ელდანაცემი ჭიჭე

ელდანაცემი ჭიჭე

პოლიტიკური ნოველლა

ციხეში რომ ჩასვეს, ელდა ეცა, ტანში გააჟრიალა კიდეც. არ ელოდა, სულ ფიქრობდა, რომ ვერ გაუბედავდნენ, ის ხომ ყოველი არჩევნებისას თავს პრემიერ-მინისტრად აცხადებდა. მხოლოდ ერთხელ შერაცხა ქალბატონმა თაკო ჩარკვიანმა პრემიერ-მინისტრად, დანარჩენ პერიოდებში საკუთარ თავს თავადვე რაცხდა. ყოველ შემთხვევაში, სანამ ბორკილებს დაადებდნენ, ეგონა, განვლილი პოლიტიკური მიღწევების გამო თითს არ დააკარებდნენ, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, დააკარეს და მეტიც უყვეს - ციხეში უდიერად შეაგდეს და მისი კამერის რკინის კარს ურდულიც გაუყარეს. ყველაზე მეტად გული ურდულის გაყრამ ატკინა, ეს რაღა საჭირო იყო? რა, სადმე გაიქცეოდა? გაქცევა რომ სდომებოდა, მანამდე დატოვებდა საფიცარი სამშობლოს ფარგლებს, გოგიტა წულაიას მსგავსად ბრიუსელში გადაიხვეწებოდა, ჭიჭე ბრიუსელსკის დაირქმევდა და იცხოვრებდა უზრუნველად. მა გოგიტა როგორ ცხოვრობს? როგორ დაქეიფობს ევროპის გულში? თუმცა, არა, ჭიჭეს ეგრე არ შეუძლია, როცა დედულ-მამული განსაცდელშია, სადმე, თუნდაც ევროპის გულში ვერ გადაიხვეწება - ურჩევნია, ციხეში იჯდეს, ვიდრე ემიგრანტების ხარჯზე იქეიფოს. 
მეორედ მაშინ ეცა ელდა, როცა ციხიდან გამოუშვეს. გამოუშვეს რა, როგორც უდიერად შეაგდეს, ისე უდიერად გამოაგდეს - არც დამშვიდობება, არც მადლობა, არც ქება, არც დიდება. არ უნდა, კაცო, ქება და დიდება, ეგ ისედაც არ აკლია, მაგრამ ერთი მადლობა მაინც არ უნდა ეთქვათ? რატომ მადლობა? იმიტომ, რომ პატიმრები არ ააბუნტა, ციხეში ბუნტი არ მოაწყო, ულეგიტიმო ხელისუფლებას პრობლემები არ შეუქმნა. შეეძლო, თითის ერთი დაქნევით ციხეში ძალიან დიდი ხმაური აეტეხა, პატიმრები ელოდებოდნენ კიდეც მისი თითის დაქნევას, მაგრამ არ ქნა, თითოეული პატიმრის ჯანმრთელობას გაუფრთხილდა, ისიც არ იცოდა, ივანიშვილის დაუნდობელი ხელქვეითები რას მოიმოქმედებდნენ, თუ არ დახვრეტდნენ, ხელახლა დააპატიმრებდნენ და მერე გამოაცხადებდნენ, ეს ყველაფერი ჭიჭემ ქნაო. 
როცა ციხიდან გამოაგდეს, რაღაცნაირი ენერგია იგრძნო სისხლძრაღვებში, მოზღვავებული და თანაც ცხელი, გეგონება, ჩუხჩუხებსო. პრინციპში, გეგონება კი არა, მართლა ჩუხჩუხებდა, გრძნობდა, ღამე ვეღარ იძინებდა, რაღაც ხმა არ აძინებდა, მუდმივად ჩასძახოდა - ადე, ჭიჭე, მამული განსაცდელშიაო, ძილის უფლება არ გაქვსო. ამაზე თვითონაც ფიქრობდა, ნეტავ, რა მაძინებსო, ახლა რუსთაველზე უნდა ვიდგე მამულიშვილებთან ერთადო, მაგრამ ეს ჩაძახილი სულ სხვანაირი იყო, ეს გახლდათ არა თხოვნა, არამედ ბრძანება. ერთხანობას მიხეილ სააკაშვილის ხმას მიამსგავსა, მერე თითქოს ნიკუტას ხმას მიამსგავსა, მერე ნუგზარ წიკლაურისას, მერე გია ბარამიძისას, ბოლოს თითქოს ზემოდან იყო, ზეციდან, არაამქვეყნიდან, დაახლოებით მარსიდან ან მთვარიდან. გაგიჟდა, მოსვენება დაკარგა, სხვა გზა აღარ ჰქონდა, რაღაც ძალა ქუჩაში გასვლას სთხოვდა, ხალხთან ხელახალი ურთიერთობის დაწყებას აიძულებდა. მას რომ თავი ხალხოსანი ეგონა, ასე არ ყოფილა, ამას წინებზე გოგიტამ დაურეკა ბრიუსელიდან და აუხსნა, ხალხოსნობა ცოცხალი პროცესია, თაობები მიდიან, ჩვენ კიდე ვეჩებით და ვალდებული ვართ, ვიმოქმედოთო, ახლა ჩვენ უნდა გადავიქცეთ განახლებულ ხალხოსნებადო, სხვანაირად ბიძინა ივანიშვილს ვერ დავამარცხებთო. სანამ ქუჩაში გაიჭრებოდა, კიდევ ერთხელ მოუნდა გოგიტასთან გაბაასება ბრიუსელში, კიდევ ერთხელ უნდოდა, გაევლო „პრაგონი“, გოგიტა ამ საქმეში უკვე გამოცდილია, თანაც ევროპიულ დონეზე. ტელეფონს დასწვდა.
- ალიო, გოგიტა, მე ვარ, ჭიჭე.
- ვააა, როგორ ხარ, ძმისწულო?
- აბა, როგორ ვარ? დავიტანჯე, ზემოდან ჩამძახიან, გადი ქუჩაში, შენ იქ ხარ საჭირო მამულისთვისო.
- მა როგო გინდა? ვარდები უეკლოდ ვის მოუკრეფნია? ერისკაცობა ძალიან რთული ყოფილა, განა მე არ ჩამძახოდნენ ზემოდან, გადი საქართველოდან, პირდაპირ ევროპაში გაიჭერო? განა მე ტყუილად დავწავწალებ ბრიუსელის ქუჩებში? 
- მერე, რას მიაღწიე, შედეგს ხედავ?
- ვხედავ და მესმის კიდევაც, ყოველ დილით გავდივარ ბრიუსელის ცენტრში, წავიკუზები, ყურს მიწაზე ვადებ და შენ ვერ წარმოიდგენ, როგორი გუგუნი მესმის.
- როგორი?
- რევოლუციური გუგუნი მოდის საქართველოდან!
- გადიიიი!
- არ გჯერა, ხო? თავიდან არც მე მჯეროდა, მაგრამ როცა ქვესკნელიდანაც ამომძახეს, ბრძოლა ბოლომდეო, ვირწმუნე და მე ბრიუსელის ქუჩებში იქამდე ვივლი, სანამ საქართველოში რევოლუცია არ მოხდება. თუმცა მარტო ჩემი სიარული რას უშველის, თუკი თბილისშიც არ ივლით?!
- ვივლით, მე პირადად ორშაბათიდან გავდივარ, გირჩმა ზურაბამაც მითხრა, წამოვალო, მოსახლეობას შევხვდეთო, შევახსენოთ, რომ ჩვენ ისევ ცოცხლები ვართო, და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს, როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზეო, სიკვდილის ყველა კარი ჩარაზეთო, მეტი რაღა უნდა ეთქვა? გაკვირვებულიც კი დავრჩი, ამდენი რამე რო თქვა, ხო იცი, მაგას ბევრი ლაპარაკი არ უყვარს, თუ ლაპარაკობს, ისეთი ფილოსოფიური მეტყველება აქვს, ძნელად თუ რამეს გაიგებ. 
- ჰო, ვიცი ზურაბას ფილოსოფიური მეტყველების ამბავი... სხვათა შორის, მე ნაწყენი ვარ მაგაზე.
- ვააა, რატომ?
- ატოცში შარვლების ჩასახდელად რო წავიდნენ, ხო გახსოვს?
- კი, მახსოვს, მაშინ მეც უნდა ჩემეხადნა შარვალი, მაგრამ ვერ მოვიცალე, სასწრაფოდ ამერიკაში გამომიძახა ჩვენმა მეგობარმა ჯო უილსონმა.
- ჰოდა, მე არ წამიყვანა ატოცში. ვეხვეწე, ვემუდარე, თქვენზე ნაკლებად შარვლის ჩამხდელის დედაც-მეთქი, მაგრამ არ ქნა, შენ ნამეტანი მოკლე ფეხები გაქვს და ულამაზოდ გამოჩნდებიო, სულ ტალიკ-ტალიკა ბიჭები მიმყავს, რუსები უნდა დავშოკოო. ბიჭო, მე მაქვს მოკლე ფეხები? მითხარი, მე მაქვს? 
- რავი, ზურაბაზე მოკლე კი გაქვს, მაგრამ ნეტავ, სიგრძეს რა მნიშვნელობა ჰქონდა, მთავარი ხომ მაინც ჩახდა იყო?
- აი, ამაშია საქმე!
- მოკლედ, მე ორშაბათიდან ქუჩაში გავდივარ და 26 მაისამდე აღარ შემოვალ. 
- ანუ 26-ში საქართველოს ვანთავისუფლებთ? 
- ნიკუტა იძახის, 26-ში ვიწყებთ და 26-ივე ვამთავრებთო, პაატა ბურჭულაძეს არ გაუმართლა, ჩვენ გაგვიმართლებსო... მთავარია, გოგიტა და იუკნევიჩიენე მოგვაწვნენ ევროპიდანო.
- მე რაც შემიძლია, მოგაწვებით, ძმაო, იუკნევიჩიენესაც დაველაპარაკები, ერთდროულად მოგაწვებით. მე ახლაც შეხვედრაზე მივდივარ, ქართველი ემიგრანტებმა მწვადი უნდა შეწვან და უნდა დავუბერო.
- რა უნდა დაუბერო?
- ბიჭო, შამფურებს რომ დაალაგებენ ხოლმე მაყალზე, ბოლოსკენ ნაკვერჩხალი ჩაინავლება ხოლმე და ამ დროს უნდა დაბერვა, სული უნდა შევუბერო, განა ეს პატარა საქმეა? ამ ჩვენ რევოლუციასაც ასევე უნდა დაბერვა. 
- გასაგებია, დავიწყოთ, მე უკან დამხევი აღარ ვარ, გამარჯვება ჩვენს ხელშია.
- მა რააა, მა ვის ხელშია?
ჭიჭემ ტელეფონი დადო, ერთი ღრმად ამოიხვნეშა, ცელოფანის პარკში ბუკლეტები ჩაალაგა, ბოტასები ამოიცვა და გარეთ გაიჭრა, ნავთლუღის ბაზართან გირჩი ზურაბა ელოდებოდა. იცით, მესამედ ელდა როდის ეცა? როცა ქალებს ხელი გაუწოდა და ყველამ „ნე ვიჟუ“ გაუკეთა. თავიდან ეგონა, მოეჩვენა, მაგრამ ერთმა, ორმა, სამმა და ათმა გვერდი რომ აუარა, განზე გადგა, ბაზრის კუთხეში გაჩერდა და თვალები მოიფშვნიტა. კი, მაგრამ ადრე ტაშით თუ არ ხვდებოდნენ, ბაზრებში ხელს მაინც ხომ ართმევდნენ? რა მოხდა? რა შეიცვალა? იგი ხომ იგივეა? ნუთუ ეს ბაზარიც ბიძინამ იყიდა? რომც ეყიდა, აქ ხომ მილეთის ხალხი შემოდის? რა იციან, რომ ბიძინასია? ნუთუ ჩემი მაზანდა დაეცა? არა, ვერ დაეცემოდა, საქართველოში მოსახლეობა ყოველთვის დაჩაგრულის მხარეს დგებოდა, ის ხომ დაჩაგრულია? ის ხომ „ბალანდას“ ჭამდა? არა, „ბალანდას“ არ ჭამდა, ახლანდელ ციხეში ეგეთები სადღაა, მაგრამ მოსახლეობამ ხომ ეს არ იცის? განა მოსახლეობისთვის ციხე ისევ შავბნელი დაწესებულება არ არის? მოკლედ, გაგიჟდება კაცი, გადაირევა, ხელის ჩამორთმევა აღარ უნდათ, მალე ალბათ, პანჩურის რტყმასაც დაიწყებენ, ეს აუცილებლად უნდა ეცნობოს ევროკავშირს, ამერიკის შეერთებული შტატების სენატს, კონგრესს, პირადად ჯო უილსონს, სასწრაფოდ სანქცია უნდა დაუწესდეს ნავთლუღის ბაზარს და მის ადმინისტრაციას, აქ ვეღარ უნდა გაიყიდოს რუსული პროდუქცია. ამ ინფორმაციას საკუთარი ხელით გააგზავნის, ამერიკას თვითონ მიხედავს, ევროპას გოგიტა წულაია მიხედავს, მივა და პირდაპირ იუკნევიჩიენეს ჩაუკაკლავს ყველაფერს. ქალბატონი იუკნევიჩიენე ეგრევე გამოვა და გააკეთებს საგანგებო განცხადებას, რომ ნავთლუღის ბაზარში ოპოზიციის წარმომადგენლებს ხელს აღარ ართმევენ. გასარკვევია, საქართველოს სხვა ბაზრებში ართმევენ? იქნებ, არც იქ ართმევენ? იქნებ, მაღაზიებშიც იგივე მდგომარეობაა? კვლევაა ჩასატარებელი, კვლევა და ამ საკითხის მეცნიერული შესწავლაა აუცილებელი. 

ნოველა რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით დაწერა 
გელა ზედელაშვილმა