"ოსმანა" და "ალია" ჩემთვის ორივე ერთია!

"ოსმანა" და "ალია"  ჩემთვის ორივე ერთია!

რა დროს ანეკდოტია, მაგრამ ის მაინც დაიბადა _ ებრაელი ბავშვი მამას ეუბნება, გეოგრაფიის მასწავლებელმა მითხრა, რომ ჩემი გეოგრაფიის ატლასი ძალიან გაცვდა და ახალი ატლასი უნდა მიყიდო. მოშემ თავი მოიქექა და უთხრა: გადაეცი შენს გეოგრაფიის მასწავლებელს, რომ არ ვაპირებ ფული გადავყარო ახალი ატლასის ყიდვაში მანამ, სანამ მსოფლიო გადანაწილება არ დამთავრდება!
ეტყობა, მოშემ პეტერბურგში გამართულ ეკონომიკურ ფორუმს უცქირა...
მსოფლიო სურათი ასეთია _ ყველაფერი გადაფარა ირან-ისრაელს შორის ატეხილმა ომმა, რომელსაც ისრაელის მხარე რატომღაც `ოპერაციას~ უწოდებს. თუმცა, რაღა `რატომღაც~, ისრაელის ხელით პროქსი-ოპერაცია განიზრახეს, მუცელი უნდა გაუჭრან ირანს და იქიდან ისეთივე სიცარიელე ამოუყვანონ, როგორიც ერაყში ამოიყვანეს _ შევცდით, არა ყოფილაო, ფინალში რომ თქვეს. ტყუილად არ უთქვამს ფაშისტების შთამომავალ გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს, `ეს არის ბინძური სამუშაო, რომელსაც ისრაელი ყველა ჩვენგანისთვის აკეთებსო~...
მძულს ის ჩასაფრებული ორსახოვანი მსოფლიო, რომელიც დახოცილ ბავშვებს ეროვნული ნიშნით დაიტირებს ხოლმე და ისიც, ყასიდად. ასეთ ბოროტ მსოფლიოს ომის მონაწილე ყველა ქვეყნის მოსახლეობა ფეხებზეც არ ჰკიდია, რაც მეტი იქნება მსხვერპლი და ნგრევა, მით უკეთესი იქნება მისი სამომავლო გეგმებისთვის... 
რაც მერცმა თქვა, რატომ არ აიტაცეს და მის განხილვას არ შეუდგნენ? იმიტომ, რომ მხოლოდ `ბინძური სამუშაო~ გაიგეს და სხვა ვერაფერი, ან არ უნდოდათ და არ გაიგეს...
ექსპრეზიდენტ მიშელ აუნის (ლიბანელი პოლიტიკოსი, ქრისტიანი) თქმით, ისრაელის დამარცხება უნდა გაუხარდეს ყველა ქრისტიანს, რადგან ისრაელი ირანთან ომში სწორედ იმიტომ ჩაება, რომ გაამეფოს ანტიქრისტე (მოშიახი) და ქრისტიანული სამყარო დაამარცხოს. ირანის დამარცხების შემთხვევაში, ისრაელს გაეხსნება გზა, რომელიც საბედისწერო იქნება ქრისტიანული სამყაროსთვის _ ისრაელს ალ-აქსას განადგურება და მის ადგილზე მოშიახის გამეფება სურს. 
ძალიან მიკვირს საქართველოს იმ `გენიოსი~ მოქალაქეების, ვინც ხარობს, ისრაელის ნასროლი რაკეტა შიგ შაჰ-აბასში მოხვდა ირანსო, ან პირიქით, ირანის ნასროლი რაკეტა შიგ კოკორში მოხვდა მოშიახსო.
რა დროს XVII საუკუნე და შაჰ-აბასია, თორემ არც სიონისტურ რეჟიმს ვუსურვებ `გაფუჩქვნას~ და არც საქართველოს ისტორია დამვიწყებია _ ირანს `მოძმეს~ როგორ ვუწოდებ, მაგრამ თუ იდიოტი არ ხარ, ისიც უნდა გახსოვდეს, რომ ლამის ორსაუკუნე-ნახევარია, ირანს არაფერი დაუშავებია საქართველოში, ისრაელმა კი აგერ ახლახან, 2008-ში დაგვიშავა, როცა რუსეთს ჩვენი საჰაერო თავდაცვითი კოდები გადასცა... და კიდევ რაღაცებს აღარ გავიხსენებ, რადგან სხვა თემაა... 
ზოგადად, ისე აირია სიტუაცია, რომ ვფიქრობ, თვით ამრევებიც გაებნენ საკუთარ არეულში, ვეღარ ალაგებენ, როგორ გამოვიდნენ შექმნილი სიტუაციიდან ისე, რომ არც მათი პრესტიჟი შეილახოს და სიტუაციაც ჩაწყნარებისკენ წავიდეს.
დაზვერვის შეფი ჰაბარდი: `სადაზვერვო სამსახურები კვლავაც მიიჩნევენ, რომ ირანი არ ქმნის ბირთვულ იარაღს. უზენაეს ლიდერ ჰამეინს არ გაუცია ბრძანება ბირთვული პროგრამის განახლების შესახებ, რომელიც მან 2003 წელს შეწყვიტა.~ `ჩვენი სადაზვერვო სამსახურები აგრძელებენ თეირანის მონიტორინგს.~ _ 2025 წლის 25 მარტი. შეკითხვა: მაშ, რატომ დაიბომბა ირანი? 
ახლახან ტრამპს ჰკითხეს, რატომ თქვა მარტში ჰაბარდმა, რომ ირანს არ აქვს პოტენციალი ბირთვული იარაღის შესაქმნელადო. ტრამპმა უცერემონიოდ უპასუხა: `ჩვენი დაზვერვა ცდება!~
ასეთი შეფასებით ის იკითხება, რომ ტრამპს დაზვერვის შეფი მეორეხარისხოვნად მიაჩნია და `ლაფატკაზე დადო~. ჰაბარდმა მედია გამოიყვანა დამნაშავედ და განაცხადა, რომ ირანს შეუძლია ბირთვული იარაღის შექმნა კვირების ან თვეების მონაკვეთში, თუ ამას გადაწყვეტენ. ჰოდა, მოდი და რამეში ენდე ამათ!
`ფირდოუ~, შესაძლოა, ძალიან ღრმა იყოს ბირთვული იარაღის გარდა, ყველაფრისთვის~, _ განაცხადა ტრამპმა.
ლოგიკური შეკითხვა დაგებადება ადამიანს: ყველა ერთდროულად გაგიჟდა?
`გახსოვდეთ, რასაც ვიტყვი _ ობამა ირანს თავს დაესხმება იმის საჩვენებლად, რამდენად მაგარია ის~, 2013 წელს თქვა დონალდ ტრამპმა და ახლა თვითონ მოუნდა მაგარბიჭობა?
ტრამპის თქმით, აშშ-მა ირანში სამი ბირთვული ობიექტი დაბომბა: ფორდოზე, ნათანზისა და ისპაჰანზე, რის შემდეგაც მშვიდობა დამყარდება.
ტრამპი რომ მოწოდებით შოუმენია, უკვე ბევრჯერ ვნახეთ, მაგრამ ახლა რას ოხუნჯობს ნეტავ?
სატელიტიდან გადაღებული კადრები ვნახეთ და ირანის პარლამენტის წევრ მანან რაისიდან დაწყებული, ყუმში ბოლო მცხოვრებით დამთავრებული, იმას ამტკიცებს, რომ ბირთვულ ობიექტ ფორდოუზე სერიოზული დაზიანება არ არის, მხოლოდ მიწისზედა ნაგებობები დაზიანდა, შესაბამისად, არც არანაირი რადიაციული გაჟონვა არ არის.
ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მას არ შეუძლია ირანის ბირთვული პროგრამის დემონტაჟის დადასტურება, მაგრამ ის, რომ სერიოზულად დაზიანდა, იცის თუ სჯერა.
აშშ-ს სენატორმა ბერნი სანდერსი: `ერთადერთი ინსტანცია, რომელსაც აშშ-ის ამ ომში ჩათრევა შეუძლია, ეს არის აშშ-ის კონგრესი. პრეზიდენტს ამის უფლება არ აქვს!~ _ საინტერესოა, ტრამპმა თუ იცის...
თუ ვიღაცა ბირთვული იარაღით ბომბავს ლაბორატორიას ირანში იმის გამო, რომ არ იცის, მაგრამ აინტერესებს და ფიქრობს, ვაითუ ბირთვულ იარაღზე მუშაობენო, ნორმალური რანაირად არის _ მისი ბომბი კანფეტებს ისვრის? აა, ეს ამბავი ასეა: დედა, რა კარგია ამერიკული ბომბი?
ჩვენთვის, ვინც არ ვფიქრობთ, რომ აუცილებლად უნდა გაგვიხარდეს რომელიმეს გამარჯვება ან დამარცხება, ისრაელიცა და ირანიც, ორივე ერთია _ ოსმანაც და ალიაც, მაგრამ არის ისეთი დიდი `მაგრამ~, რის გამოც მათი სერიოზული წაკიდება არ უნდა გიხაროდეს და აი, რატომ: თუ აშშ ამ ბომბს მართლა გამოიყენებს ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფლებლად ან `პროფილაქტიკის მიზნით~, მსოფლიოში მისი გამოყენება უკონტროლო გახდება!
ტარანი თვლითააო და, ყველაზე მეტი ბომბი რუსეთს აქვს, აშშ-ზე 589 ცალით მეტი, შემდეგ მოჰყვება დანარჩენი მსოფლიო. ვინ არის გარანტი, რომ ჩრდილოეთ კორეა ან პაკისტანი არ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს და როგორც აცხადებენ, თუ აშშ ირანის წინააღმდეგ გამოიყენებს ატომურ ბომბს, ისინი ისრაელს გააქრობენ?
რამ შეაძულა ამ ხალხს ასე პლანეტა დედამიწა, ვერ გამიგია...
კარგი, საკუთარი გავარვარებული თავების გარდა, არავინ უყვართ, მაგრამ როგორ წარმოუდგენიათ ნეტავ, ის თავიანთი თავები დედააფეთქებულ დედამიწაზე?
`რუსეთი აფრთხილებს აშშ-ს, არ ჩაერიოს ირანის წინააღმდეგ მოქმედებებში, რადგან ამას, შესაძლოა, უკონტროლო შედეგები მოჰყვეს~, _ განაცხადა `კრემლის ხმამ~, მარია ზახაროვამ. 
`ყველას, ისრაელის თავდაცვის მინისტრსაც კი, თავისი ხმამაღალი განცხადებებით ჰამეინის ბედის შესახებ, უნდა ესმოდეს, რომ ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმები უკიდურესად სახიფათოა და შეიძლება, ჩერნობილის ტრაგედია განმეორდეს~, _ განაცხადა დმიტრი მედვედევმა. საუბარია იმაზე, რომ ისრაელ კაცმა ალი ჰამეინს `თანამედროვე ჰიტლერი~ უწოდა და განაცხადა, არ შეიძლება მან სიცოცხლე ან არსებობა განაგრძოსო. 
`ტელეგრაფის~ ინფორმაციით, დიდმა ბრიტანეთმა და ევროპის ქვეყნებმა ტრამპი გააფრთხილეს, რომ აშშ-ის ირანზე ნებისმიერმა თავდასხმამ, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას სრულიად დასავლეთს და ტერორისტული თავდასხმების ტალღებმა გადაუროს მთელ ევროპას. გამოცემა ვარაუდობს, რომ ტრამპმა შესაძლოა, ეს არგუმენტები გაითვალისწინოს, მით უფრო, რომ წარსულში თვითონ იყო ირანის ხელისუფლების სამიზნე დაქირავებული...
ფაქტი ის არის, რომ ისრაელის ამბიციები საფრთხის ქვეშ აყენებს მთელ რეგიონს _ ასეთ დროს აღარ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის მართალი. 
როდესაც ამბობ, რომ ბირთვული ირანი საფრთხეა, ეს ნიშნავს, რომ გეშინია, ირანმა როდესმე არ გამოიყენოს ბირთვული იარაღი, ხოლო, როდესაც შენ უკვე ბომბავ ბირთვულ ობიექტებს, თავად აკეთებ იმას, რა პოტენციურ საფრთხეზე საუბრითაც დაიწყო ეს ომი _ რა ჰქვია ამას, სახელსაც ვერ ვუძებნი. 
ხომ ადვილი დასანახია, რომ ირანი არ ჰგავს პალესტინას და არც აშშ-ის მიერ განადგურებულ ერაყს, ლიბიას, სირიას... რომ არ უნდათ და არ აწყობთ, ისეთი ქვეყნებიც დაუდგებიან ირანს გვერდზე და ისე იზამენ, რომ მთელ ისლამურ სამყაროს გააერთიანებენ, მათ შორის, აშშ-ის მოკავშირე საუდის არაბეთსა და ეგვიპტესაც. ომში აუცილებლად ჩაერთვება ლიბანური `ჰესბოლაც~ და ომი ახლო აღმოსავლეთში უსაშინლეს სახეს მიიღებს.
თბილისიდან თეირანამდე 1217 კმ-ია _ ძალიან შორს არის? იმ `საყვარელი ბომბის~ მოქმედების გავრცელების რადიუსი 2000 კმ ყოფილა...
ირანსა და ისრაელს შორის რა ხდება, მხოლოდ ის ვიცით; დანარჩენი _ ისრაელს ისე აქვს ჩაკეტილი ინფორმაციის გაცემა, ჭორს ვიგებთ თუ სიმართლეს, რას დაარტყა ირანმა ისრაელში, ეშმაკმა იცის. მაშასადამე, ირანს უნდა დავუჯეროთ; ხდება პირიქითაც, _ ეს კი არა, გარდაცვლილად გამოცხადებული ირანელი გენერალიც კი გამოჩნდა.
კი ვთქვი, ჩემთვის ოსმანა და ალია ორივე ერთია, მაგრამ `თუ~-ობითში ვიცხოვროთ? თუ ისრაელმა მართლა დააზიანა, თუ ააფეთქა ირანის ბირთვული რეაქტორი, იმას ვინღა გვეტყვის, რეაქტორებიდან რადიაციამ გაჟონა, თუ არ გაჟონა და თუ გაჟონა, რა დონით გაჟონა? _ რუკის წაკითხვის მცოდნე ჭირს, თუმცა ვინც კითხულობს, ის დუმს _ ძალიან ახლოს ვართ კონფლიქტის ზონასთან...…და მესამე მსოფლიო ომთან!
აშშ-ის მიერ გამიზნულად გაუბედურებულ ჰიროსიმასა და ნაგასაკის აღარ ვახსენებ, რა აზრი აქვს, შერჩა ხახვივით ამერიკას თაობების გაუბედურება, მაგრამ `დაუგეგმავი ჩერნობილი~ კარგი იყო? _ ახლა ამაზე არ მინდა დაწვრილებით ვილაპარაკო და თუნდაც ჩემი დეიდაშვილი დავზაფრო, რომელიც იმ დროს ოდესაში ცხოვრობდა მეუღლესთან ერთად და იმ დღეს ბოლოკის ამოსაღებად იყო სამსახურიდან წაყვანილი; არც იმაზე, რადიაციული ღრუბელი საით წავიდა და მასობრივად რა გამოიწვია... 
ისედაც ჰაერ-მიწიდან შხამქიმიკატებით, ნელი `ბომბით~ დაწამლულ ერთ მუჭა ქართველებს რადიაცია და ქიმიური დაბინძურება გვეჭირვება? _ მე ჩემსას ვწუხვარ...
რუსეთმა და თურქეთმა მკაცრად დაგმო აშშ-ის ქმედებები, `საერთაშორისო სამართლის დარღვევად და რეგიონულ და გლობალური უსაფრთხოების საფრთხედ მოიხსენია და გუნდურად აჰყვნენ სხვებიც.
დედას ვფიცავარ, ზოგჯერ მეშინია ამ თავგახურებული ხალხის და ავყვები ხოლმე, თორემ მინსკში, `ბატკასთან~ ჩასულ დელეგაციაში რომ ამერიკიდან ჩასული გენერლები აბრჭყვიალდნენ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში ჩაფრინდა და ისრაელს რკინის გუმბათი საცერივით გაუხდა, კი გამიმყარდა ის აზრი, რაც იმთავითვე ამეკვიატა. კი ვხუმრობ ტრამპზე, `მშვიდობის მტრედია~-მეთქი, მაგრამ ნამდვილად მჯერა რომ ომისმოყვარე არ არის.
ეს გაცვეთილი შოუმენი ისე მოიქცა, რომ ყველა კმაყოფილი დარჩა: `დიფ-სტეიტიც~, მისი ებრაელი სიძე და ებრაელი სპონსორებიც, ფანატიკოსი ბუნებისდამცველებიც, თვით ირანელებიც და კიდევ ვინ მოთვლის, რამდენი `გუნდი~, თვით პაკისტანიც კი, რომელმაც დაგმო აშშ-ის ქმედება და დაემუქრა, არ ისროლო ბირთვული, თორემ მეც ვისვრიო, ტრამპის სანუკვარი ოცნება გაახმოვანა _ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინა.
ათასნაირ აბსუდულ ფორმატში რომ ვიღებთ მონაწილეობას, _ ახლა ის დროა, რომ მთელი სამეზობლო ქვეყნები სასწრაფოდ ვერთიანდებოდეთ მშვიდობის გარშემო, მათ შორის 3+3 ფორმატში, ან შევქმნათ ჩვენი ეროვნული და სამშვიდობო ინტერესებიდან გამომდინარე ფორმატი და იქით შევთავაზოთ მასში გაერთიანება სხვებს და მინიმუმ, ერთობლივ ნოტას ვუგზავნიდეთ აშშ-ს.
ვინაობის დასახელების გარეშე იმ რეგვენების გასაგონად, ვინც ფიქრობს, რომ ირანზე დარტყმით ისრაელმა და აშშ-მა რუსეთის ეკონომიკას დაარტყეს _ ნავთობის ფასი უსწრაფესად იზრდება და პატარა, მაგრამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის შემთხვევაში, სწორედ რუსეთი გახდება ნახევარი მსოფლიოსთვის ერთადერთი ნავთობმიმწოდებელი.
ირანის პარლამენტმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება ჰორმუზის სრუტის გადაკეტვის შესახებ და ახლა, ამ დროისთვის, როდესაც ვწერ, ირანს ეხვეწებიან, ეგ არ ქნაო...
`ეგ არ ქნა~ კი არა, ისრაელ-ირანი, სრულიად აღმოსავლეთი, აშშ და მსოფლიო სამშვიდობოდ რომ დალოცა დონალდ ტრამპმა, არიქა, ომი დამთავრდაო, ეს ამბავი როგორ არის?
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, არანაირი ხე;ლშეკრულება არ დადებულა, მშვიდობა თუ უნდა ისრაელს, შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებებიო და ჯავრიან გულზე ხან მარჯვნივ გაუშვეს რაკეტები და ხან _ მარცხნივ.
რას თამაშობენ, არ ვიცი, ოსმანა და ალია, ორივე თათარია _ მე ჩემსას ვწუხვარ!
 
მაკა ჯაყელი