იცით, რა არის გავვა?

იცით, რა არის გავვა?

გავვა ეს არის ტანჯვის ენერგია, რომლითაც ბნელი ძალები იკვებებიან
ეზოთერული სწავლების მიხედვით, არსების ყოველი ტანჯვა და ტკივილი წარმოქმნის ენერგიას როგორც აქ, ფიზიკურ სამყაროში, ისე სიკვდილის შემდგომ სამყაროებშიც. ეს ენერგია, გავვა, მიიჩნევა “ბნელეთის” საკვებად. მაშასადამე, ტანჯვის ენერგია მიიღება ცოცხალი არსებების ტანჯვით და მისით სულდგმულობენ არამატერიალური არსებები.
განსაკუთრებული ძალა აქვს გავვას, რომელიც წარმოიშობა სისხლის დაღვრის დროს.
როდესაც ადამიანის ან ცხოველის სისხლი სხეულიდან გამოდის, პირველ წუთებში ის გამოჰყოფს ძლიერ, მაღალი მუხტის მქონე ენერგიას. სწორედ ამ ენერგიის გამო იყო და არის სისხლიანი მსხვერპლთშეწირვები ეზოთერული რიტუალების განუყოფელი ელემენტი.
ადამიანი გავვას გამოჰყოფს ისეთი ძლიერი უარყოფითი ემოციების დროს, როგორიც არის, ვთქვათ, დიდი შიში, დიდი სიძულვილი, დიდი ბრაზი, წყენა ტკივილი... ეს ემოციები იწვევენ ენერგეტიკულ გამოსხივებას, რომლითაც არამატერიალური არსებები იკვებებიან.
არსებობს მოსაზრება, რომ გავვა წარმოადგენს ისეთ გარემოს, რომელშიც ჩადებული გამოსახულება ან განზრახვა “კრისტალდება”, გარდაიქმნება ნივთებად, საგნებად, მოვლენებად. 
გავვას ზოგი ე. წ. “კირლიანის ეფექტთან” აკავშირებს, ფენომენთან, რომელიც 1939 წელს აღმოაჩინა სემიონ კირლიანმა. მან შენიშნა, რომ ცოცხალი ობიექტის ფოტოგრაფირება მაღალი სიხშირის ელექტრულ ველში იძლევა ნათებას (აურას), რომლის ფორმა და ფერი დამოკიდებულია ობიექტის ფიზიკურ და ენერგეტიკულ მდგომარეობაზე. 
კირლიანის ეფექტი გამოიყენება: 
მეტალებში ფარული დეფექტების გამოსავლენად;
მინერალებისა და მადნების ანალიზისთვის (გეოლოგიაში); 
თესლის სიცოცხლისუნარიანობის შესაფასებლად სოფლის მეურნეობაში;
დაავადებული მცენარეების იდენტიფიკაციისთვის.
მედიცინაში, განსაკუთრებით პარაფსიქოლოგიაში. “კირლიანის ეფექტს” ფართო სამედიცინო აღიარება არ მიუღია, რადგან მიააჩნიათ, რომ შედეგები ამ სფეროში, საკმარისად სარწმუნო არ აღმოჩნდა. ძალიან დამაინტერესა, რა არ აღმოჩნდა სარწმუნო, მაგრამ ამის იქით ვერაფერს მივაკვლიე.
მართლა არსებობს თუ არა გავვა, ამაზე ერთმნიშვნელოვანი სამეცნიერო პასუხი არ გვაქვს _ ეზოთერული და ოკულტური სწავლებები მის არსებობას ფაქტად თვლიან, ხოლო მეცნიერება სკეპტიკურად უყურებს ამ კონცეფციას.
რაღაცნაირი გაუგებარი მიდგომაა _ ფსიქოლოგიური ან მეტაფორული თვალსაზრისით, იდეა, რომ ტკივილი და უარყოფითი ემოციები ქმნიან გარკვეულ ენერგიას, რომელიც გავლენას ახდენს გარე სამყაროზე, გარკვეული თვალსაზრისით, საინტერესოა და ღრმა ანალიზის ღირსი. და ვინ უშლით ღრმა ანალიზს, როდესაც საკითხი ასე მნიშვნელოვანია, ძიების ხომ არ ეშინიათ? ან ხომ არ მიაჩნიათ, რომ საზოგადოება “მაინც ვერ გაიგებს”? საქმე ის არის, რომ ხშირად მეც, ერთი უმნიშვნელო სუბიექტი, არ ვამბობ ბევრ რამეს, რადგან ვიცი, რომ ვერ გაიგებენ, ამისთვის “დამწიფებულები” არ არიან...
პატარა ბავშვი ვისაც გაუზრდია, განსაკუთრებით მათ აქვთ შემჩნეული, რომ ჩვილი ისეთ რაღაცებს ან ვიღაცებს ხედავს, რასაც სხვები ვერ ხედავენ და ეს წმინდა მისტიკის სფეროა. ასევე, ცხოველებმა და მცენარეებმაც კი იციან ადამიანების რაღაც ნიშნით გამორჩევა, ცხოველები ეხუტებიან უცნობ ადამიანებს ან ერჩიან, მცენარეები კი ერთსა და იმავე პირობებში, ერთი ადამიანის მოვლის შემთხვევაში ხმებიან, მეორე შემთხვევაში _ მშვენდებიან. ამბობენ, რომ ბავშვები და ცხოველები ხედავენ ადამიანების აურას, მცენარეები კი გრძნობენ ადამიანების ენერგეტიკას.
რადგან აქამდე წაგიკითხავთ, გეტყვით, რომ უფროსებსაც შეუძლიათ დაინახონ საკუთარი აურა და მისი ფერიც გაარჩიონ, რაც, თავის მხრივ, რაღაცას ნიშნავს. ძალიან მარტივი გასაკეთებელია, მაგრამ თუ ვერ დაინახავთ, პრობლემა თქვენშია, არ ხართ ჯერ “მწიფე”.
დღის სინათლეზე დადექით თეთრ კედელთან. უნდა გეცვათ თავისუფალი ტანსაცმელი და თქვენგან ხელის გაწვდენაზე უნდა იყოს დიდი სარკე, ისე, რომ საკუთარ თავს სრულად ხედავდეთ. თუ ასეთი სარკე არ გაქვთ, შეგიძლიათ პატარა სარკე გამოიყენოთ და მხოლოდ თავის ირგვლივ შექმნილ ენერგეტიკულ ველს დაინახავთ. სთხოვეთ დახმარება ვინმეს, რომ სარკე რაღაც დროით თქვენი თავის სიმაღლეზე დაგიჭიროთ. თუ ფანჯრები აღმოსავლეთით არის, ეს მოქმედება დილით უნდა ჩაატაროთ, თუ დასავლეთით _ საღამოს საათებში.
დახუჭეთ თვალები, მოდუნდით და როდესაც იგრძნობთ, რომ საამოდ მოდუნდით, გაახილეთ თვალები და კონცენტრაცია მოახდინეთ ცხვირის წვერზე _ სარკეში იყურეთ 5-10 წუთის განმავლობაში უწყვეტად და რაც შეიძლება იშვიათად დაახამხამეთ თვალები. დაახლოებით 5 წუთის შემდეგ თქვენ დაინახავთ, რომ თქვენი სხეული გამჭვირვალეა და რომელიმე ფერის ნათებას ასხივებს.
ყვითელი აურა _ თქვენ რკინის ლოგიკის მქონე კრიტიკული აზროვნების ჭკვიანი ადამიანი ხართ, თანმიმდევრული მოქმედებებში და უდიდეს შემოქმედებით პოტენციალს ფლობთ. თქვენ შეგიძლიათ, რომ იდეა საქმედ აქციოთ. ოპტიმიზმით ხედავთ მომავალს მანამდე, სადამდეც ხედავთ, რა ნაბიჯი უნდა გადადგათ.
ნარინჯისფერი აურა _ თქვენ ძალიან თბილი, გულისხმიერი, მაგრამ იმპულსური ხართ. თქვენი მოქმედებები ხშირად წინ უსწრებს აზრებს. თავისუფალი და ღია ხართ, გიყვართ თქვენთვის ახლობელი ადამიანები.
წითელი აურა _ ეს ძალიან ძლიერი ტონალობაა. ეს მიუთითებს სულის სიძლიერესა და სხვა ადამაინების აყოლიების უნარზე. თქვენნაირი ადამიანები ან მოსწონთ, ან დასანახად ვერ იტანენ, მაგრამ გულგრილი ვერავინ რჩება, არ ხართ შეუმჩნეველი. დაბადებიდან ლიდერი ხართ და რთულ სიტუაციაში მართვას საკუთარ თავზე იღებთ. 
ცისფერი აურა _ ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ მეტისმეტად მშვიდი და აუღელვებელი, თავშეკავებული და უშფოთველი ხართ, ნებისმიერ შემთხვევაში ზომიერების გრძნობა გაქვთ, თუმცა, ყველაფერს ამჩნევთ, რაც ირგვლივ ხდება. კარგად გაქვთ ინტუიცია განვითარებული, იმ დონემდე, რომ სხვისი აურის დანახვაც კი შეგიძლიათ. 
მწვანე აურა _ თქვენ ძალიან ახლოს ხართ ბუნებასთან. თუ შეუძლოდ იქნებით, ბუნებას მიაშურეთ, იქ უკეთ გახდებით. შესაძლოა, თქვენ თანდაყოლილი გაქვთ მებაღეობის ნიჭი და არ იცით. ხართ ძალიან პრაგმატული და თქვენზე ყოველთვის შეიძლება დაყრდნობა.
იისფერი აურა _ თქვენ ყველაფროს გამუქება და დრამატიზება გიყვართ.
ცისარტყელისებური აურა _ ასეთი აურა ხშირი არ არის. თქვენ ხართ სულიერად ამაღლებული და დიდი შთაგონების ადამიანი. თქვენ შეგიძლიათ, რომ იგრძნოთ სხვა ადამიანის სულიერი განწყობა და ნებისმიერი აურის მქონე ადამიანის ნდობის მოპოვება. თქვენ ნამდვილი მესაიდუმლე ხართ. გასაჭირში მყოფ ნებისმიერი ადამიანისთვის შეგიზლიათ რჩევის მიცემა და დახმარება. 
შავი აურა _ თქვენ ნეგატიურ დეპრესიულ მდგომარეობაში ხართ. დიდი დანაკარგი და დიდი სტრესი განგიცდიათ და სასწრაფოდ თანადგომა და სიყვარული გჭირდებათ.
თეთრი აურა _ ეს სუფთა, “დაულაქავებელი” სულის აურაა. თუ თქვენ არც პატარა ბავშვი ხართ და არც სიცოცხლის მიწურულში მყოფი მოხუცი, რომელიც სხვა სამყაროში გადასასვლელად ემზადება, თეთრი აურა მხოლოდ უფლის კურთხევით ექნება ადამიანს.
ფოტოებზე “კირლიანის ეფექტით” გადაღებული გამოსახულებებია, რომელთა ნათება ცოცხალი ობიექტის ენერგეტიკულ ველს ასახავს.

მაკა ჯაყელი