უვიცები
ომებს იწყებენ, ქვეყნებს ბომბავენ და ამ ქვეყნების შესახებ არაფერი იციან. რუსეთს უკრაინის ხელით ებრძვიან (ამას ვინ იფიქრებდა?) და რუსეთის ისტორიას არ სწავლობენ, საერთოდ არ აინტერესებთ. არადა, ამ ომებს იმათი შთამომავლები იწყებენ, რომლებმაც პირველ და მეორე მსოფლიო ომებში მწარე მარცხი იწვნიეს. ვერ სწავლობენ თავიანთი წინაპრების თავს გადამხდარ გაკვეთილებს და რა უნდა ქნა? რა დაემართა ნაპოლეონს, როგორ დაბრუნდა რუსეთიდან პარიზში ჯაგლაგი ცხენით და ტლაპოიანი „ტრუსიკით“, მგონი, ფრანგებმა ამის შესახებ არაფერი იციან. რა დღეში ჩაიგდო თავი ადოლფ ჰიტლერმა და რა დღეში ჩააგდო გერმანელი ერი, მგონი, არც ამის თაობაზე გაუგონიათ რამე გერმანიის ელჩ ფიშერს და მის უფროს მერცს.
ანეკდოტია ერთი: ჰიტლერმა დილით უჟმურ ხასიათზე გაიღვიძა. გებელსი ეკითხება - რა მოხდა, ჩემო ფიურერო, ფერი არ გადევთ სახეზეო. იოზეფ, რაღაცნაირი სიზმარი ვნახე წუხელ, ეგეთი რამე არ შეიძლება, მოხდესო. მომიყევით, ჩემო ფიურერო, ეგებ, მე ავხსნა ეგ სიზმარიო, მიუგო გებელსმა. გერმანიის კანცლერი ქალი იყო, ხოლო უკრაინა რუსეთს ეომებოდაო, თქვა გაეშმიშებულმა ჰიტლერმა და თავი ჩაჰკიდა. თქვენ წარმოიდგინეთ, პროპაგანდის მამამ, იოზეფ გებელსმაც კი ვერ ახსნა სიზმარი, რომელიც შემდგომში ზუსტად ახდა - იყო ანგელა მერკელი კანცლერი, დღეს კი ვხედავთ, როგორ ებრძვის უკრაინა რუსეთს. შეიძლება, ჰიტლერმა მოგვიანებით დანარჩენი კანცლერებიც ნახა და ფრიდრიხ მერციც გამოეცხადა, შეიძლება, ამიტომაც გაგიჟდა, მაგრამ ამის თაობაზე ვერაფერს გეტყვით, მხოლოდ ის ვიცით, რომ გაგიჟდა.
ევროპარლამენტარებს ეკითხებიან, რუკაზე ირანი სად არისო? ვერც ერთმა ვერ უპასუხა, ზოგი ბულგარეთს ადებს თითს, ზოგი - ავღანეთს. ეს უკვე ტრაგედიაა. ეს ის ხალხია, რომლებიც დღეს ევროპის ბედს წყვეტენ და ევროკავშირში მაღალ ხელფასებზე სხედან. ხელფასი იქით იყოს, ეს ხალხი კორუფციაში იხრჩობა. 1000 ევროდ ისეთ განცხადებას გამოგიცხობენ, ვერც კი დაიჯერებთ. თუ ცოტა მეტს გადაიხდით, რეზოლუციასაც დაწერენ და 400 დეპუტატს წაუკითხავად ხმასაც მიაცემინებენ, თან ცარიელ დარბაზში. რაც ჩვენ ამ დღეებში ვნახეთ, რა განათლებაც ევროპარლამენტარებმა გამოაჩინეს, ეს სრული კატასტროფაა. თუ ეს „ევრომახინა“ არ დაიშალა, უახლოეს ხანში ევროპას უარესი დღეები ელოდება.
ცნობილ ამერიკელ ჟურნალისტს, ტაკერ კარლსონს წინ სენატორი უზის, ინტერვიუს წერს. კარლსონი ეკითხება - იცით, რამდენი ადამიანი ცხოვრობს ირანშიო? სენატორს ეკითხება, თავი რომ მოაქვს კიტრივით და აქეთ ჭკუაზე გვარიგებს ხოლმე. მისტერ „კიტრი“ პასუხობს - არ ვიცი და არც მაინტერესებსო. აუჰ, გაოცებული კარლსონი არ ეშვება - როგორ, ქვეყანასთან ომი გაქვთ, თქვენ ამ ომს მხარს უჭერთ და არ იცით, ირანში რამდენი მილიონი ადამიანი ცხოვრობსო? არ ვიციო, ვალდებული არ ვარ, ვიცოდეო, ეგ, საერთოდ, რა შუაშიაო? ალბათ, ყველას გახსოვთ ფილმები ჰიტლერზე, მეორე მსოფლიო ომზე. ყველა ფილმში ფიურერი რუკას დაჰყურებს, ხან მარტოა, ხან - თავის გენერლებთან ერთად. ტიპმა ევროპისა და რუსეთის თითქმის თითოეული გოჯი იცოდა, ლამის თითოეული ტანკის გადაადგილებას აკონტროლებდა, მაგრამ ომი მაინც წააგო. ესენი რუკას საერთოდ არ უყურებენ, ირანი ხან ავსტრალიაში ჰგონიათ, ხან კიდევ ანტარქტიდაში. არ ვიცი, კოკაინის ყნოსვამ იცის ასე? ალბათ, ისიც გახსოვთ, მერცი, სტარმერი და მაკრონი რომ ბრუნდებოდნენ უკრაინიდან მატარებლით... ისიც გემახსოვრებათ, ჟურნალისტებმა კოკაინის ყნოსვაზე რომ წაასწრეს. ჰოდა, ამათი მოგებული ომი არ გაიშვა ცლუნკაანის გადასახვევამდე. ვუყურებ ამ ქეციანებს და 1945 წლის იალტის კონფერენცია მახსენდება, იოსებ სტალინი, უინსტონ ჩერჩილი და ფრანკლინ რუზველტი რომ მონაწილეობდნენ. იქ მთავარი ფიგურა სტალინი იყო, მაგრამ მეორე მხარესაც კაცები იდგნენ. სხვათა შორის, იქ ერთი ძალზედ საინტერესო ინციდენტი მოხდა - მოლაპარაკების მაგიდასთან სტალინს სხვებთან შედარებით მაღალი სავარძელი დაუდგეს. შემოდის იოსებ ბესარიონოვიჩი, ყველა ფეხზე დგება, ეს კარგახანს არ ჯდება. უკვირთ, ხელით ანიშნებენ, დაბრძანდითო. პრეტენზიას გამოთქვამს განსხვავებულ სავარძელზე, არ იღებენ, გეკუთვნითო. მაინც არ ჯდება, მიდის და იქით, მოშორებით მიათრევს. სხვა გზა აღარ რჩებათ, ჩვეულებრივ სავარძელს უდგამენ. ეს მომენტი გადაღებულია, ვიდეო არსებობს, ლეგენდა არ არის. ჰოდა, იმათთან ამათი შედარება შეიძლება? ისინი გენიოსები იყვნენ. 1943 წლამდე უინსტონ ჩერჩილს ძალიან უჭირდა ომში ჩართვა, ფრთხილობდა, ჯერ ერთი, საკუთარ ქვეყანაზე ფიქრობდა და მეორეც - შეიარაღება არ ჰქონდა შესაბამისი. იმხანად ინგლისს ტანკებითა და სხვა სახის შეიარაღებით ამერიკელები ამარაგებდნენ, მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ყველა ხელშეკრულება შეჩერდა. ამერიკელებმა ფიქრი საკუთარ ქვეყანაზე დაიწყეს, ეგებ, ჩვენც დაგვჭირდეს, რა იცი, რა ხდებაო? ამაზე ფილმიც არის გადაღებული, ჩერჩილი რეკავს აშშ-ის ადმინისტრაციაში, იხვეწება, ტანკები მომაწოდეთ, ფული გადახდილი მაქვსო. აწვდიან კი არა, უხეშად იშორებენ. როცა ჩერჩილმა თავის გენერლებთან მოლაპარაკებითაც კი ვერ გადაწყვიტა, ომში უნდა ჩაბმულიყო თუ არა, მეტროში ჩავიდა და ხალხს ჰკითხა. ხალხმა უთხრა, რომ აუცილებლად უნდა ჩაბმულიყო. არ ვიცი, შეიძლება მეტროში ჩასვლის სიუჟეტი რეჟისორის მიერ არის გამოგონილი, მაგრამ სიმართლესთან მაინც მიახლოებულია. ამით იმის თქმა მინდა, რომ ამერიკელები რანაირებიც იყვნენ 1943 წელს, იგივენი არიან დღემდე - ყველაფერს სათავიანთოდ ჭრიან და კერავენ. დონალდ ტრამპს რომ ჰკითხოთ, მეორე მსოფლიო ომი თვითონ მოიგეს, არც საბჭოთა კავშირი არსებობდა და არც დიდი ბრიტანეთი. მე მგონი, ტრამპმა არც 1943 წლის თეირანის კონფერენციაზე იცის რამე, არც 1945 წლის იალტის კონფერენციაზე. ამერიკელები ასეთები არიან თუ ისეთები, ადრე ყველა მათ ლიდერს კაცად მაინც აღიქვამდი და ეს არ იყო მოჩვენებითი. რაც მთავარია, არ არსებობდა თვალშისაცემი უვიცობა, უცოდინრობა და კრეტინობა. შეცდომა გაგვიგია, შეცდომა ყველას მოსვლია, მაგრამ უვიცობა და კრეტინობა სულ სხვა „ფენომენია“. აგერ, ეს არის ის, რითაც ამ სტატიის წერა დავიწყე - იწყებენ ომებს, მხარს უჭერენ ამა თუ იმ ქვეყნის დაბომბვას, განადგურებას და არაფერი იციან ამ ქვეყნების შესახებ, რუკაზეც კი ვერ პოულობენ.
კიდევ ერთი ევროპული კაზუისტიკა: ალბათ, გახსოვთ, ამას წინებზე ყულევის ტერმინალთან დაკავშირებით იყო ატეხილი ამბები - არიქა, მაგ ტერმინალში რუსული ნავთობი შედისო.
ევროკომისიის პრესსპიკერს, შივონ მაკგარის ჰკითხეს, რა სახის დარღვევა ხდებოდა ყულევშიო? იცით, რა უპასუხა პრესსპიკერმა? შემთხვევის დეტალები არ ვიცი, მაგრამ, როგორც წარმომიდგენია, ნავთობის რეექსპორტი ხორციელდებოდაო: „როგორც გასულ კვირაში განვაცხადე, საქართველოს ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ შეწყვეტენ ამ რეექსპორტს და ჩვენ გულდასმით გავაგრძელებთ დაკვირვებას პრაქტიკულ განხორციელებაზე”.
საქართველოს ხელისუფლებას არაფერი დაუდასტურებია, პირიქით, მოამზადა დოკუმენტები, რომ ყულევის ტერმინალში არაფერი ხდებოდა და დასასანქცირებელი ობიექტების ნუსხიდან ამოიღეს. პრესსპიკერი ტყუის, აზრზე არ არის, რას ბოდიალობს. აქ უკვე საქმე გვაქვს უვიცობასთანაც და თავხედობასთანაც.
მოკლედ, სადამდე მივა ევროპელთა და ამერიკელთა უვიცობა, ჯერ კიდევ არ ვიცით, ხან რომ გვგონია, ამით დასრულდებაო, ისეთ რამეს აკეთებენ, გაოცებულები ვრჩებით. ვნახოთ, მეგობრებო, ვნახოთ, დღეის ამას იქით უვიცები უცებ ხომ არ განათლდებიან? არა, რა თქმა უნდა.
გელა ზედელაშვილი

