ქაოსი დავოსში, ანუ დონალდ ტრამპის მორიგი თავგადასავალი
22 იანვარი. შვეიცარიის აღმოსავლეთი, ქალაქი დავოსი. ამჟამინდელი ფორუმი სანახაობრივად, ალბათ, ყველაზე საინტერესო იყო, რადგან აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კაცობრიობას არაორდინარული „მასტერკლასი“ ჩაუტარა სათაურით: „მე ვარ და ჩემი ნაბადი“!
დონალდ ალფრედოვიჩი დავოსში ჩასვლამდეც თავის „ამპულაში“ გახლდათ, მან ისეთი განცხადებები გააკეთა, ცოტაოდენ მკრეხელობასაც რომ შეიცავს. მაგალითად: „ვფიქრობ, ღმერთი ამაყობს ჩემ მიერ გაკეთებული საქმეებით“. დარწმუნებული ვარ, მალე ეს კაცი იტყვის, ღმერთი - ეს მე ვარო. გაიხსენეთ, სანამ ამგვარ მკრეხელურ რაღაცებს იტყოდა, ჯერ ნობელის პრემია წაართვა იმას, ვისაც ოფიციალურად მიანიჭეს, შემდეგ კი გამოაცხადა, მეფე ვარო. ვერ შეედავები, ფაქტობრივად, არის და თანაც ერთი რომელიმე ქვეყნის მეფე კი არა, მთელი დედამიწის მბრძანებელია. აბა, ერთი ვინმემ შეჰკადროს, არ ხარო, ეგრევე მოიტაცებს და დილეგში გამოამწყვდევს. მიუხედავად თავისი ექსცენტრიკულობისა, უნდა ვაღიაროთ, რომ დონალდ ალფრედოვიჩი მაინც მაგარი კაცია და ახლავე აგიხსნით, რატომ. ესე იგი, ტიპს საერთოდ არ გააჩნია საიდუმლო წიაღსვლები და არაფრის მაქნისი დიპლომატია, ის ლაპარაკობს და აკეთებს ყველაფერს პირდაპირ, ყოველგვარი შელამაზების გარეშე, ის არის ბიზნესმენი და ჭრის ან კერავს საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, სადაც უკან დასახევია, დროებით იხევს, სადაც „ლაბავოიზე“ წასვლაა საჭირო, მიდის.
მივყვეთ ქრონოლოგიურად: სანამ დავოსში ჩაფრინდებოდა, თქვა, მე შეერთებული შტატების პოლიტიკად ვაქციე, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი - მდედრობითი და მამრობითი. ეს ძნელი არ ყოფილა, რადგან სქესი ორია. ეს იციან დემოკრატებმაც, მაგრამ ამის აღიარებაზე უარს ამბობენო. სწორია, ეს თქვა ბიძინა ივანიშვილმაც, ირაკლი ღარიბაშვილმაც და, საერთოდ, ჩვენმა ხელისუფლებამაც გაცილებით ადრე, სანამ ტრამპი მეორედ გაპრეზიდენტდებოდა. ხან მგონია, რომ ალფრედოვიჩი კონსულტაციებს ბიძინა ივანიშვილთან გადის. სხვათა შორის, როცა ამბობენ, აშშ-ის პრეზიდენტი საქართველოს საერთოდ არ ახსენებსო, მეცინება, რა უნდა თქვას, ყველა საკვანძო საკითხზე კონსულტაციებს ქართველებთან გავდივარო? ამას ვერ იტყვის, ის დიდი ქვეყნის პრეზიდენტია. რასაკვირველია, ამ შემთხვევაში ვხუმრობ, მაგრამ მიდგომები და საკითხები ისე ემთხვევა ერთმანეთს, ადამიანი უნებლიეთ ამასაც იფიქრებ.
მოკლედ, დონალდ ტრამპი დავოსში ჩაფრენამდე კავკასიასაც გადმოსწვდა და უცებ დააკონკრეტა - აზერბაიჯანი და სომხეთი პუტინისააო.
ახლაც ეპარება ეჭვი ვინმეს, რომ ტრამპმა და პუტინმა დედამიწა გაიყვეს? თუ აზერბაიჯანი და სომხეთი პუტინისაა, საქართველო ვისია? ლავროვის? ვფიქრობ, საქართველო ღვთისმშობლისაა!
სხვათა შორის, დავოსში ჩაფრენამდე ტრამპის თვითმფრინავი გაფუჭდა, ელექტროსისტემა გამოვიდა მწყობრიდან და ენდრიუსის საჰაერო ძალების ბაზაზე დაბრუნდა. თეთრი სახლის პრესრელიზის თანახმად, თვითმფრინავში პრესკონფერენციის ოთახში შუქები აფრენის შემდეგ ცოტა ხნით ჩაქრა, თუმცა ეკიპაჟს ამის შესახებ არანაირი განმარტება არ გაუკეთებია. ტრამპს თვითმფრინავი შეუცვალეს. როგორც ჩანს, ამან ისე გააღიზიანა, რომ ეგრევე ირანს დაეტაკა:
ირანს დედამიწიდან წავშლი, თუ ჩემს წინააღმდეგ მკვლელობების მუქარებს გააგრძელებენო.
გამკეთებელია, იზამს. დონალდ ტრამპი ირანიდან ისევ ევროპაზე გადაერთო. დავოსში ჩასვლამდე დღეში ცხრაჯერ იმეორებდა, გრენლანდია ჩემია, თუ არ მომცემთ, დაგშლით ბერთოლეს მარილივითო, სანქციებს დაგიწესებთო, ამაც გიზამთო, იმას გიზამთო, გაერო-საც დავშლი და ნატო-საცო. ამის საპასუხოდ ევროპარლამენტმა აშშ-სთან სავაჭრო შეთანხმების რატიფიცირება გაყინა.
ევროჩინოვნიკები ისევ აწკმუტუნდნენ, ვაშინგტონი ღიად ცდილობს ევროპის დასუსტებას და დამორჩილებასო, სავაჭრო საკითხებში ძალიან ძლიერი ინსტრუმენტები გაგვაჩნია და უნდა გამოვიყენოთ თუ პატივს არ გვცემენო, - თქვა ემანუელ მაკრონმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას და ტრამპის ჩასვლას აღარ დაელოდა, ეგრევე მოძუძგა, სახლში ბევრი სამეები მაქვსო.
მაკრონი დავოსის ფორუმზე არ გაჩერდა, რაც გულში ჰქონდა, ამოყარა.
ფაქტობრივად, მაკრონი ტრამპს გაექცა, დაემალა, თორემ ის ნამდვილად მიიღებდა საკადრის პასუხს. ისე, საინტერესოა, როდის იყო მსოფლიოში კანონის უზენაესობა? ჩვენ ვნახეთ, როგორი უზენაესობაა ევროპასა და ამერიკაში, საკუთარ ტყავზე გამოვცადეთ და ახლა დადგა დრო, თვითონვე იწვნიონ თავიანთივე „უზენაესობა“. გითხარით, მიუხედავად თავისი ექსცენტრიკულობისა, ტრამპი მაინც მაგარი კაცია-მეთქი, ის სწორედ ამ სცენას გვაყურებინებს და მე პირადად ეს ძალიან მსიამოვნებს. ჰააა, ევროპელებო, როგორია ძალადობა, კარგია?
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი ძველ ჩვენებას აწვება, ეს ქალი ტრამპისთვის არაფერს წარმოადგენს, მაგრამ მაინც „ტრიპაჩობს“:
კალასს ვინ რას ეკითხება? მით უფრო, აშშ-ის პრეზიდენტი რამედ აგდებს? ადგა და გამოაცხადა, თებერვალში 10%-იან ტარიფებს გიწესებთო. ეს ეხება დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, ნიდერლანდებსა და ფინეთს. ივნისში კი ტარიფები 25%-მდე გაიზრდება. ეს, ფაქტობრივად, სანქციების ტოლფასი სასჯელია ევროპისთვის.
დონალდ ტრამპმა დავოსში ყველას ყურადღება გრენლანდიაზე გადაიტანა და უკრაინისთვის 800-მილიარდიანი „კეთილდღეობის გეგმა“ ჩააგდო. ამ გეგმის თაობაზე უკრაინა, ევროპა და შეერთებული შტატები დავოსის ფორუმზე უნდა შეთანხმებულიყვნენ. ამის შემდეგ კი, ფაქტობრივად, ევროპას გადაუარა, მან გამოსვლა საკუთარი თავის ქებით დაიწყო და შემდეგ გადავიდა ევროპაზე:
„მე მიყვარს ევროპა და მინდა, ევროპა კარგად იყოს, მაგრამ ის სწორი მიმართულებით არ მიდის. გულწრფელად რომ ვთქვა, ევროპაში ზოგიერთი ადგილი, უბრალოდ, ამოუცნობია“.
ვუსმინე ტრამპის გამოსვლას დავოსის ფორუმზე, მან სულ პროცენტებში იანგარიშა აშშ-ის დღევანდელი პრობლემები, ყველას დაუდო ცხვირწინ შემოსავალი, გასავალი და ზარალი. მიადგა ნატო-საც - მილიონობით დოლარს ვყრით და ვერაფერს ვიღებთო, არც არასდროს მიგვიღიაო, რა საჭიროა ორგანიზაცია, საიდანაც სარგებელს ვერ ვნახულობთო? ამ კაცს გაერო-ს გაუქმებაც აქვს ჩაფიქრებული. როგორც საქმეში ჩახედული ადამიანები ამბობენ, გაერო-ს ნაცვლად იქნება „მშვიდობის საბჭო“. ამ ეტაპზე საუბარია ღაზას სექტორში მშვიდობის დამყარებასა და ამ ტერიტორიის განვითარებაზე. გამოდის, რასაც ვერ აკეთებს გაერო, უნდა გააკეთოს „მშვიდობის საბჭომ“.
ჯერ ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების თაობაზე თანხმობა არავის განუცხადებია. ბევრი უარს ამბობს იმის გამო, რომ იქ პუტინიც უნდა იყოს. ტრამპი ამ შემთხვევაშიც ფულს აკეთებს, საწევრო გადასახადი იქნება 1 მილიარდი დოლარი. რუსებმა განაცხადეს, მაგას გაყინული თანხებიდან გაგიქვითავთო, ალბათ, ამაზე ამერიკელები დათანხმდებიან.
და ბოლოს, რამდენიმე საინტერესო მომენტი დავოსის ფორუმიდან: დონალდ ტრამპმა ევროპელებს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებაც დაამადლა, უფრო სწორად, წამოაძახა: „ჩვენ გარეშე თქვენ, ყველანი ახლა გერმანულად და ცოტა იაპონურად ილაპარაკებდით“. ალბათ, უნდა ეთქვა, ჩვენსა და რუსების გარეშეო, მაგრამ რუსები მარაქაში არ გარია. მეორე საინტერესო ამბავი ის არის, რომ დონალდ ტრამპი აპირებს, გრენლანდიის თითოეულ მცხოვრებს თითო მილიონი დოლარი მისცეს, თუ ისინი ხმას მისცემენ თავიანთი კუნძულის ამერიკისასთან მიერთებას. წარმოგიდგენიათ? თუ ამაზე დათანხმდნენ, ცოტა ხანში გრენლანდიაში ყველა მილიონერი იქნება.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიქტორ ორბანს შეურაცხყოფა მიაყენა. ტიპი აშკარად გათავხედებულია, ყველას რჩება შთაბეჭდილება, რომ ომის დასრულება არ უნდა.
წარმოგიდგენიათ? ორბანი ევროპული ფულის ხარჯზე ცხოვრობს და თავში წამორტყმას იმსახურებსო. ჯერ ერთი, ვინ ცხოვრობს ევროპული და ამერიკული ფულის ხარჯზე, ეგ კიდევ საკითხავია და მეორეც - ეს მასხარა ამდენს ვერ უნდა ბედავდეს. ზელენსკი უფრო შორს მიდის და ევროპას ჭკუაზე არიგებს - მადლობელი ვართ აგრესორზე ზეწოლისთვის, მაგრამ ევროპამ მეტი უნდა გააკეთოს, რათა მისმა სანქციებმა ისევე ეფექტიანად დაბლოკოს მტრებიო.
ორბანმა უპასუხა: „მე თავისუფალი ადამიანი ვარ, რომელიც უნგრელ ხალხს ემსახურება. თქვენ სასოწარკვეთილ მდგომარეობაში იმყოფებით, რადგან უნარშეზღუდულობის ან სურვილის არქონის გამო, ოთხი წლის განმავლობაში ვერ შეძელით ომის დასრულება — მიუხედავად აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან არსებული ფართო მხარდაჭერისა. ამიტომ, თქვენი მლიქვნელობის მიუხედავად, ჩვენ ვერ დავუჭერთ მხარს თქვენს სამხედრო ძალისხმევას“.
როგორც ხედავთ, ევროპაში ძაღლი პატრონს ვეღარ ცნობს. ეს კარგია, მაგრამ სახიფათოც, ტრამპი კარგად იქცევა, მაგრამ სახიფათოდაც, შეიძლება, ერთხელაც სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდეს და სრული ქაოსი მივიღოთ. ვნახოთ, იმედია, უახლოეს ხანში ყველაფერი დალაგდება.
გელა ზედელაშვილი
