კაზინოებში წაგებული ფული?!
დაკავებების სერია გრძელდება, ხვალ, ზეგ, მასზეგ კიდევ ვის დააკავებენ და რა მოულოდნელობის წინაშე აღმოვჩნდებით, არავინ იცის. წინა კვირის დასაწყისში ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე დააპატიმრეს. პროკურორ ლაშა ფანჩულიძის თქმით, კაკაბაძემ პირადი მიზნებისთვის მოიხმარა ფედერაციის კუთვნილი თანხა, რომლის ნაწილიც - 350 000 დოლარის ფსონი მან „აჭარისა“ და „რედისონის“ კაზინოებში დადო. ამავე პროკურორის განმარტებით, ბრალდებულს ნახევარი მილიონი ლარი აქვს დახარჯული და უკან 40 000 ლარი დააბრუნა. ამასთან, 45-ჯერ აქვს საზღვარი გადაკვეთილი, შესაბამისად, მისი მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს. კაკაბაძის ადვოკატი ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი 2 წლის განმავლობაში გამოძიებასთან თანამშრომლობს და ასეთი ფორმით დაკავება საჭირო არ იყო. ადვოკატი არ აკონკრეტებს, როგორ უნდა დაეკავებინათ, მხოლოდ იმას ამბობს, რომ კაკაბაძეს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. რაც შეეხება თავად ბრალდებულს, ის ბრალს არ აღიარებს:
„ცოტა ჩემთვის მოულოდნელი იყო, რაც ბატონმა პროკურორმა აღნიშნა. კაზინოში ვყოფილვარ, მაგრამ ამხელა თანხებზე... პანდემია სანამ დაიწყებოდა, კაზინოში არ შევსულვარ, კაზინო აკრძალული არაა, მაგრამ არ ვყოფილვარ. ადრე ვყოფილვარ, ახლა არც მიჩნდება სურვილი“.
პროკურორი ამბობს, რომ კაკაბაძე იტყუება, მას 105 000 ლარი აქვს წაგებული. მოკლედ, თუ ხელბურთის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს დანაშაული დაუმტკიცდა, 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება. ცუდია, როცა ქვეყანაში ასეთი რაღაცები ხდება, მაგრამ უფრო ცუდია, როცა სპორტში ხდება.
ამ თემას უცებ ყური თავიანთებურად მოაბეს ე.წ. ოპოზიციურმა „მედიებმა“ - ზურაბ კაკაბაძე ფეხბურთელ ოთარ კაკაბაძის ბიძაა, რომელიც 2024 წლის არჩევნების დროს „ოცნების“ კლიპში მონაწილეობდა. ამოცანა გვეკითხება: რა მნიშვნელობა აქვს, ვისი ბიძაა ზურაბ კაკაბაძე და ასევე, რა მნიშვნელობა აქვს, სად მონაწილეობდა ოთარ კაკაბაძე? თავიანთი ჭკუით, ესენი ამ შემთხვევაში რამდენიმე კურდღელს კლავენ და თან ფეხბურთელს ამუნათებენ - ნახე, კლიპში „ოცნების“ მხარეს რომ დადექი, ბიძაშენი ვერ დაიჭირესო? ესე იგი, თუ რომელიმე სფეროს წარმომადგენელი „ოცნების“ კლიპში გამოჩნდება, ის და მისი სანათესაო ხელშეუხებლები უნდა იყვნენ? როგორც პროკურორი ამბობს, გამოძიება 2 წლის წინ დაიწყო, არჩევნები შარშან იყო, სავარაუდოდ, ოთარ კაკაბაძეს ეს ამბავი უნდა სცოდნოდა, თუ ნაწყენი იყო, კლიპზე უარს იტყოდა. მოკლედ, შავნოდარას მეთოდებმა ყველა ე.წ. კრიტიკულ მედიაში შეაღწია და ასე უსასრულოდ გრძელდება ამათი სისულელეები. ისე, მამა შვილზე არ აგებს პასუხს და ბიძა ვინ არი, რა შუაშია? თუმცა, ე.წ. ოპოზიციურმა მედიებმა ეგრე იციან, მახსოვს, ერთხელ სადღაც ვიღაცა მოკლეს და გამოაცხადეს, ეგ ტრაგედია ბიძინა ივანიშვილის ძმის მეზობლად მოხდა, ამჟამად იქ არ ცხოვრობს, ადრე ცხოვრობდაო. ესე იგი, სულელურად, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს მაინც მიუსადაგეს.
გელა ზედელაშვილი
