სამშვიდობო ძალისხმევას პლუს დიადი ეროვნული კონსენსუსი
ბიძინა ივანიშვილის აპოლოგია
გვაქვს ქართულში ასეთი გამოთქმა: გიჟი ის კი არ იყო, ვინც ყანას სხვენზე მართავდა, არამედ იგი, რომელიც ამ ბედოვლათს მოროდში (ყანის მეორედ გათოხვნა) შეუამხანაგდაო.
ბევრი მეგულება ჩვენში სხვენზე ყანების ამღაღანებელი ბედნიერი, მაგრამ ვერაფრით ვივარგე, თანამეინახედ გამოვდგომოდი.
როცა საქართველოს კრებსით ქველმოქმედზე, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ფენომენზე ვიწყებთ მსჯელობას, უამრავი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რომელთაგან უმთავრესი ქართული გენოფონდის ფიზიკური შენარჩუნებაა ლამის ცამეტი წლის განმავლობაში. ქართულმა ცხოვრებამ დაგვანახა, რომ ფულის შოვნის ფილოსოფია მწყრალად ყოფილა ცნებასთან „სამშობლო, მამული“.
ამ გზაზე ე. წ. თავისუფლების ყბადაღებული დემაგოგია აჩანაგებს მრავალნაცად ჩვენს თავისთავადობას და დასავლეთის ბრჭყვიალა „ფასეულობებით“ მუსრს ავლებს სნობიზმით შეპყრობილ ქართველ ახალგაზრდობს.
ხელოვნურად ინსპირირებული აფხაზეთის ძმათამკვლელი ომის მწირ სტატისტიკას დავჯერდები, სადაც ლამის 30 000 ქართველის სიცოცხლე თვალსა და ხელს შუა შეიწირა, ხოლო სამურზაყანოში 5 ათასი მშვიდობიანი ადამიანი გახდა გენოციდის მსხვერპლი ცივილიზებული მსოფლიოს თვალწინ.
დავსვათ შეკითხვა: მატერიალურად და სულიერად გაჩანაგებული საქართველოს მემკვიდრე ივანიშვილს შეეძლო თუ არა წარმატებული სახელმწიფოს აშენება „დიფ სთეითის“ მიერ თავზე მოხვეული კოაბიტაციის პირობებში?!
წარმოიდგინეთ, რა სიტუაციასთან გვაქვს საქმე: საქართველოს სხვადასხვა მიმართულების მინისტრებად ინიშნებიან თითქოსდა ერუდირებული პიროვნებები „ქართული ოცნებიდან“, მაგრამ ისინი ადგილზე შენარჩუნებული „ნაცმოძრაობის“ შუალედური რგოლის კადრებს ხელს ვერ ახლებენ და იდეურ მტრებთან თანაცხოვრებისას ბევრს წასცდება ხელი საბიუჯეტო სახსრებისკენ.
2012 წელს ბატონი ბიძინა ივანიშვილის ქვეყნის სათავეში მოსვლის პერიოდში საქართველოში უკვე ზედმიწევნით არის ჩატარებული ტრადიციული ფასეულობების მძიმე გასხვლა: მოშლილია განათლების სისტემა; ნიჭიერებით ცნობილი საქართველო გათანასწორებულია განვითარებადი ქვეყნის დონესთან. სახელმწიფო თუ დამოუკიდებელი უმაღლესი სასწავლებლებისგან მეტწილად შემოთავაზებულია ყბადაღებული ჰუმანისტარული სპეციალობები, იურისპრუდენცია, ფილოლოგია, ჟურნალისტიკა, და, შესაბამისად, იგნორირებულია საბუნებისმეტყველო დისციპლინები: ფიზიკა, ქიმია, მათემატიკა... ამოღებულია სწავლებიდან იაკობ გოგებაშვილის „დედაენა“, საქართველოს ისტორია. ხელოვნურად 12 წლამდეა გაწელილი სწავლების პროცესი, რათა პიროვნების ასაკობრივი დისჰარმონიით შეფერხდეს ჩვენი ეთნოსის დემოგრაფიული წინსვლა
ვიცხოვრეთ ასეთი გაუსაძლისობით 9 წელიწადს, მაგრამ საკითხავია, ლამის 13 წელიწადს რატომ ვერ მოვახერხეთ ამ მომაკვდინებელი პროცესების შეზღუდვა?! ყველაფერს ამერიკის ელჩის დიქტატს ხომ ვერ გადავაბრალებთ?! მეორე ფრონტის გახსნაში ხომ არ ავყოლილვართ მის კაპრიზებს?! მაშ, რა გვიშლიდა ხელს თუნდაც მწერალთა სასახლე სამოღვაწეოდ გადაგვეცა მისი ისტორიული მემკვიდრე ქართველი ბელეტრისტებისთვის და ჩვენი ბრძოლის აქტიურ მომხრეებად გვექცია ისინი?!
კი, ბატონო, ჯართად არის გატანილი თურქეთში ჩვენი ფაბრიკა-ქარხნების ძვირადღირებული მანქანა-დანადგარები; ჯართად არის გაყიდული მძიმე წყალწყვის გემები: „დავით აღმაშენებელი“, „თამარ მეფე“... შავი ზღვის აკვატორია კაბალური პირობებით ათწლეულობით არის გადაცემული თურქეთისთვის; ქვეყნის სტრატეგიული ობიექტები მოღალატეობრივადაა მიკუთვნებული უცხოელი ინვესტორებისთვის, რომელთაც ძალიან მწირი გადასახადები შემოაქვთ ბიუჯეტში. კი, ბატონო, ცხრა წლის განმავლობაში მაქსიმალურადაა ლობირებული სუროგატი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი და სანაცვლოდ მინიმალურად არის დაცული შიდა ბაზარი, ამ დროს ჩვენი მეურნე კაცის ეკოლოგიურად ჯანსაღი ხორბალი თუ ხილ-ბოსტნეული კონკურენციას ვერ უწევს განუბაჟებლად შემოდინებულ უცხოურ გენმოდიფიცირებულ საქონელს. მაგრამ 13 წლის განმავლობაში რატომ, რისთვის მივყვებით ანტისახელმწიფოებრივ ტენდენციას?! სოფლის სავარგულებს რატომ არ ვაძლევთ დევნილ მოსახლეობას დროებით სარგებლობაში? რატომ არ ვახდენთ შიდა ბაზრის დაცვას?! რა გვიშლის ხელს?
ცხადზე უცხადესია, დღემდე თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად ბატონი ბიძინა ივანიშვილის სამშვიდობო ძალისხმევამ მოგვიყვანა ავად თუ კარგად: დინების წინააღმდეგ რომ იცურო, თურმე საჭირო ყოფილა, ჯერ დინების მხარდამხარ ისწრაფო, საწუთროსთან უთანასწორო ბრძოლაში ისწავლო ეროვნული თავისთავადობის შენარჩუნება. ჩვენი სოციუმის უმთავრესი ნიშნული ხომ მოგებაა, ფული, უძრავ-მოძრავი ქონებისთვის თავ-პირის მტვრევა, რომელმაც არ იცის ჩვენთის ესოდენ ძვირფასი ფასეულობანი _ მამული, ენა, სარწმუნოება. ფული მოლოქია, რომელსაც მსხვერპლად ეწირება პატროფილური იდეალები და წამოეგო კიდეც მის ანკესზე უდედოდ გაზრდილი ჩვენი ახალგაზრდა თაობის გარკვეული ნაწილი.
რომ არა ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, ანუ ოლიგარქიული მეურვეობა საკუთარი ქვეყნის, ოჯახის, ტრადიციული ფასეულობების მოდარაჯეობის გზაზე, ეს 13 წელიწადი სრულიად საკმარისი იქნებოდა, საქართველო საერთოდ გამქრალიყო მსოფლიოს პოლიტიკური რუკიდან. მიუხედავად მოსახლეობის მასობრივი გადინებისა, გამჭვირვალობის კანონის ამოქმედებით ჩვენ შევძელით, ქართული გენის განადგურების გეგმა ჩაგვეშალა მილიტარისტულად განწყობილი ომის პარტიისთვის, როცა „დიფ სთეითი“ მილიონებს, მილიარდებს აბანდებდა ამ კუთხით არასამთავროებსა თუ ახალგაზრდა თაობაში.
ბიძინა ივანიშვილმა ბათუმსა და ქუთაისში თანამედროვე სტანდარტების დონეზე ჩამოაყალიბა უნივერსიტეტები, სადაც სტუდენტობა ჰუმანიტარულთან ერთად, საბუნებისმეტყველო დარგებსაც ეუფლება, მაგრამ ანტიეროვნული ძალებისგან დაგეშილი სხვა სასწავლებლების კონტინგენტი ათეულობით ათასია უკვე და დესტრუქციული ქმედებებით პრობლემებს უქმნიან მრავალნაცად საქართველოს.
მართალია, დაგვიანებით, მაგრამ მოხდა საყოველთაო ლუსტრაცია. თავსმოხვეული კოაბიტაცია ზედმიწევნით არის გაშიშვლებული. კაცობრიობის ისტორიას ნაკლებად ახსოვს მსგავსი პოლიტიკური კონფრონტაცია, როცა ციხესიმაგრის კარიბჭეთა საკეტურები მტერს აბარია და მსგავს მოცემულობაში შეინარჩუნო მშვიდობა, სტაბილურობა, წონასწორობა, მართლაც რომ სამაგალითოა, სანიმუშო!
ერთნი ანგრევდნენ და ანგრევენ მართლმადიდებლობას ჩვენსას, ამ დროს ბატონი ბიძინა ივანიშვილი აღაშენებდა და აღაშენებს მათ სულიერ-ხორციელად; მეორენი აცამტვერებენ ჩვენს მამაპაპურ ფასეულობებს, ხოლო ბატონ ბიძინა ივანიშვილს უცხოეთიდან ჩამოაქვს იოანე-ზოსიმეს „ქებაი“ თუ სალოცავი გვიმრის ხეების ეკზემპლარები სამშობლოს უკვდავების გარანტად.
„დიფსთეითელების“ ქართული ფილიალი _ „ნაცმოძრაობა“ და მისი სატელიტი ოპოზიცია, ყველაფერს კადრულობენ ჩვენი ეროვნული მენტალობის დისკრეტიდაციისთვის: გაბრალებენ იმას, რასაც თვითონ წარმოადგენენ: რუსოფილიას გწამებენ, რუსეთუმეობას მოგაწერენ, როცა თავად გადაულოცეს რუსებს ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი, უმთავრესი სტრატეგიული ობიქეტები. ამიტომ უმართებულოა მათთვის სამშობლოს მოღალატის ცნების მიკერება, ესენი ფარული თუ აშკარა მტრები არიან, ცხვრის ქურქში გახვეული მგლები და მათი აღკვეთა ერის მოღალატის ბრალდებით კი არა, სახელმწიფო დამნაშავის მართლმსაჯულებით უნდა მოვახდინოთ!
ქართველ „დისფსთეითელებს“ ეიმედებათ, რომ დონალდ ტრამპის მთავრობა წყალს დაასხამს მათ წისქვილზე, უილსონების ფულზე ნაყიდი „საქართველოს მეგობრების აქტებით“ თვალში ნაცარს შეაყრიან გონებანათელ მსოფლიოს; მაგრამ საკმარისია, იგივე პრეზიდენტ ტრამპს წინ დაედოს საკაცობრიო მნიშვნელობის ქართული პროექტი „მსოფლიო ოაზისი საქართველოსგან“, რომ მაშინვე ჩაესვენოს რუსთაველის გამზირის დაღდასმული თაობის კაკაფონიის მზე;
მართალაც, დედამიწის ზურგზე უკეთეს მოკავშირეს ვერაფრით იპოვის აშშ, ვიდრე საქართველოა. საჭიროა გონივრული თანაქმედება, საჭიროა ოლიგარქიული ფინანსებით მსოფლიო უდაბნოების ოაზისებად გარდაქმნა. ეს ტენდენცია სრულიად ახალ რეგისტრში აიტაცებს ურთიერთდაპირისპირებულ მსოფლიოს; თავად აშშ-ს, საქართველოს და მათთან ფერხულში ჩაბმულ ქვეყნებს კი კოლოსალურ მოგებას მოუტანს _ ტრილიონობით დოლარს, და უმთავრესი _ ერთიან საცხოვრისს ჩვენსას _ პლანეტა დედამიწას, გადაარჩენს კარზე მომდგარი ეკოლოგიური კატასტროფისგან.
როგორც 8 აგვისტოს აშშ-ის ოვალურ დარბაზში, დონალდ ტრამპისა და მამასისხლად გადაკიდებული სომხეთ-აზარბაიჯანის ლიდერების, ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის სამშვიდობო ძალისხმევამ დაგვანახა, შეუძლებელი არაფერია თურმე. თუმცა სამხრეთ კავკასიაში მიღწეულ ამ ანგლოსაქსური წარმომავლობის პოლიტიკურ-ეკონომიკურ გარიგებას დუმილით ხვდება რუსეთი; ირანი ჭოჭმანობს ჰო-სა და არა-ს შუა; მოვლენების განვითარებას გაფაციცებით აყურადებენ ძველი ინდოეთი და ბრძენი ჩინეთი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო გამოვიწყებულია თითქოს ამ ალიანსიდან, გულმხურვალედ ესალმება მოძმე მეზობლების სამშვიდობო ინიციატივებს, მაგრამ მის უნიკალურ გეოსტრატეგიულ ვითარებას ძვრას ვერავინ უზამს, ზანგეზურის დერეფანზე ათსაწლეულობით ადრე წარმატებით ატარებდა და გაატარებს მომავალშიც დიდი აბრეშუმის გზის კაცობრიულ აღალს.
რაც შეეხება ჩვენს შიდა სადღეისო სიტუაციას, დაღდასმული თაობისგან სრულიად უსამართლო „მონების“ ძახილის ძალადობის ფაქტორით აღკვეთა უგუნურობად მიმაჩნია. გამოცდილია... მიუშვი ნებასა... თავისით ჩაიჩუტება 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში „ქართული ოცნების“ ფორსირებული გამარჯვებით.
თუმცა ეს არ ნიშნავს, ჩვენ უგულისყუროდ დავტოვოთ რუსთაველის გამზირის მარათონული პროტესტომანიის ერთ-ერთი მონაწილე გოგონას, მარია მიქელაძის სასოწარკვეთილი ხმა უფროსი თაობისადმი. თუკი ქართული სისხლი გვიჩქეფს ძარღვებში, იგი გვავალდებულებს, მეტი ყურადღება მივაქციოთ ეროვნული თანხმობის საკითხს. ასეთ გამოსავლად ჩვენ, ბატონი ბიძინას სამშვიდობო პროცესთან ერთად, დიადი ეროვნული კონსოლიდაცია მიგვაჩნია _ დამნაშავე ოპოზიციის სათანადო ალაგმვის მხარდამხარ სულგრძელი მიმტევებლობა ოპოზიციური ელექტორატის მიმართ.
ყველაფრის საპირწონედ კი კაცობრიული აღმშენებლობის პროცესის აღძვრა მესახება და მისი სულისჩამდგმელი პლანეტარული პროექტი „მსოფლიო ოაზისი საქართველოსგან“.
გური ოტობაია
მწერალი

