შეწყალებაი საკურველი!

შეწყალებაი საკურველი!

წინა კვირის ერთ-ერთ დღეს გლდანის ციხესთან ე. წ. სინდისის (სინამდვილეში უსინდისო) პატიმრების აღტყინებული მშობლები და ასევე, მათი აღტყინებული „თაყვანისმცემლები“ შეიკრიბნენ - არიქა, უშვებენ, იწყალებენ, დიდი ალბათობით, მაცივრებსა და ტელევიზორებსაც გამოატანენო.
ამ „დიდ“ დღემდე ე. წ. ჟურნალისტებმა საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს ჰკითხეს - რას აპირებთ, სინდისის პატიმრები უნდა შეიწყალოთო? პასუხი იყო მეტად მოკლე, ლაკონური და მოხდენილი: „თქვენ ხომ გყავთ თქვენი პრეზიდენტი? ჰოდა, იმან შეიწყალოს“. სხვათა შორის, ის ე. წ. პრეზიდენტი, მაგათ რომ ჰყავთ, ყოველ ორშაბათს თავის „ფეისბუკგვერდზე“ ბრიფინგებს მართავს სათაურით - „დაუსვი კითხვა საქართველოს პრეზიდენტს“. ეგეთ ცირკს სხვაგან ვერსად ნახავთ, ზის ამხელა ქალი, უსვამენ შეკითხვებს გამოთაყვანებულები და უფრო მეტი აგინებს. ე. წ. პრეზიდენტი, როგორც ჩანს, ან არ კითხულობს ამდენ შეურაცხმყოფელ კომენტარებს, ან კითხულობს და სიამოვნებს (არსებობს ასეთი დაავადებაც). სულო ცოდვილო, მე ისიც კი მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ მხრივ ნიკუტა გვარამიამ „გამოჭედა“, როცა ათასნაირი სიბინძურე ეძახა. გამაგრდა ქალი, ირწმუნა, რომ მტრის გვერდით დგომა უფრო აძლიერებს. თქვენ ფიქრობთ, რომ ვხუმრობ? რა თქმა უნდა, ვხუმრობ, დემენციას მიშა სააკაშვილივით ყველა კი ვერ ამარცხებს, ზოგი ეგეთ დღეში ვარდება, ზოგი - უფრო მძიმე დღეში. ამას თავი პრეზიდენტი ჰგონია, ხომ შეიძლებოდა, იური გაგარინი ჰგონებოდა და მთაწმინდიდან გაფრენილიყო მთვარეზე? დიახ, თავისუფლად შეიძლებოდა.
მოკლედ, დავუბრუნდეთ ციხის ეზოში იმ დღეს განვითარებულ მოვლენებს: როგორ გითხრათ, როგორ აღგიწეროთ... ორგვლივ თოვლია, ფეხი ცურავს, სიცივე ძვალსა და რბილში ატანს, მარიზ (ანთილიყო) კობახიძე არიგებს ინტერვიუებს, ჟურნალისტები გარს ეხვევიან, უამრავ „ჭკვიანურ“ მოსაზრებებს ისმენენ, პირდაპირ ეთერებში ერთვებიან, ქოთქოთებენ და მთელ საკართველოს მისი პირით ამცნობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის პრეზიდენტი, საუკეთესო შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ პრეზიდენტი ყაველაშვილი „სინდისის პატიმრებს“ ალბათ, შეიწყალებს. არა, არც ერთ მათგანს დანაშაული არ უღიარებია, შეწყალებაზე განცხადება არ დაუწერია, მაგრამ მაინც იმედი აქვთ, რომ შეიწყალებს. მიზეზი რა არის, რატომ უნდა შეიწყალოს პრეზიდენტმა რუსთაველის გამზირის გადამბუგავები, პარლამენტის შენობის დამზიანებლები და პოლიციელებზე თავდამსხმელები? თან კაცობენ, განცხადებებს არ წერენ, არაფერი დაგვიშავებია, რატომ უნდა დავწეროთ, შესაწყალებელი რა გვჭირსო? ყაველაშვილი იმიტომ შეგვიწყალებს, რომ ბიძინა ივანიშვილი შეშინებულია, აღარ იცის, სად დაიმალოსო. ჩვენი უცხოელი პარტნიორები ამათ აიძულებენ, გამოგვიშვან, თორემ თვითონ კი არ უნდათო. რაღა ბევრი გავაგრძელო? ეჭირათ ამ ამორტიზებულ მშობლებს ჩიქორთული ქართულით დაწერილი რაღაც ბანერები, იდგნენ ციხის ეზოში, პირებიდან ამოსდიოდათ ორთქლი, ლანძღავდნენ ხელისუფლებას და თან იმედოვნებდნენ, რომ ერთ-ორ საათში თუ არა, საღამოს მაინც თავიანთ შვილებს ნახავდნენ... შვილებს, რომელთაგანაც ზოგი უკვე იესო ქრისტეა (უფალო მაპატიე, მარიზ ანთილიყომ თქვა, ჩემ შვილს იესო უწოდეს და მიხარიაო), ზოგი ნაპოლეონი, ზოგი რობესპიერი, ზოგი კიდევ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. ნუ გიკვირთ, ამათთვის გირჩი ზურაბა და ის ქალი კიდე, კაცო... ვააა, უკვე დამავიწყდა, ზვიად გამსახურდიას დროს მამამისი საგარეო საქმეთა მინისტრი რომ იყო და სინამდვილეში „კოლგოტკებით“ ვაჭრობდა... ჰო, ლაკა ხოშტარია... ახლა ლაკა მაგათთვის მაკა წყნეთელია, მას ბაძავენ, მის დაკრულზე დადიან და ეთაყვანებიან კიდევაც. 
გამორიცხულია რომელიმე სისხლის სამართლის დანაშაულის აღიარება, რადგან არანაირი სისხლის სამართლის დანაშაულს ადგილი არ ჰქონია, - ამის შესახებ ჯგუფურ დანაშაულში მსჯავრდებულმა მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
ეს ტიპი გვეუბნება, რაც ტელევიზორში ნახეთ, ეს არ იყო რეალობა, ყველაფერი მოგეჩვენათო... უფრო სწორად, პროკურორები და თქვენ რაღაცებს იგონებთ, რუსთაველის გამზირი რომ გადავბუგეთ და პოლიციელებს თავს დავესხით, ამისთვის შეიძლება მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმები გამოგვიწეროთო. ისე, თუ არაფერი ყოფილა და არაფერი გიკეთებია, რანაირი გმირი და სინდისის პატიმარი ხარ?
სასამართლოზე ნანა სანდერიც გამოაგორეს, გერმანიაში რომ ცხოვრობდა, მისი ნამდვილი გვარ-სახელი რომ არავინ იცის და 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი რევოლუციისთვის“ რომ ჩამოვიდა. მანამდე საქართველოს დროშა დაწვა, ეს ხელისუფლება მაგ დროშის ღირსი არ არისო. წინა სასამართლო სხდომაზე სანდერმა თუ სპანდერაშვილმა განაცხადა, თუ დაუყოვნებლივ გამათავისუფლებთ, მშრალ შიმშილობას დავიწყებო, მე ავადმყოფი ადამიანი ვარ, ხელ მტკივა, ფეხ მტკივა, ბარძაყ მტკივა, თეძო მტკივა, დუნდულ მტკივაო. შე ქალო, თუ ყველაფერი გტკივა, რა გერევოლუციონერება? თუ აღარც ხელ გემორჩილება, აღარც მუხლ გემორჩილება და აღარც ფეხ გემორჩილება, ამ რევოლუციას და ქარიშხლიან მომავალს რაღა თავში იხლი, ლენინის ცოლი ხარ? წადი, რა, ჯერ მენტალურ პრობლემებს მიხედე, თუ უკვე დაგვიანებული არ არის, მერე სახლში დაჯექი, ან წიგნი წაიკითხე, ან კიდე ფაფა ჭამე, მერე ფისი ქენი და დაიძინე. 
პატიმარი რევაზ კიკნაძე ამბობს, რა უნდა მოვინანიოო? არ მაინტერესებს, თუ გამომიშვებენ, ისევ ისე ავიმაღლებ ხმას უსამართლობაზეო. ამათთვის უსამართლობაზე ხმის ამაღლება ნიშნავს რუსთაველის გამზირის გადაბუგვას, შეურაცხყოფას, „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლას, პოლიციელების დასახიჩრებას და ასე შემდეგ. ჰო, კიდევ იმას ნიშნავს, რომ აქციებზე დანებით ირბინონ და ვინმეს ყელი გამოღადრონ. 
იცით, პატარა გუბაზ სანიკიძემ როგორ შეაფასა ციხის ეზოში დადგმული სპექტაკლი? აი, ასე: „ქართული ოცნება“ ცდილობს აჩვენოს, რომ ყაველაშვილს ძალაუფლება აქვს - ძალა გვაქვს და აი, ამ დღეში ჩაგყრითო, „ნაციონალური მოძრაობა“ კი არა დასასრულისკენ, უფრო ცვლილებისკენ მიდის, ტრანსფორმირების ახალ ეტაპზე ვართ“.
ამათი ტრანსფორმაცია არ გაიშვა ყიზილაჯლოს გადასახვევამდე, რამდენიმე თვე დარჩა მაგათ აკრძალვამდე. ამათი მოკლე ჭკუით, „ქართულ ოცნებას“ ძალაუფლება არ აქვს და უბრალოდ, გვაჩვენებს, რომ ვითომ აქვს.
ამასობაში დაღამდა. გვიან გაირკვა, რომ ყაველაშვილმა 159 პატიმარი შეიწყალა, მათ შორის არც ერთი „სინდისის პატიმარი“ არ ყოფილა. ატეხეს ამბავი მარიზ ანთილიყოებმა და ნანულა მელობიეებმა, „რეიზა“ გაგვყინეთ, „რეიზა“ გვალოდინეთ ტყვილადო? ვინც ჩვენ შეცდომაში შეგვიყვანა, ამოწყდეს იმისი საგვარეულოო. ვინ შეიყვანა შეცდომაში ეს უბედურები? ისევ თავიანთებმა „დაუმესიჯეს“, წადით, დადექით, ერთიც რომ შეიწყალონ, ეს იქნება უდიდესი გამარჯვებაო. აშკარაა, ვიღაცას უფრო მძაფრი სპექტაკლის დადგმა უნდოდა, მაგრამ არ გამოუვიდა. ძალიან რთულია, როცა ადამიანები ილუზიებში ცხოვრობენ და იქიდან ვერ გამოდიან, უფრო სწორად, არ უნდათ გამოსვლა, რადგან იქ ძალიან კარგად გრძნობენ თავს, თუ იქიდან გამოვლენ, მათგან საერთოდ აღარაფერი დარჩება, ისინი  მხოლოდ მარიზ ანთილიყოები იქნებიან.

გელა ზედელაშვილი