აფერისტობის უმაღლესი პილოტაჟი
შარშანწინდელ ვითარებას მოგითხრობთ, მაგრამ ქოთანს სხვა მხრიდან ვაბამ ყურს, აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა, როდინდელი ამბავია, მთავარი ის არის, რომ არაბმა ინვესტორმა გამახსენა ახლა.
კრიშტიანუ რონალდუ სასარგებლო იდიოტია, დიქტატორს ლეგიტიმაციაში ეხმარება, _ პორტუგალიელმა ჟურნალისტმა ენრიკე რაპოსომ („ექსპრესსოს“ მიმომხილველი და ჟურნალ „ატლანტიკოს“ ყოფილი რედაქტორი) რონალდუ საუდის არაბეთში გადასვლის გამო გააკრიტიკა და ეს ადგილობრივი ხელისუფლების ძალადობრივი ქმედებების ერთგვარ გამამართლებელ ნაბიჯად შეაფასა.
ჟურნალისტი განმარტავდა, რომ რონალდუს ასეთი გადაწყვეტილებით იგი სასარგებლო იდიოტი გახდება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი დიქტატურისთვის, მაგრამ პრობლემა მხოლოდ ეს კი არ არის, არამედ ის, რომ მისი წამხედურობით, შესაძლოა, სხვა მოთამაშეებიც გახდნენ სასარგებლო იდიოტები იმ დიქტატურებისთვის, რომლებიც საკუთარ ლეგიტიმაციას ცდილობენ.
„...ცოტა სამწუხაროა იმის დანახვა, რომ ფეხბურთელები _ ვარსკვლავები, სიმბოლოები, ბავშვებისთვის მისაბაძი მაგალითები მთელ მსოფლიოში, დიქტატურისთვის სასარგებლო იდიოტებად იქცევიან. არიან ფეხბურთელები, რომლებიც ევროპაში იღებენ წმინდა 5, 6, 10 მილიონ ევროს, იქ კი სთავაზობენ 50, 60, 70 მილიონს.
ნახეთ, რა ხდება ევროპაში ახალგაზრდებთან _ ისინი სასოწარკვეთილებაში არიან. მუშათა კლასს სამუშაო არ აქვს. უბრალოდ, შეხედეთ საფრანგეთში ხალხის სასოწარკვეთილებას. ცოტა სიურეალისტურია ლაპარაკი იმაზე, რომ ფეხბურთელი 60 მილიონს გამოიმუშავებს იმ მილიონი ახალგაზრდის ფონზე, რომლებიც ჩიხში არიან,“ _ რას ჩიოდა ჟურნალისტი, ვერ გავიგე, სპორტსმენს 7 მილიონს რატომ ურჩევნია 70 მილიონი, როდესაც ვიღაცას სულაც არ აქვს მილიონიო?
ყველანაირ ანაზღაურებაზე პირადი აზრი მაქვს და ამ შემთხვევაში არ არის მნიშვნელოვანი _ ენრიკე რაპოსო! _ რატომ მეცნობა ეს გვარ-სახელი ნეტავ-მეთქი?
ჩავეძიე და ვკითხულობ:
კარლოს ენრიკე რაპოსო - თავდამსხმელი, რომელმაც 24 წელიდადში 9 კლუბი გამოიცვალა. ირიცხებოდა “ვასკო და გამაში”, “ბოტაფოგოში”, “ფლამენგოში” და სხვა გუნდებში.მისი სტატისტიკა კი ასეთია: 1 გოლი - 0 საგოლე პასი.
თქვენ არ ჩაეძიებოდით?
როგორი წარმოსადგენია თავდამსხმელი, რომელმაც 24 წელიწადში 9 გუნდი გამოიცვალა და საგოლე პასი არ მიუწოდებია თანაგუნდელისთვის და მხოლოდ 1 გოლი აქვს გატანილი, ცრუ ამბად ან ხუმრობად ჩათვლით?
ვიღაცამ გამჯორა, ურიგო არ იქნება, თქვენ თვითონაც თუ ჩაატარებთ ხოლმე კვლევას, ვიკიპედია ერთ-ერთი უმარტივესია იმ საიტთაგან, რომელზეც ელემენტარული რაღაცები შეგიძლიათ მოძებნოთო და ლინკიც მოაყოლა.
არ ვნახავდი?
ვრცელი უცხოენოვანი ტექსტი აღარ გადმოვიტანე, ვინც დაინტერესდებით, თავადვე ნახავთ.
რუსულ „ვიკიპედიაშიც“ ვნახე...
მითხრეს, „ეიფლმა“ დოკუმენტური ფილმიც გადაიღო ამ ადამიანზეო, მაგრამ სახელდახელოდ ამდენი დრო არ მქონდა, ფილმი აღარ მიძებნია...
მოკლედ, იმდენად წარმოუდგენელი ამბავია, რომ იძულებული ვარ, დავიჯერო, მაგრამ მაინც არ მჯერა, რაც წავიკითხე:
ფეხბურთის ისტორიაში იყვნენ მეფეები, იყვნენ ჯადოქრები, მაგრამ იყო ერთი კაცი, რომელიც ისტორიაში შევიდა როგორც „უდიდესი ფეხბურთელი, რომელსაც ფეხბურთი არასდროს უთამაშია“. ეს არის კარლოს ენრიკე რაპოსო, მეტსახელად „კაიზერი“. 20 წლის განმავლობაში მან მოახერხა და კონტრაქტი გააფორმა სამხრეთ ამერიკისა და ევროპის ათამდე კლუბთან, მათ შორის „ფლამენგოსთან“, „ბოტაფოგოსთან“, „ფლუმინენსესთან“, ისე, რომ მოედანზე ბურთისთვის ფეხი არასდროს დაურტყამს. ის იყო გენიალური თაღლითი, რომელმაც სისტემა მასხრად აიგდო.
მისი ტაქტიკა მარტივი და, ამავდროულად, ბრწყინვალე იყო. კაიზერს ჰქონდა საოცარი ქარიზმა და ფიზიკური მონაცემები. ის მეგობრობდა ისეთ სუპერვარსკვლავებთან, როგორებიც იყვნენ რომარიო, ბებეტო და ედმუნდო. როცა ეს ვარსკვლავები ახალ კლუბში გადადიოდნენ, ისინი ხელმძღვანელობას სთხოვდნენ: „აიყვანეთ კაიზერიც, ის ტალანტია, უბრალოდ, ფორმაში არ არის“. კლუბები თანხმდებოდნენ.
პირველივე ვარჯიშზე კაიზერი ბურთს გაეკიდებოდა, უეცრად კუნთზე ხელს იტაცებდა და ეცემოდა. იმ დროს (80-იან წლებში) სამედიცინო ტექნოლოგიები, როგორიცაა MღI, არ არსებობდა, ამიტომ ექიმები იძულებულნი იყვნენ, მის სიტყვას ნდობოდნენ. ის თვეობით „მკურნალობდა“, იღებდა ხელფასს, დადიოდა წვეულებებზე და ქალების გულებს იპყრობდა.
მისი ყველაზე წარმოუდგენელი სპექტაკლი კლუბ „ბანგუში“ დაიდგა. კლუბის პრეზიდენტმა, ცნობილმა მაფიოზმა კასტორ დე ანდრადემ, მოითხოვა, რომ კაიზერს როგორმე ეთამაშა, რადგან გუნდი აგებდა. კაიზერი სათადარიგო სკამზე იჯდა და კანკალებდა — მისი ტყუილი მჟღავნდებოდა. როცა მწვრთნელმა მოედანზე შესვლა უბრძანა, კაიზერმა გაიგონა, რომ ტრიბუნიდან გულშემატკივრები პრეზიდენტს აგინებდნენ. მან მომენტით ისარგებლა, ღობეს გადაახტა და საკუთარ ფანებს მუშტი-კრივით დაერია. მსაჯმა ის მოედანზე შესვლამდე გააძევა.
მატჩის შემდეგ გასახდელში განრისხებული მაფიოზი შევარდა და იარაღი ამოიღო. კაიზერმა კი ცხოვრების როლი ითამაშა: „ბოს, ღმერთმა მამა წამართვა, მაგრამ მეორე მამა მაჩუქა თქვენი სახით. მე ვერ ავიტანე, როგორ გაგინებდნენ ის ნაბიჭვრები და თქვენი ღირსება დავიცავი! ტრავმა არაფერია ჩემს ერთგულებასთან შედარებით“.
მაფიოზი იმდენად მოიხიბლა ამ სიტყვებით, რომ კაიზერს მოკვლის ნაცვლად, კონტრაქტი კიდევ 6 თვით გაუხანგრძლივა და ხელფასი გაუორმაგა.
კარლოს კაიზერი წლების განმავლობაში ატყუებდა ჟურნალისტებსაც (მათ სათამაშო მაისურებს უქნიდა), იგონებდა შემოთავაზებებს უცხოური კლუბებიდან. მან კარიერა ისე დაასრულა, რომ პროფესიონალურ ფეხბურთში ერთი სრული მატჩიც არ ჩაუტარებია.
მისი სიტყვებია: „კლუბებს უნდოდათ ახალი პელე, მე კი, უბრალოდ, ცხოვრებით ტკბობა მინდოდა“.
მე მაინც იქ ვარ _ 24 წლის განმავლობაში ერთი ჩემნაირი ეჭვიანი როგორ არ გამოჩნდა, ასეთი დაშტერებულია მსოფლიო?
აფერისტი გამიგია, მაგრამ სპორტში და ასეთი წარმატებული?!
მაკა ჯაყელი

