ცვლილებები კანონმდებლობაში ემიგრანტებისთვის და არა მხოლოდ მათთვის

ცვლილებები კანონმდებლობაში ემიგრანტებისთვის და არა მხოლოდ მათთვის

წინა კვირაში საქართველოს ხელისუფლებამ ქართულ კანონმდებლობაში, ცოტა არ იყოს, სენსაციური და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები შემოიტანა. პირველი _ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში საქართველოდან საზღვარგარეთ სამუშაოდ თუ არასამუშაოდ წასული ადამიანები ვალდებულნი იქნებიან, ჩამობრძანდნენ აქ, სამშობლოში და მისცენ ხმა თავიანთ სასურველ პარტიებს თუ კანდიდატებს. სხვადასხვა ქვეყნებში აღარ გაიხსნება უბნები, სადაც, რატომღაც, უმეტესად „ნაცები“ და მათთან გათანაბრებული ავანტიურისტები თავნებობენ. სამწუხაროდ, ასე მოხდა, ჩვენი ქვეყნის გარეთ უმეტესობა გაბოროტებული „ნაცია“. თან, არ დაგავიწყდეთ, მათი უმეტესობა „ნაცების“ დროს არის აქედან გახიზნული. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ თავიდან ავიცილებთ არაერთ გაუგებრობას და ბოლო მოეღება უცხოეთში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების შანტაჟს, დაშინებას და მოსყიდვას. უკვე გაჩნდა კულუარული ინფორმაცია, რომ მოსყიდულ ე. წ. ემიგრანტთა ნაწილი საქართველოში საკუთარ ნაშრომს კი არ რიცხავს ნანულა ჟორჟოლიანისა და სხვათა ანგარიშებზე, ეს არის შავი ფული მათთვის გადაცემული, რომელიც ამ გზით თეთრდება და შემოდის საქართველოში. ჩვენ კიდევ გვიკვირს, რატომ რიცხავენ, თავიანთ ნაწვალებს ასე რანაირად ანიავებენო? 
როგორც მოსალოდნელი იყო, „ნაცებმა“ ამ ყველაფერს საკუთარი ინტერპრეტაცია მიანიჭეს და დაიწყეს „გენიოსური“ გარჩევები. მათი დავთრების თანახმად, საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოში უნდა ჩამოვიდეს 884 ათას 100 ემიგრანტი. ეს 100 რაღა იყო, 884 ათასი საკმარისი არ არის?
სინამდვილეში რა ხდება? ეს 900 ათას „სჩემტა’’ ხალხი იქ არ მიდის, სადაც უბნებს უხსნიან და აქ რანაირად ჩამოვა? 1000 ემიგრანტი თუ „გვეწვია“, ტაში უნდა დავუკრათ.
რაც შეეხება კანონს, მე ვფიქრობ, აქამდეც უნდა მიეღოთ. არავინ არავის არაფერს უკრძალავს, ჩამოდით, ხალხო, დაგვხედეთ, შეგვათვალიერეთ, ეგებ, ჩვენი რესტორნები ცარიელია? ეგებ, სუპერმარკეტებში რიგები არ დგას? ეგებ, თბილისში და სხვა ქალაქებში „მანქნები’’ ლაღად არი? ეგებ, ბიძინა ივანიშვილი ყოველ დილით მათრახით დაგვდევს და გივია თარგამაძემ სულები რომ ვერ ამოგვხადა, ამან უნდა ამოგვხადოს? ეგებ, ჩვენ უკვე კომუნიზმი დავამყარეთ და „ნაცები’’ გიმალავენ? ოღონდ, ეცადეთ, როგორც ეს „გენიოსები“ ამბობენ, ერთბაშად ამდენნი არ ჩამოხვიდეთ, გადანაწილდით. 
ჯერ კიდევ ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, ტარანი თვლით არისო და მოდით, ჩვენც დავითვალოთ, რამდენი ემიგრანტი მივიდა საზღვარგარეთის ქვეყნებში გახსნილ უბნებზე ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას? ცესკო-ს მონაცემებით (58 უბნის მიხედვით), საზღვარგარეთ ოთხმა ოპოზიციურმა სუბიექტმა (ჯამში) მიიღო 18 917 ხმა. „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო 3 776 ხმა. ეს არის სულ 22 ათას 623 ხმა. მაშინ, როცა „ქართულმა ოცნებამ საქართველოში მიიღო 1 მილიონ 120 ათასი ხმა, როგორ ფიქრობთ, ეს 22 ათასზე ცოტა მეტი ხმა რამეს გადაწყვეტდა? რა თქმა უნდა, არა, რადგან ეს არის საერთო მაჩვენებლის მხოლოდ 1,15%. ეს ძალიან ჰგავს მითს ემიგრანტებზე, რომ საქართველოს ისინი ინახავან და, რომ არა მათ მიერ გამოგზავნილი ფული, ქვეყანა აღარ იარსებებდა. რაღა დაგიმალოთ და ძალიან ბევრი ემიგრანტი გაბრიყვდა, როცა დაიჯერა, თითქოს არჩევნებში გადამწყვეტ სიტყვას ისინი ამბობენ და მეტიც, საქართველოს გარედან ისინი ინახავენ. მეტიც, ამას წინებზე დაგვემუქრნენ კიდევაც, თუ ხელახალ არჩევნებს არ ჩაატარებთ და ე. წ. სინდისის პატიმრებს არ გამოუშვებთ ციხიდან, ფულს აღარ გამოვაგზავნითო. ნუ გამოუგზავნიან თავიანთ ქმრებსა და შვილებს „პივის“ ფულს... აი, დარდი! არა, ბატონებო და ქალბატონებო, ყველა საკუთარ ოჯახს ინახავს, ყველა საკუთარ შვილებსა და შვილიშვილებს უგზავნის, დაეშვით დედამიწაზე, ის თქვენც დაგიტევთ და შეხედეთ რეალობას თვალებში, საკუთარი ადგილი მოძებნეთ ცხოვრებაში. 
ალეკო ელისაშვილი, ეს უფუნქციოდ დარჩენილი პოლიტიკანი უფრო შორს წავიდა და გაბრაზებულმა რუსეთში მყოფ ქართველებს დაუწყო გინება - რუსეთი გარყვნილი ქვეყანაა, მსგავსი მსოფლიოში არ არსებობს, თურმე ქართველი კაცები რუსეთში გარყნილებას სჩადიან და ამიტომაც უყვართ ეს ქვეყანა. რა გითხრათ, კაცია ახლა ესა?
აბა, რუსეთში მაცხოვრებელო და იმავე რუსეთში მიმავალ-მომავალო ქართველებო, რა გინდათ მანდა? რას აკეთებთ? კაცებო, ბორდელებში დადიხართ იაფად? ქალებო, თქვენ კიდე უყურებთ, როგორ დადიან ქართველი კაცები ბორდელებში და როგორ ლოთობენ თუ ნარკომანობენ? ალეკომ თქვა, რუსეთში სულ ლოთები და ნარკომანები ცხოვრობენო. არ ვიცოდი, თურმე რა დღეში ყოფილა რუსეთში გასული ქართველობა, უი, უი, უიიიიი! ხედავთ, ხალხო, რა დონეა? ახლა ამას რამე სმენია რუსულ კულტურაზე? არა, ფაქტია, რომ არც არაფერი სმენია და არც არაფრის გაგონება უნდა! ამას უნახავს პეტერბურგი ან მოსკოვი? არა, ამისთვის რუსეთი ერთი დიდი „პასიოლოკია“, რომელსაც ზელენსკი დღე-დღეზე აიღებს.
აგერ, ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიაში ემიგრანტმა ქალებმა მუსიკალურ ჯგუფ „ურსას“ კონცერტი ჩაშალეს. ფაქტია, ეს „სპექტაკლი“ მოსყიდულმა აკაცუკებმა დადგეს.
ჩემი აზრით, სიტყვა „ემიგრანტი“ არასწორად არის გამოყენებული - ემიგრანტი ჩვენ ვიცოდით საბჭოთა დროიდან და იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლებამ სამშობლოდან ან გააძევა, ან იძულებით წავიდნენ. ძირითადად, ეს ადამიანები იყვნენ მენშევიკური მთავრობის წარმომადგენლები და სარჩული ნამდვილად იყო პოლიტიკური. დღეს უცხოეთში ნებით სამუშაოდ თუ სასწავლებლად წასულ ჩვენს მოქალაქეებს არ შეიძლება, ეწოდოთ ემიგრანტები, ისინი არიან ქართული დიასპორის წარმომადგენლები. ასევე წარსულს უნდა ჩაბარდეს ცრემლთა ღვარღვარი, კიკინების გაშლა და ხელისუფლების ლანძღვა სამშობლოს მონატრების საბაბით. მე ვიცი, ზოგიერთი უცხოეთში იმის გამო გადაიხვეწა, რომ მისი ოჯახის წევრებმა სახლ-კარი ან ტოტალიზატორში წააგეს, ან კაზინოში, ან არასწორად წამოწყებულ ბიზნესში და ახლა ხელისუფლებას ლანძღავენ. ყველამ თავის გულში ჩაიხედოს, ყველა დაფიქრდეს, როდის, რისთვის და რატომ წავიდა საქართველოდან. ზოგიერთი ამტკიცებს, რომ ეს ძალზედ სენსიტიური თემაა და ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ. კი, მაგრამ, გერმანიაში სამღერლად ჩასულ ბიჭებს რომ კონცერტს უშლი, ეს არ არის სენსიტიური? დავუშვათ, სხვა ქვეყანაში ჩამოვედი კონცერტის ჩასატარებლად, შენ, ვინც უნდა იყო, ვინ გკითხავს, მე პოლიტიკური თვალსაზრისით ვის ვუჭერ მხარს? 
მეორე _ „ქართულმა ოცნებამ“ ასევე მიიღო ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის გაუქმების გადაწყვეტილება. პაპუაშვილის თქმით, ფუნქციონირებას განაგრძობენ ახალგორის, ქურთის, თიღვისა და ერედვის მუნიციპალიტეტები, რომლებიც, მისი განმარტებით, კონსტიტუციის სრული დაცვით აირჩიეს 2006 წელს:
„2006 წლის ნოემბერში, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ორგანიზებით, ცხინვალის რეგიონში ჩატარდა არაკონსტიტუციური არჩევნები, რომლის შედეგადაც გამოცხადდა ე. წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი და ჩამოყალიბდა ე. წ. სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული მთავრობა. ამ ნაბიჯით იმჟამინდელმა ხელისუფლებამ სეპარატისტულ პროცესებს ირიბი ლეგიტიმაცია მიანიჭა, რაც საქართველოს სახელმწიფო ინტერესების აშკარა და მძიმე ღალატი იყო. ამ გადაწყვეტილებით ხელოვნურად აღდგა 1990 წელს გაუქმებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული საზღვრები, რაც შემდგომში იქცა ერთ-ერთ ხელშემწყობ გარემოებად 2008 წლის რუსული სამხედრო აგრესიისა და საქართველოს ისტორიული რეგიონის - სამაჩაბლოს ოკუპაციისთვის“.
კარგია, ეს შეცდომაც კი არა და... ეს დანაშაულიც გასწორდა. მართალია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მხრივ, ალბათ, ეს არანაირ შედეგს არ მოგვცემს, მაგრამ ეს მაინც ხარვეზი იყო, რომელიც გულში ხინჯად გვქონდა. 
მესამე _ 2026 წლის 2 მარტიდან უქმდება ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, რომელთა ფუნქციები სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. ესეც კარგია, არ არის საჭირო ამდენი სამსახურის დუბლირება. როგორც ამბობენ, ეს იყო ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნა. არადა, ამ ხელშეკრულებაში იმდენი შეუსაბამობაა, შეიძლება, ზოგიერთი სასაცილოც კი იყოს. მაგალითად, იცით თუ არა, რამდენი ტონა ნივრის გატანის უფლება გვაქვს ევროპის ქვეყნებში? მხოლოდ 400 ტონის წელიწადში. ამ ზღვარს ერთი კილოგრამითაც ვერ გადავაბიჯებთ. იცით თუ არა, რა სახის ქათმის კურტუმების გატანის უფლება გვაქვს ევროპის ქვეყნებში? ყველა უნდა იყოს ერთი ზომის და ერთი წონის. თუ რომელიმე განიერი ან ვიწრო იქნება, ვერ გავიტანთ. ახლა რომ მოსთქვამენ აკაცუკები, ავტომობილების ტექდათვალიერება „ოცნების“ გამოგონილი ფულის მახეაო, ვისი მოთხოვნა იყო მისი აღდგენა? _ ევროკავშირის! 
როდესაც ამ ხელშეკრულებას ხელი მოეწერა, პრესაში ვაშუქებდი ამ თემას და კარგად ვიცი, იქ რა ზღაპრებიც წერია. სხვათა შორის, კიდევ მაქვს სურვილი, ხელახლა თქვენთან ერთად გადავიკითხო. არც ის იქნება ურიგო, ხელახლა გავარჩიო თუ განვიხილო. 

გელა ზედელაშვილი