ქართული ბეჭდური მედია და რამერუმე
გაგრძელება. დასაწყისი იხ. „სგ“ N29
22 ოქტომბერს „ჯორჯიან თაიმსმა“ თითქმის 2-საათიანი გადაცემა მიუძღვნა ბეჭდურ მედიას. გადაცემის წამყვანმა ია დანელიამ კოლეგები - გიორგი მამაცაშვილი, ბონდო მძინარაშვილი, ქეთი ხატიაშვილი, გიორგი იაკობაშვილი გარს შემოიკრიბა და გაჩაღდა ძირეული მსჯელობა ქართული პრესის დღევანდელ მდგომარეობაზედ.
მე პირადად მივესალმები ამ თემის წამოწევას, მით უფრო მათგან, ვისაც, ასე ვთქვათ, ჭიპები აქვთ მოჭრილი ბეჭდურ მედიაში. სხვათა შორის, ვუყურებდი კოლეგებს და გამიჩნდა მოსაზრება... არა, ჯერ გამიჩნდა უკმარისობის გრძნობა, რომ ეს ადამიანები, რატომღაც, არ ზრდიან მომავალ ჟურნალისტებს და მერე გამიჩნდა აზრი, რომ სახელმწიფომ თუ არა, ვინმე კერძო პირმა მაინც შექმნას სკოლა, კოლეჯი, ან სულაც ინსტიტუტი, ან უნივერსიტეტი, სადაც მხოლოდ ჟურნალისტიკა შეისწავლება და ეს იქნება გამოცდილი პუბლიცისტების მიერ აწყობილი სამჭედლო. ვფიქრობ, ამ მხრივ დიდი ნიჭი და შესაძლებლობები იკარგება.
მოკლედ, როგორც უკვე გითხარით, ჩემმა კოლეგებმა და მეგობრებმა მართლა სიღრმისეულად განიხილეს შექმნილი მდგომარეობა, არაერთი საინტერესო წინადადებაც მოვისმინე, მადლობა მათ ამისთვის, მაგრამ ერთ რამეში ვერ დავეთანხმები - პირდაპირ ეთერში რამდენიმეჯერ გაისმა ფრაზა, რომ საქართველოში ბეჭდური მედია მოკვდა. თუმცაო, თქვა გიორგი მამაცაშვილმა, ჩვენში გამოდის გაზეთები - „ასავალ-დასავალი“, „საერთო გაზეთი“, „კვირის პალიტრა“, „ახალი თაობა“ და ასე შემდეგო. ესე იგი, ბეჭდური მედია არ მომკვდარა, შეიძლება დასუსტდა, მაგრამ ნამდვილად არ მომკვდარა. აქ მე ავიღე ტელეფონი, დავურეკე გიორგი მამაცაშვილს და ვუთხარი, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება, საქართველოში პრესა მოვკლათ, ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ გადავარჩინოთ და გავაძლიეროთ. რასაკვირველია, გიორგი დამეთანხმა, ეს ჩვენი ვალდებულებააო. შემდეგ სიტყვა ჩამოვუგდე იმ იდეაზე, რომელიც გადაცემის ყურებისას დამებადა. მან მითხრა, რომ უახლოეს ხანში საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია აპირებს, გახსნას სახელოსნო მომავალი ჟურნალისტებისთვის. აგაშენათ ღმერთმა!
მე ისევ იმ გეგმას ვუტრიალებ, 2012-ში ბიძინა ივანიშვილს რომ ჰქონდა და რატომღაც ჩაიშალა. იქნებ, განვაახლოთ? იქნებ, სხვა ფორმით წამოვიწყოთ?
მას მერე 13 წელიწადი გავიდა, საზოგადოების აზროვნება შეიცვალა, მედიაგარემოც დეფორმირდა, შეიძლება ახლა სხვანაირი მიდგომებია საჭირო. როგორც სახელმწიფო ვერ განვითარდება წიგნის გარეშე, ისე ვერ განვითარდება პრესის გარეშე, ბეჭდური სიტყვის გარეშე. როგორადაც არ უნდა დასუსტდეს გაზეთი, ბოლოს მაინც ასაღორძინებელი და გასაძლიერებელი იქნება თვით სახელმწიფოს მიერ. სახელმწიფოში ვგულისხმობ ხელისუფლებას. ასეთი პრაქტიკა ევროპაში არსებობს, მაგალითად, 1960-1970-იანი წლებიდან, როცა იტალიის ხელისუფლება მიხვდა, ეროვნული კინო სულს ღაფავდა და საზღვარგარეთიდან მდარე ხარისხის ფილმები შეჰქონდათ, დაიწყო ამ სფეროს ინტენსიური დაფინანსება და ჩვენ ვნახეთ, რამდენი შედევრი შეიქმნა იმ პერიოდის იტალიაში. ისე, ჩვენს ეროვნულ კინოსაც სჭირდება ხელის წაშველება, ამ უსახელო კინოცენტრში რას იღებენ და როგორ იღებენ, ან სად მიაქვთ, რასაც იღებენ, გაუგებარია. მაგალითები კინოზე მოვიყვანე, თორემ არანაკლებ გაჭირვებაში იყო მე-19 საუკუნისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის ფრანგული პრესა, ამაზე ვრცელი წერილი გამოაქვეყნა თავის დროზე ნიკო ნიკოლაძემ. უფრო დიდ შარსა და გაუგებრობაში იყო ჩავარდნილი მე-20 საუკუნის დასაწყისში ამერიკული პრესა. მოდით, ვნახოთ, როგორ აღწერს მარკ ტვენი იმ გაზეთის ყოფას, რომელსაც ბიძამისი გამოსცემდა და თვითონ შეგირდად მუშაობდა სტამბაში:
„ბიძაჩემი ყოველკვირეულ გაზეთს გამოსცემდა ჩვენთან, ჰანიბალში. მე მის სტამბაში ვმუშაობდი შეგირდად და საკმაოდ ნიჭიერ და ენერგიულ მოწაფედ მივაჩნდი ყველას. ჩვენს გაზეთს ჰყავდა სულ ხუთასამდე ხელისმომწერი, რომლებიც გაზეთის წლიურ ფასს – ორ დოლარს, როგორც წესი, წინასწარ იხდიდნენ ნატურით. ამაში შედიოდა შეშა, სხვადასხვა ბოსტნეული, კომბოსტო, გასაყიდად უვარგისი თალგამი და ა. შ.“
შეშა, ბოსტნეული, კომბოსტო, გასაყიდად უვარგისი თალგამი... ხედავთ, როგორი გაჭირვებით გამოიცემოდა გაზეთები? ყველას ჰქონდა ჩავარდნა, იმ პერიოდში არც საქართველოში ულხინდათ, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ილია ჭავჭავაძე „ივერიას“ გასაყიდად უვარგის თალგამში არ ცვლიდა.
ისე, რაღა დაგიმალოთ და, რომ არა მარკ ტვენი, ამერიკული პრესის ისტორია ძალზედ მოსაწყენი იქნებოდა, მისი მოღვაწეობა პუბლიცისტიკაში იყო იუმორის ზეიმი. რაკი იუმორი ვახსენე, ბარემ ჟურნალი „ნიანგიც“ უნდა გავიხსენო, რომელსაც საბჭოთა კავშირის დანგრევამდე საქართველოში დიდი გავლენა ჰქონდა. ამ ჟურნალს უდავოდ ნიჭიერი ადამიანები აკეთებდნენ და ამიტომაც ბრწყინავდა. არ ვიცი, ეგებ, ოდესმე დადგეს დრო, როცა „ნიანგი“ ხელახლა გამოვა საგაზეთო ბაზარზე. მარკ ტვენი ვახსენე და ცოტა კიდევ განვავრცობ: საგაზეთო იუმორის მამას ჩვევად ჰქონდა საკუთარი თავისა და იმ გაზეთის გაშარჟება-გაკრიტიკება, სადაც მუშაობდა. იგი ამბობდა, რაც უფრო მეტია გაზეთი, მით უფრო ცუდად არის ზნეობის საქმეო. მაშინ ტელევიზია არ იყო, თორემ ამას გაზეთებზე არ იტყოდა. ეს გამონათქვამი ჩვენ დღეს შეგვიძლია, ასე ვთარგმნოთ: რაც უფრო მეტია ტელევიზია, მით უფრო ცუდად არის ზნეობის საქმე. მხოლოდ ზნეობის? საქართველოში ე. წ. ტელევიზიებმა გარყვნეს და გაათახსირეს თაობები.
გავყვეთ მარკ ტვენს, თუ ერთ ხანს გაზეთებს აკრიტიკებდა, მეორე მხრივ იმასაც ამბობდა, გაზეთებსაც გააჩნიათ კარგი თვისებები, აქვთ უდიდესი ზემოქმედების ძალაო. მე მაინც გაბრიელ გარსია მარკესის ნათქვამი მომწონს: „საუკეთესო საქმე ამქვეყნად ჟურნალისტიკაა“. მართლაც საუკეთესო საქმეა, რომ არა ავანტიურისტების მიერ მისი დაპყრობა და საბრძოლო იარაღად გამოყენება. დღეს ჩვენშიც და უცხოეთშიც ხშირად გაიგონებთ ფრაზებს: „დამოუკიდებელი მედია“, „თავისუფალი პრესა“ და ასე შემდეგ. რომელია დამოუკიდებელი მედია? მოდით, ამერიკულს გადავხედოთ, რომელია, „სიენენი“, რომელიც დემოკრატების რუპორია და რესპუბლიკელებს ებრძვის თავგამოდებით? მაგათ გააგიჟეს დონალდ ტრამპი არა მხოლოდ არჩევნების პერიოდში, არამედ შემდგომაც. იქნებ, „ფოქსნიუსია“ დამოუკიდებელი? ან იქნებ, „ნიუ-იორკ თაიმსია“ დამოუკიდებელი და თავისუფალი? მიიტანეთ ნებისმიერში ფული და საკუთარ დედებსაც დიდი სიამოვნებით აგინებენ. ეგ საქმე არც ისეთი ძვირი ჯდება, როგორც გგონიათ. რასაც კონგრესმენი ჯო უილსონი იღებს თვის ბოლოს კეზერაშვილისგან, ეგენიც იმ თანხაზე იქნებიან ყაბულს. ვინაიდან დედამიწის ზურგზე ნებისმიერ გამოცემას ჰყავს თავისი პატრონი და ნებისმიერ პატრონს, უნდა, არ უნდა, აქვს საკუთარი ინტერესები, ვერ იქნება სრულიად დამოუკიდებელი. თუმცა აქ უნდა დავამატო, არსებობენ მეტ-ნაკლებად დამოუკიდებლები. იმაზე მეცინება, ინგა გრიგოლია რომ ყბედობს ხოლმე, დამოუკიდებელი ჟჟჟჟუუურნალისტი გახლავართო. ვინ არის დამოუკიდებელი ჟჟჟჟჟუუურნალისტი, გრიგოლია? იქნებ, ეკა კვესიტაძეა? ყველა ჩამოვთვალო, ვინც მამუკა ხაზარაძის ნაყიდ კანტორაში ჩირთიფირთობს? მეზარება, მაგათი გვარ-სახელები თქვენ ჩემზე უკეთესად იცით.
მგონი, სიტყვა გამექცა, მაგრამ, ალბათ, აუცილებელი იყო...
იმ გადაცემაში, დასაწყისში რომ ვახსენე, მეგობრებმა იმაზეც ისაუბრეს, რომ ბეჭდური მედიის კვდომა გამოიწვია სოციალურმა ქსელებმა, ინტერნეტმა და ტელევიზიებმა. შეიძლება ნაწილობრივ ეს სიმართლეა, მაგრამ ჩვენში მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც გაზეთებზე არიან მიჯაჭვულები და არც სოციალური ქსელები აინტერესებთ, არც ინტერნეტი, არც ტელევიზიები. არა, შეიძლება, აქ ცოტა ვაჭარბებ, ტელევიზორი თითქმის ყველა ოჯახშია ჩართული ჯერ კიდევ და ვისაც პრესა უყვარს, ისინი უყურებენ, მე უფრო სოციალურ ქსელებზე ვიტყოდი. განა სოციალური ქსელები ცუდია? მათაც აქვთ თავისი ხიბლი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პროგრესია, რომელსაც ვერავინ შეაჩერებს და უფრო მეტად განვითარდება, მაგრამ გაზეთსაც აქვს თავისი ხიბლი, როგორც წიგნს. ამას ვერავინ შეცვლის და, მით უმეტეს, ვერავინ მოკლავს.
მე მოვუწოდებ ირაკლი კობახიძეს და შალვა პაპუაშვილს, აღადგინონ გაზეთების გამოწერა სახელმწიფო უწყებებში. ეს მთლად ვერ მოხსნის პრობლემას, მაგრამ ცოტაოდენ მაინც წაეხმარება პრესას. უნდა ვთხოვო კახა კალაძეს, ყურადღება მიაქციოს, თბილისის ბიბლიოთეკებში არის თუ არა გაზეთები. დღეს ადამიანები იქ დადიან გაზეთების წასაკითხად, მაგრამ როგორც ამბობენ, ყველა არ არის.
ამას წინათ ვწერდი, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სადაც 15 სოფელია, პრესა საერთოდ არ მიდის-მეთქი. სოფელ ვაქირიდან დამირეკა ქალბატონმა და მითხრა, რომ ის გამგეობის შენობის პირველ სართულზე ყიდის გაზეთებს. გამიხარდა, ვისთანაც ხმა მიმიწვდა, ყველას ვუთხარი, წადით და იქ იყიდეთ-მეთქი. თუმცა 2-3 ცალი ყველას რანაირად ეყოფა?
კი, ბატონო, დიდი მადლობა ქალბატონს, რომელიც ამას აკეთებს, მაგრამ ქალაქი წნორი და ქალაქი სიღნაღი პრესის გარეშეა, ადამიანები ეძებენ და ყველა ჯიხური გამოიკეტილია. თუ ასე გაგრძელდა, უახლოეს ხანში „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ მსგავსი რაღაცის შექმნა დაგვჭირდება.
გელა ზედელაშვილი

