღე. ნანახი არ მქონდა, რა ზომის იყოს მთლიანი პური, რადგან დედას ნატეხები მოჰქონდა... ძაფსაღებ ფაბრიკაში დავიწყე მუშაობა, მაგრამ მერე, შემატყვეს, რომ რაღაც ნიჭი მქონდა და ნელ-ნელა წინ წამწიეს...
ჩემი ოცნება თელავის მოედანზე, ახალ ბაღში ჩემი „ოცნების კოშკის“ დადგმაა. შეყვარებული წყვილი ერთმანეთს რომ ეტყვის: „წამო, ოცნების კოშკთან ჩამოვსხდეთო“...
ახლახან დავეცი და თავი დავახალე, ვაი, როგორა მტკივა... _ თავზე ხელი წაივლო ელენე ბებომ და სახეზე ტკივილი გამოესახა, მაგრამ კამკამა ციფერი თვალებიდან მაინც პატარა, ანცი გოგოს მოუსვენრობა და სიცოცხლის სიყვარულით ტკბობის ხალისი გადმოდიოდა...
ელენე ბებოს მოსვლამდე მისმა მეზობლებმა გვითხრეს, თუ ვინმეს ოჯახში რამე გაგვიტყდება, ან ზედმეტად ვთვლით და ვიცით, ელიკოს გამოადგება, მასთან მიგვაქვს, ჩვენი უმნიშვნელო წვლილი შეგვაქვს „მასალით“ მის მომარაგებაშიო; ზღვიდან რამდენი კენჭები მაქვს ჩამოტანილიო; თუ რამე „ისეთს“ ვნახავთ სადმე, მასთან მოგვაქვსო...
ელენე ბებოს სახლის სარდაფში 500-მდე ნახატია, რომელთაც არც ყიდის და ვერც გასაჩუქებლად იმეტებს, რადგან მიაჩნია, რომ მის მიერ შექმნილი ხელოვნება მხოლოდ თელავის საკუთრებაა და მხოლოდ თელავს უნდა დარჩეს... 

მაკა ჯაყელი