ზნეობრივი იდეოლოგიის გარეშე არ არის არც ადამიანი და არც ერი!

ზნეობრივი იდეოლოგიის გარეშე არ არის არც ადამიანი და არც ერი!

15-20 წლის წინათ, ერთმა ახალგაზრდა მეცნიერმა, ჩემი მეგობრის შვილმა, სახალხოდ მკითხა: ბატონო ზურაბ, თქვენ რომ ხშირად იმეორებთ ხოლმე, „ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბება“ აუცილებელი პირობაა პიროვნების აღზრდის პროცესში, ბოლოს და ბოლოს, ხომ ვერ აგვიხსნით, რა არის ეს ,,ეროვნული ცნობიერება“-ო. 
ნეოლიბერალების ჭაობში შეტოპილი ახალგაზრდობისათვის, სამწუხაროდ, მართლაც სრულიად გაუგებარია ,,ეროვნული ცნობიერების“ არსი და მნიშვნელობა. მათ უქადაგეს და ჩააგონეს, რომ ყველა ადამიანი, მიუხედავად წარმომავლობისა, მსოფლმხედველობისა, ენისა თუ სქესობრივი ორიენტაციისა, ერთნაირია და ამიტომ, ადამიანის ვალდებულებაა, ტოლერანტული იყოს ყველას მიმართ! ეს იგივეა, რაც ლენინ-ტროცკის ინტერნაციონალიზმი, რომელიც საფუძველშივე გამორიცხავდა პატრიოტიზმს და მას შოვინიზმთან აიგივებდა.
რა არის ეროვნული ცნობიერება?
შემცდარია ის ადამიანი, რომელსაც კოსმოპოლიტი, უეროვნებო, ანუ ეროვნული ცნობიერებისაგან დაცლილი ჰგონია. კოსმოპოლიტი ის კაცია, რომელიც მსოფლიო მოქალაქეობრივ შეგნებამდე ამაღლდა, ანუ თავი მიაკუთვნა კაცობრიობას და კაცობრიობა მიიკუთვნა პიროვნული ნიშნის დონემდე, მაგრამ როგორ მივიდა აქამდე? შეიძლება თუ არა თავიდანვე კოსმოპოლიტის აღზრდა? არა! ვინც პიროვნების განვითარების თეორიის ანბანი მაინც იცის, ჩემს ,,არა“-ს ის გაიგებს, მაგრამ მე მათთვის ვირჯები, ვინც ეს არ იცის!..
ადამიანი ადამიანის ნაშიერი მაშინ ხდება, როდესაც სოციალურ თვისებებს იძენს.
ახალდაბადებული არსება ადამიანის ნაშიერის სახით ჯერ კიდევ არ არის ადამიანი, რადგან იგი ჯერ არ არის სოციალური არსება, იგი თანდათან, სოციალური განვითარების კვალობაზე ხდება ადამიანი. 
ამრიგად, შემეცნების უნარის საფუძველზე ახალგაჩენილი ადამიანის ნაშიერი ადამიანად იქცევა, მაგრამ ეს არ არის სრულყოფილი ადამიანი, რადგან მას აქვს სოციალური ნიშნები, მაგრამ არ აქვს უმთავრესი მახასიათებელი - ზნეობრივი იდეოლოგია! ადამიანი არის არა მარტო ,,ჰომო საპიენსი“, არამედ აგრეთვე „ჰომო მორალეს“. სწორედ ,,ჰომო მორალესი“ ქმნის საზოგადოებას, ანუ ზნეობრივი იდეოლოგია უდევს საფუძვლად ადამიანთა შორის მყარ ურთიერთობებს, აყალიბებს სოციალურ სუბიექტებს: გვარს, ოჯახს, ტომს, სახელმწიფოს, კაცობრიობას! ზნეობრივი იდეოლოგიის პრინციპების უგულებელყოფა, იდეოლოგიის დეფორმაცია შლის და ანგრევს ზემოთ ჩამოთვლილ პატარა თუ დიდ სოციალურ წარმონაქმნებს, მათ შორის აუცილებელი საერთო ზნეობრივი იდეების მოშლის გზით.
ამრიგად, უფლის მიერ შექმნილი ადამიანის შვილი, შემეცნების უნარის საშუალებებით თანდათან, ერთმანეთის მიყოლებით მოიპოვებს სოციალურ ცოდნასა და, მასთან ერთად, ზნეობრივ თვისებებს და იქცევა იმად, რასაც ჰქვია ადამიანი. 
როგორ ხდება სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბების პროცესი, ამის განხილვა აუცილებლად მიმაჩნია მისი აქტუალურობის გამო, რადგან ნეოლიბერალური სახით მოვლენილი სატანიზმი საფუძველშივე რყვნის ამ პროცესის დიალექტიკასაც და დინამიკასაც. ეს მნიშვნელოვნად შლის სოციალური ცნობიერების საფუძვლებს, რაც დიდი უბედურების მიზეზად იქცევა შემდგომში.
ადამიანთა მცირე, მაგრამ გამორჩეული ნაწილი აღწევს საზოგადოებრივი ცნობიერების იმ სიმაღლეს, როდესაც საკაცობრიო ბედის ერთიანობის გაცნობიერების გზით, იგი თავს მიაკუთვნებს კაცობრიობას და მიიკუთვნებს კიდეც მას, დღემდე ასეთი ადამიანები ისტორიამ ცოტა იცის.
კაცობრიობისათვის თავის მიკუთვნება საკუთარი წარმომავლობისა და სადაურობის უარყოფა არ არის. ამ სიმაღლეზე ყველა თავის ეროვნული ცნობიერების საფუძველზე ადის.
ასე რომ, კოსმოპოლიტის აღზრდა ისეთივე ქიმერაა, როგორც ლენინ-ტროცკის ინტერნაციონალური იდეოლოგია იყო.
რატომ დამჭირდა ყოველივე ამის თქმა? იმიტომ, რომ დღევანდელმა ნეოლიბერალურმა სინამდვილემ პრაქტიკულად უარყო ადამიანის ნამდვილი არსი და დანიშნულება. გენდერული თანასწორობის სატანურმა იდეამ ადამიანს წაართვა ადამიანობის არსებითი ნიშანი, საკუთარი პიროვნული იდენტობის განცდა, რაც შემეცნების ღვთიური უნარის საფუძველზე წარმოიქმნებოდა.
ერთმა ჩვენმა ავად ცნობილმა ნეოლიბერალმა საჯაროდ განაცხადა: მთავარია აღქმები და არა ფაქტებიო, ეს მხოლოდ მისი აზრი არ იყო, ეს იყო სატანის ნარატივი, რომელსაც ასე დაჟინებით იმეორებენ დასავლეთისა და აშშ-ის სატანური (ანუ ნეოლიბერალური) მმართველი ძალები და მათი მიმდევრები ყოველი ძალით ცდილობენ, ის ჩვენც თავს მოგვახვიონ.
ნორმალური ჭკუისა და ფსიქიკის ადამიანმა იცის, რომ მთავარი ფაქტია და არა აღქმა, რადგან ფაქტი რეალობაა, აღქმა კი ადამიანის ცნობიერების მდგომარეობაზეა დამოკიდებული. კაცს რომ თავი იულიუს ცეზარი და რომის იმპერატორი ჰგონია, ის გიჟად არის მიჩნეული და კაცი, რომელიც ამბობს, ქალი ვარო, ან ქალი რომ ამტკიცებს, აკაციის ხე შემიყვარდა (ეკოფილია) და მასზე უნდა ვიქორწინოო, ის ნორმალურია, როგორც ამას გენდერული თანასწორობის სატანის მოციქულები ქადაგებენ?
აი, ასე მარტივია სატანისტური დასავლეთისა და აშშ-ს მოდებული ნეოლიბერალიზმის მექანიზმისა და შინაარსის ახსნა. 
დოსტოევსკის ერთი პერსონაჟი გამახსენდა, უფროსმა, ევროპულად განათლებულმა ძმამ რომ დაარწმუნა – ღმერთი არ არსებობსო, სიხარულით იყვირა: ღმერთი არ არის, მაშასადამე ყველაფერი ნებადართულიაო...
ყოველდღიური „ქადაგებით“ ჩააგონეს თაობებს, რომ ჩვენ ევროპელები ვართ და პირველი ევროპელები დმანისში ცხოვრობდნენ _ როდის იყო საქართველო ევროპა? რომმა, პომპეუსის ლაშქრით ერთხელ კი გადაგვიარა, მაგრამ ამით გავხდით ევროპელები? მონღოლებმა კიდეც გადაგვიარეს და სამასი წელიც იბატონეს ჩვენზე, მაგრამ არც მონღოლები გავმხდარვართ და არც აზიელები. ჩვენ კავკასიური რასა ვართ! ეს აღიარებული იყო მსოფლიოში და დიდმა ევროპელმა ფილოსოფოსმა ჰეგელმა აღიარა ერთხელ კიდევ: ქართველები კავკასიური რასის (არა ერის, არამედ რასის!) წარმომადგენლები არიანო! 
დღეს ხელისუფლების სასახელოდ ვიტყვი, რომ იგი ცდილობს, წინააღმდეგობა გაუწიოს სატანისტურ ევროპულ იდეოლოგიასა და პოლიტიკას, მაგრამ ეს წინააღმდეგობა ეფექტიანი ვერ იქნება, რადგან არც ხელისუფლებასა და არც ხალხის უმრავლესობას არ აქვს ზნეობრივი იდეოლოგია, რომელიც დაფუძნებულია ღვთის რწმენასა და შეუვალ ერთგულებაზე, რაც ყოველთვის იყო, არის და იქნება გამარჯვების ერთადერთი უტყუარი პირობა!
ბუნებრივია, მე, პირველ რიგში, ჩემს სამშობლოზე ვფიქრობ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კაცობრიობა ერთი დიდი ტაძარია, სადაც ყველა ერს თავისი სახატე აქვს! 

ზურაბ ცუცქირიძე
პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი