რა საქართველო და ირანი? ჯო უილსონები ხომ არ ხართ, კაცო?

რა საქართველო და ირანი? ჯო უილსონები ხომ არ ხართ, კაცო?

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს კონგრესმენმა ჯო უილსონმა ჰკითხა: „პროირანული რეჟიმისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის მხარდამჭერი „ქართული ოცნების” არალეგიტიმური მთავრობა საფრთხეს უქმნის აშშ-ის წვდომას. გაყალბებული არჩევნები იყო საქართველოში. ამის გათვალისწინებით, ისინი ეხმარებიან ირანულ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს” სანქციებისთვის გვერდის ავლაში. თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს, რათა მოვაგვაროთ საქართველოს რესპუბლიკაში „ქართული ოცნების” მთავრობის მიერ მხარდაჭერილი სწრაფი რადიკალიზაცია“?
ხომ არის უილსონის შეკითხვა აბდაუბდა, მაგრამ პროვოკაციული? ეს კაცი თვეში 1000 დოლარად ებრძვის საქართველოს უკვე წლებია. ადამიანი, რომელსაც საკუთარი ოჯახის პრობლემები ვერ მოუგვარებია, წამდაუწუმ ერევა ჩვენი ქვეყნის საშინაო და საგარეო საქმეებში. ამას წინებზე უცხოურ პრესაში გამოქვეყნდა სკანდალური სტატია იმის თაობაზე, თუ როგორ სცემს და უყვირის ჯო უილსონის მეუღლე საკუთარ დედას მოხუცთა თავშესაფარში. ისე, კი არის გასაკვირი, ამ გადაღრძუებულ კონგრესმენს სიდედრი ცოცხალი უნდა ჰყავდეს? შეიძლება წიწკვი გოგო მოიყვანა ცოლად და ეყოლება, რატომაც არ ეყოლება? 
ხედავთ, როგორ საშინელ სურათს ხატავს უილსონი 1000 დოლარად? თურმე საქართველოში პროირანული რეჟიმია, თანაც ჩინეთის კომუნისტური პარტიის მხარდამჭერი, რომელიც საფრთხეს უქმნის აშშ-ის წვდომას. რა წვდომაზეა საუბარი? კავკასიაზე წვდომას ვუშლით ხელს? იქნებ, საქართველოზე? მაშინ, როცა დონალდ ტრამპი ჩინეთის კომუნისტურ პარტიას და მის მესვეურებს ეკურკურება, საქართველოს არ აქვს უფლება, ფორმალურად მაინც დაელაპარაკოს? მეტიც, თურმე ჩვენ ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“ ვეხმარებით სანქციების გვერდის ავლაში. ახლა მეტყვით, ეს ყველაფერი თინა ბოკუჩავას, ზურაბ ჭიაბერაშვილის, გიორგი კანდელაკის, ლევან სანიკიძის და მათნაირების მიერ არის მიწოდებული, კაპიკის ფასიც არ აქვსო, მაგრამ რუბიოს ხომ ჩააწვეთეს რაღაც დონეზე? კაცი ხომ აანერვიულეს? იმდენი გახარება თქვენ, რაც მაგან ჩვენზე არ ინერვიულოს, მაგრამ მის ყურს ხომ ეს ყველაფერი ცუდად მოხვდა? ყოველ შემთხვევაში, იმას მაინც იფიქრებდა, ეს ერთ მტკაველზე დასახლებულები ეგეთ რაღაცებს რანაირად მედავენო? 
სახელმწიფო მდივანმა რა უპასუხა? თქვენ გეგონათ, ეტყოდა, რას მიედ-მოედებიო? არა, თურმე ჩვენ გამო აშშ-ს აქვს შეშფოთებები:
„საქართველოზე... მართალი ხართ. ყველაფერი, რაც აღნიშნეთ, ჩვენი არსებული შეშფოთებებია. ამის შემდეგ, მათ რაღაც ნაბიჯები გადადგეს, რომლებიც მიგვანიშნებს, რომ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება სურთ. ჩვენ აღვნიშნეთ მათთან, რა იქნება საჭირო, რა მოთხოვნები იქნება. გარკვეული დადებითი პასუხები მივიღეთ. ასე რომ, იმედია, საქართველოს შემთხვევაში დღეს არსებული ტრაექტორიის ცვლილებას დავინახავთ. რა თქმა უნდა, ყველაფერი გვესმის, რაც ახლა აღნიშნეთ, ეს ჩვენთვის არსებული პრობლემებია. მათ გვკითხეს, თუ რა იქნება საჭირო შეერთებულ შტატებთან უკეთესი ურთიერთობებისთვის. ჩვენ ვუპასუხეთ და იმედია, რომ ამ საფუძველზე პროგრესს მივაღწევთ და, არა მხოლოდ საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობების ტრაექტორიის, არამედ მათი საქციელის შეცვლას შევძლებთ”.
35 წელიწადი გავიდა, რაც ამერიკელები და ევროპელები ჩვენი საქციელის შეცვლას ლამობენ, ჩვენთვის ადათისა და ჩვეულებების დავიწყებას ცდილობენ, ტრაექტორიის შეცვლაც უნდოდათ, მაგრამ პროგრესს ვერ მიაღწიეს და ახლა რუბიოს უნდა, რომ ეს უახლოეს დღეებში გააკეთოს? რა გვჭირს, კაცო, შესაცვლელ-გამოსაცვლელი, თორემ კი. რუბიოს გამონათქვამები ძალიან მოეწონათ ე. წ. ოპოზიციაში, ერთი-ორმა ტაშიც კი შემოჰკრა - ნახეთ, აშშ-მ ბიძინა ივანიშვილს დავალება მისცა, თუ ტრაექტორიას და საქციელს არ შეიცვლის, დაისჯება, მას გააგდებენ და ხელისუფლებაში ჩვენ მოვალთო. ესე იგი, ჩვენ, საქართველოს მოსახლეობას აღარაფერს გვეკითხებიან.
ირაკლი კობახიძემ გასცა საკადრისი პასუხი - საქართველო მოწაფე არ არის, ვინმემ საქციელის შეცვლა მოსთხოვოს და საშემოდგომო გამოაყოლოსო. მშვენიერი პასუხია, მე გულზე მომეშვა. კობახიძემ ამავე დროს თქვა, რომ არანაირი შეკითხვა არ დაუსვამთ შეერთებულ სტატებთან ურთიერთობის განახლებაზე, რუბიო კი ამბობს, გვკითხეს ქართველებმაო. ისე, რაღა დაგიმალოთ და... მე არ მჯერა ამ ამერიკელების, 26 მაისს ისეთი ტექსტით მოგვილოცა რუბიომ ქვეყნის დამოუკიდებლობა, აშკარად ეტყობოდა, მხოლოდ ხელი რომ მოაწერა და არც წაუკითხავს:
„ოცდაათ წელზე მეტია, ჩვენს ერებს შორის მეგობრობა და პარტნიორობა აგებულია დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და უკეთესი მომავლისკენ სწრაფვის საერთო ღირებულებებზე. ამ დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ქართველი ხალხის სიძლიერეს, გამძლეობას და ჩვენს მტკიცე კავშირებს“. 
შე კაი კაცო, თუ 26 მაისს და მანამდეც ჩვენს ერებს შორის კავშირები მტკიცე და ურყევი იყო, ახლა 1000 დოლარად გაყიდულ უილსონს რატომ ეთანხმები და ამბობ, ქართველებს საქციელი უნდა შევაცვლევინოთო? ბოლო-ბოლო, შენს მიერ გამოგზავნილი დელეგაციის მიერ მომზადებული ანგარიში მაინც წაგეკითხა და უილსონისთვისაც წაგეკითხებინა. აგერ გვაქვს ტექსტი და ვნახოთ, რას იტყობინებიან, 25-28 მაისს თბილისში რომ იყვნენ შენი ხელქვეითები:
„დელეგაციამ საქართველოს მთავრობას მასთან კონსტრუქციულ, მომავალზე ორიენტირებულ ურთიერთობასთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის მზადყოფნა გაუზიარა და მისი ინტერესი სუვერენულ პარტნიორებს შორის ორმხრივ ურთიერთობებში ურთიერთპატივისცემაზე, საერთო ინტერესებსა და გულწრფელ დიალოგზე დაფუძნებული ახალი ეტაპის დაწყების შესახებ. განვიხილეთ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის შესაძლო თანხვედრის სფეროები, მათ შორის: ეროვნული სუვერენიტეტისადმი საერთო ერთგულება, სამართლიანი ეკონომიკური გარემო, მავნე გარე გავლენებისადმი მდგრადობა და ის ფუნდამენტური ღირებულებები, რომელიც ორივე ერს განსაზღვრავს. ეს თანხვედრა ქმნის მყარ საფუძველს უფრო ღრმა პარტნიორობისკენ წინსვლისთვის. შეერთებული შტატები ელის საქართველოს მთავრობასთან მუშაობას ისეთი პარტნიორობისთვის, რომელიც ორივე ქვეყანას ხელშესახებ სარგებელს მოუტანს და სრულად აამოქმედებს ორმხრივი ურთიერთობის პოტენციალს“. 
თუ ბაიდენის ადმინისტრაცია ჩვენს ე. წ. ოპოზიციას ბოიკოტისკენ მოუწოდებდა და პარლამენტში შესვლაზე უარი უთხრა, ტრამპის ადმინისტრაცია ეუბნება, რომ ბოიკოტი გამოსავალი არ არის. შეგახსენებთ, ე. წ. ოპოზიციამ 63 მანდატზე თქვა უარი და ბოლოს მხოლოდ „გახარისტები“ შევიდნენ. 
სხვათა შორის, მარკო რუბიოს განცხადებაზე ირანის ელჩმა საქართველოში სეიედ ალი მოუჯანმაც გააკეთა კომენტარი: „მე ვფიქრობ, ამერიკამ უნდა გამოასწოროს თავისი შეხედულება სამყაროზე. ქვეყანამ, რომელიც სხვა ცივილიზაციების განადგურებას ცდილობს, ჯერ საკუთარი თავი უნდა გამოასწოროს”.
მოსწრებული პასუხია, ვერაფერს დავამატებ - ქვეყანამ, რომელიც სხვის საქციელის შეცვლას ცდილობს, ჯერ თვითონ უნდა შეცვალოს თავისი საქციელი. უკაცრავად, მაგრამ პირადად მე მიმაჩნია, რომ რუბიოს განცხადება არის თავხედური, მან არ იცის, ვის ელაპარაკება და ვისზე ლაპარაკობს. ესენი რომ ვერ არიან მთლად დალაგებულები, ახლა გაჩვენებთ ამის საუკეთესო მაგალითს. აი, რას ამბობს რუბიოს განცხადებიდან ორ დღეში მისი მოადგილე კრისტოფერ ლანდაუ:
„ვფიქრობ, ჩვენს ხალხებს ბევრი საზიარო რამ გააჩნიათ; მაგალითად, ღირსების შეგრძნება, ეროვნული ღირსება და ქვეყნის სუვერენიტეტის რწმენა; სამწუხაროა, რომ უკანასკნელ წლებში ჩვენ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები იმდენად ახლო არაა, როგორც ამას ვისურვებდი. ვაფასებ თქვენ გამოსვლებს, სიტყვებს, რომლითაც მეგობრობის ხელს გვიწვდით; მე კი აქ ვარ, რათა ჩამოგართვათ ხელი. ვფიქრობ, ეს მშვენიერი შესაძლებლობაა, დავიწყოთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების აღდგენა. საქართველოს კავკასიის რეგიონში წარმოუდგენლად სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა გააჩნია, განსაკუთრებით უკანასკნელ პერიოდში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების ფონზე. ვფიქრობ, რეგიონული ინტეგრაციის თვალსაზრისით, ამან ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები შექმნა. ძალზედ მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა საკუთარ ადმინისტრაციაში სხვადასხვა ქვეყნებთან არსებული, რიგ შემთხვევაში წლების განმავლობაში გაყინული ურთიერთობების გადახედვის თავისუფლება მოგვცა. წინა კვირას თბილისში ჩვენი დელეგაცია წარვგზავნეთ და დადებითი განწყობით ველი, რომ თქვენს ხელისუფლებასთან მუშაობა გაგრძელდება, რათა შევძლოთ ჩვენს შორის კიდევ უფრო მეტი საერთოს გამონახვა, იქნება ეს ეკონომიკის, უსაფრთხოებისა, თუ პოლიტიკის მიმართულებით“. 
ა, კაცი! გულახდილად აღიარებს, ტრამპმა უფლება მოგვცა, დაგელაპარაკოთო. როგორც ჩანს, წინა ადმინისტრაციას აკრძალული ჰქონდა ჩვენთან დალაპარაკება. როგორც ჩანს კი არა, სწორედაც რომ ასეა. ახლა კი, რუბიოს მოადგილის პათოსს თუ გავყვებით, მგონი, იქით იხვეწებიან, ურთიერთობა აღვადგინოთ, ვიმეგობროთ, ხინკალი და ხაჭაპური მოგვენატრაო. 
და ბოლოს... ირაკლი კობახიძემ, ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა უპასუხა ორიგინალურად ჟურნალისტებს, როცა რუბიოს განცხადებასა და ირანზე ჰკითხეს:
„რა საქართველო და ირანი? ჯო უილსონები ხომ არ ხართ, კაცო“?
მართალია, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველო ირანს სანქციების გვარდის ავლაში არ ეხმარება, მაგრამ როგორც კი უილსონს კეზერაშვილი 1000 დოლარს გადაურიცხავს ხოლმე, ეგრევე მაგ უაზრობას გვაბრალებს. მაისის თვისა უკვე გადარიცხულია და ჯოც სწორედ ამიტომაა გააქტიურებული. არა უშავს, ესეც გაივლის, ამაზე უარესებიც გვინახავს.

გელა ზედელაშვილი