მოქალაქეებო, ერიდეთ ვირტუალურ ელეტრონულ ბიზნესს!
თბილისის შსს მთავარ სამმართველოში თაღლითობასთან დაკავშირებული სპეციალური სამმართველო შეიქმნა, რომელიც თაროზე შემოდებულ საქმეებს განიხილავს. პროკურატურის ინფორმაციით, საპროცესო ზედამხედველობას ის პროკურორები განახორციელებენ, რომლებსაც შესაბამისი გამოცდილება აქვთ.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ბევრი ისეთი გამოუძიებელი საქმე დაგროვდა, აშკარა თაღლითობა რომ არის, მაგრამ გამომძიებელთა არაკომპეტენტურობის გამო დღემდე გამოძიებული არ არის. რატომ? თაღლითობა, პირველ რიგში, სხვისი ქონების მოტყუების გზით მიღების მოქმედებაა და ბევრ ისეთ სამოქალაქო კანონს მოიცავს, რომლის ლაბირინთებში გარკვევაც ხშირად უჭირთ გამომძიებლებს და ამის გამო ჭეშმარიტების დადგენა ბოლომდე ვერ ხდება.
„ნაციონალურ“ ხელისუფლებას, დღევანდელისგან განსხვავებით, არ უჭირდა თაღლითობების გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა, მაგრამ ახლა მართლმსაჯულების სტანდარტი შეიცვალა და სასამართლო „იძულებულია“, ყველაფერი ევროპულად შეაფასოს. შედეგიც სახეზეა, სასამართლოს სტატისტიკას არ ახსოვს ამდენი გამამართლებელი განაჩენი, რადგან ადვოკატები, ხშირ შემთხვევაში, უფრო მეტად გამოცდილები არიან, ვიდრე ბრალდების მხარე. პრობლემა აქ ძალიან მარტივია, როცა საქმე თაღლითური გზით ქონების მითვისებას ეხება, გამომძიებელმა, უპირველესად, უნდა გაირკვიოს, პირმა ქონება ნამდვილად კანონიერად მიიღო თუ არა. აუცილებელია, დარწმუნდეს და თუ საბჭოც ეყოლება, საქმის მომზადება და სასამართლოში გადატანა უფრო ეფექტიანი იქნება.
მართალია, კომუნისტური სამართალი არ გვაინტერესებს, მაგრამ საბჭოთა სასამართლოს მრჩევლების სახით სპეციალისტები ჰყავდა და ხშირად სამართლიანი განაჩენიც დგებოდა. მახსოვს ერთი ქართველი გამომძიებლის თავგადასავალი, როგორ იპოვა ჩაძირული გემები ხმელთაშუა ზღვაში, რადგან ამ საქმეში მის ზურგს უკან სპეციალისტები იდგნენ.
საქართველოში ბოლო დროს მომრავლდა ინტერნეტ თაღლითობები. ადამიანებს სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმების გამოყენებით შეცდომაში შეჰყავთ და სხვადასხვა ბიზნესში რთავენ იმ პირობით, რომ მოგებას ნახავენ. მაგრამ მოგება ვირტუალურია და არა რეალური. როგორც ადვოკატი, მე პირადად ვახლდი ერთ-ერთ ასეთ დაზარალებულ მოქალაქეს პოლიციაში გამოკითხვის დროს. გამოძიებამ ვერაფრით დაგვამშვიდა. ეს ვირტუალური კომპანიები რეგისტრირებულია საზღვარგარეთ და მათი იდენტიფიცირება ვერ ხერხდება. მიკვირს, რატომ არ გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან გაფორმებული იურიდიული თანამშრომლობის ხელშეკრულება. პოლიტიკა არაფერ შუაშია, როდესაც დანაშაული ხდება და ვერ ხერხდება მისი პრევენცია. არსებობს ფაქტები, როდესაც რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში შემოდის ყალბი მინდობილობები, რომელთა გამოყენებითაც ხდება სხვისი ქონებების გადაფორმება. ქვეყანასთან ურთიერთობის შეწყვეტის გამო ვერ ხდება ოფიციალურად გაცემული დოკუმენტების გადამოწმება და შედეგიც სახეზეა.
გამოძიების შედეგებზე პასუხისმგებელია პროკურატურა და არა გამოძიება. თუ ბრალდება მოუმზადებელი აღმოჩნდება ამ დანაშაულთან ბრძოლაში, სასამართლოში სისხლის სამართლის ბევრი საქმე სახელმწიფოსთვის კრახით დასრულდება.
დასკვნა ასეთია: რადგან თაღლითობის საქმეთა გამოძიება სპეციფიკურია და ქონებებთან დაკავშირებული კანონების ცოდნას მოითხოვს, მნიშვნელოვანია, გამოძიება კარგად ერკვეოდეს მის სპეციფიკაში, კანონის სტრუქტურასა და სასამართლოს პრაქტიკაში. წინაამდეგ შემთხვევაში, თაღლითობასთან ბრძოლის განყოფილებას ნამდვილ დამნაშავეთა დასჯა გაუჭირდება.
ლევან ჭიღლაძე
