იმპერატორი მაქსიმინუს მიშუს დემენციან აფერისტუსი

იმპერატორი მაქსიმინუს მიშუს დემენციან აფერისტუსი

გადავაგორეთ ახლით ნოემბერი, მაგრამ ძველით მაინც ნოემბერში ვართ 14 დეკემბრამდე. ასე რომ, სწორედ დროულია ჩემი მემატიანური გარჯა.
ნოემბერი რევოლუციების თვეა, მე კი სიტყვა „რევოლუციაზე“, უპირველესად, მიშუს დემენციან აფერისტუსი მახსენდება, რასაც აუცილებლად დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის მოგონება მოსდევს. შემდეგ ისევ ენაცვლება თანამედროვეობა – კიევის „მაიდანი“ ამოიწვერება. მერე, უცბად, ემელიანე პუგაჩოვი ჩამოხტება სტეფანე რაზინთან ერთად და მონა სავმაკიც იქვე აიტუზება.
ახლა არ ჩამეძიოთ, ქართველების აჯანყებები რატომ არ გეზმანებაო, – არ მეზმანება და იმიტომ! მაცადეთ, თქვენი ნებართვის გარეშე მომეზმანოს, ვისაც უნდა, ბიჯოს!
რა საინტერესოა, ნოემბერში რა ხდება „მობუნტავე“ ადამიანების თემუ-ტვინებში 10-15 წელიწადში ერთხელ მაინც.
მას შემდეგ, რაც თითქმის „შიგევროპელებს“ შიგ ევროპაში, ჩეხოსლოვაკიაში, ხავერდოვნად დააწყებინეს 17 ნოემბერს რევოლუცია და ახალ წლამდე მოათავებინეს კიდეც, რევოლუციებზე დაკვირვება დავიწყე. წლებს მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც ნოემბერი გრგვინავს!
ჩეხოსლოვაკიის შემდეგ, რაღაც შესწორებები შეიტანეს და მოცალეობის ჟამს, ძალად „შიგევროპელებს“ საქართველოდან 23 ნოემბერი დაუთქვეს ასევე ხავერდოვანი „ვარდების რევოლუციის“ თარიღად და ვარდებით არბენინეს კიროვზე – ადრე მასე ერქვა იმ ქუჩას;
რევოლუციურ მდინარებებში კიდევ რაღაც არ მოეწონათ, ახალი შესწორებები შეიტანეს, რაღაცებიც ჩაამატეს და უკრაინელ „შიგევროპელ ნატოელებს“ 21 ნოემბერს დაუნიშნეს „ევრომაიდანი“. ეტყობა, იმ დროისთვის ხავერდი გამოელიათ და უკრაინისთვის „შკურკა“ მოიმარაგეს.
ჰოდა, შესაბამისად, იმ ჩვენის გადმონგრეული ციმბირელი ევროპელი ძია ლენინის ოქტომბრის რევოლუციაც ნორმაში ჯდება.
მოლა ნასრედინისა რა იყოს, ვინც იცით, ვინც არ იცის, იმათ აუხსენით, დიდი ოქტომბრის რევოლუცია 7 ნოემბერს რატომ მოხდა, თორემ ორი სხვადასხვა რევოლუცია ეგონებათ ვიღაც „განათლებულებს“ და ტყუილად დაწერს ვინმე ვრცელ არზას. რა ვიცი, შობა და აღდგომა რუსულიაო და რას გაიგებ მაგათსას.... 
წელს მარტივად გადავიტანე ნოემბრის რევოლუციური ზმანებები, რადგან მიშუს დემენციან აფერისტუსი საკანშია, ხოლო ისტორიულად, ნიურნბერგის პროცესის დაწყების 80 წლისთავია.
„ვარდების რევოლუცია“ რომ არ ეხსენებინათ, არაფრით გამახსენდებოდა გაიუს იულიუს ვერუს მაქსიმინუსი, რომელიც ცნობილია როგორც მაქსიმინუს თრაკიელი, რომის პირველი ბარბაროსი იმპერატორი 235-238 წლებში. ამ შემთხვევაში წლებია მთავარია, რადგან თვეები არ ვიცი. თუმცა, დიდი ეჭვი მაქვს, რომ ოქტომბრის ეგიდით ნამდვილად ნოემბერში მოუწყობდნენ ქვედაშვებული ცერის ილეთს.
ამბის მორალი, რომელსაც შეძლებისდაგვარად ხატოვნად და კუჭკუჭ-კუჭკუჭით გადმოგცემთ, ასეთია: არავის უნდა მისცეთ ისეთი ძალაუფლება, რომლის შემდეგაც ის იფიქრებს, რომ ქვეყანა მისი პირადი დუქანია, ხოლო კანონები – დეკორაციები, რომელთა შეცვლაც შეიძლება ხასიათის მიხედვით.
მორალი მორალად, მაგრამ, როდესაც ვიწრო თვალსაწიერის მქონენი ძალაუფლებას ხელში უგდებენ მაქსიმინუსებს, მაშინ ვერ ხვდებიან, რას შვრებიან, ხოლო თუ ვინმე ხვდება და ამბობს, რომ არ შეიძლება კონკრეტული ადამიანისა და მისი საახლობლო წრის მიშვება სახელმწიფოს მართვის სადავეებთან, მას მტრად აცხადებენ – გავლილი გვაქვს ეგ უბედურებაც, მაგრამ ვინმემ ჭკუა ისწავლა?
ჭეშმარიტი შიგევროპელები ვეღარ ახერხებენ, თორემ „იმპერატორ“ მიშუს დემენციანსვე დააბრუნებდნენ ტახტზე და გაბოროტებული შურისმაძიებელი უარესებს ჩაიდენდა...
28 ნოემბერი რა სარევოლუციო თარიღი იყო კრებსითი დემენციანებისთვის, მაინც ვერ გავიგე. ქუჩაში წანწალის წლისთავი?
დედა, ბიჯო, რამდენი იყვნენ! – აგერ, გაახლებთ ფოტოს. „ივერიის“ შენობას რომ აეხორხლნენ ფიჭის მცველი ფუტკრებივით, გული გადამიცივდა, ახლა ერთს რომ უმტყუნოს ხელ-ფეხმა, ხომ დაიღუპება მთელი სამიშეთი-მეთქი, მაგრამ არა, გმირულად იყვნენ ჩამოკიდებულები ვითარცა კელანი, გინა სკორესმოყვარე ბუზნი მწვანენი. რა ექნათ, დაბლა ნემსი არ ჩაეტეოდა და სად წასულიყვნენ? 
მთაწმინდის ფერდი წინდაწინვე ისე ჰქონდათ დაკავებული მთაწმინდაზე დაკრძალვის მსურველებს, რომ მთის გადაღმელები იხვეწებოდნენ, ცოტა შეთხელდით, თორემ ჩვენკენ თუ წამოვიდა ზრიალით მთაწმინდა, აქ ჩვენ გავბრტყელდებით სამკაპიკიანი მამის ჯვარის ლავაშივით და მანდედან თქვენ დაგვეცმევით „დოქტორსკი კალბასის“ ჩეკივითო, მაგრამ ვის ესმოდა. მათი შემხედვარე ალპინისტები გულზე სკდებოდნენ, მაგრამ არ იმჩნევდნენ.
მაქსიმინუსი ბარბაროსი, ღარიბი მწყემსების შთამომავალი და ორ მეტრზე მეტი სიმაღლის იყო თურმე. როგორც ისტორიკოსები გვამცნობენ, მაქსიმინუსი იყო ბოროტი, კონფლიქტებისკენ მიდრეკილი და ადვილად განაწყენებადი პიროვნება. 
მიშუს დემენციანისა არ იყოს, იმ დროს რომში არავინ დაიჯერებდა, რომ, ეთქვათ, ვიღაც ცხვრების მწყემსი ოდესღაც რომის იმპერატორი გახდებაო, მაგრამ გახდა. მიშუს დემენციანის მკურნალი ექიმისთვის ვინმეს რომ ეთქვა, ეს დაცურებული ოდესაღაც საქართველოს პრეზიდენტი გახდებაო, დაიჯერებდა?
ამბავი, რომელსაც მოგითხრობთ, „ჰირამის საიდუმლოა“ და სხვაგვარად გავიგე, მაგრამ საკუთარი შეხედულებისამებრ შესწორებები შევიტანე და ისე გადმოგცემთ – რა ვქნა, მაწუხებს და ვინაიდან არავინ მენაცვალა ღრძილში, სხვაგვარად არ ძალმიძს გართობა.
მაქსიმინუსი იმპერატორის ტახტზე 62 წლის ასაკში ავიდა, რაც დღევანდელ ორასი წლის ასაკს შეიძლება შევადაროთ. ტახტზე ასვლის შემდეგ იმპერატორმა მაქსიმინუსმა ისეთი დემოკრატია დაამყარა, რომ, როგორც დღეს იტყოდნენ, მთელი ევროპა გააოცა. 
ადრე, მისი წინამორბედი იმპერატორების დროს, მხოლოდ ბრბო იყო დამნაშავე და, ძირითადად, მათ სჯიდნენ, მაგრამ მის დროს პატრიციებიც კი სასტიკად ისჯებოდნენ – მკვდარი ძროხის სხეულზე აკერებდნენ, ჯოხებს ურტყამდნენ და ლომებს უყრიდნენ საჯიჯგნად. 
ცხადია, ბრაზობდნენ პატრიციები, ჩვენ, ცისფერსისხლიანები ვართ და როგორ შეიძლება ჩვენი ძროხის უკანალში შეტენვაო? ჩვენ რომულუსისა და რემუსის შთამომავლები ვართ, – ეს რა ხდებაო, სადამდე დავეცით ძვირფასო რომაელებოო?! მაგრამ ვერაფერი გააწყვეს. 
რას ვიზამთ, ჩვენ გვაქვს დემოკრატია და ყველა თანასწორია კანონის წინაშე. მადლობელი იყავით, რომ ძროხის უკანალში გტენით და არა კურდღლისაში! არანაირი კლასობრივი უთანასწორობა არ არის, თქვენ ყველანი ბედნიერი მოკვდებით, – მხრების აჩეჩვით დამაჯერებლად პასუხობდა მაქსიმინუსი და პატრიციები უხალისოდ, მაგრამ მორჩილად კვდებოდნენ ძროხის უკანალში. დანამდვილებით ვიცი, რომ ძროხის უკანალში შეტენილი პატრიციების ცოლები და საყვარლები დიდად არ ინაღვლებდნენ, ვინ სად შეტენეს – არ არის ერთი, იქნება მეორე... 
ეჭვგარეშეა, მაქსიმინუსი ინერვიულებდა საკუთარი ბიოგრაფიის გამო და წარმოიდგენდა, როგორ დასცინოდნენ ზუგსუკან – იმპერატორი ხომ ახალგაზრდობაში ერთი პროვინციელი, გაუწონასწორებელი სოფლელი მეცხვარე იყო, ამიტომ მან ბავშვობისა და ახალგაზრდობისდროინდელი ყველა მეგობარი სიკვდილით დასაჯა. 
– დიდი ბოდიში, მეგობრებო, – ეტყოდა თავის მეგობრებს, – ახლა მე თანამდებობაზე ვარ და ოქროს გვირგვინი მადგას თავზე. ხელფასი დიდი მაქვს. ფუფუნება და პატივში ვარ. თქვენ კი ზურგსუკან ილაპარაკებთ, რომ მე ახალგაზრდობაში ცხვრის კუდებს ლოკონებად ვახვევდი და ყველა ჩემზე იღლიცინებთ.
მართალი ხარ, მაქსიმინუს, სწორედაც რომ ვიჭორავებთ, სხვა რითი გავერთოთ, როცა ამფითეატრს არავინ გვიშენებს და სანახაობა არ გვაქვს, ხმელა პური კი ძალიან მოგვბეზრდა, კუჭში ძლივსღა გავდივართ, ყველას ბუასილი გვაქვსო, – უპასუხებდნენ მისი მეგობრები, როგორც კლასიკური ძველი რომაელები და პურჭყებ-პურჭყებით საკუთარი ნებით ჯალათთან რიგში დადგებოდნენ, თავი რაღა ჩემ ფეხებად გვინდაო. 
მაქსიმინუსი ასევე მოკლავდა იმ რამდენიმე ადამიანს, ვინც ადრე მას ფულს აძლევდა, როცა ღარიბი იყო; მათ, ვინც მას ეხმარებოდა გაჭირვების ჟამს, მაგრამ არ მოკლავდა ქალებს, რომლებმაც თინეიჯერ მაქსიმინუსს გასართობად ოდესღაც რაღაც მისცეს. როგორც ყოველთვის, ახლაც ცუდს ნურაფერს იფიქრებთ, ხომ შეიძლება, რომ ვთქვათ, ჩიკორი ან თმის სარჭითა და ფოხანიდან გამოძრობილი რეზინით გაკეთებული შურდული ვიგულისხმე...
ახლა ისეთი დროა, ვერავის ვერ დაეყრდნობი. ის კარგი ბიჭია, კი დამეხმარა, რომ რომის იმპერატორი გავმხდარიყავი, მაგრამ რამდენჯერაც საჭიროდ ჩათვლის, იმდენჯერ წამომაყვედრებს. ამიტომ, სჯობს, ყელი გამოვჭრა, – არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა, არაფერი დაშავდება ამით, – იმსჯელებდა თავისთვის და მაინცდამაინც საფერფლეს თუ არა, რამე ისეთს მაინც ჩაათხლეშდა თავში, რაც სიცოცხლეს მოუსწრაფავდა.
მან წინამორბედი იმპერატორის, ალექსანდრე სევერუსის (222-235 წ.წ.) ყველა მსახური, ალბათ, ამ სიტყვებით გაყარა სასახლიდან ქუჩაში: „მოსამსახურეების შტატები ძალიან გაბერილია. რომის ბიუჯეტი ცარიელი დამხვდა. კრიზისი გვაქვს. პერსონალის შემცირება გვიწევს. ჭმუნვა არ დავინახო, – მადლიერნი უნდა იყოთ, ძელზე რომ არ გაკრავთ, ან ძროხის უკანალში არ გტენით”.
ერთ დღეს მაქსიმინუსმა მის წინააღმდეგ შეთქმულების შესახებ შეიტყო და 4000 ადამიანი მოკლა - ორგანიზატორები, მათი ყველა თანამებრძოლი, მათი მეგობრები, ნათესავები და ყველა, ვინც იმ დროს სამი კილომეტრის რადიუსში იმყოფებოდა მათგან, სოკოს საკრეფად ან ფიჩხის შესაგროვებლად წასული. 
ადვილი წარმოსადგენია ორი მეტრის სიმაღლის მწყემსი, რომელიც ველურზე ოდნავ ადამიანურია, მაგრამ ჯანიანია და ეჭვები სტანჯავს შიშებთან ერთად, როგორი დაუნდობელი იქნებოდა.
ერთხელ მის წინააღმდეგ აჯანყება მოაწყვეს მესოპოტამიაში, სადაც სამხედრო პირებმა ერთი ვიღაც კვარტინუსი გამოაცხადეს მის მაგივრად იმპერატორად. მაქსიმინუსმა წერილი გაუგზავნა მათ: თქვენ ხომ არ გადარეულხართ, ძვირფასო ამბოხებულებო, რას კადრულობთ?! ვინც გადამირჩებით, მთელი ცხოვრება ექიმბაშებისთვის მოგიწევთ მუშაობა“.
ძველ რომში ექიმბაშები დღევანდელ ექიმებზე გაქნილები და აფერისტები იყვნენ, ეკალი რომ შერჭობოდა ლეგიონერს ფეხში, ეკლის ამოძრობის დროს კიდევ უფრო ჩააჭერდა და ააყმუვლებდა ფეხმტკივანს, ვითომდა, აი, ნახე, როგორ ვირჯებიო. ექიმბაშის ხსენებაზე ამბოხებულები შეშინდნენ და კვარტინუსი მოკლეს. მაქსიმინუსმა გონიერებისთვის მადლობა გადაუხადა მათ და ყველანი სიკვდილით დააჯილდოვა, მცირე ხანში კი გამოაცხადა: წინდაწინ ვაცხადებ, 65 წლის რომ გავხდები, არ გავალ პენსიაზე, კანონით ვზრდი იმპერატორების საპენსიო ასაკსო, მაგრამ ჩაეშალა სამარადისო იმპერატორობა, ზოგიერთებივით 9 წელიც კი ვერ გაქაჩა, მხოლოდ სამი წელი იიმპერატორა.
მაქსიმინუსმა სამი წლის განმავლობაში ისეთი უინტერესო დემოკრატია დაამყარა რომში, რომ მაქსიმინუსის დემოკრატიაცა და თვით იმპერატორიც ყველას ძალიან მობეზრდა. 
რა ვქნათო და, მის წინააღმდეგ სამი აჯანყება მოეწყო. აღტკინებული მაქსიმინუსი გამოეწყო და თავისი არმიაც გამოაწყო მათ ჩასახშობად, მაგრამ რომის მისადგომებთან დაბანაკებულ ლეგიონერებს არ უნდოდათ არსად წასვლა, მშვენივრად კოტრიალობდნენ ძროხის უკანალში გაგუდული პატრიციების ქალებთან, ამიტომ შეთქმულება მოუწყვეს მას. დიდი ტაქტიკური ხასიათის მსჯელობის შემდეგ ისინი მის “ბრონირებულ” კარავთან მივიდნენ და ტკბილად უთხრეს: თქვენო უიმპერატორესობავ, ერთი წუთით გამოდით. ჩვენ აქ ახალი მეთოდი მოვიფიქრეთ თუ როგორ დავამარცხოთ და დავსაჯოთ ამბოხებულებიო.
დასჯის ახალი მეთოდით დაინტერესებული მაქსიმინუსი აღფრთოვანებული გავიდა მათთან, დატოვა “ბრონირებული” კარავი და ლამიტოპიასავით ერთი ნაბიჯი დასჭირდა, ისე დაერჭო თავის ლეგიონერებთან. მათაც არ დააყოვნეს და რომაული ხმალი გლადიუსი გაუყარეს შიგ მარჯვენა თვალში, მერე თავი მოკვეთეს და მოკვეთილი თავი რომში ზარ-ზეიმით გააგზავნეს.
მოკლეს მისი ვაჟიც, რათა მამამისისთვის არ მიებაძა. დახოცეს მისი ოჯახის წევრებიც, მისი გენერლებიც, მეგობრებიც, მისი ძაღლიც და ორი იადონიც რომ უნდა მოეკლათ, გაუფრინდნენ ჩიტები. ორი ლეგიონერი დაედევნა გაფრენილ იადონებს, მაგრამ ჩიტებს ვინ ჩივის, ისინიც აღარავის უნახავს. სავარაუდოდ, ჩიტებმა პატრონის სიკვდილი ძალიან იდარდეს და გულები გაუსკდათ, ჩიტების სიკვდილის შემსწრე გულაჩუყებულმა ლეგიონერებმა კი ჯერ ჰარაკირი გაიკეთეს და შემდეგ ხმელთაშუა ზღვის საყელოიან ზვიგენებს ჩაუხტნენ ყბაში.
გლადიუსი 60 სმ-ის მახვილია – საინტერესოა, სპილენძის გლადიუსი რანაირად უმკლავდებოდა რკინის გლადეუსს შერკინებისას, ახლა ამაზე ფიქრმა უნდა გამაწამოს?
ისე, რომაელებს გაუმართლათ, რომ ეს კაცი შემოქმედებითი ადამიანი იყო, სიკვდილით დასჯის ახალი მეთოდების ცნობისმოყვარეობამ აიძულა “ბრონირებული” კარავიდან გამოსვლა, თორემ რა გამოიყვანდა იმ კარავიდან. მისი ამბავი რომ ვიცი, ზედ პარმაღზე გაიბოტებოდა და ისეთ თრაკიულ გინებას მოსცხებდა, ყველას ყურის ანთება დაემართებოდა.
მონეტაზე, რომელიც გაახლეთ, გამოსახულია იმპერატორი მაქსიმინუსი, რომელიც წვეულებისთვის ხორცის ნაჭრებს ამარინადებს. თუ ძალიან შეგვძულდა მაქსიმინუსი, დავაბრალოთ, რომ მისი ოპონენტების ხორცის ნაჭრებისაგან ამზადებს სამწვადეს. ალყა-ალყად დაჭრილი ხახვი მონეტაზე არ აღიქმება, თორემ იქვე დევს, კვნიტი მარილის გვერდზე...

ზურა ოშხერელი