ამათი მოგებული ომი არ გაიშვა ცლუნკაანის გადასახვევამდე
ამ ამბავზე ბევრი ვიცინე, ბელარუსში ვიღაც ბალღს მუყაოს დრონი აუწყვია და ლიეტუვისკენ გაუშვია. რა მოხდა მერე? ბალღმა იცელქა, რა არის აქ გასაკვირი და მით უფრო, სასაცილო? ის არის, რომ ლამის ლიეტუვის მთელი ხელისუფლება ბუნკერში გადავიდა, ხოლო ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, პრემიერ-მინისტრი გინტაუტას პალუცკასი და პარლამენტის სპიკერი საულიუს სკვერნელისი მიწაში ისე ღრმად ჩავიდნენ, მათი ამოყვანის პროცესი ჯერაც არ არის დასრულებული. იცით, ყველაზე მეტად რაზე ვიხალისე? ნაუსედა პუტინს მიმართავს, აქ შენი არავის ეშინიაო. ბიჭო, თუ მანდ არავის ეშინია, რას მიძვრებოდით მიწაში, ბოლოკი უნდა შეგეღებათ წითლად?!
თურმე, თავდაპირველად არსებობდა ეჭვი, რომ მფრინავი ობიექტი საფრთხეს წარმოადგენდა, – ის იყო ირანული წარმოების „შაჰიდის“ ტიპის დრონი, რომელსაც რუსეთი ხშირად იყენებს უკრაინის წინააღმდეგ. შემდგომში ქვეყნის სამხედრო უწყებამ განაცხადა, რომ მფრინავი ობიექტი, სავარაუდოდ, თვითნაკეთი საფრენი აპარატი იყო და საფრთხეს არ წარმოადგენდა. ის ლიეტუვის ტერიტორიაზე, ბელარუსის საზღვრიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის დაშორებით ჩამოვარდა.
რაღაც აპარატი ბელორუსის მხრიდან შეფრინდა და 1 კილომეტრში ჩამოვარდა. ამოცანა გვეკითხება - თუკი საზღვრიდან 1 კილომეტრის რადიუსში ჩამოვარდნილმა მუყაომ ლიეტუვის ხელისუფლებას ასეთი ბნედა დასცა, რუსებს „ორეშნიკი“ რომ გაეშვათ, მაშინ რაღა დაემართებოდათ, მიწაში რამდენ კილომეტრზე ჩაქვესკნელდებოდნენ? საინტერესოა, როგორ გაარღვია ამ თვითნაკეთმა „ბალალაიკამ“ ნატოს მიერ გადაფარებული ე. წ. რკინის ქოლგა თუ გუმბათი? გამოდის, არავითარი ქოლგა და გუმბათი მაგათ არ გააჩნიათ. ესენი თუ ნორმალურები არიან, რატომ ეგონათ ეგრევე ირანული წარმოების „შაჰიდი“ და თანაც რუსეთიდან გაშვებული, როცა ბელარუსიდან შეფრინდა?
ხედავთ, ერთი პატარა ინციდენტი როგორი ტესტი აღმოჩნდა ლიეტუველებისთვის? აი, ამიტომ იხევიან ნაკერავზე და გვებრძვიან „ჩერეზ“ ევროკავშირი, ჩვენი ხელით უნდათ რუსეთის წინააღმდეგ ნარ-ეკლის გლეჯვა და შურისძიება, ჩვენ უნდა ვეომოთ რუსებს, ჩვენ უნდა შევაკვდეთ, რათა თვითონ გადარჩნენ და თან სეირს უყურონ.
სხვათა შორის, ბალტიისპირელები ასეთები იყვნენ საბჭოთა პერიოდშიც, არ გამოირჩეოდნენ გამბედაობით და დიდი ბრძოლისუნარიანობით, ნებისმიერ კრიტიკულ მომენტში ვირეშმაკულ პოზიციას იკავებდნენ. ფაქტია, პუტინს შეუძლია, ბალტიისპირეთის სამივე რესპუბლიკა მუყაოს ერთი „დრონით“ აიღოს. ამათი მოგებული ომი არ გაიშვა ცლუნკაანის გადასახვევამდე!
დარდიანი ჭიჭე
ჭიჭე ვაშაძემ (ვაჟიშვილობის სახელი გიორგი) ციხიდან წერილი მოიწერა, კარგად ვარ, კარგად მექცევიან, არც „დუბინკებს“ მირტყამენ და არც ცოცხით მემუქრებიან, მაგრამ გული მაინც დარდით მაქვს აღსავსეო. ერთადერთი, რაც მაწუხებს საპატიმროში, ურთიერთთავდასხმებია, ტელევიზიით გამუდმებით ერთმანეთის ლანძღვას ვუყურებ, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება პერსონალურად მე არ მეხებოდეს, გული მტკივა, რადგან ვიცი, რომ ნებისმიერი ასეთი ნათქვამი გვაშორებს გამარჯვებასო.
მაშ, თქვენ ადამიანები ხართ, რომ ვერა და ვერ შეთანხმდით, ვერა და ვერ გაერთიანდით? ხომ გეუბნებოდათ ციხეში შესვლამდე, სიყვარული და ერთიანობა გადაგვარჩენს და გაგვამარჯვებინებსო? როდესაც ჭიჭე თავისუფლებაზე გამოვა, იანვრის სუსხიანი დღეები იდგება, არჩევნები უკვე ჩავლილი იქნება და, ბუნებრივია, ბრძოლასაც აღარ ექნება აზრი. ჭიჭე იმედს არ კარგავს, ის ოპტიმისტია, იმედოვნებს, რომ ოპოზიციური პარტიები შეცდომებს გაიაზრებენ და საბოლოო გამარჯვებისთვის გაერთიანებას მალე შეძლებენ.
ჭიჭე თავის „ისტორიულ“ წერილს ასე ამთავრებს: „პატიმრობაში მყოფი, მაგრამ თავისუფალი გიორგი ვაშაძე“. აქ გამეცინა, ეს რომ პატიმრობაშია და ამავე დროს თავისუფალიც გახლავთ, ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა. მადლობა მას. ახლა ეს რომ იმ ციხეში იყოს, რომლის ერთ-ერთი შემოქმედიც თვითონვე იყო, ასე დაწერდა: „თავო ჩემო, ბედი არ გიწერია“.
ისე, მაინც მივმართავთ ე. წ. ოპოზიციონრებს: ნუ ხართ ველურები, ნუ ხართ გულქვები, ნუ ანერვიულებთ ბიჭსა, მაგას ეგეც ეყოფა, ეგეთი „წამებული“ რო არი!
გელა ზედელაშვილი

