რამდენს გაუმართა ხელი, რამდენი სიცოხლე გადაარჩინა
ოდესმე ვინმეს რამე წამოაძახა?!
ზოგს ჰგონია, ეს კაცი ქართულ სინამდვილეში 2011 წელს გამოჩნდა და მაშინვე პოლიტიკაში შემოაბიჯა. არა, ის საქველმოქმედო საქმიანობას ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში და უფრო ადრეც ეწეოდა. სანამ თბილისის გულში სამებას ააშენებდა, სანამ ქართველ ხალხს ასეთ ძვირფას საჩუქარს გაუკეთებდა, ბევრს ეხმარებოდა, ზოგს სამკურნალოდ აგზავნიდა და სიცოცხლეს უხანგრძლივებდა; ზოგს სიცოცხლეს ხელახლა უბრუნებდა, ზოგი ეკონომიური სიდუხჭირიდან გამოჰყავდა, მაგრამ ეს არავინ იცოდა, თვითონ ჰქონდა ეს წესი წესად გამხდარი, სიკეთეს აკეთებდა, მაგრამ ამის თაობაზე არავის უნდა გაეგო. ქართული ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენლები ე. წ. სტიპენდიას საიდანღაც იღებდნენ, საიდანღაც სულდგმულობდნენ, იმ ავბედით 1990-იან წლებში და შემდეგაც წელში გამართულები დადიოდნენ, მაგრამ ზუსტად არ იცოდნენ, ამდენი დახმარება საიდან მოდიოდა. ზოგიერთმა კი იცოდა, ივანიშვილი რომ ეხმარებოდა, მაგრამ დარწმუნებული მაინც არ იყო, ეს ივანიშვილი ნამდვილად არსებობდა თუ არა.
როდესაც შევარდნაძის დაჭაობებული ეპოქა წარსულს ჩაბარდა და ხელისუფლებაში ე. წ. რეფორმატორები მოიყვანეს, გამოცხადდა, სახელმწიფო მოხელეებს, მთავრობის წევრებსა თუ პარლამენტარებს ხელფასებს ჯორჯ სოროსი გადაუხდისო. ეს ამბავი ისე იყო გასაიდუმლოებული, რამდენიმე წლის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ ამ მხრივ ფულს სოროსი კი არა, ბიძინა ივანიშვილი ხარჯავდა. რატომ, რა რჯიდა, რისთვის აკეთებდა ამას? იმიტომ აკეთებდა, რომ ჩინოვნიკებს ბიუჯეტიდან ფულის მოპარვა არ დაეწყოთ, ხელები დაემოკლებინათ და ქვეყნისთვის მიეხედათ. სამწუხაროდ, მათ მოკლე მხოლოდ ჭკუა აღმოაჩნდათ და ქვეყანას როგორც მიხედეს, ვნახეთ.
შემდეგ დაიწყო პოლიციისა და ჯარის გარდაქმნა, აქაც ბიძინა ივანიშვილმა გაიკრა ჯიბეზე ხელი. ბიძინა ივანიშვილმა განა იმიტომ, რომ სხვებს ფული არ ჰქონდათ? ჰქონდათ, როგორ არა, მილიონებს ბარემაც ბევრი ინახავდა მუთაქებში, მაგრამ ყველა გაიყურსა, ჯარისთვის და პოლიციისთვის ერთი თეთრიც არავის გაუღია. ალბათ, გახსოვთ, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, დიღომში პოლიციელებმა გააჩერეს, საბუთები შეუმოწმეს და არ უშვებდნენ, ბრძანება ჰქონდათ ვანო მერაბიშვილისგან, უნდა ეწვალებინათ. ამ პოლიციელებს მისი ნაყიდი ტანისამოსი ეცვათ და მის ნაყიდ მანქანებში ისხდნენ. მის ადგილზე ნებისმიერი ადამიანი მიაძახებდა - ბიჭებო, მე ჩაგაცვით, მე დაგახურეთ, მე გამოგკვებეთ, მანქანებიც გიყიდეთ, როგორ მიბედავთ, რომ მაჩერებთო? მსგავსი არაფერი მომხდარა, კაცს ხმა არ ამოუღია, იდგა და ელოდებოდა, როდის გაუშვებდნენ.
რამდენს გაუმართა ხელი, რამდენი გადაარჩინა, მაგრამ როდისმე ვინმესთვის რამე რომ წამოეძახებინა, გახსოვთ? არა, თითქოს წესად იქცა, ვისაც სიცოცხლე აჩუქა, ყველაზე მეტად ისინი ებრძვიან და ყველაზე მეტად უმადურები ისინი აღმოჩნდნენ. ბიძინა ივანიშვილი, აშკარაა, ცხოვრებას სხვა განზომილებიდან უყურებს - ის სიკეთეს აკეთებს და იცის, რომ უფალი ყველაფერს ხედავს. რატომ არ უნდა დაინახოს? კაცმა სამება ააშენა, ღვთის სახლი, სხვა რომ აღარაფერი გაეკეთებინა, დიდი ქველმოქმედის სახელით ისტორიაში უკვე შესული იყო.
არა, ესეც არ იკმარა, ყველაფერი დადო სასწორზე, რაც რამ გააჩნდა, ყველაფერი გაიღო ქვეყნის გადასარჩენად. ოჯახი დააყენა საფრთხის წინაშე, ის ოჯახი, რომელიც მისთვის წმინდათა წმინდაა. სანამ ამას გააკეთებდა, სოფელზე დაიწყო ზრუნვა - ერთხელაც გამოცხადდა, ხელისუფლება ყველა სოფელს თითო ტრაქტორს აჩუქებსო. გვახსოვს, როგორ წამოსხდნენ ე. წ. რეფორმატორები (გვარებს შეგნებულად არ ვასახელებთ) ახალ ტრაქტორებზე და გაუდგნენ კახეთისკენ მიმავალ გზას გლეხების გულის მოსანადირებლად. ხელისუფლებამ მოიფიქრა ასეთი საჩუქარი, რათა სოფელმა ამოისუნთქოსო. მოგვიანებით, რამდენიმე წლის შემდეგ ჯუმბერ პატიაშვილმა გაამჟღავნა (მაშინ პარლამენტში სოფლის მეურნეობის კომიტეტს ხელმძღვანელობდა), 3800 ტრაქტორი ბიძინა ივანიშვილმა გადმოგვცაო. შემდეგ ეს ახალთახალი მექანიზაცია ბობოლებმა დაისაკუთრეს, გლეხებს მხოლოდ შორიდან დაანახეს.
რამდენი რამის გახსენება შეიძლება, იყო სანერგე მეურნეობა მცხეთაში, კაცმა ააშენა, გამართა, აამუშავა და მერე სახელმწიფოს აჩუქა. იმ წელიწადს, თუ არ ვცდებით, 2013 იყო, ლამის მთელი კახეთი დაისეტყვა, აიღო და 80 მილიონი ლარი მევენახეებს აჩუქა. ვინ როგორ მოიხმარა და რა გააკეთა, ეგ სხვა საკითხია.
რომელი ერთი უნდა ჩამოვთვალოთ? ამას მთელი გაზეთი კი არა, რამდენიმე გამოცემა არ ეყოფა. გაარემონტა ყველა თეატრი - ოპერის, მარჯანიშვილის, რუსთაველის, მუსკომედიის, ჯანსუღ კახიძის მუსიკალური ცენტრი, ფილარმონია, გრიბოედოვის თეატრი, თავისუფალი თეატრი, მოზარდ მაყურებელთა თეატრი, მიხეილ თუმანიშვილის თეატრი, მარიონეტების თეატრი. გაარემონტა ეროვნული მუზეუმი, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი საგურამოში, აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი, მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმი ბაღდათში, თეატრის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმი, იოსებ გრიშაშვილის სახლ-მუზეუმი, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი. ურეკში ააშენა საკონცერტო დარბაზი, დააფინანსა ყველა სახელიანი ანსამბლი. რესტავრაცია ჩაუტარა ბოტანიკის ინსტიტუტს, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას. რესტავრაცია და გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარა 534 ტაძარსა და ძეგლს. გაარემონტა ყველა უმაღლესი სასწავლებელი, თბილისსა და რეგიონებში გარემონტდა აშენდა საჯარო სკოლები, ქუთაისში ააშენა ტექნოლოგიური უნივერსიტეტი.
ყველაფერს ვერ ჩამოვთვლით, ზოგი რამ თუ ცნობილია, ბევრიც არ არის ცნობილი. თუმცა არ უნდა გამოგვრჩეს დენდროლოგიური პარკი შეკვეთილში. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს გზები (300 კმ-ზე მეტი), ხიდები. რომელ დაწესებულებასაც აშენებდა, არემონტებდა თუ რესტავრაციას უკეთებდა, თან ავეჯით, თანამედროვე ტექნიკით და ფინანსებით ამარაგებდა, ყველა თეატრის დასი თუ მომსახურე პერსონალი ფინანსდებოდა და დღესაც ფინანსდება. საქართველოს მილიონერები არ აკლია, ღმერთმა უმრავლოს, მაგრამ მოდი, გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ, განა ვინმეს ამისი მეასედი, თუნდაც მეათასედი გაუკეთებია? არავის არაფერს ვამადლით, დამადლება და წამოძახება ბიძინა ივანიშვილის სტილი არ არის, მაგრამ ამას ჩვენ ვამბობთ, „საერთო გაზეთის“ თანამშრომლები: გაუმარჯოს სიმართლეს!
ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს, ვინ იცის, კიდევ რამდენი რამ აქვს ჩაფიქრებული საქართველოს საკეთილდღეოდ. განა მისი დამსახურება არ არის, რომ უკვე მეოთხე წელიწადია, ლამის მთელი მსოფლიო ცეცხლის ალშია გახვეული და ჩვენი ქვეყანა კიდევ მშვიდობის ხარჯზე წინ მიდის, ვითარდება. განა არ ეცადნენ საქართველოს ჩათრევას ომში და მის განადგურებას? განა არ აშანტაჟებდნენ და დღესაც არ აშანტაჟებენ ბიძინა ივანიშვილს გარე თუ შინაური ძალები, რომ როგორმე იქნებ, ჩაგვითრიონ რუსეთის წინააღმდეგ წამოწყებულ უბედურებაში? ცდილობენ და მერე როგორ, მაგრამ ვერ გატეხეს ეს კაცი, ვერც მისივე გაყინული მილიარდებით დაძრეს ადგილიდან, ვერც მუქარით, ვერც ე. წ. დიპლომატიური ეშმაკობით. კი, ბატონო, ჩვენში მშვიდობის დავანებას იმ ბიჭების ხელისუფლების გონიერებამაც შეუწყო ხელი და მადლობა მათ, მაგრამ დღეს რომ ბომბები არ გვაცვივა თავზე (როგორც ბევრს უნდოდა), ეს ამ კაცის დამსახურებაა.
საიუბილეო თარიღს ვულოცავთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ვპირდებით, რომ, როგორც ყოველთვის, მუდამ გვერდზე ვედგებით ყველა ქართველისა და საქართველოს გამარჯვებაში საკუთარ წვლილს შევიტანთ!
„საერთო გაზეთის“
რედაქცია

