ეჭვიანი კაცების ფიქრები
საქვეყნოდ თუ არა, შინაურობაში მაინც ცნობილია, რომ ფრიად ეჭვიანი კაცი ვარ. ამიტომ არ მყავს ცოლი, საყვარელი, ძაღლი, კატა და, საერთოდ, არანაირი ისეთი სულიერი, რომელიც საეჭვიანო ობიექტი გამიხდება. ვარ ჩემთვის არხეინად ბავშვობის ძმაკაც ერვანდასთან და ნაცნანულასთან ერთად შეხმატკბილებული და ხან გარგარის არაყს გეახლებით, ხან _ „ახტამარს“, მაგრამ ამ ბოლო დროს ზელენსკიზე აღმეძრა ეჭვები. დავწვები _ ზელენსკიზე ვფიქრობ, ავდგები _ ზელენსკიზე ვფიქრობ.
ჩემსავით არის ერვანდაც, მით უმეტეს, რომ ხარკოველი გულის ვარდი ჰყავდა და რაც ხარკოვის დაბომბვა დაიწყო, მის მერე რუსეთიდან ხარკოვისკენ გასროლილ ბომბებს ითვლიდა. რაღაც მომენტში სათვალავი აერია, თვლას თავი დაანება და მხოლოდ ზელენკის გინებით კმაყოფილდება, ანუ მასაც ზელენსკი აკერია პირზე.
ნაცნანულას მოგონებებშიც კი არაფერი აკავშირებს უკრაინასთან, მაგრამ იმანაც ზელენსკის წყევლა-გინება დაიწყო და უკრაინის დროშაში გახვეული რომ დადიოდა რუსთაველზე აღმა-დაღმა „სლავა უკრაინეს“ ძახილით და „გეროემ სლავაო“, სად შეკუჭნა ის დროშა, არ ვიცი.
საქმე ის არის, რომ ნანულის მე და ერვანდა ისეთები ვუყვარვართ, როგორებიც ვართ და ჩვენი პირიდან ზელენსკის გარდა რომ აღარაფერი ესმის, ვთქვათ, „ნანულაჯან“, ან „ჩემო ნანული“, ზელენსკი შეიძულა.
მოვა ერვანდა თავისი განუყრელი შავი პარკით, ამოაძვრენს ნუნუასა და მოსადევრებს და ვიწყებთ ზელენსკიზე ლაპარაკს _ ვმსჯელობთ ზელენსკიზე, როცა იცოდა, რას რა მოჰყვებოდა, რატომ გამოაწყო ამბავი ისე, რომ რუსეთს უკრაინისთვის დაეცხო.
ძველი სადღეგრძელოებიდან მხოლოდ ჩვენი გამარჯვებისა და მშვიდობის სადღეგრძელო შეგვრჩა. ამაოდ ელოდება ნანული, როდის ვიტყვით ჩვენი ბავშვობის ან კონკრეტულად მის სადღეგრძელოს, მაგრამ ამაოდ, რაგინდ გარგარის არაყი შემოგვიტანოს და შებოლილი კანჭი დაადოს ცხელ-ცხელ კუპატს, ჩვენ მაინც სხვა აღარაფერზე ვლაპარაკობთ.
კვირა დილას რომ გავიღვიძე და თეთრად გადაპენტილი დამხვდა ჩემი ეზო, ერთგვარად ბავშვობა გამახსენდა; ცოტა ხანში ერვანდა რომ დიდი სიფრთხილით შემოიძუძგა ამ სიბერეში არ დავეცე, კისერი არ მოვიტეხოო, იმანაც შორიდანვე შემომძახა, ზურაჯან, ბავშვობა გამახსენდაო; ჩვენი ხმა რომ გაიგო, ნანულიც შემოფოფინდა მზრუნველი დედასავით ხელდამშვენებული და კალოშებამოცმული. თვალები ვჭყიტეთ მე და ერვანდამ, გოგო, კალოშები სად ნახე 21-ე საუკუნეში, ბებიაშენის სკივრიდან ამოაძვრეო? ბებიაჩემი კი არა, „თემუ“-დან გამოვიწერე, ნახეთ, რა ლამაზი წვრილ-წვრილი თვლები აქვს დაკრულიო.
გავშალეთ ჩემს ისტორიულ ტაბლაზე პურ-მარილი და ახლა ნანულიმ წამოიწყო, მოდი, ვიგუნდაოთ, ბავშვობა არ გაგახსენდათო?
მე და ერვანდა სასტიკ უარზე დავდექით, რადგან ორივე სასტიკი წინააღმდეგები ვართ კისრის მოტეხვის. ის კი არადა, ერვანდამ წინასწარ გამაფრთხილა, შენამდე კი მოვედი, მაგრამ თუ ასეთი ხიფათნოი სიტუაცია გაგრძელდა საღამომდინ, მე ფეხის გამდგმელი არ ვარ, შენთანა ვრჩებიო.
თოვლმა ბავშვობისა და ტკბილი მოგონებების სადღეგრძელოც დაგვამატებინა და ისევ ზელენსკიზე რომ გადავედით, ნანულიმ ისეთი ზარი და გლოვა ატეხა, თითქოს წინ მიცვალებულები ვესვენეთ და დაგვტიროდა. ბოლოს კი დაგვკივლა, ზელენსკი აღარ ახსენოთ, თორემ თავს მოვიკლავ, ან თუ ახსენებთ, მეც გამაგებინეთ, რას მსჯელობთ ასე დაუმთავრელადო.
ნანულია, როგორ გავაგებინოთ ის, რასაც თუ არ უნდა, არ გაიგებს?
ორი ეჭვიანი კაცის ფიქრი ასეთია: ზელენსკის კლოუნად კი მოიხსენებენ, მაგრამ კლოუნი არ ნიშნავს სულელს, იუმორისტობა პროფესიაა. გინდაც წაისულელებდეს, იმ დონის სულელი მაინც არ არის, არ იცოდეს, რომ დრო უკრაინაზე არ მუშაობს და რაც მეტი დრო ექნება რუსს, მით მეტ ტერიტორიას დაკარგავს უკრაინა!
იცის, მაგრამ მაინც წელავს და ხან ვის ბრალდება ამ სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებისა და დასრულების პროცესის დროის გაწელვა, ხან _ ვის.
მოცემულობა ასეთია _ მეოთხე წელი დაიწყო და ნატო და უკრაინა, მიუხედავად იმისა, რომ ნაკერავზე იხევიან, ძვრას ვერ უშვებიან რუსეთს კი არა, უკრაინა ტერიტორიებს კარგავს. რუსეთი არხეინად ზის და ხან „კინჯალს“ ისვრის, ხან – „ორეშნიკს“. ახლა ევროპამ გამოაცხადა, რუსეთი ევროპაა, ურთიერთსასარგებლო დიპლომატიური ურთიერთობა უნდა აღვადგინოთ მასთანო და რიგში ჩადგნენ ევროპელი ელჩები. ზელენსკი მაინც უბერავს „კამაზივით“ _ პუტინს კი არა, მე როგორც მინდა, ისე უნდა იყოს ამ ომის დასრულების პირობები გაწერილიო.
ამოცანა გვეკითხება: რატომ იქცევა ზელენსკი ასე?
ორ ეჭვიან კაცს ორი ვარიანტი აქვს.
პირველი _ თუ გავიხსენებთ, როგორ ევასებოდათ ერთმანეთი პუტინსა და ზელენსკის, ვუშვებთ, რომ ზელენსკისა და პუტინის მაგარი ერთობლივი გეგმა ხორციელდება. ამ გეგმაში რა არის გაწერილი, უკრაინის გაყოფა თუ რუსეთისთვის სრულად მირთმევა, ბოლოს „აბანოში გამოჩნდება“. თუ ზელენსკი მაინც განაგრძობს გაძალიანებას და, შესაბამისად, ევროპას ბოლომდე გამოხრავს, ბოლოს იძულებული იქნება, მთელი უკრაინა გადასცეს რუსეთს. ვა, ომი წააგო და... ევროპამ თუ „რუსეთი ევროპაა“ დაიწყო, ამერიკისა არ იყოს, ისიც ხელს აიღებს უკრაინის შეიარაღებაზე და მორჩა კინო!
მეორე _ იმდენი და ისეთებია ნაქნარ-ჩადენილი უკრაინისა და მისი ყველა „გულშემატკივარის“ მიერ, რომ როცა იქნება ომი რომ დამთავრდება, ამოიყრება და ისეთები გასკდება, ომიც რომ ვერ ჩამოწერს და დედა შვილს ვერ აიყვანს ხელში, არათუ ძაღლმა პატრონი იცნოს!
ორ ეჭვიან კაცს მხოლოდ ესღა გვაინტერესებს _ რამდენი დაუჯდა კრემლს ნატო-ევროკავშირის ჩაძირვა?
_ ჩვენც რომ დროს ვკარგავთ, რუსს არ ველაპარაკებით და ნეიტრალიტეტს არ ვაწვებით, ჩვენ ვიღასთან ვართ გეგმაში შეკრული?! _ იხუვლა ნანულიმ.
ორმა ეჭვიანმა კაცმა ეჭვით შევხედეთ ნაციონალ ნანულის...
ზურა ოშხერელი

