ევროკავშირი ჩვენს მიმართ სამმაგი სტანდარტით მოქმედებს

ევროკავშირი ჩვენს მიმართ სამმაგი სტანდარტით მოქმედებს

გვესაუბრება „მემარცხენე ალიანსის“ დამფუძნებელი სოსო შატბერაშვილი:
_ ბატონო სოსო, ევროპარლამენტარებმა ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდეს. კოლექტიური ნაცმოძრაობის ბედი ისევ ქვეყნის გარეთ გადაწყდა...
_ დავიწყოთ იმით, რომ ყბადაღებული მოსაზრება, თითქოს საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, სიმართლეს არ შეესაბამება. მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, სადაც 100%-ით გაუყალბებელი არჩევნები ტარდება. არჩევნები თვით სკანდინავიის ქვეყნებშიც კი ყალბდება რაღაც დოზით. საქართველოში არჩევნები არ გაყალბებულა, რაც მშვენივრად იცის, როგორც ევროკავშირმა, ისე ე. წ. ოპოზიციამ, რომელიც ახლა თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. როცა „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ვიყავი, 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი გადავლახეთ, 8%-მდე ავიღეთ და ბოიკოტი გამოვაცხადეთ, რაც უზარმაზარი შეცდომა იყო. ბოიკოტისკენ ლევან გაჩეჩილაძემ და დავით გამყრელიძემ გვიბიძგეს. მერე გაერთიანებული ოპოზიციიდან ნახევარზე მეტი პარლამენტში შევიდა, ჩვენ გარეთ დავრჩით. მოგვიანებით ვაღიარეთ, რომ ეს დიდი შეცდომა იყო, რადგან, პარლამენტში რომ შევსულიყავით, შესაძლოა, სააკაშვილს 2008 წლის ავანტიურისტული ომი ვერ დაეწყო. საქმე ის არის, რომ მას საკანონმდებლო ორგანოში მოწინააღმდეგე არ ჰყავდა და იმას აკეთებდა, რაც მოესურვებოდა. ანუ, ბოიკოტით პრობლემას ვერ გადაწყვეტ. მოგვიანებით, ბოიკოტი „პატრიოტთა ალიანსმაც“ გამოაცხადა, რაც ასევე შეცდომა იყო. ყველას ვურჩევ: ბოიკოტობანას თავი დაანებონ, მით უმეტეს, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. ასე რომ მომხდარიყო, მაშინ ევროკავშირი ე. წ. ოპოზიციას თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისკენ არ მოუწოდებდა. რადიკალები გულზე მჯიღის ცემით იფიცებოდნენ, იგინებოდნენ _ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებთ, არც ცესკო-ს ვაღიარებთო და ახლა „ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“ არჩევნებში მონაწილეობაზე თანახმა არიან, დანარჩენები კი, მათ დაუპირისპირდნენ. არადა, მშვენივრად ხვდებიან, რომ ბოიკოტით საერთოდ პოლიტიკის მიღმა დარჩებიან. თუმცა ისინი პოლიტიკური პარტიები კი არ არიან, არამედ დასავლეთის მეხუთე კოლონა, რომელიც მის დირექტივებს ემორჩილება.
_ როგორ ფიქრობთ, ამ არჩევნებზეც იქნება გარედან ჩარევა, საპარლამენტო არჩევნების მსგავსად?
_ გარე ჩარევების გარეშე არჩევნები თვით აშშ-შიც არ ტარდება. ტრამპის წინა ვადით არჩევისასაც ამბობდნენ, რუსეთიდან მოხდა ჩარევაო, ახლაც იგივეს იმეორებენ. როცა რუმინეთში საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნები ბათილად ცნო, მიზეზად აქაც რუსეთის ჩარევას მიიჩნევდნენ. სინამდვილეში, არჩევნებში დასავლეთიც მშვენივრად ერევა. ავიღოთ თუნდაც დასავლეთის ქვეყნების ელჩების, საგარეო საქმეთა მინისტრების ოპოზიციის აქციებში მონაწილეობა. ეს სწორედ არჩევნებში ჩარევაა. ასე რომ, საქართველოსთანა პატარა ქვეყანაში ჩარევები ხდება. ამის თავიდან აცილება იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ხელისუფლება დასავლეთის დირექტივების მიმართ სიმტკიცეს, მდგრადობას გამოიჩენს. შევარდნაძის პერიოდში რუსეთის მხრიდან აშკარა ჩარევები ხდებოდა _ თავდაცვის, შსს-ის, იუსტიციის მინისტრები, გენერალური პროკურორი მისი დირექტივით ინიშნებოდნენ. როცა ესა თუ ის ძალოვანი მინისტრი რუსეთიდან ინიშნება, ქვეყნის საქმეებში ჩარევის შანსიც მეტია. ახლა ქვეყნის საქმეებში დასავლეთი ყოფს ცხვირს, რომელსაც საქართველო ხელწამოსაკრავ ქვეყნად მიაჩნია _ რაც მათ ქვეყნებში დასაშვებია, აქ _ აკრძალულია. მხოლოდ „ფარას“ კანონი რად ღირს, რომელსაც დეგნანი რუსულ კანონს უწოდებდა. დიახ, ამერიკაში ეს კანონი ამერიკულია, ჩვენთან _ რუსული. მიაჩნიათ, რომ გამჭვირვალობის კანონის მიღება საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე მიუთითებს, ამერიკაში კი _ წინსვლაზე. ასეთი ორმაგი სტანდარტის გამო, ბოლო გამოკვლევებით, ქართველ ამომრჩეველში ევროკავშირისადმი ნდობა 9%-ით დაეცა. თუმცა ვიცი სხვა კვლევაც, სადაც ჩვენს მოსახლეობაში ევროსტრუქტურებისადმი ნდობამ 17%-ით იკლო. 
_ „ფარას“ კანონი ძალაში ახლახან შევიდა, გამკაცრებული სასჯელები შედეგს რამდენად გამოიღებს?
_ საქმე ის არის, რომ სწორედ ამერიკაში მოქმედი „ფარას“ კანონით გახდა ჩვენთვის ცნობილი იმ ლობისტური საქმიანობის შესახებ, რასაც ე. წ. ოპოზიცია ეწევა. რა თქმა უნდა, „ფარა“ შედეგს საქართველოშიც გამოიღებს. გამჭვირვალობის კანონი ამასთან შედარებით საკმაოდ ლმობიერი იყო. ის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას არ ითვალისწინებდა. ახლა კი ნჯო-ები იძულებულნი იქნებიან, თავიანთი ფინანსები გამჭვირვალე გახადონ, რაც აქამდე სრულიად დაფარული იყო. 
_ საქართველოს ევროინტეგრაციის შეჩერება ბრალდებოდა, თუმცა მარტა კოსმა აღიარა, რომ ეს პროცესი მათ შეაჩერეს. აქედან რა დასკვნის გამოტანა შეიძლება?
_ ევროკავშირი ჩვენ მიმართ სამმაგი სტანდარტებით მოქმედებს _ რაც მათთვის მისაღებია, საქართველოსთვის იმავეს კეთება მიუღებელია. ამას წინათ განაცხადეს, აზერბაიჯანის მოქმედი ხელისუფლება არ მოგვწონს, მაგრამ იძულებული ვართ, მასთან ვითანამშრომლოთ, რადგან მოცემული რეალობა ასეთია და ურთიერთობას ხომ არ გავწყვეტთო. იგივეს ამბობენ სომხეთზეც, რომლის პრემიერ-მინისტრს რუსეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს და ასე გაგრძელებას აპირებს. მიუხედავად ამისა, ევროსტრუქტურები სომხეთთან მაინც თანამშრომლობენ. საქართველო კი, რატომღაც, დაბალი ღობე და თავიანთი შიდა ეზო ჰგონიათ, რადგან მის მორჩილებას მიჩვეულნი იყვნენ _ საკმარისი იყო, ევროკავშირის რომელიმე ჩინოვნიკს რაიმე მოეთხოვა და საქართველოს მთავრობა დირექტივას დაუყოვნებლივ ასრულებდა. 
ახლა, როცა წინააღმდეგობას წააწყდნენ და სუვერენიტეტისკენ გადადგმული ნაბიჯები დაინახეს, ჩათვალეს, რომ ხელისუფლებას დემოკრატიის უკუსვლა აქვს. თურმე, სააკაშვილის დროს პატიმრებს ციხეებში რომ აუპატიურებდნენ, აწამებდნენ, ახალგაზრდებს ქუჩებში კლავდნენ, ბიზნესებს არეკეტებდნენ, ეს დემოკრატია ყოფილა. მიშას აღმოსავლეთ ევროპის ჯორჯ ვაშინგტონს და რას აღარ უწოდებდნენ, ნაცვლად იმისა, რომ რეჟიმის სისასტიკე დაეგმოთ. ახლა გვეუბნებიან, დემოკრატიის უკუსვლა გაქვთო მაშინ, როცა თავად სააკაშვილი ლუქს-პალატაში ნებივრობს. აი, ეს ყოფილა უკუსვლა. ოპოზიციურ პარტიებზე ხუთი-ექვსი ტელევიზია მუშაობს, სააკაშვილის დროს კი უამრავი ტელევიზია დაიხურა, „იმედი“ დაარბიეს, ჟურნალისტები გამომცემლობა „სამშობლოს“ შენობიდან გამოყარეს, „მეცხრე არხი“ დახურეს, „სტანდარტ ბანკი“ გაანადგურეს, პატარკაციშვილს ქონება წაართვეს _ მთაწმინდის პარკი, ცირკი ჩამოართვეს. ყველა მსხვილი ბიზნესი დაარეკეტეს და ამ ყველაფერზე ევროპა თვალს ხუჭავდა, ტაშს უკრავდა. დღეს ბიზნესი ხელშეუხებელია და თურმე, ეს დემოკრატიის უკუსვლა ყოფილა.
_ საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ ხელისუფლებას ქვეყანა ავტორიტარული მმართველობისკენ მიჰყავს. სანჩესმა გვითხრა: არ იქნება ახალი არჩევნები და არ იქნება ლეგიტიმაციაო. რა უნდა ევროპას?
_ მაგალითისთვის გერმანიის ელჩის საქციელი გამოდგება, რომელიც ბათუმში კრიმინალი ქალბატონის, რომელმაც პოლიციელს სილა გააწნა, მხარდასაჭერად ჩაბრძანდა. როცა მას ჰკითხეს: პოლიციელზე თავდასხმა გერმანიაში ისჯება თუ არაო, უპასუხა, კიო. მაგრამ საქართველოში, თურმე არ უნდა დაისაჯოს. გერმანიის ელჩი მოსამართლედ მოგვევლინა. აი, ეს არის თქვენს შეკითხვაზე პასუხი _ თუკი მათ აწყობთ, დამნაშავეც კი გმირია. ლაზარე გრიგორიადისიც კი, რომელიც პოლიციელებს ცოცხლად წვავდა, გმირად გამოიყვანეს. ნიკა მელიას ჯარიმა გადაუხადეს. ვიმეორებ, ევროკავშირისადმი ჩვენი საზოგადოების ნდობა კატასტროფულად სწორედ ამიტომ დაეცა, რაც მათთვის ცუდია. ევროსტრუქტურები არაერთხელ გავაფრთხილე, ევროკავშირის წინა ელჩსაც არაერთხელ შევხვდი და ვუთხარი, რომ ოპოზიციისადმი თქვენი მხარდაჭერა ქართველ ხალხში ნდობას დაგიკარგავთ-მეთქი და ასეც მოხდა.
_ ელჩების მოქმედებები ზღვარს გასცდა. პაპუაშვილმა განაცხადა: ვაპირებ, ვამხილო, შევარცხვინო ის ელჩები, დიპლომატები, რომელთაც ევროპული ღირებულებები არ გააჩნიათო... 
_ ელჩებს რაც შეეხება, მინდა „საერთო გაზეთის“ საშუალებით ხალხს სიმართლე მივაწვდინო _ ერთადერთი, რაც მათ საქართველოსგან აინტერესებთ, ეს რუსეთთან ომის დაწყებაა. მართალია, ეს აგვისტოს ომის მსგავსად ორ-სამ დღეში დამთავრდება, მაგრამ მათი ინტერესია, მერე მთელი მსოფლიოს გასაგონად იყვირონ: რუსეთი აგრესორიაო. კი ბატონო, რუსეთი მართლა აგრესორია, მაგრამ ჩვენი სისხლის, ქვეყნის ნგრევის ხარჯზე იტყვიან: პუტინი ცოფიანიაო. ომი საქართველოს განადგურებას, დაშლას, უზარმაზარ მსხვერპლს გამოიწვევს, რაც მათ არ ანაღვლებთ. ისევე, როგორც არ ანაღვლებთ უზარმაზარი მსხვერპლი უკრაინაში. ევროპა არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ იქ სისხლისღვრა შეწყდეს. პირიქით, ცოტა ხნის წინათ უკრაინელები გააქეზეს. შედეგად, მათ რუსეთის აეროდრომზე დარტყმები განახორციელეს და ახლა საშინელ უკუდარტყმებს იღებენ, რასაც უდანაშაულო ადამიანები ეწირებიან. მათი სისხლი, ზელენსკისთან ერთად, ევროპელი მაღალჩინოსნების კისერზეც არის. 
_ ბატონო სოსო, დღეის მდგომარეობით, არც აშშ-ში გვყავს ელჩი და არც აქ ჰყავს ამერიკას თავისი წარმომადგენელი. საით მიდის პროცესი?
_ რატომღაც ტრამპის პრეზიდენტობის დროს ისე ხდებოდა, რომ საქართველოს ელჩი არ ჰყავდა. წინა შემთხვევაში, ტრამპმა საქართველოში კელი დეგნანი ელჩად თავისი პრეზიდენტობის მიწურულს დანიშნა, რომელმაც ადმინისტრაციის შეცვლის შემდეგ ზნე და ფერი იცვალა და აქ ბაიდენის პოლიტიკის გამტარებელი გახდა. დანიგანს რაც შეეხება, მისი წასვლა პენსიაზე გასვლა არ არის. საბჭოთა მოქალაქეებმა კარგად ვიცით, როდესაც საბჭოთა ჩინოვნიკებს ხსნიდნენ, მათ შორის, გენერალური მდივანი ხრუშჩოვი რომ ჩამოაგდეს, თქვეს, იგი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პენსიაზე გავიდაო. ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს. დანიგანი გაიწვიეს და საინტერესოა, ვის დანიშნავს ტრამპი მის ნაცვლად, რადგან სწორედ ამით გამოიხატება, თუ რა პოლიტიკის გატარებას აპირებს თეთრი სახლი საქართველოში. 
_ ბოლოს გვითხარით, რა შანსები აქვს ოპოზიციას თვითმმართველობის არჩევნებში? 
_ იმ პარტიების რეიტინგი, რომლებიც პარლამენტში არ შედიან, გაცამტვერებულია. ამიტომაც არ უნდათ არჩევნებში მონაწილეობა, რათა ეს რეალობა არ გამოაშკარავდეს. 

თამარ შველიძე