აბრაკადაბრა ნეტარმორწმუნე პაატა ბურჭულაძისა და სხვათა აშლილობისა
ცხოვრებაში რა არ მინახავს, მაგრამ რასაც დღეს ვხედავ, ასეთი? _ არც კი მსმენია. პირდაპირ საქმეზე გადავალ. დღეს ჩვენთან ციხეში სხედან 4 ოქტომბრის „გმირები“, რომლებსაც ჰგონიათ, ამ დღეს „რუსი ოლიგარქის“ ხელისუფლება მშვიდობიანად დაამხეს და ამიტომაც ისჯებიან ასე მკაცრად. მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც ამაში ცოტა ეჭვი ეპარებათ, მაგრამ მაინც დარწმუნებულები არიან, რომ საბოლოო გამარჯვება მიღწეულია. მე არაფერს ვიგონებ, ასეთი დასკვნის გაკეთების საფუძველს მაძლევს 26 ნოემბერს გამართული სასამართლო პროცესი, სადაც პაატა ბურჭულაძემ, მურთაზ ზოდელავამ, ირაკლი ნადირაძემ, პაატა მანჯგალაძემ, ლაშა ბერიძიემ და სხვა დაკავებულებმა თავიანთი პოზიციები დააფიქსირეს.
გასაგებია, ზოგმა სადღეგრძელო თქვა, ზოგმა თავის „წმინდანობაზე“ ილაპარაკა, ზოგმა თითი სხვებისკენ გაიშვირა, ზოგმა ახლა აღმოაჩინა, რომ ოპოზიციაში მოღალატეებიც ყოფილან, მაგრამ ზოგადი პათოსი მაინც ასეთი იყო - „ჩვენ გავიმარჯვეთ“!
მოკლედ, მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ 4 ოქტომბრის „გმირების“ საქმე გადასინჯა და პატიმრობა ძალაში დატოვა. ამასთან, შვანგირაძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა, საქმეზე დაეკითხათ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი, არ დააკმაყოფილა. საზოგადოებისთვის გაუგებარი დარჩა, რა შუაში არიან ამ საქმესთან ირაკლი კობახიძე და ლევან იოსელიანი? აშკარად ჩანს, ამათ ადვოკატებსაც ჰგონიათ, რომ ხელისუფლება მშვიდობიანად დაამხეს და ახლა დროა, პრემიერი და სახალხო დამცველი დასაჯონ. როგორც ყოველთვის, კვლავაც ორიგინალური იყო ყოფილი გენპროკურორი მურთაზ ზოდელავა, რომელიც ორბელიანების სასახლის გასაღების გადასაბარებლად პირველი გავარდა და პაატა ბურჭულაძეც გაიყოლა. ზოდელავა ამბობს, ვინც ეს კლიმატი შექმნა, ის ხომ არ არის დამნაშავე და მაგათ გამო ჩვენ ხომ არ გვასამართლებენო? ამას ეჭვი ირაკლი კობახიძეზე აქვს და ამიტომაც ითხოვს მის არა მხოლოდ დაკითხვას, დასჯასაც. სხვათა შორის, ბატონ მურთაზს ვერ გაუგია, რატომ სჯიან საქართველოში გამარჯვებულებს, როცა მთელ მსოფლიოში მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს. ყველგან ხომ მხოლოდ დამარცხებულებს ასამართლებენ. რატომ ემუქრებათ მათ 9-წლიანი პატიმრობა ხელისუფლების დამხობის მცდელობისთვის? ეგეთი რამე სად გაგონილა?
სხვათა შორის, პაატა ბურჭულაძე დარწმუნებულია, რომ 4 ოქტომბერს ხელისუფლების მშვიდობიანი დამხობა მოხდა, მაგრამ იყო რაღაც ხარვეზები - კერძოდ, პრეზიდენტის სასახლის გასაღების გადაცემის ცერემონია კარგად ჩატარდებოდა, რომ არა ის პროვოკაცია, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოაწყო.
რა პროვოკაცია მოაწყო „ქართულმა ოცნებამ“? რა და... პრეზიდენტის სასახლის ღობის საყრდენები წინა ღამეს გადახერხეს და როგორც კი მშვიდობიანი მომიტინგეები მიუახლოვდნენ, ღობემ ეგრევე აიშვა და მათ გამოეკიდა. ბურჭულაძის თქმით, ზოგიერთი გაყიდული ან უგუნური პოლიტიკოსი ცდილობს ამ დღის დაკნინებას, რეალურად კი, დავინახეთ, რომ გვყავს უამრავი პატრიოტი, გულანთებული ადამიანი. სამწუხაროდ, მოღალატეებიც საკმარისად გვყოლია. მიხვდა, როგორც იქნა, თურმე ე. წ. ოპოზიციაში მოღალატეებიც ყოფილან, აქამდე არ იცოდა.
ახლა კი პაატა ბურჭულაძის საკვანძო სიტყვა სასამართლო პროცესზე, რამაც მაიძულა, ეს სტატია დამეწერა:
„ოცნებას“ ყოველთვის აღიზიანებდა ტერმინი „მშვიდობიანი დამხობა“, ჩვენი გასამართლების მიზეზიც სწორედ ეს არის. უნდათ, რომ ეს ფრაზა მონათლონ, როგორც ძალადობრივი მოქმედება. დღეს მინდა გითხრათ, ბატონო მოსამართლევ, რომ მშვიდობიანი დამხობა შედგა 4 ოქტომბერს. შედგა დიდი წარმატებით, თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე გამართულ ეროვნულ კრებაზე. ყველამ კარგად იცის, რომ არავითარ ძალადობას ადგილი არ ჰქონია და საქართველოს მოქალაქეებმა ერთხმად გადავირჩიეთ და დავამხეთ უკანონო ხელისუფლება, რუსი ოლიგარქის არალეგიტიმური რეჟიმი. ჩვენს ასობით ათასიან სახალხო შეკრებაზე გაფორმდა დიქტატურის აბსოლუტური კრახი. ვერავინ იტყვის, რომ მოწოდება იყო ძალადობისკენ. 4 ოქტომბერს ჩვენ ყველანი ვიყავით მიწვეული ეროვნულ კრებაზე. ასე ცხადდებოდა ტელეეთერებიდან და ასე ეწერა მოსაწვევებზე, რომელსაც ჰქონდა ჩემი ხელმოწერა. 4 ოქტომბერს შედგა, პირველად საქართველოს ისტორიაში, ეროვნული კრება, ჩვენი, ქართველი ხალხის დამსახურებით. რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა უპრეცედენტოდ ბევრი, 250 000-ზე მეტი ადამიანი. საქართველოს, არათუ ქალაქებიდან და რაიონებიდან, არამედ თითქმის ყველა სოფლიდან იყო წარმომადგენელი. მათ შორის, აფხაზეთიდან (გალის რაიონი) და სამაჩაბლოდან. ასევე იყო უამრავი ემიგრანტი, ისინი, სპეციალურად, ამ დღისთვის ჩამოვიდნენ. ასევე, კრებას ესწრებოდა საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი. ყველას შეგვიძლია, ვიამაყოთ მიღწეულით, ჩვენი ერთობით, ენთუზიაზმით და პატრიოტიზმით. ჩვენ, ქართველმა ხალხმა, შევძელით გაგვეკეთებინა ის, რაც ოლიგარქიის ბანდამ ვერ შეძლო და ვერც შეძლებს, შვიდივე მილიარდი დოლარიც რომ დახარჯოს. ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, კენჭისყრაზე ვაყენებთ სამ საკითხს: ძალაუფლება მთლიანად ეკუთვნის ქართველ ხალხს; ე. წ. ხელისუფლებას დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია, ამიტომ მისი ძალაუფლება შეწყვეტილია; ეროვნული კრება აცხადებს მშვიდობიან გარდამავალ პერიოდს, რომელიც უზრუნველყოფს ძალაუფლების აღებას საკუთარ ხელში მშვიდობიანად. დამნაშავეები პასუხს აგებენ კანონისა და ქართველი ხალხის წინაშე. 4 ოქტომბერი - ეს დღე არის ერთიანობის, საზოგადოების მიერ ძალაუფლების მშვიდობიანად, ლეგიტიმურად ხელში აღების, გასაჭირში ერთად დგომის დღე. ეს არის გამარჯვების დღე ბოროტებაზე. ჩვენ დიდი უმრავლესობა ვართ და ვხედავთ ჩვენს ძლიერებას, საქართველოს ძლიერებას“!
თქვენც გრძნობთ, რომ მსოფლიო ბანი, განდაგანი და სისატურა რევოლუციურ ნირვანაშია, ხომ? თქვენი არ ვიცი და, მე კი მგონია, რომ ესენი სადღაც სხვა სამყაროში გადასახლდნენ, იქ ძალიან მოსწონთ, მოხიბლულები არიან და ამიტომაც წამოსვლა, ანუ გადმოსახლება აღარ უნდათ. ადრეც არაერთხელ დამიწერია, ეგებ, ოჯახებში ჰყავდეთ ვინმე ისეთები, რომლებიც ჭკუაზე დაარიგებენ, აუხსნიან, განუმარტევენ და ეტყვიან, დასხედით სახლებში, შვილიშვილებს ეთამაშეთ, იატაკზე გაკოტრიალდით, მერე გამოკოტრიალდით, რამე წაიკითხეთ, ფაფა ჭამეთ, კინოებს უყურეთ, საღამოს ისევ ფაფა ჭამეთ, ფისი ქენით, დაიძინეთო, მაგრამ როგორც ჩანს, ასეთი დამრიგებლები ამათ არ ჰყავთ. მეტიც, ახლა მეჩვენება, თითქოს ოჯახებიდან აგულიანებენ. სულო ცოდვილო, ეგებ, უკიჟინებენ კიდევაც - მიდით, უკან დახევა არ გაბედოთ, თქვენ უკან საქართველოაო? ეგებ, ამ საქმეში ისეთი „მაყუთი“ იჭრება, უკან დახევა არც ღირს? ეგებ, პროგრამაა ასეთი, რომ თავი სხვა სამყაროში უნდა წარმოიდგინო და დღენიადაგ იძახო, გავიმარჯვეთ, აწი ხელისუფლებაში ჩვენ ვართო? რა ვიცი, კაცო, აშკარაა, ყვარყვარე თუთაბერი ამათთან შედარებით გენიოსად გამოიყურება, მაგრამ რაკი ერთი უნიჭო როლებში შევიდნენ, უკან გამოსვლის უფლებას აღარ აძლევენ. მოკლედ, რამდენ რამეზე ვიფიქრო, აღარ ვიცი...
ყოველ შემთხვევაში, ამ მსოფლიო განდაგანისთვის რამდენიც უნდა მიეცათ, ვფიქრობ, თავისი ავტორიტეტი ასე მაინც არ უნდა დაენგრია. სულ ვკითხულობ, ეს კაცი ადრე, ახალგაზრდობაშიც ეგეთი დაუფიქრებელი იყო-მეთქი? კი, კი, ზუსტად ეგეთი იყო, მაგას ფული ძალიან უყვარდა ყოველთვისო, მპასუხობენ ყოველგვარი ორჭოფობის გარეშე. მსოფლიო ბანს რომ ოჯახიდანაც აგულიანებენ, საამისო მტკიცებულებას ახლავე წარმოგიდგენთ. აგერ, ბატონებო, მისი შვილი შუქრი ბურჭულაძე რას ამბობს ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში:
„ციხემ ვერ გატეხა. ამის შიში არც მქონია, ვიცოდი, რომ ნამდვილად გაუძლებდა, სასწაული ნებისყოფის მქონე ადამიანია. მითხრა, რომ მაგრად არის, ყველაფერი კარგად იქნება. რამაც დამამშვიდა, ეს იყო მისი სიტყვა, რომელიც წარმოთქვა. 4 ოქტომბერს ვიღაცამ საბოტაჟი მოაწყო, რადგან ხმის გამაძლიერებელი და სხვა აპარატურა მწყობრიდან იყო გამოსული და ხალხს არ ესმოდა ლიდერების მოწოდებები. მშვიდობიანად უნდა მოეთხოვათ ორბელიანების სასახლის გასაღების გადმოცემა და მაღალჩინოსნები უნდა გადმოსულიყვნენ ხალხის მხარეს, ეს უნდა მომხდარიყო, მაგრამ მოხდა საერთოდ სხვა რაღაც, თავისით ვარდება ღობე და ხდება პროვოცირება“.
აი, არც ეგ ვიცი, აქ რა უნდა ვთქვა - ის ურჩევნია მამულსა, შვილმა აჯობოს მამასა? ამან აზროვნებაში უკვე აჯობა „რევოლუციონერ“ მამილოს? ნახეთ, რას ამბობს, რამაც დამამშვიდა, ეს იყო მისი სიტყვა სასამართლო პროცესზე წარმოთქმული დიდი მგზნებარებითო. როგორც ჩანს, არც შუქრის ეპარება ეჭვი, რომ 4 ოქტომბერს ხელისუფლება მშვიდობიანად დაემხო. არა, კი ხვდება, რომ პრეზიდენტის სასახლის გასაღების გადმოცემისას რაღაც „იაღლიში„ მოხდა, მაგრამ მამას ყოველ სიტყვაში მაინც ეთანხმება.
არის ამათი საშველი? ჩნდება უნებლიედ შეკითხვა და, ალბათ, თქვენც ხვდებით - არა, რაც დრო გავა, უფრო დამძიმდებიან და ფინალი იქნება ისეთი, როგორიც ფილმ „მონანიებაშია“, დაიწყებენ თეთრ პერანგებში სირბილს და დაგვემუქრებიან, რომ მზეს დააბნელებენ. ერთი ეგ არი, ვარლამ არავიძემ თავისი მაინც გაისწორა, ის მართლა მოაჯდა ინტელიგენციას თავზე და ჟლიტა, როგორც შეეძლო. ამათ, მადლობა უფალს, მაგდენი არ შეუძლიათ, მხოლოდ პროვოკაციებს აწყობენ და მერე ამ პროვოკაციებს თავადვე „ეწირებიან“.
გელა ზედელაშვილი

