ისემც უქნიათ, დაუჭამიათ ერთმანეთი!
აქა ამბავი სააკაშვილისა და მელიას დაპირისპირებისა
მეორე კვირა დაიწყო, რაც მიხეილ სააკაშვილი და ნიკანორ მელია ერთმანეთს დაეძგერნენ. ხომ წარმოგიდგენიათ, ამათ დაძგერებას როგორი რეზონანსი ექნებოდა? პირდაპირ ამბის თხრობაზე გადავალ და ალაგ-ალაგ ჩემს მოსაზრებებსაც გაგაცნობთ: ერთ მშვენიერ დღეს სააკაშვილმა საკნიდან ვიღაცის ხელით წერილი გამოაგზავნა და შემდეგ ვიღაცამ მის „ფეისბუკგვერდზე“ გამოაქვეყნა. რაღა დაგიმალოთ და... ეგრე სჯობს, თორემ როცა მიხეილი თვითონ წერდა, წინადადებებიც გაუმართავი იყო, სტილიც და კორექტურაც. მართალია, ვიღაცის მიერ გასწორებული ტექსტებიც არ გახლავთ მთლად დალაგებული, რაც იყო, იმას გაცილებით სჯობს, ეს ვიღაცა სააკაშვილთან შედარებით აკაკი შანიძეა. იმ წერილში გულდაწყვეტილი მიხეილი წუხდა, მე ვინც საქართველოში ჩამოსვლაზე ჩამჩიჩინებდა, რუსეთის აგენტი აღმოჩნდა, ჩამოვედი და დაიმალაო, ჩემს მხარდასაჭერად გამოსული ხალხი კი მელიამ დაშალა და სახლში გაუშვაო. მახსოვს, ამ მხრივ ყველაზე მეტად გია ბარამიძე და თაკო ჩარკვიანი აქტიურობდნენ. ერთი ეძახდა - ჩამო-ჩამოვო, მეორე კიდევ ხელმოწერებს აგროვებდა, აეროპორტში 300 ათასი კაცი უნდა დავახვედროვო. ბოლოს კი რა გამოვიდა? ჩემ უბანში (სანზონაში) მიუყვანია თავისთან იმ მძღოლს, რომელსაც არაჟანი გადმოჰქონდა უკრაინიდან და ესეც გამოაყოლა. პრინციპში, გამოაყოლა რა, ჩაუსვეს და უთხრეს, არაჟნის ყუთებში დამალე და ისე ჩაიყვანე თბილისამდეო.
სააკაშვილი ამტკიცებს, პოლიციასთან ერთმა ჩანერგილმა ჩამიშვაო. კი, მაგრამ ერთმა კაცმა რანაირად ჩაუშვა, როცა მისი ადგილსამყოფელის შესახებ მთელმა უბანმა იცოდა? ეს ერთი და მეორეც - როდესაც ბათუმიდან ვიდეო ჩაწერა, აქ ვარ და ფეხებსაც ვერ მომჭამთო, როგორ ფიქრობთ, პოლიცია ჭურში იჯდა? სად იყო ამ დროს ბარამიძე? სად იყო ქალბატონი თაკო, რომელსაც რუსთაველზე ლეიბები უნდა დაეყარა და გაწოლილიყო? სად იყვნენ სხვები? - არსად, ყველა დაიმალა, სააკაშვილი ყველამ მიატოვა. ახლა კი, ახლა, მისი საყვედური მელიამ საკუთარ თავზე მიიღო და ეგრევე ამოიქოქა - ეგა, კაცო, საქართველოში ეჭვიანობამ ჩამოიყვანაო.
რამდენიმე ამონარიდი მელიას წერილიდან: “სააკაშვილს უკვე მრავალი წელია ჩემს მიმართ ეჭვიანობა, როგორც ყელს შემოჭერილი მარყუჟი, ისე ახრჩობს. გულის საოხად და დარდის გასაქარვებლად მორიგი ტყუილით გაჯერებული, ცილისმწამებლური წერილი გაუვრცელებია - მელიამ ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით ჩატარებული აქცია დაშალა და ხალხი სახლებში გაუშვაო! სააკაშვილისთვის ტყუილი და უტიფრობა პროზაულია, ამის გარეშე ის აღარ არსებობს, თუმცა, მაინც, იქნებ სიმართლის თქმის ძალა მოიკრიბოს და თავად ალაპარაკდეს მის მიერ დაშვებულ უმძიმეს შეცდომებზე და ადამიანურ სისუსტეებზე, რაც მან მთელი 2022 წლის განმავლობაში დაუშვა და გამოავლინა. როცა შეცდომებსა და ადამიანურ სისუსტეს ვახსენებ, რეალურად მის მიერ გადადგმულ უმძიმეს მორალურ და პოლიტიკურ ნაბიჯებს ვგულისხმობ. ისიც მოჰყვეს, იმ კაცს, რომელსაც არ ასახელებს, მთელი 2022 წლის განმავლობაშიც რა საკითხებზე ეთანამშრომლებოდა. რატომ იყო „ის კაცი“ მისი მოციქული ხელისუფლებასთან 2022 წელს?! ანუ მისი „ვივამედში“ ყოფნის დროსაც! ამ კაცის მეშვეობით რა გარიგება დაიდო ხელისუფლებასთან და 2022 წლის ბოლოს რაში გადააგდეს სააკაშვილი! ამ ძალიან მძიმე დეტალებს ფართო საზოგადოება მაინც შეიტყობს, თანაც კონკრეტული ფაქტებით და აჯობებს, თავად დაასახელოს ის კაციც და მისი პარტნიორებიც. სააკაშვილი „იმ კაცს” საქართველოში ჩამოსვლის შემდეგაც მრავალი თვე აქტიურად ეკონტაქტებოდა, „ის კაცი” იყო სააკაშვილის კომუნიკატორი ხელისუფლებასთან. სააკაშვილის გაუთავებელი ტალახის სროლა და დროდადრო მისი მხრიდან, მის წინააღმდეგ თითქოს ჩადენილ ღალატზე საუბარი, მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება მისი უცხოეთში გაშვების სანაცვლოდ, ხელისუფლებასთან გარიგებაში შესვლის კონკრეტული ისტორიის გადაფარვის მცდელობას, რომელიც მას ბევრი მიზეზის გამო, დღეს ძალიან აწუხებს. მას აქვს მისი იმ მძიმე ისტორიის გახმაურების კომპლექსი და შიში. ადამიანს შიში აიძულებს იცრუოს. აი, ამიტომაც იქცევა იმდენად უზნეოდ და არაადექვატურად, რომ შეიძლება ეშმაკმაც კი ფეხი მოიტეხოს. რაც შეეხება უშუალოდ მის ჩამოსვლას ადგილობრივი არჩევნების წინ: ის საკუთარმა დაუძლეველმა ეჭვიანობამ აიძულა ჩამოსულიყო. პლუს, სააკაშვილს „ის კაციც” და სხვებიც ეუბნებოდნენ, თუ ის არ ჩამოვიდოდა საქართველოში, მელია მას პარტიას წაართმევდა. თუმცა ის ამ ფობიით უკვე ისედაც შეპყრობილი იყო. ამას დაემატა მაშინდელი, დღემდე უპრეცედენტო ოპოზიციური ერთობა, რამაც მისი ეჭვიანობა საშინლად გააძლიერა. დაინახა ისიც, რომ პარტიას მსხვილი დონორი გაუჩნდა, რაც მე საზოგადოებას არ დავუმალე და ბუნებრივია, მანაც გაიგო. მისი წვლილი იმ უმაგალითო ოპოზიციურ ერთობასა და 2021 წლის საარჩევნო კამპანიის ფინანსურ უზრუნველყოფაში იყო ნულოვანი და ამის ფონზე, მისმა ეჭვიანობამ პიკს მიაღწია და შედეგად ჩაიდინა სალტო მორტალე, რითიც საკუთარ თავს ის დამართა, რაც დამართა და უნიკალური, ძალიან პერსპექტიული პოლიტიკური პროცესი ფერფლად გადაიქცა. ამის შემდეგ კი ზემოთ უკვე ვახსენე, რა ფარული ნაბიჯებიც გადადგა, რასაც საზოგადოება აუცილებლად დეტალებში გაიგებს“.
ვინ არის „ის კაცი“? იქნებ მისი „ადუკანტი“ შალვა ხაჭაპურიძეა, ასერიგად რომ იცავდა და ბოლოს მაინც ვერაფერი თუ არაფერი გააკეთა? ეგებ ვალერი გელბახიანია, რომელიც ასევე ჩაფლავდა? არ ვიცი, კიდევ ვინ უნდა იყოს „ის კაცი“?
რასაკვირველია, მიხეილი მელიას ამას არ გაუტარებდა, აკი მოიწერა კიდევაც, მაგას ისედაც ბევრი გავუტარე და უკვე თავს გავიდაო, მელია ჭაობშია, მაგისგან ვერაფერი გამოვიყვანე, კაცად ვერ ვაქციეო. ისე, ჩვენში დარჩეს და არაკაცმა კაცად ვინმე რანაირად უნდა აქციოს?
სააკაშვილი, როგორც ყოველთვის, საკუთარ თავს ხატავს მზრუნველ მამად, უამრავი ადამიანის გზაზე დამყენებლად, თურმე მისი მოწაფეები მოდებულნი არიან მთელ მსოფლიოს და ხელმძღვანელობენ საკვანძო საკითხებს. არადა, არც ერთი არ გახლავთ სრულფასოვანი, ყოველი მათგანი გაბრაზებული აკაცუკია. ის, რომ ზოგიერთი უკრაინაში „მღვაწეობს“, ზოგი კიდევ სხვა ქვეყანაში, ეს ანომალიაა - ლადო გურგენიძე აფრიკაში ყველაზე წარმატებულ რეფორმებს ხელმძღვანელობდაო (ამიტომაც აყვავდა აფრიკა), ხოლო დიმა შაშკინი განათლების რეფორმებს ატარებს შუა აზიაშიო. თუ განათლების ისეთი რეფორმა ჩაატარა, როგორიც საქართველოში, მაშინ კედლებს თავებს უნდა ურტყამდნენ შუა აზიელები. ესე იგიო, მარტო მელია, ოქრუაშვილი და ბოკერიები არ გამომადგნენ, დანარჩენებმა კი მასახელესო. ისე, ოქრუაშვილი რატომ არის გაჩუმებული, ეგ რატომ არ აგზავნის წერილებს „დილეგიდან“? რატომ არ ჩაებმება „ლომთა“ ჭიდილში? ეგ ხომ ყველაზე ადრე გააფარჩაკა სააკაშვილმა? იმედი მაქვს, ჩაებმება და უფრო შინაარსიანს გახდის ლომებისა და „ნეფხვების“ ბრდღვინვას.
ნიკანორ მელიას საკუთარი მამა, ანზორ მელია გამოექომაგა და სააკაშვილს მიმართა, გაჩერდი, თავს ნუ იჭრი, სირცხვილიაო:
„ნიკა თუ ჭაობში აღმოჩნდა, შენ რაში აღმოჩნდიო? ჰკითხოს ვინმემ, არაჟანში და ნაყინებში რომ იჯდა ორი დღე და არავინ დახვდა, ახლა გაბრაზებულია და ყველაზე ჯავრს იყრის? რცხვენოდეს ამ ყველაფრის“!
სააკაშვილსაც გამოექომაგნენ მეგი გოცირიძეები და ვიღაც წულაიები - ეგე, ხომ ვამბობდით, რომ მელია მოღალატე იყოო? ახლაც არ გჯერათო? აჰა, კაცო, პირდაპირ სააკაშვილმა დაადო ხელიო. ისე, მეგონა, თუ ნიკანორს მამა გამოექომაგა, მიხეილს გიულ-დედული გამოექომაგება... ბოლო-ბოლო, მამინაცვალი ჩალაძე მაინც-მეთქი, მაგრამ რად გინდა? ამ ეტაპზე ორივენი გაჩუმებულები არიან. მოკლედ, ნიკანორი სააკაშვილზე ამბობს, ბიძინასთან არის შეკრულიო, სააკაშვილი ნიკანორზე იძახის - ბიძინასთან არის შეკრულიო. საოცარია, თუ ბიძინა ივანიშვილმა ორივე ცალ-ცალკე „დაავერბოვკა“, მაგარი ყოფილა, რანაირადღა ებრძვიან? ან მასთან ბრძოლაში სხვებს რა „პრასვეტი“ აქვთ?
მე მჯერა, უახლოეს ხანში „ლიდერების“ ჩხუბში ქვედა რგოლებიც ჩაერევიან, ერთმანეთს უფრო კარგად დაჭამენ და ეს იქნება ძალიან კარგი. ნანულა ჟორჟოლიანი უკვე ჩართულია, მან დასაწყისიდანვე არ გაუშვა მომენტი ხელიდან და სააკაშვილს „დაუპადერჟკა“ - როგორო, კაცო, როგორ, განა მიშას გარეშე ამ ქვეყანაში რამე იქნებაო? მოგვიანებით ნიკოლოზ გვარამიამაც გაიძრო ჩოხა-ახალუხი და გადახტა საჭიდაოდ - მიშა ვის დაჰკარგვია, თუ ვინმეს ჰგონია, ჩემი პარტია მაგან შექმნა, ძალიან ცდებაო.
ხედავთ, სადამდე მივიდა საქმე? ეს ჭიჭე ვაშაძე კიდევ ზის ჭუტაანებში და ისაო, ხელისუფლებაში მოვდივართ კოალიციურადო. რა კოალიციურად, ბიჭო? დილით სამი ბატი რომ ჩაგაბაროთ ხალხმა, საღამოს ერთი აღარ გეყოლებათ საბატეში.
გელა ზედელაშვილი
