ჯონდი ბაღათურია: სახელმწიფოებრივი აზროვნება გეოპოლიტიკისა და საკუთარი პოტენციალის ადეკვატურად შეფასებაა
გვესაუბრება „ქართული დასის“ დამფუძნებელი ჯონდი ბაღათურია:
_ ბატონო ჯონდი, თქვენი ინიციატივა, ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, საყოველთაო სახალხო გამოკითხვის _ პლებისციტის ჩატარება, ოფიციალურად დარეგისტრირდა.
_ საქართველომ 35 წლის წინათ, საყოველთაო სახალხო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ამ რეფერენდუმის აქტიური მონაწილე და ერთ-ერთი ორგანიზატორი მეც ვიყავი. მაშინ, საყოველთაო სახალხო გამოკითხვის ჩატარებას ბევრი წინააღმდეგობა შეხვდა _ მავანნნი საზოგადოებრივი აზრის ორად გაყოფას ცდილობდნენ, თუმცა ამაოდ. მაგალითად, მარნეულში საქართველოს დამოუკიდებლობას მხარი მოსახლეობის 84%-მა დაუჭირა. კოლოსალური შედეგი დაიდო. იმ დღიდან დამოუკიდებელმა საქართველომ საკუთარ ინტერესებზე წინ აშშ-ის, ნატო-სა და ევროკავშირის ინტერესები დააყენა, რასაც ერთგულად ემსახურებოდა. საქართველომ ყველა ომში, რაც ამერიკელებმა ახლო აღმოსავლეთში გააჩაღეს, მიიღო მონაწილეობა. რაოდენობრივადაც, აშშ-ის შემდეგ, ყველაზე დიდ სამხედრო კონტინგენტს ჩვენ ვგზავნიდით. ამ ომებში მსხვერპლიც საკმაოდ დიდი გავიღეთ _ ბევრი ადამიანი გარდაიცვალა, ბევრიც დასახიჩრდა. ბევრს ეგონა, რომ ერაყის, აფრიკის და სხვა ომებში, ხარჯებს აშშ და ნატო ფარავდა. არა, ბატონებო! საქართველო ამ ომებში საკუთარი ფინანსებით, დიდი რისკის, თავგანწირვისა და გამოწვევების ხარჯზე მონაწილეობდა.
როცა საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მოსახლეობა 5,6 მილიონს შეადგენდა. პოსტსაბჭოთა სივრცეში ნომერ პირველი ეკონომიკა ვიყავით უმდიდრესი მოსახლეობით. ნატო-ს დროშების ფრიალით რა შედეგი მივიღეთ? _ განადგურებული ეკონომიკა, გაღატაკებული, სამ მილიონამდე დარჩენილი მოსახლეობა, გაძარცვული ქვეყანა. ვინმემ დაგვიფასა ეს მსხვერპლი ნატო-სა ან ევროკავშირში?! მადლიერების ნაცვლად, მათგან მუდმივი ნჯღრევა, სახელმწიფო გადატრიალების პერმანენტული მცდელობები მივიღეთ. დღეს ამერიკა პასუხის ღირსადაც არ გვთვლის, ევროპელები კი, პირდაპირ ოპოზიციის მიტინგებზე გამოდიან და ხალხს ხელისუფლების დამხობის, ქვეყნის დესტაბილიზაციისკენ მოუწოდებენ. აი, რა მივიღეთ ერთგულების პასუხად _ ღალატი და ზურგში დანის ჩარტყმა. თუნდაც, გავიხსენოთ, 2008 წელი, როცა პამპერსები და წყალი გამოგვიგზავნეს.
დღეს რეალობა აბსოლუტურად შეცვლილია. უკრაინის მაგალითზე ვხედავთ, რა საფრთხეები შეიძლება გამოიწვიოს ნატო-სკენ სწრაფვამ _ კოლოსალური მსხვერპლი და მიწასთან გასწორებული სუვერენიტეტდაკარგული ქვეყანა. დავაკვირდეთ, რა ხდება _ ნატო-ს ერთი წევრი ქვეყანა _ აშშ, მეორე წევრ ქვეყნას _ დანიის სამეფოს, თავისი ტერიტორიის 90%-ს _ გრენლანდიას ედავება. ამით ჩანს, რომ ნატო უსაფრთხოების გარანტიად კი არა, საფრთხედ იქცა. ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების ეკონომიკები: საფრანგეთის, გერმანიის, ბრიტანეთის, რეცესიაშია. ეს კავშირი დღეს მორალურად სრულად დეგრადირებული, გახრწნილი, გათახსირებულია, რომელიც პირდაპირ ლგბტ პროპაგანდას _ ცხოვრების გარყვნილ წესს, ძალადობრივად თავს გვახვევს, რაც ქართველი ერისთვის მიუღებელია.
შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი მოკვდა და ვეღარც გაცოცხლდება. მაშინ, სად შევდივართ, მკვდარ ორგანიზაციაში?! რამდენიმე დღის წინ ევროპული პრესის ფურცლები, ნატო-ს საფლავების ფოტოებით აჭრელდა. ზოგ ფოტოზე ტრამპი ნატო-ს საფლავზე თავის ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებდა. ამ ნატო-ში შევდივართ?! განა, ვინმეს უნდა, რომ ნატო-ს საფლავში ჩაყვეს და ევროკავშირს _ ლგბტ ჯოჯოხეთში?! ქართველ ხალხს ეს ნამდვილად არ უნდა. ევროკავშირში, ნატო-ში გაწევრიანება, მკვდარ, მორალურად გათახსირებულ ბიუროკრატიაში შესვლას ნიშნავს, სადაც ნატო-ს ერთ-ერთი წევრი ქვეყნის პირველი პირი ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებს. ეს ფოტო ნატო-ში შექმნილ რეალობას აღწერს. ამიტომაც მივმართეთ განცხადებით პრემიერს, საყოველთაო სახალხო პლებისციტის ჩატარების მოთხოვნით. დაე, ქართველმა ხალხმა პლებისციტით გადაწყვიტოს, ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი. დარწმუნებული ვარ, ქართველი საზოგადოება გონივრულ არჩევანს გააკეთებს.
_ თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ, რა განწყობებია საზოგადოებაში?
_ საზოგადოების ნაწილი ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას კვლავ ემხრობა, თუმცა აბსოლუტური უმრავლესობა კარგად აცნობიერებს იმ საფრთხეებს, რაც ამ ორგანიზაციებში სწრაფვამ შეიძლება მოგვიტანოს. ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე გეტყვით, რომ მე საზოგადოებრივი აზრის შექმნის ერთ-ერთი სპეციალისტი ვარ. როგორც კი პლებისციტის ჩატარებაზე თანხმობას მივიღებთ, იქამდე ორი თვე დრო გვექნება, რათა საზოგადოებას ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების საფრთხეებზე მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ. დიდი ხანია, ამ საკითხზე პლებისციტის ჩატარებას ვგეგმავ, უბრალოდ, ხელსაყრელ მომენტს ველოდი. ვფიქრობ, ახლა ზუსტად ის დროა, როცა ხალხმა თავისი არჩევანი უნდა გააკეთოს.
_ პრემიერი დებატების აღდგენის ინიციატივითაც გამოვიდა.
_ კი ბატონო, საინფორმაციო ველში დისკუსიის არქონა, პოლიტიკური პროსტიტუციისთვის, ქვასროლია, დაბალი ზნეობის, კვალიფიკაციის ადამიანთა სპეკულაციისთვის ნოყიერ ნიადაგს ქმნის. წლებია, ორასი-სამასი ადამიანი ზევით-ქვევით დადის, ყურადღებას იქცევს, რადგან საინფორმაციო ველში, ხალხისთვის საინტერესო თემებზე, რაზეც ახლა მე ვსაუბრობ, როგორიცაა მიგრაცია, კარტელური შეთანხმებები, განათლების, საპენსიო რეფორმა და ა. შ., მაღალი კლასის დისკუსია არ მიმდინარეობს. წლებია, საინფორმაციო ველში განიხილება, სააკაშვილს ფაღარათი დაემართა თუ არა, დემენცია მართლა აქვს თუ გვატყუებს... დიახ, წლებია, საქმეს წარსულთან ვარჩევთ.
ამ ფონზე, რა თქმა უნდა, პრემიერის ინიციატივა დებატების აღდგენაზე ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ დისკუსია უნდა შედგეს არა ქვასროლია, „სულში ჩავაფურთხე“ სტანდარტის, არამედ კვალიფიციურ ხალხთან. მასთან, ვისაც ეთერში ზრდილობიანი მოქცევა, საზოგადოების პატივისცემა, ცივილიზებულად აზრის გამოთქმა შეუძლია და ვისაც წიგნი აქვს წაკითხული. საინფორმაციო ველი არ უნდა დაბინძურდეს, პირიქით, უნდა გაიწმინდოს. დიახ, მაღალკვალიფიციურმა დებატებმა საინფორმაციო ველში ქვასროლია ხალხის ადგილი უნდა დაიკავოს.
ნატო-ში გაწევრიანების საკითხს დავუბრუნდეთ. რა კავშირი აქვს საქართველოს ნატო-ს წევრ ქვეყნებთან?! ჩვენ არ ვართ ის სახელმწიფო, რომელსაც ლათინური ამერიკის, აფრიკის ან ავსტრალიის ქვეყნების საქმეებში ცხვირის ჩაყოფა შეუძლია. მაგრამ ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც, ღვთის წყალობით, რეგიონში ლიდერი და აზია-ევროპის დამაკავშირებელი ეკონომიკური, ლოჯისტიკური და უსაფრთხოების ხიდია. ეს ბერკეტი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის უნდა გამოვიყენოთ. ნატო, ნატო-ს, ან ჯერ რუსეთმა ბოდიში მომიხადოს და მსგავსი სიბრიყვეების ძახილით კი არა, რუსეთთან როგორც მთავარ მეზობელთან, პარტნიორთან დიალოგით უნდა აღვიდგინოთ ტერიტორიული მთლიანობა და საქართველო წინა აზიის ცენტრად გადაიქცეს, რითაც დაინტერესებულია რუსეთი, ჩინეთი, ირანი, ინდოეთი. ჩვენს მეზობლებს შეიძლება თავადაც სურთ აზიის ცენტრად ყოფნა, მაგრამ ამაში არც გეოგრაფიული მდებარეობა უწყობთ ხელს და არც სხვა მონაცემები.
ახლა ერთი აჟიოტაჟია ატეხილი, საქართველო სატრანზიტო ქვეყნის ფუნქციას კარგავს და მას სომხეთი ანაცვლებსო. თუ ჩვენ ძლიერ პარტნიორებთან ურთიერთსასარგებლო, ხეირიან ურთიერთობებს ჩამოვაყალიბებთ, მაშინ ვერავინ ვერაფერს ჩაანაცვლებს. ჩვენ მოკავშირე პარტნიორები გვჭირდება. მთავარი პარტნიორი რუსეთი უნდა იყოს, რაც აქ მიზიდულობის ცენტრის შექმნის გარანტი იქნება. ამჟამად სამი მიზიდულობის ცენტრი იკვეთება: აშშ, ჩინეთი და რუსეთი. ამ ცენტრების პირველმა პირებმა უსაფრთხოების კონცეფცია უომრად უნდა ჩამოაყალიბონ. სახელმწიფოებრივი აზროვნება სწორედ გეოპოლიტიკის სწორად გამოყენება და საკუთარი პოტენციალის ადეკვატურად შეფასებაა.
თამარ შველიძე
