შაჯანჯღარებული ალიკა და ჩვენი მხსნელი სალომე
ამ დღეებში ალიკა ელისაშვილმა საქართველოს მოსახლეობას შემოგვჩივლა, ქუჩაში ვეღარ გავსულვარ, ხალხი მაჯანჯღარებს, გინდა თუ არა, ადგილობრივ არჩევნებში კენჭი იყარე, თბილისის მერი გახდიო. მე არ მინდა, მეზარება, მაგრამ რომ მაჯანჯღარებენ, რა ვქნაო?
ხალხო, რატომ აჯანჯღარებთ? რატომ ჰკრავთ მუჯლუგუნებს? რატომ უფათურებთ ხელებს კუდუსუნის მიდამოებში? გინდათ, რომ კენჭის გავლა მოუვიდეს, მერე ეს კენჭი აიღოს და იყაროს?
საინტერესოა, რას იზამს თვითონ ალიკა, დათანხმდება თუ არა მოსახლეობის მოთხოვნას? როგორც უკვე გითხარით, არ უნდა, მაგრამ ხალხის ნებას ხომ ვერ გაექცევა? პრინციპში, ღრმად რომ გავაანალიზოთ, სხვა გზა არც აქვს. აბა, დაფიქრდით, მამუკა ხაზარაძე დილეგშია, ბადრი ჯაფარიძეც დილეგშია, ნიკუტა გვარამია დაიჭირეს, გირჩი ჯაფარიძე დაატყვევეს, ჭიჭე ვაშაძეს ბორკილები დაადეს, ნაპოლეონი გადაასახლეს, დავით აღმაშენებელი მოკვდა, მაკედონელიც მოკვდა, სტალინი მოკლეს, ვინ უნდა მიხედოს ამ დუნიას? - რა თქმა უნდა, ალიკამ. ახლა ხვდებით, რატომ აჯანღარებენ მაგას და არა სხვა ვინმეს?
დაველოდოთ, ყველაფერი კარგად იქნება, მით უფრო მაშინ, როცა ალიკას მერე სალომე სამადაშვილიც გამოვიდა და განაცხადა, ჩვენ ქართველი ხალხის მიტოვებას რუსული რეჟიმის კლანჭებში არ ვაპირებთ, ბოლომდე ვიბრძოლებთ შეუპოვრადო. ვიცოდი, განა არ ვიცოდი? დარწმუნებულიც კი ვიყავი, რომ ქალბატონი სალომე თავის თანამებრძოლებთან ერთად ქართველ ხალხს რუსული რეჟიმის კლანჭებში არ მიგვატოვებდა. ო, როგორ მრისხანედ ჟღერს სიტყვა „კლანჭები’’. თუ ამას მივუმატებთ ბიძინა ივანიშვილის მათრახს, გილიოტინას და ბორკილებს, მივხვდებით, რანაირ ტირანიაში გვაქვს თავები გაყოფილი. თუმცა, სულ ვამბობ, ქართველებს, ამავე დროს, ბედიც გვაქვს, ეგეთ ტირანიულ პერიოდებში უცებ გამოგვიჩნდებიან ხოლმე დიდი მამულიშვილები, რომლებსაც ბითუმად გავყავართ სამშვიდობოს.
განა ეს არ უნდა დავაფასოთ, მეგობრებო? აგერ, მისი ბოსი კიდე წარბშეუხრელად და ნიკაპის აუკანკალებლად ჩაჯდა დილეგში, რათა სალომესთან ერთად გამოგვიხსნას ივანიშვილის უღლიდან. მარტო ბოსი? არა, ბოსის მოადგილეც ჩაჯდა დილეგში. თუ საჭირო იქნება, ეგენი კასრშიც ჩასხდებიან და სუნთქვასაც შეაჩერებენ დიოგენეს მსგავსად. აი, ზუსტად ისე, როგორც ჰელენ გოგიევიჩმა და ნაპოლეონ ბორჯომსკიმ კი არა და... გედეონა მოაზროვნემ შეაჩერეს ორი დღით. აბა, როგო გინდათ, დალოცვილებო, ვარდები უეკლოდ ვის მოუკრეფნია?!
P.შ. ხუმრობა იქით იყოს და... რა დრო დაგიდგა, საქართველოვ, დავითისა და თამარის ქვეყანავ, ესენი რომ გიპირებენ რუსული რეჟიმის კლანჭებიდან გამოხსნას.
გელა ზედელაშვილი

