ცელქი პეტრე ფიშერი
პეტრე გერმანიის ელჩია საქართველოში. ისე პეტერს ეძახიან, თორემ ჩვენებურად პეტრეა. მას ბოლო დროს ხაზარაძის მდგმურსაც ეძახიან და არცთუ უსაფუძვლოდ, ის მართლაც ხაზარაძის მდგმურია, ოღონდ მამუკას ის სახლი ცოლზე აქვს გაფორმებული. რაც პეტრე ფიშერი საქართველოში გამოაგზავნეს, სულ იქ ცხოვრობს. შარშან სკანდალიც გაუხეთქეს მაგ კუთხით. თურმე ისე ცხოვრობდა და ისე იხდიდა 12 ათას ევროს, ბიუჯეტში არაფერი შეჰქონდა, ანუ გადასახადებს მალავდა. მოგვიანებით მამუკა ხაზარაძემ აღიარა, გაუგებრობა მოხდაო. რა გაუგებრობა? ეს იყო ფიშერის ფეხებში გახეთქილი სკანდალი, ამის გამო მას სხვა ქვეყნიდან გამოაბუნძულებდნენ, მაგრამ ჩვენ „გავუტარეთ“. ისე, სიტყვა „გაუხეთქეს“ არ მომწონს, მაგრამ შავნოდარას მივბაძე, ესენი თავიანთივე სიტყვებით უნდა მოვიხსენიოთ ხოლმე. რა საერთო აქვთ პეტრე ფიშერს და ნოდარა მელაძეს? თქვენ ის იკითხეთ, რა არ აქვთ საერთო. მათ აერთიანებთ ერთნაირი მიზნები, ზრახვები და ამოცანები. ნებისმიერი ქვეყნის ელჩი პროტოკოლს და დიპლომატიურ ეტიკეტს უნდა იცავს, მაგრამ პეტრე არც ერთს იცავს, არც მეორეს, არც მესამეს. რატომ? იმიტომ, რომ პეტრე ცელქია, სანამ ამ დღეებში ე. წ. ახალგაზრდა ოპოზიციონრებს, ანუ ე. წ. არასამთავრობოებში გამოზრდილ ლეკვებს შეხვდა და საქართველოში პროცესების რადიკალიზაციის აუცილებლობაზე ინსტრუქტაჟი ჩაუტარა. მანამდეც ხშირად ცელქობდა - ხან განცხადებებით აქეზებდა აქციებზე მორბენალ აქტივისტებს, მოსყიდულ ზომბებს, ხან თვითონაც დადიოდა აქციებზე და ხელისუფლების დამხობისკენ ეჯიკავებოდა.
რა მოხდა ამა წლის 15 იანვარს გერმანიის საელჩოში? ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ფიშერთან შეხვედრა გამართეს რადიკალური ოპოზიციის სხვადასხვა დაჯგუფების წევრებმა. მკაცრად გასაიდუმლოებულ შეხვედრაზე დამსწრე პირებს შორის იყვნენ აქტივისტები: ლუკა მიშველაძე, მეგი ფერაძე, არჩილ გოჩიტაშვილი, დავით სეხნიაშვილი, სერგეი ყანჩელი, ნიკოლოზ ხოსროშვილი, ანნი ფრიდონაშვილი, დავით ქაშიაშვილი. ფიშერი ოპოზიციის აქტივისტებს პროცესების რადიკალიზაციის აუცილებლობაზე ესაუბრა და განუმარტა, რომ მსხვერპლის არსებობა გამოიწვევს მასობრივ და რადიკალურ პროტესტს, მაგალითად კი ირანში არსებული ვითარება მოიყვანა. უფრო კონკრეტულად, გერმანიის ელჩი აქტივისტებს უხსნიდა, რომ „დღევანდელი საპროტესტო ღონისძიებები მომავალში შედეგს არ მოიტანს, რის გამოც, აუცილებელია, როგორც ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საპროტესტო აქციებს მოჰყვა ადამიანთა მსხვერპლი, რაც გადაიზარდა მასობრივი რადიკალურ პროტესტში - ასეთივე სცენარით განვითარდეს მოვლენები საქართველოში“.
ცნობილი ხდება ისიც, რომ ფიშერმა, დამსწრე ორგანიზაციების შემდგომი დაფინანსების მოპოვებასთან დაკავშირებით განაცხადა, კონტაქტი ექნება ლუკა მიშველაძესთან და სწორედ მას გააცნობს დაფინანსების დეტალებს. რა გამოდის? ბატონი პეტრე ამ ბოგანოების დაფინანსებასაც აპირებს? ფაქტია, აპირებს და ცდილობს, ისეთი რამ ჩაიდინოს, შემდეგ პანჩურებით რომ გავაძევოთ აქედან. ეს ვინმე ლუკა მიშველაძე ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პარტიის წევრი ყოფილა. ესე იგი, თუ პეტრე „გირჩის“ წევრთან აწარმოებს მოლაპარაკებას, მაშინ ისიც გამოდის, ამ საქმეში თვითონ გირჩი ზურაბაც არის გარეული, რიგით წევრს დაფინანსების ამბავს ვინ ეკითხება, თუ „უმფროსის“ ლოცვა-კურთხევა არ აქვს? არადა, რამდენიმე დღის წინ გირჩ ზურაბას „ფეისბუკში“ ხელი ჰქონდა გამოშვერილი, ბიძიებო, დეიდებო, დამაფინანსეთ, გირაო მაქვს გადასახდელი, ბინას ვერ ჩავდებო. მგონი, მოუგროვეს, საამისოდ გამოთაყვანებული განა ამ ქვეყანაში და ქვეყნის გარეთაც ცოტაა? თუკი თავის დროზე ნიკანორ მელიას გირაო ევროკავშირმა დაუფარა, ამას ბატონი პეტრე ვერ დაუფინანსებდა? ალბათ, დაუფინანსებდა, მაგრამ, როგორც ჩანს, შემდეგ რომელიღაც დეკლარაციაში უნდა აისახოს და ამიტომაც დაიჭირა საქმე ვინმე მიშველაძესთან, რათა ერთობლივად ჩაატარონ რამე მაქინაცია. გირჩი ზურაბა ეტყოდა, მე ახალი გამოსული ვარ „სვაბოდაზე“, ცოტა ხანს არ გამომაჩინოთო.
პეტრე კარგა ხანს იყო გაჩუმებული, ხმას არ იღებდა, მერე, ალბათ, ვიღაცამ ურჩია, გაჩუმებას აზრი აღარ აქვსო და ეგრევე გამოაცხო რაღაც განცხადების მსგავსი:
„15 იანვარს გერმანიის საელჩოში შევხვდი „საქართველოს ახალგაზრდულ გაერთიანებას“ და ფოტო გამოვაქვეყნე. „იმედი“ და „რუსთავი-2“ აცხადებენ, რომ შეხვედრა „ფარული“ იყო და „ირანის რადიკალური სცენარის“ წახალისება მოხდა. ეს სრული სიცრუეა. მსგავსი არაფრის განხილვა მომხდარა. გერმანიის სახელით ამ აგრესიულ დეზინფორმაციას უარვყოფ. ვისაუბრეთ ახალგაზრდების შეშფოთებაზე განათლების რეფორმის, ღრმად პოლარიზებული გარემოს შესახებ, სადაც განსხვავებულ აზრს ღალატად აცხადებენ, რეალურად კი ეს დემოკრატიის არსს წარმოადგენს. კარგი მომავლისთვის ყველა ახალგაზრდა გვჭირდება“.
მიაქციეთ ყურადღება, პეტრე ფიშერი ინფორმაციას უარყოფს გერმანიის სახელით. ესე იგი, რასაც ის აკეთებს, კეთდება გერმანიის სახელით და არის გერმანიის პოზიცია. როდესაც ფიშერს, ამ უსახო ბებერს საქართველოში საქმეები გაურთულდა, თავის ქვეყანაში გამოიძახეს და ერთ ხანობას დააყოვნეს, ყველას რომ გვეგონა, შეცვლიდნენ და ვინმე ცოტა ნორმალურს გამოაგზავნიდნენ, ერთ თვეში ისევ ეს გამოგვეცხადა. ჩვენაო, აცხადებს პეტრე, ახალგაზრდების შეშფოთებაზე ვისაუბრეთ, ანუ განათლების რეფორმაზეო, ასევე ღრმად პოლარიზებულ გარემოზეო. კი, მაგრამ, რა ელჩის საქმეა ან ახალგაზრდების შეშფოთება, ან განათლების რეფორმა, ან კიდევ პოლარიზებული გარემო? თუ საქართველოში რამე არის პოლარიზებული, ეს ხელოვნურად გამოწვეული და ასეთი ცელქი ელჩების ბრალია. ესენი აგულიანებენ, ესენი ახალისებენ, ესენი აფინანსებენ. საბოლოო ჯამში კი კვალი ევროკავშირის კორუმპირებულ ჩინოვნიკებამდე მიდის.
მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, პეტრე ფიშერი ძალიან სწრაფად უახლოვდება გასაძევებელთა ფინიშს. მგონი, საქართველოს ხელისუფლებას რომც არ უნდოდეს, ეს წერას ატანილი ტიპი თვითონ გაიძევებს საკუთარ თავს, ისეთ რამეს ჩაიდენს, აქ აღარ დაედგომება.
რა უნდა გერმანელს, რას გვერჩის, რას გადაგვეკიდა? არ ვიცი, ან ბავშვობაში ჭოჭინა დაუფრთხა და ბერლინის კედელს შეასკდა, ან კიდევ ჩვენი თანამემამულეები რომ ჩავიდნენ ბერლინში ჰიტლერის მოსაძებნად, მაგის გამო უნდა შურისძიება. კარგი, დავუშვათ, ერთმა ქართველმა შუა გერმანიაში კედელი ააშენა და ამის გამო იბოღმება, მეორე ქართველმა კიდევ ხომ იგივე კედელი დაანგრია, რიღათ ვერ განიბოღმა? თუ კარგად დააკვირდებით, მარტო ეს კი არა, მთელი მსოფლიო გაცელქდა და გადაირია.
გელა ზედელაშვილი

