ეს რუსეთუმე ევროპელები, ესენი!

ეს რუსეთუმე ევროპელები, ესენი!

ხუტა ოდილავაძე რომ მიუვარდება ნოშრევან კუჭუხიძეს: აბა, ახლა გააღე პირი და თქვი ააა, ააა-ო, ისე მოვვარდი ახლა მე.
კაცმა რომ თქვას, ახალი არაფერი ჩამიდენია, დიდი ხანია, მოვარდნა-მივარდნაში ვარ გაბმული, მაგრამ რა ვქნათ, ჩვენი მოწოდებისა და სურვილების საწინააღმდეგოდ, ყველანი ერთიანად ჩაგვყარეს პოლიტქვაბში და პოლიტცხოვრება გვაქვს ასეთი. საქმე მხოლოდ ის არის, რომ ამ ჩემი მივარდნ-მოვარდნების შედეგი აგვიანებს, რადგან ძალიან სკრუპულოზურად და მოზომილად ქარგავს საქართველოს ხელისუფლება შედეგის მისაღებ გზას, ჩვენ კი გვეჩქარება. მოჩქარეს მოუგვიანდესო, _ ვიცით, მაგრამ მაინც...
ამჯერად რატომ მოვვარდი და იმიტომ, რომ ფინეთი შემეცოდასავით. ფინელები ბოლოს ლენინგრადში ვნახე, სასტუმრო „პრიბალტიისკაიაში“, რომელიც ფინეთის ყურეშია და ფინეთს გადაჰყურებს. „მშრალი კანონი“ ჰქონდათ იმ დროს თუ რა აკრძალვა ედოთ ალკოჰოლურ სასმელზე, მაშინ არ დავინტერესებულვარ, მაგრამ სსრკ-ში გადმოდიოდნენ პარასკევს, საღამოს, დიდი ავტობუსებით და კვირა საღამოს ბრუნდებოდნენ უკან, მანამდე ყველგან ფინელები ეყარნენ განურჩევლად სქესისა და ასაკისა _ სასტუმროს ჰოლში დივანზე, რბილ იატაკზე ჰოლშიც და კორიდორებშიც, ბარშიც და საპირპარეშოებთანაც _ სკამზე გამართულად მჯდარი ფხიზელი ფინელი მე არ მინახავს სამი კვირის განმავლობაში. იმ ჩემს იქაურ ტაშ-ფანდურს თეთრი ღამეები დაერთო და, შესაბამისად, 24-საათიანი ხედიც მქონდა ფინეთზე და ფეხქვეშაც ფინელები მყავდნენ გართხმულები. მხოლოდ ის მიკვირდა, მკაცრი „კგბშნიკები“ რომ არ იმჩნევდნენ ამ უწესრიგობას და არც დასცინოდნენ _ გარკვეული მოსაზრების გამო, მთვრალი ფინელების იატაკზე ძილი ჩვეულებრივ ამბად იყო მიღებული.
ჰოდა, ახლა, ამ ჩემმა ფინეთმა ითმინა, უყურა, იტანჯა და ფინეთის პრემიერ-მინისტრ პეტერ ორპოს პირით ფინეთის ტელევიზიის პირდაპირი ეთერით უკვე წუწკუნი დაიწყო, მოსკოვთან ეკონომიკური ურთიერთობების გაწყვეტამ ფინეთს იმაზე მეტად „დაარტყა“, ვიდრე მოსალოდნელ გათვლებში გავთვალეთო. გადაცემის წამყვანი ჩაეძია, ეგებ, დავაზუსტოთ, ძმაო, პეტერო. პაჟალუსტაო და ნირწამხდარმა ჩამოარაკრაკა: წაგებებში შედის ტყის მრეწველობისთვის მილიონობით კუბური მეტრი ხის მიწოდების შეწყვეტა; კომპანიების მილიარდობით ზარალი შეწყვეტილი ინვესტიციების გამო; საზღვრისპირა ვაჭრობისა და ტრანზიტის სრული გაჩერებაო; დამატებით დარტყმას წარმოადგენს დახურული საჰაერო სივრცე _ ავიაკომპანიებს შემოვლითი გზით უწევთ ფრენა, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ხარჯებსო. ამ მცირე ჩამონათვალიდან გამომდინარე, თავისთავად, სხვა პრობლემებიც წარმოიშვა და, მოკლედ რომ ვთქვა, რუსეთთან ურთიერთობის გაწყვეტით „კრუგომ ქაქში“ აღმოვჩნდითო.
ფინეთს ასე მოკლედ ვერ გავუშვებ ხელიდან, მით უმეტეს, რომ შეგპირდით, ფინეთზე სხვა დროს მოგიყვებით-მეთქი. რა ვიცოდი, ის „სხვა დრო“ ასე მალე თუ დადგებოდა. თეთრ სახლში მოსაცდელში მომლოდინე ევროპელ ე. წ. ლიდერებთან შეხვედრის შესახებ რომ ვწერდი, მაშინ გავამახვილე ყურადღება, ტრამპმა რომ ფინეთის ე. წ. ლიდერი მოიკითხა, სად ხარო და იმანაც საიდანღაც გამოსძახა, აქ ვარო. რატომ გაამახვილა ტრამპმა ყურადღება ფინელ ლიდერზე, რა მიანიშნა, უპირველესად, ზელენსკის და მთლიანობაში, იქ მყოფ ევროპელებს? ფაქტობრივად, ის მოუყვა, რასაც ახლა მე მოკლედ გავიხსენებ.
ფინეთი დამოუკიდებელი 1917 წელს გახდა, როდესაც რუსეთის იმპერია დაიშალა. ფინეთს გრძელი საზღვარი ჰქონდა საბჭოთა კავშირთან _ 1300 კმ და მეტიც, რომელიც, როგორც უკვე ვთქვი, ძალიან ახლოს მიდიოდა ლენინგრადთან. ახლა სანკტ-პეტერბურგია, დაიბრუნა ძველი სახელი, მაგრამ ჩემს შემეცნებაში ლენინგრადად დარჩა. სტალინს საფუძვლიანად მიაჩნდა, რომ ეს საზღვარი უსაფრთხო არ იყო, რადგან ფინეთიდან გერმანული იქნებოდა თუ ნებისმიერი სხვა ევროპული ჯარი, პირდაპირ ლენინგრადს დაემუქრებოდა, ან სულაც, მიადგებოდა. 
ფინეთს, თავდაპირველად, 1939-1940 წლებში საბჭოთა კავშირთან ჰქონდა „ზამთრის ომი“, რა დროსაც ფინელებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს სსრკ-ს, მაგრამ ბოლოს მაინც დაკარგეს ტერიტორიის ნაწილი.
1941 წელს ფინეთი გერმანიის მოკავშირე გახდა და ასე ცდილობდა დაკარგული ტერიტორიის დაბრუნებას. ასე რომ, სსრკ-სთან მოწინააღმდეგედ მეორედ აღმოჩნდა ომში.
1944 წლის სექტემბერში, როცა გერმანია უკვე გამოკვეთილი მარცხის პირას იდგა, ფინეთმა მოსკოვში საბჭოთა კავშირთან ზავს მოაწერა ხელი.
ამ ზავის პირობებით:
ფინეთმა დათმო ვრცელი ტერიტორიები: კარელია, პეტსამო (ახლანდელი პეჩენგა), რამდენიმე კუნძული და პორკკალა _ სტრატეგიული რაიონი, რომელიც საბჭოთა კავშირმა 50 წლით წაიღო იჯარით, თუმცა 1956 წელს დაუბრუნა;
ასევე, ფინეთი ვალდებული გახდა, რომ გერმანელი ჯარისკაცები გაეძევებინა ქვეყნიდან, ან თავადაც ებრძოლა მათ წინააღმდეგ. ეს იყო ლაპლანდიის ომი 1944-1945 წლებში, როცა ფინეთმა გერმანელების წინააღმდეგ იბრძოლა საკუთარ ტერიტორიაზე; 
ფინეთს დაეკისრა 300 მლნ დოლარის ომის რეპარაცია, რაც იმ დროისთვის უზარმაზარი თანხა იყო და საბჭოთა კავშირისთვის უნდა გადაეხადა ინდუსტრიული საქონლით;
ასევე, „მოკავშირეთა მოთხოვნით“ გასამართლდნენ ომისდროინდელი ფინეთის მთავრობის წევრები _ პრეზიდენტი რისტო რუტი გადადგა, შემდეგ გაასამართლეს და 10 წელი მიუსაჯეს. ასევე დასაჯეს რამდენიმე მინისტრიც.
ომის შემდეგ ფინეთმა მიიღო განსაკუთრებული სტატუსი. ფინეთი დამოუკიდებელი დარჩა, მაგრამ სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში იძულებული იყო, საბჭოთა კავშირის ინტერესები გაეთვალისწინებინა. ეს პოლიტიკა ისტორიაში „ფინლანდიზაციის“ სახელით შევიდა. ფინეთი არც საბჭოთა ბლოკში და არც ნატო-ში არ გაწევრიანდა _ დასავლეთთან ეკონომიკურ ურთიერთობას ინარჩუნებდა, მაგრამ საგარეო პოლიტიკაში სსრკ-ს არ ეწინააღმდეგებოდა. ასე გაატარა ფინეთმა 80 წელი ფაქტობრივ ნეიტრალიტეტში, სანამ 1991 წელს საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა.
მოკლე სურათი ასეთია: ფინეთმა 1944 წელს მძიმე დათმობებით დაასრულა ომი საბჭოთა კავშირთან, მაგრამ დამოუკიდებლობა შეინარჩუნა და სსრკ-ის გვერდზე სიცოცხლისთვის უსაფრთხო „საშუალო გზა“ იპოვა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში წარმატებით მუშაობდა. 
ტრამპმა ამაზე მიანიშნა აბეზარ სტუმრებს, მაგრამ ნეტავ, ჩვენებმა თუ გაიგეს რამე?
ახლა, ფინეთის პრემიერის წუწუნზე გონებაში გამიელვა, ამ მოწუწუნე ფინეთს, სსრკ-ის სამართალმემკვიდრე რუსეთის ფედერაციაში 1944 წლის მდგომარეობით დაბრუნება ხომ არ აწყობს-მეთქი? 
გამოცდილი გვაქვს და მინდოდა შევსულიყავი ფინელების მდგომარეობაში, მაგრამ ინფორმაცია წამომეწია: „საბერძნეთმა, იტალიამ, ესპანეთმა, საფრანგეთმა და უნგრეთმა რუსებისთვის ვიზების გაცემის შეზღუდვაზე უარი თქვეს.”
ჰაიტ, ეს რუსეთუმეები, ესენი!
ბრუტუს კი არა და, შენც, მაკრონ?!
ამ ევროპელების კიდე, ვერაფერი გავიგე, ერთმანეთის ეშინიათ? ბიჯო, რუსეთთან ომი არ უნდათ; რუსებისგან თავიანთი ქვეყნების დაცლა არ უნდათ; რუსულ ენერგომატარებლებზე უარის თქმა არ უნდათ; და საერთოდ, რუსული არაფერი აწუხებთ და აბა, რა არ უნდათ რუსული, პუტინი ეძალავება, სავახშმოდ უნდა ჩამოგიაროთ და თითო კრემლი უნდა ჩაგიდგათ „სპალნაშიო“? _ თავისი ვერ გაუგიათ და ჩვენ რაღას გვეშპილკავებიან, ხმა არ გასცეთ რუსეთს, მაგისი „სპიჩკაც“ არ გინდოდეთ და „დააპაშოლეთ“ რუსებიო?
ამათ მაგრად აქვთ არეული ტვინის ხვეულებში _ ჩვენ გვემუქრებიან უვიზო მიმისვლის გაუქმებით _ ბირთვული სახელმწიფო ვართ და ვაშინებთ? აბა, მილლიონ ორასი ათასი სამშობლოს მოყვარული ქართველი რანაირად ვაცოფებთ ისე, რომ შხამ-სამსალაღა ამოდ-გამოსდით ხელ-პირიდან?
რა მაგრად წაუბრძენებია „ვივამედელს“, ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე რუს ტურისტებს რომ ხვდებოდა ჭყლოპინით 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მობრძანდით, ბატონო, დაისვენეთ და ისიამოვნეთო და „ვანო ახალციხსკი“ მონოტონურ ბანს აძლევდა, „რუსულს ფულს ავერს-რევერსზე ვუსუნე და სუნი არა აქვსო“. ის სხვა საკითხია, რომ ახლა ეგ აკრძალული გვაქვს, „რუსეთუმეებს“ დაგვიძახებენ და შეგვრცხვება.
ნეტავ, ის გამაგებინა, რანაირად არის ის ამბავი, რომ ლამის მთელი მსოფლიო ფიანდაზად ეგება რუსეთს, მგრამ საქართველოა მაინც რუსეთუმე და, არ მინდა არაფერი!
ახლა ისღა მაინტერესებს, კომპასარეულ „შიგევროპელებს“ ევროპა რომ ქვეყანა და მისი დედაქალაქი პარიზი ჰგონიათ, სად „შიგ“ მიდიან, ევროპულ ჩელიაბინსკში?
ურსულას ფსიქიკური მდგომარეობაც მაინტერესებს, ძალიან განიცადა თუ ზოგჯერ და ხანდისხან?
ეს ჩვენის „შიგევროპელები“ ლაჯებში რომ დაუძვრებიან ევროპული ქვეყნების ელჩებს და მათი ნასუფრალით იკვებებიან, ახლა რატომ არ სცემენ საბრძოლო ყიჟინას მათ საელჩოებთან _ იტირონ მაინც, „ევროპების“ ნაცვლად „ჩელიაბინსკებში“ რომ წარმოიდგენენ თავს... 
ისა, ჩემო იმანოებო, აქეთ მომხედეთ, მთლად ცინცხალი ამბავია _ მიუნხენის მთლად ცენტრში, კარლსპლაცზე უზარმაზარი რუსული მაღაზია (გასტრონომი) გაუხსნიათ რუსებს და ფეხი არავის შეუცდეს საქართველოდან ჩასული „შიგევროპელებიდან“, იქ მხოლოდ რუსეთუმე ევროპელები დადიან სავაჭროდ, რუსული პროდუქცია სუფთა და ჯანსაღია, ჩვენი რა არის, ვერ გაიგებო.
შინაგანი მოწოდებით ევროკავშირი კი გახდა ევროსაბჭოთაკავშირი და, რა ვიცი, რა ვიცი... 
ბოლო-ბოლო, ევროპის რუსეთუმეობის გამო ვინ უნდა გადადგეს, ივანიშვილი, კალაძე თუ ორივე ერთად?
ეს რუსეთუმე და პუტინის მონა ევროპა, ესა!

ზურა ოშხერელი