სამშობლო ტვირთიც არის, უდიდესი პასუხისმგებლობაც და სიცოცხლეც
პოეტ ერეკლე საღლიანს ფართო საზოგადოების წინაშე წარდგენა არ სჭირდება. პოეტური სული, ნიჭი, ემოცია საოცრად ერწყმის მის ლექსებს და მკითხველს გულგრილს არასდროს ტოვებს. მახსოვს, პირველად ინტერვიუზე რომ მივედი, ვემშვიდობებოდი, როცა უცებ, მკითხა: გინდათ, თქვენი რედაქტორის ერთი ლექსი წაგიკითხოთო. რა თქმა უნდა, სიხარულით დავთანხმდი. სამსტროფიანი ლექსი ისეთი გრძნობით გადმოსცა, აღარც მახსოვს, ემოციებით დახუნძლულმა კიბეები როგორ ჩამოვიარე. ვახტანგ ხარჩილავას ის ლექსი, რომელსაც: “ნეტავ, განახა ჩემი სიზმარი” ჰქვია, დღემდე მახსოვს. აკი, ბატონი ერეკლე კიდეც ამბობს: ვახოს, სულ ვეხუმრებოდი, შენს ლექსებს მე უნდა ვკითხულობდეო.
პატრიოტიზმით გულანთებული, სვანეთის მთებში დაბადებული და გაზრდილი ერეკლე საღლიანისთვის მთავარი სმშობლოა, რაც მისთვის სუნთქვასთან, არსებობასთან არის გაიგივებული. ღვთის ნებად მიიჩნევს, რომ უფალმა ქართველად გააჩინა. მისთვის სამშობლო ის ადგილია, სადაც საკუთარი თავის რეალიზება ისე უნდა მოახერხოს, როგორც ეს უფალმა ჩაიფიქრა. დიახ, ერეკლე საღლიანისთვის სამშობლო ტვირთიც არის, უდიდესი პასუხისმგებლობაც, სიცოცხლეც და მისთვის სიცოცხლის გაღებაც.
როგორი მეომარი იყო ბავშვობაში, რატომ უჩივლეს თანატოლების მშობლებმა საბჭოში, რატომ არ ბეჭდავდა საკუთარ ლექსებს უნივერსიტეტის დამთავრებამდე, რა უწინასწარმეტყველა ბერმა გაბრიელმა მის მომავალ მეუღლეს, ამ და სხვა თავსგადახდენილ ამბებზე პოეტი ერეკლე საღლიანი თავად გვიამბობს:
კოლმეურნეობის ყანებში გამართული ბრძოლები და რაინდული კოდექსები
ბავშვობის წლებიდან უამრავი რამ მახსენდება. ეგზიუპერის სიტყვებია: “ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ”. რა თქმა უნდა, მეც ჩემი ბავშვობიდან მოვდივარ. დღევანდელი ბავშვები მეცოდებიან, რადგან მათ ბავშვობა წაართვეს. ეს მხოლოდ საქართველოში მცხოვრებთ კი არა, სრულიად კაცობრიობას ეხება. რაც ბავშვისთვის ყველაზე მთავარია _ ბავშვური ოცნებები, ფიქრები, ყველაფერი გაუფერულდა და თითქოს რეალობად იქცა. მაგრამ ეს საზარელი რეალობაა, რასაც ბავშვობასთან საერთო არაფერი აქვს. ჩემს თაობას ბავშვობა ნამდვილად ჰქონდა. უამრავი თამაში არსებობდა: წრეში ბურთი, დამალობანა, ორდროშობანა, რასაც დღევანდელი ბავშვები მოკლებულნი არიან. სამაგიეროდ, 24 საათს მობილურში კირკიტში ატარებენ. გავიხსენოთ შესანიშნავი “ქართული ფილმი”, სადაც მთავარი გმირი შეკითხვას სვამს: რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონებაჩლუნგი? და თავადვე პასუხობს: იმიტომ, რომ მას არ ჰქონდა სათამაშოო. ჩემს ბავშვობაში სათამაშოები არ გვქონდა, მაგრამ თამაშები არსებობდა, რითაც თანატოლებთან ერთად ვერთობოდი.
საქართველოს ულამაზეს მხარეში _ სვანეთში დავიბადე, სადაც ბავშვები ყოველდღიურ წრთობას გავდიოდით. ჩვენთვის არც ომობანა იყო უცხო, რასაც ხშირად ვთამაშობდით. შევიკრიბებოდით და მეზობელ სოფელზე საომრად მივდიოდით. იქაც ერია ჩემნაირი ერთი-ორი ბავშვი და იქიდან მათ მოჰყავდათ ჯარი. თქვენ წარმოიდგინეთ, ბავშვებს ჩვენი რაინდული კოდექსები გვქონდა. თუ მოწინააღმდეგეს ხის ხმლით სახეში დარტყმას მიაყენებდი, მეომრის უფლებას ჰკარგავდი და ბრძოლის ველიდან გადიოდი. აი, ასეთი წესები გვქონდა. “ომი” ძირითადად, კოლმეურნეობის ყანებში იმართებოდა. ალბათ, ძნელი წარმოსადგენი არ იქნება, რა დღეში იყო “ნაფრონტალი” ყანები. მერე ყანაში მეზობლის ღორები შედიოდნენ და კოლმეურნეობა მათ პატრონს აჯარიმებდა. გამოვიდა ეს კაცი და აღშფოთებულმა განაცხადა: ღორებს აჯარიმებთ და ამ ბავშვებს არაფერს ეუბნებითო?! ვალიკოს (ასე ერქვა მამას) შვილმა მთელი ყანები გააჩანაგაო. მშობლები გაგიჟებულნი იყვნენ: ჩვენ, საკუთარ შვილებს ერთ ნაბიჯზეც ვერ ვაგზავნით და ერეკლე რომ ეტყვის, ლამის კლდიდან გადახტნენო. ეს მშობლის ეჭვიანობა იყო. საბოლოოდ, ამ ბავშვებს ჩამომაშორეს. რა მომასვენებდა _ სხვა სოფელში წავედი, ჯარი იქიდან წავიყვანე, ეს ბრძოლა წავაგე და ტყვედაც ჩავვარდი. სასამართლო მომიწყვეს და მკაცრად გამაფრთხილეს: სხვა სოფლიდან ჯარის წამოყვანა მეორედ არ გაბედო, თორემ ცოცხალი ვერ გადაგვირჩებიო. კაცი თუ ხარ, შენს სოფელში უნდა გქონდეს იმხელა სახელი, რომ ჯარი საკუთარი სოფლიდან წამოიყვანოო. ეს ერთ-ერთ ცნობილ მთამსვლელს ვუთხარი, რომელსაც უშბაზე გერმანელები უნდა აეყვანა. დიახ, პატარა ბავშვებმა სწორედ ასე მითხრეს: თუ რამის თავი გაქვს, ჯარი შენი სოფლიდან წამოიყვანეო.
შერიგება
ენგურის პირას
სოფელში ხშირად ჭიდაობაც იმართებოდა. ყველაფერს თავისი კოდექსები ჰქონდა. მთავარი რაც იყო: კაცი თუ დაეცემოდა, მისთვის დარტყმის მიყენების შემთხვევაში, იძულებული ხდებოდი, ბრძოლიდან გასულიყავი. ასეთ რაინდულ კოდექსთა წესებს ვიცავდით ბავშვები პატარაობიდანვე. მშობლები გვასწავლიდნენ, რომ ქურდობა საძრახისი იყო. ასე ვიზრდებოდით, მაგრამ სიმინდის ტაროებს მაინც ვიპარავდით. თუმცა რაინდული კოდექსი აქაც მოქმედებდა _ ვინმეს ყანაში ოთხ ტაროს რომ მოვტეხდით, მერე სხვა ყანაში ვინაცვლებდით, რათა ერთი კონკრეტული ოჯახი არ დაგვეზარალებინა. მერე მოპარული სიმინდი ენგურის პირას ჩაგვქონდა, სადაც ცეცხლს ვანთებდით და ტაროებს ვწვავდით. ბავშვობის წლები დაუვიწყარი იყო. კოლმეურნეობის ყანებში გამართული “ომის” მერე, მოწინააღმდეგე მხარეები ვრიგდებოდით, ტაროებს ერთად ვწვავდით და მივირთმევდით. აი, ასე ტკბილად ვატარებდი ბავშვობის წლებს.
დაპყრობილი მწვერვალები
მიშა ხერგიანი რომ დაიღუპა, მქონდა ოცნება, მეორე მიშა ხერგიანი ვყოფილიყავი. ამიტომ, ბავშვები თოკით გადავაბი და კლდეზე ავიყვანე. იქ ჩავრჩით და მერე უფროსმა ბიჭებმა ჩამოგვიყვანეს. მშობლებმა საბჭოში მიჩივლეს და სოფლიდან ჩემი გასახლება მოითხოვეს: ბავშვებს დაგვიღუპავსო. როგორც ხვდებით, საკმაოდ ცელქი ბავშვი ვიყავი. მოგვიანებით, მესტიაში ბანგურიანზე ავედი. ჩემი მეგობრები ასე ხუმრობდნენ: ეს მიშა ხერგიანის პირველი და ერეკლე საღლიანის პირველი და უკანასკნელი ასვლა იყოო. თუმცა, ეს არ ყოფილა ჩემთვის უკანასკნელი. წარმოიდგინეთ, ორჯერ ავედი მყინვარწვერზე, ასევე, დავლაშქრე თეთნულდი, ჯუმბერ კახიანმა წაგვიყვანა უსახელო მწვერვალებზე. იალბუზზე ბოლომდე ვერ ავედი, მაგრამ მეთერთმეტე ბანაკამდე მისვლა შევძელი. იქ ასვლა და სამყაროსთვის იალბუზიდან თვალის გადავლება იმდენად საოცარი რამ არის, რომ მერე ყოველთვის მიკვირდა: ამ სასწაულის მხილველი მთამსვლელები ქვემოთ, ბარში როგორ ძლებდნენ. როგორც მოგახსენეთ, არაერთ მწვერვალზე ვარ ნამყოფი და, ალბათ, არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ბავშვობაში ყველაზე მეტად მთამსვლელობა მინდოდა, თუმცა, მფრინავობაზეც ვოცნებობდი.
პატარა ბიჭის მიერ დაწუნებული მახვში
სვანეთი გამორჩეულია თავისი ტრადიციებით. ძველი ტრადიციებიდან ცოტა რამ თუ შემორჩა. სამწუხაროდ, ჩვენ არამარტო სვანები, არამედ მთლიანად ქართველები ნარჩენებზე “ვზივართ”. ბევრი რამ დავკარგეთ, რაღაცები შემოგვრჩა. თუ ჭკუით ვიმოქმედებთ, ბევრი ტრადიციის გაცოცხლებას შევძლებთ. სვანეთში ყველაზე მთავარი ზნეობა იყო. ზემოთ რომ გითხარით, “ომში” ბავშვებს ჩვენი რაინდული წესები გვქონდა-მეთქი, ამის საფუძველი სწორედ ის წესები და კანონები იყო, რაც ჩვენში არსებობდა. თვალსაჩინოებისთვის ერთ უბრალო ამბავს მოგიყვებით და ადვილად განსაზღვრავთ, როგორი ზნეობით ზრდიდნენ ბავშვებს სვანეთში პატარაობიდანვე. ისტორია ასეთია: სვანეთში მახვში _ სოფლის თავკაცი გარდაიცვალა. ნათესავები, გვარისკაცები შეიკრიბნენ და გადაწყვიტეს: თავიანთ გვარში ყველაზე პატიოსანი და ჭკვიანი კაცი ვინც იყო, ის აერჩიათ. ეს კაცი, ამ დროს, სათიბში იყო წასული. ამიტომ, პატარა ბიჭს ცხენი შეუკაზმეს, სათიბში გაუშვეს და დაუბარეს: მიდი და იმ კაცს უთხარი, რომ მისი მახვშად არჩევა გადავწყვიტეთო. ბიჭი მომავალი მახვშისკენ ამ ცნობის საუწყებლად გაეშურა. ამ კაცს თურმე ცხენი დაჩვეული ჰყოლია შემდეგი მეთოდით ჭმევას _ კალთას აიკალთებდა, ზედ თივას დაყრიდა და ცხენს ჩოხის კალთიდან ასე აჭმევდა. ჰოდა, აიკალთა ამ კაცმა ჩოხა, ცხენიც მისკენ დაიძრა, ამ დროს ბიჭმა უთხრა: გადაწყვიტეს, მახვშად აგირჩიონო. მას სიხარულისგან გონება ისე დაუბნელდა, ჩოხაზე ბალახი აღარ დაყარა. შედეგად, ცხენმა ვერაფერი შეჭამა. ბავშვმა ეს რომ დაინახა, ცხენს შეახტა, უკან დაბრუნდა და თავისიანებს უთხრა: ეს კაცი მახვშად არ აირჩიოთო. რატომო, იკითხეს გაოცებულებმა. ბავშვმა მიუგო: მან ცხენი მოატყუა და ჩვენ რას გვიზამსო. წარმოიდგინეთ, როგორ უნერგავდნენ ბავშვს ზნეობას პატარაობიდანვე. ეს პატარა ბავშვი მის ასაკში უკვე კაცი იყო. დიახ, თავიდანვე კაცებად გვაყალიბებდნენ. დღეს კი გადახედეთ, რა ხდება თუნდაც ჟურნალისტიკაში, პოლიტიკაში, ამას ძირძველი სვანები აიტანდნენ?! სამწუხაროდ, დღეს ყველაფერს ვეგუებით.
სვანეთში ადამიანის პატივისცემა უმაღლეს რანგში იყო აყვანილი. პატივს სცემდნენ არა მხოლოდ უფროსს, არამედ უმცროსსაც. ბავშვი სახლში რომ შევიდოდა, ბაბუა ფეხზე წამოდგებოდა და ისე ეგებებოდა. დიახ, ის ბავშვიც პატივსაცემი იყო, რომელიც სამომავლოდ კაცად უნდა გაზრდილიყო. სვანეთში ქალისადმი გამორჩეული პატივისცემა იყო _ მანდილოსანზე ხელის აწევა უდიდეს სირცხვილად მიიჩნეოდა. ასეთ კაცს გვერდით არავინ დაისვამდა. როგორც იცით, სვანეთი ტრადიციული კერძებითაც არის გამორჩეული. მაგალითად, ყველასთვის კარგად ცნობილია კუბდარი, ფეტვრაალი, ჭვიშტარი, თაშმიჯაბი, ლეცმარი, მესგვლა და სხვა მრავალი. სხვათა შორის, ნამდვილი კუბდარი კანაფით მზადდება, ოღონდ არა ფოთლებით, არამედ თესლით, რომელსაც ნარკოტიკის თვისება არ აქვს. ეს თვისება აქვს ფოთლებს. კანაფის თესლისგან ზეთსაც აკეთებდნენ.
საქართველოს მთავარი განძი
მამა ვალერიან (ვალიკო) საღლიანი პოეტი, რაიონული გაზეთის რედაქტორი იყო. სვანეთში თუ ვინმე სახელოვანი ადამიანი ჩამოვიდოდა, ყველას მასპინძელი ჩვენი ოჯახი იყო. პირადად ჩემთვის მამას სამეგობრო წრე უდიდესი სკოლა იყო, რომლის მსგავსს ვერც აკადემიაში ვისწავლიდი რამეს და ვერც _ უნივერსიტეტში. ჯერ მარტო ცოცხალი ენციკლოპედიის, დიდი მაესტროს, ნოდარ ანდღულაძის გახსენება რად ღირს. სხვათა შორის, ჩემს პიროვნებად ჩამოყალიბებაში ბატონმა ნოდარმა და მწერალმა ედიშერ გიორგაძემ უდიდესი როლი შეასრულეს. ბატონ ედიშერს მდიდარი მუსიკალური ჩანაწერები ჰქონდა, რასაც ხელს ვერ ვკიდებდით. მასთან მისი ნათესავი, არაჩვეულებრივი ვაჟკაცი ზურიკო მაჭავარიანი ცხოვრობდა. ერთხელ ავდექით და შალიაპინს ჩუმად მოვუსმინეთ. ედიშერი რომ დაბრუნდა, ვერაფერს მიხვდა. მერე ვიცინოდით, შალიაპინის მოსმენა ხახვივით შეგვრჩაო. მამას მეგობრებთან ურთიერთობა დაუვიწყარი შთაბეჭდილებებითაა სავსე. მურმან ლებანიძე, ცნობილი ფსიქიატრი გაიოზ შარაშიძე, თენგიზ გელაშვილი მამას უახლოესი მეგობრები იყვნენ. რომელი ერთი ჩამოვთვალო, ეს ჩემთვის უდიდესი სკოლა იყო. დედა – გვაშაყან კვიციანი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, სასწავლო ნაწილის გამგე, უაღრესად პოეტური ბუნების ადამიანი იყო, რომელიც, ფაქტობრივად, მამაჩემს შეეწირა. მას საკუთარი ცხოვრებით არ უცხოვრია. მე დედულეთში, უშბის ძირას, ბეჩოში დავიბადე, გავიზარდე ცხუმარში, სადაც 8-წლიან სკოლაში ვსწავლობდი, მერე მესტიის სკოლა-ინტერნატი დავამთავრე.
აქვე მინდა ვთქვა სვანური ენის მნიშვნელობაზეც. ბავშვებს სვანურ ენას ოჯახებში გვასწავლიდნენ. სვანური ენის ცოდნა აუცილებელია. ეს არის განძი საქართველოსთვის. მარტო სვანური კი არა, ასევე მეგრულ-ლაზური. ჩვენი ქვეყანა უდიდეს საგანძურს ფლობს. აუცილებელია ეს ენები _ სვანური და მეგრულ-ლაზური, ასევე, კავკასიური ენები შევინარჩუნოთ, რადგან სწორედ მათ მივყავართ ქართველურ ენათა სათავეებთან.
რაც შეეხება სტუდენტობის წლებს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტი დავამთავრე ხელოვნების ისტორიის განხრით. სხვათა შორის, ეს ფაკულტეტი მაშინ უნივერსიტეტში ახალი გახსნილი იყო და სულ ხუთნი ვიყავით. საოცარი სტუდენტობა მქონდა, არაჩვეულებრივი ლექტორები მასწავლიდნენ. ჩამოთვლა რომ დავიწყო, მეშინია, არავინ გამომრჩეს. მინდა, განსაკუთრებით ნოდარ ასათიანი გამოვყო, რომელიც ჩვენი დეკანი იყო. მახსოვს, 1978 წლის 14 აპრილს, როცა ქართულ ენას გვართმევდნენ და მას სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას უკარგავდნენ, როგორ მფარველობდა იგი სტუდენტებს. მორის სოხვაძემ იტირა: ჩვენ უნდა ვწირავდეთ თავს და ამ დროს თქვენ, ბავშვები აკეთებთ ამასო. მაშინ უნივერსიტეტი დუღდა. ახლა კი სადამდე დაიყვანეს სწავლება _ უნივერსიტეტი რიგით კოლეჯს დაამსგავსეს.
პირველი პრემია და მამისგან მოპოვებული აღიარება
პოეზია ბავშვობიდან მიყვარდა. ლექსის წერა 5-6 წლის ასაკში დავიწყე, მაშინ ქართული ნორმალურად ჯერ კიდევ არ ვიცოდი. თავდაპირველად მამა ამას სერიოზულად არც უყურებდა, მაგრამ მეოთხე კლასში ჟურნალ “პიონერის” მიერ გამოცხადებულ კონკურსში ჩემმა ლექსმა პრემია რომ დაიმსახურა, აი, მერე კი შემომხედა სერიოზულად. მერე, ლაურეატები ვინც ვიყავით, თბილისში ჩამოგვიყვანეს, ტელევიზიაში წაგვიყვანეს და ლექსები იქ წაგვაკითხეს. ცხონებულმა შოთა ჩანტლაძემ და ნოდარ ჩხეიძემ მამაჩემს უთხრეს: ვალიკო, ბავშვს ნუ გააფუჭებ, ტელევიზიაში წანწალს ნუ მიაჩვევო. მათ შუაში დამისვეს და მითხრეს: ლექსების დაბეჭდვას ყოველთვის მოესწრები, ჯერ შენს თავზე იმუშავეო. მათი ნათქვამი გონებაში იმდენად ღრმად ჩამებეჭდა, უნივერსიტეტი ისე დავამთავრე, ერთი ლექსიც არსად დამიბეჭდავს. ლექსების ბეჭდვა უნივერსიტეტის დამთავრების მერე დავიწყე. სკოლის მერე, პირველად “ცისკარის” დამატება “ნობათში” დავბეჭდე ლექსი, მერე “პირველ სხივში”, “ცისკარში”... რა თქმა უნდა, მახსოვს, პირველი ლექსი რა დავწერე, მაგრამ გახსენებად არ ღირს. აი, პირველი სერიოზული ლექსი კი ჟურნალ “პოეზიაში” დაიბეჭდა _ “გოდება ბესარიონ ნიჟარაძისა...” ეს ლექსი დღესაც ზეპირად ახსოვთ, მღერიან კიდეც, მე კი მას ესოდენ დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ.
როგორც იცით, ბედი მსახიობობაშიც ვცადე, რაც, მის სულს ვენაცვალე _ სოსო ჯაჭვლიანის დამსახურება იყო. სხვათა შორის, როცა ჩემს მსახიობობაზე და ტელევიზიით გამომცხვარ ზოგიერთ მწერალსა და პოეტზე მეკითხებიან, ასე ვპასუხობ: რა დონის მსახიობიც მე ვარ, ისინიც იმ დონის პოეტები არიან-მეთქი. ვერც მედავებიან.
საყვარელი პოეტი არ მყავს, მაგრამ თუ მაინცდამაინც ჩამეკითხებით, რა თქმა უნდა, შოთა რუსთაველს დავასახელებ. ვაჟა საოცრებაა, მაგრამ მიმაჩნია, რომ “ვეფხისტყაოსანის” დაწერაში ადამიანის ხელი არ ურევია. რუსთაველი, გურამიშვილი, ვაჟა უდიდესი პოეტები არიან, რომელთა მეშვეობითაც მსოფლიოს შევძრავთ. იმიტომ, რომ მსოფლიოსთვის ეს სამყარო შეუცნობელი, განსხვავებულია. რადგან “ვეფხისტყაოსანზე” ვსაუბრობთ, აქვე გეტყვით: ბევრი რუსთაველის ფრაზას _ “ესე ამბავი ქართული, სპარსულად ნათარგმანები”, ძალიან ცუდად იყენებს. უმრავლესობა დღესაც ამტკიცებს, რომ “ვეფხისტყაოსანი” არის თარგმანი. ვფიქრობ, ადამიანი, რომელიც პოეზიაში ოდნავ მაინც ერკვევა, ასეთ აზრს თავში არ გაივლებს. რუსთაველს ერთსტროფიანი ლექსი მივუძღვენი:
“ვარდის ფურცლობის
ფერი ადევს ოსტატო, აისს,
არავის ჰგავხარ ქვეყანაზედ,
არავინ არ გგავს,
გამაგებინე, ამისთანა
რა თარგმნე მაინც,
რომ ვეღარ შეძლო
შემდეგ იმის ვერავინ თარგმნა”.
მე, ვახო და ბებრის ციხე
ერთი ლექსით სათქმელს ვერ გამოხატავ. ყველა ლექსი მეხმარება, რათა საკუთარ თავს ჩავუღრმავდე. დღეს კაცობრიობა ფიქრს გადაეჩვია, რაც დიდი ტრაგედიაა. სხვათა შორის, ყურადღების მიღმა დაგვრჩა უნიჭიერესი პოეტები: გრიგოლ ორბელიანი, ქართული ლექსის უდიდესი რეფორმატორი ნიკოლოზ ბარათაშვილი, ილია, აკაკი, გალაკტიონი, გოგლა.... პირადად მე ოთხი წლის ასაკში, მურმან ლებანიძემ ქართულ პოეზიაში “შემომიყვანა”, როცა ლექსი მომიძღვნა _ პატარა ერეკლე საღლიანს. არაჩვეულებრივი პოეტი იყო თქვენი რედაქტორი ვახტანგ ხარჩილავა. მის ლექსებს ისეთი ემოციით ვკითხულობდი, ბევრჯერ მიხუმრია: ვახო, შენს ლექსებს სულ მე უნდა ვკითხულობდე-მეთქი. მასთან უამრავი მოგონება მაკავშირებს: შერმადინ ქალდანი, თემურ ჭუმბაშვილი, ვახო და მე, ხშირად ბებრის ციხეზე ვათენებდით ღამეებს, იქ ვრჩებოდით. ვახო უნიჭიერესი პოეტი იყო. იცით, მამაჩემისა და ვახოს ბედი ერთმანეთს ძალიან ჰგავს _ ბოლოს, ორივეს პოეზია გაზეთმა შეიწირა. დიახ, გაზეთმა მათი პოეზია შთანთქა, რადგან მაშინ სწორი აზრი, მართალი სიტყვა ყველაზე მეტად გვჭირდებოდა. დიახ, ლექსზე მეტად სწორ გზაზე დადგომა გვჭირდებოდა და სწორედ ამ მდგომარეობამ აიძულა ვახო, ბევრ რამეზე უარი ეთქვა.
ბერი გაბრიელის ახდენილი წინასწარმეტყველება
მეუღლე სვანეთში გავიცანი, რომელიც მეგობრებთან ერთად იქ დასასვენებლად ჩამობრძანდა. მერე ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდა და დღითიდღე ღრმავდებოდა. სხვათა შორის, სვანეთში რომ მოდიოდა, გაბრიელ ბერს ჩემი მომავალი მეუღლისთვის უთქვამს: შენს ბედში უკვე გაწერილია, რომ სვანეთში გათხოვდებიო. ასეც მოხდა. ჩვენი პირველი პაემანი ოპერის თეატრში შედგა, როცა იგი ერთ-ერთ სპექტაკლზე დავპატიჟე. მერე, როცა დავოჯახდით და ვაჟიშვილი შეგვეძინა, ოპერაში წავედით და ზუსტად იმავე ლოჟაში აღმოვჩნდით, რომელშიც პირველი პაემნისას ვისხედით. მაშინ ჩემი შვილი სამი წლის იყო. “აბესალომ და ეთერის” სანახავად წავედით, მას კი არ მოეწონა ის, რომ აბესალომიც და ეთერიც, ორივე დაიღუპა და, ეს რა დებილობა იყოო, _ ასე თქვა.
ქორწილი თბილისში გადავიხადეთ, ჯვარი მეუფე დანიელმა დაგვწერა ფერისცვალების ეკლესიაში. ერთი შვილი გვყავს, რომელიც სამედიცინო ინსტიტუტის მეხუთე კურსის სტუდენტია. გვეუბნება, ექიმი ხომ გჭირდებათო. წარმოიდგინეთ, ორივეს გვივლის _ დედსაც და მამასაც. პარალელურად, მთარგმნელობით მოღვაწეობას ეწევა _ ამერიკულ ლიტერატურას თარგმნის. ნათარგმნი აქვს სელინჯერი და სხვა მწერლები. რაც შეეხება დედმამიშვილებს, ოთხნი ვართ: ორი და _ მანანა და ლელა და ერთი ძმა _ ლილე მყავს.
კაცად მაშინ ხარ საქები...
ჩემი განვლილი გზა შეცდომებით არის სავსე, მაგრამ შეცდომებთან ბრძოლა ყოველთვის ძალას მმატებდა. ბევრი რამ დავძლიე, ბევრიც დასაძლევი მაქვს. ადამიანებს ხშირად ეკითხებიან, თავიდან რომ მოგიწიოს ცხოვრების გზის გავლა, რას შეცვლიდიო. უმეტესობა პასუხობს, ისევ იგივე გზას გავივლიდიო. მიკვირს, როგორ უნდა იყო ადამიანი საკუთარი თავით ისე მოხიბლული, რომ ეს სიტყვები თქვა. მე რომ ცხოვრების გზა ხელახლა მქონდეს გასავლელი, ამ ერეკლე საღლიანს როგორ გავიმეორებდი?! რა თქმა უნდა, ვეცდებოდი, ბევრად მეტისთვის მიმეღწია და უკვე განვლილ გზას არავითარ შემთხვევაში არ გავიმეორებდი.
ცხოვრებამ ბევრი რამ მასწავლა _ საკუთარ თავთან ბრძოლა, სხვისი სიკეთის და, რა თქმა უნდა, საკუთარი ნაკლის დანახვაც.
როცა მარტო ვარ, საკუთარ თავს უამრავ შეკითხვას ვუსვამ. პირველ რიგში, იმას, თუ რისთვის მოვედი და ის, რისთვისაც მოვედი, რამდენად შევასრულე. ხშირად ვუფიქრდები ილიას სიტყვებს: “კაცად მაშინ ხარ საქები, თუ ეს წესი წესად დარგე, ყოველ დილას შენს თავს ჰკითხე, აბა, მე დღეს ვის რა ვარგე”.
თამარ შველიძე

