საქართველო საქართველოა! არც ევროპაა და არც აზია

საქართველო საქართველოა! არც ევროპაა და არც აზია

როგორც ვხედავ, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, საქართველოს არსებული ხელისუფლებაც ნელ-ნელა გამოდის ევროკავშირის ხიბლიდან.
საქართველოს არსებული ხელისუფლების წინამორბედმა   იცოდა, რომ უფასო ყველი სათაგურშიც აღარ არის, მაგრამ, რადგან პირადი გამორჩენა ჰქონდათ და თავიანთი ხელისუფლებაც გარე ძალებისადმი მორჩილებით ეკავათ ხელში, თანახმა იყვნენ ვასალურ ჩამოკიდებულობაზე. ამიტომაც აიკვიატეს ნატო-სა და ევროკავშირში გაერთიანება.
ამასწინათ ჯეფრი საქსის ინტერვიუს მოვუსმინე, რომელიც ტაკერ კარლსონს მისცა. კაცი გარკვევით ხსნის, ხალხმა რუკა უნდა აიღოს ხელში და დააკვირდეს, რომ საქართველო სამხრეთ კავკასიის რეგიონში მდებარეობს, რუსეთის სამხრეთში, კასპიისა და შავ ზღვას შორის. შემდეგ კი თქვან, არის თუ არა ეს რეგიონი ჩრდილოატლანტიკური სივრცის ნაწილი. საქართველო უფრო აზიური ქვეყანაა, ვიდრე ევროპული, რადგან სადემარკაციო ხაზი ევროპასა და აზიას შორის, კავკასიის მთებზე გადის. მაშასადამე, აზიურ ქვეყანას ვეპატიჟებით ნატო-ში? კიდევ ერთხელ დახედონ რუკას. საქართველო შემთხვევით არჩეული ქვეყანა არ ყოფილა. მისი ნატო-ში გაწევრიანებით რუსეთის ალყაში მოქცევისა და შავი ზღვიდან მისი განდევნის პროცესი დასრულდებოდა. ეს პალმერსტონის 1853 წლის დოქტრინას ეფუძნება, რომელიც შემდეგ ბზეჟინსკიმ 1997 წელს აღადგინა, ხოლო 2008 წელს მის განხორციელებას ჯორჯ ბუში შეეცადა.
ელემენტარული შეკითხვა გაგიჩნდება ადამიანს, თუ საქართველო უფრო, ან სრულად აზიურ ქვეყნად არის აღიარებული და ამიტომ სასაცილო ამბავი იყო მისი ნატო-ში გაწევრიანება, ანუ საბრძოლო პოლიგონად მოიაზრებოდა მხოლოდ, ევროკავშირში რანაირადღა ვწევრიანდებით იგივე აზიური ქვეყანა? საერთოდ, პატარა საზღვარი მაინც თუ გვაქვს ევროპის რომელიმე ქვეყანასთან? პირიქით, იმხელა შავი ზღვა გვყოფს ევროპისგან, ჩრდილოეთით რუსეთია, სამხრეთით კი ის ნატო-ს წევრი თურქეთი, რომელიც ოცდაათ წელზე მეტია, რაც ევროკავშირის კარსაა მიმდგარი და წევრად არ იღებენ. 
საქართველოს ევროპის სიყვარულით დაბრმავებულმა მოქალაქეებმა და არა მხოლოდ მათ, ვერ შეიგნეს, რომ ევროკავშირი ქვეყანა კი არ არის, არამედ პოლიტიკური ორგანიზაციაა, რომელშიც ევროპული სტრუქტურები იღებენ გადაწყვეტილებებს კვოტების, გრანტების, დახმარებების განაწილებაზე, ან სანქციებისა და ჯარიმების დაწესებაზე, რაც მხოლოდ და მხოლოდ მათი ინტერესებიდან გამომდინარეობს. აქამდე მათი მთავარი პარტნიორი აშშ იყო. ასე რომ, მისი ინტერესებიც იყო გათვალისწინებული და კიდევ, ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი შემქმნელისა, რომელიც თავადვე გაიქცა თავისი შექმნილიდან _ ინგლისი. მარინ ლე პენის გამარჯვების შემთხვევაში, საფრანგეთიც დატოვებდა თავისივე შექმნილს. ორბანმაც გამოთქვა იგივე აზრი, როდესაც 20 მლრდ ევრო დაკარგა უნგრეთმა იმის გამო, რომ არალეგალურ მიგრაციასა და სკოლებში ლგბტ პროპაგანდაზე განსხვავებული აზრი დააფიქსირა. 
ამასწინათ, სერბეთში სტუმრად მყოფმა სლოვაკეთის პრემიერმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ დროა, ცენტრალურმა ევროპამ თავისი ხალხი დაიცვას და არა ბრიუსელის ბიუროკრატები. მისი სიტყვებია, რომ საჭიროა ოთხ სლავურ ქვეყანას შორის ახალი ალიანსის შექმნა, რადგან შესაჩერებელია ბრიუსელის სიგიჟის პოლიტიკა. ეს ოთხი ქვეყანაა: სლოვაკეთი, პოლონეთი, უნგრეთი, ჩეხეთი.
სამიოდე დღის წინათ თქვა ვიქტორ ორბანმა, რომ ბრიუსელს ფული არ აქვს, ის წევრი სახელმწიფოების ფულს უგზავნის უკრაინას. დროა, ეს შეწყდეს და მშვიდობა დადგესო, _ ასე მხოლოდ ორბანი არ ფიქრობს. ევროკავშირის არცერთ წევრ სახელმწიფოს არ მოსწონს, რომ მისი ფული მისი სურვილის საწინააღმდეგოდ სხვა ქვეყანაში გაედინება და ისიც ომის გასახანგრძლივებლად. 
თუ რუკაზე დახედვა არ უნდა ვინმეს, რადგან რუკას ვერ კითხულობს და არც იმის დაჯერება უნდა, რომ საქართველო უფრო აზიად განიხილება, ის მაინც გაიაზროს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებით ხდება და არა ქვეყნის განვითარების ინდექსით. ასე რომ არ ყოფილიყო, საქართველო დიდი ხნის წინათ მიიღებდა სანუკვარ სტატუსს, რადგან ყველანაირი ინდექსით უსწრებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს, წევრ ქვეყნებსაც და დამატებით კიდევ ნატო-ს წევრ ქვეყნებსაც. 
საქართველოს მოქალაქეების გაუთვითცნობიერებელი ნაწილის ფანტაზიებში ისეა საქმე დალაგებული, რომ ევროკავშირში მოხვედრისთანავე მოგვარდება მისი და სხვისი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები და აშენდება ყველა. ელემენტარული ვერ გაუაზრებიათ, რატომ არ იქნება ასე, აკი ემიგრანტები „ბევრ ფულებს აგზავნიან“. „ფული, ბაბაია, ფული“ ხალხი, ვერც ვერასდროს გაიგებს, რას ნიშნავს ეროვნული სუვერენიტეტის დაკარგვა...
„ფული, ბაბაია, ფული“ ხალხი ვერც იმას გაიგებს, რატომ არ ასრულებს საქართველოს ხელისუფლება ევროპიდან წამოსულ ყველა „საშინაო დავალებას“, რომელთა შესრულება ვითომ შიგ ევროპაში ისე კომფორტულად ჩაგვსვამს, რომ უშრომელად და უზრუნველად ვიცხოვრებთ.
„ფული, ბაბაია, ფული“ ხალხი მშვიდობასაც ვერ აფასებს, მათთვის მთავარია, ევროპაში იგრძნონ თავი და ფული ჰქონდეთ, მერე რა, თუ ომი იქნება საქართველოში, თვითონ ხომ ევროპაში იქნებიან.
რასაც ევროკავშირი საქართველოში აწყობდა აშშ-სთან ერთად და ახლა ეულად დარჩენილი იგივეს განაგრძობს, რომელ ევროკავშირში უნდა მინდოდეს და რატომ? 
რაც ახლახან ევრონესტის რეზოლუციის ტექსტში დაამატეს ისეთი ჩანაწერები, რომ საქართველოს მუდმივმოქმედმა საპარლამენტო დელეგაციამ განაცხადა, მონაწილეობას აღარ მივიღებთ ევრონესტის შემდგომ სესიებშიო. ახლა მაინც ხომ უნდა მიხვდე რაღაცას, თუ მთლად გასული არ ხარ ქართული რეალობიდან... 
საქართველო არც ევროპაა და არც აზია. საქართველო საქართველოა და დროა, მიხვდეს საქართველოს ხელისუფლება, რომ ჩვენი ბუნებრივი პარტნიორები მხოლოდ ჩვენი გეოგრაფიული მეზობლები არიან, რომელთანაც მეგობრული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობები უნდა გვქონდეს და კიდევ ის ქვეყნები, რომელთაც ჩვენთან პარტნიორობა და მეგობრობა ენდომებათ.
საქართველო პატარა ქვეყანაა და მცირერიცხოვანი, რომელზეც, სხვადასხვა მოსაზრებით, ყველას თვალი უჭირავს. სწორედ ამიტომაც, მხარს ვუჭერ ინიციატივას, რომლის მასხრად აგდება უკვე დაიწყეს: „არა _ ნატო-ს და ევროკავშირს, კი _ საქართველოს ნეიტრალიტეტს!“
არ ვიცი, რატომ მიაბეს სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას ოპოზიციურმა მედიებმა, რომ ამის შემდეგ გამოვიდნენ პოლიტიკურ ასპარეზზე „ოცნების“ სატელიტები, ვატო შაქარაშვილი და ნანა კაკაბაძე, რომლებიც საქართველოს ნეიტრალიტეტს ემხრობიან და „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პარტიად ჩამოყალიბება დააანონსეს.
ვატო შაქარაშვილმა არჩევნებამდე მოითხოვა, რომ არჩევნების დროს ნეიტრალიტეტის შესახებ დასმული შეკითხვაც ყოფილიყო. მისი იდეა იყო, რომ ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით საქართველოს მოსახლეობის მიმართ შეკითხვა დასმულიყო პლებისციტის ან რეფერენდუმის სახით. ხელისუფლებამ, როგორც ყოველთვის, არ გაამწვავა ე. წ. დასავლეთთან ისედაც დაძაბული სიტუაცია, თორემ შედეგი საინტერესო იქნებოდა. ის მაინც გვეცოდინებოდა, რეალურად რა დამოკიდებულება აქვს საქართველოს მოსახლეობას „ჩელიაბინსკიდან ევროპაში გადასახლებაზე“. ვფიქრობ, ვატო შაქარაშვილზე არიან აღრენილები, რადგან მხოლოდ მან გაბედა, ფონდებს პროკურატურაში უჩივლა და მათი დაყადაღება მოითხოვა. 
არცთუ დიდი ხნის წინათ, „საერთო გაზეთის“ ერთ-ერთ ნომერში, ვრცლად ვისაუბრე საქართველოს ნეიტრალიტეტზე და მაგალითებიც მქონდა მოყვანილი, ამიტომ აღარ გავიმეორებ. ახლა მხოლოდ შეკითხვა მაქვს: როცა აშკარად გამოკვეთილია ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები, რომელიც ერთ და ორპოლუსიანი აღარ იქნება, პატარა საქართველოსთვის, რომელსაც ყველა მუშტრის თვალით უმზერს, ნეიტრალიტეტზე უკეთესი რა შეიძლება იყოს? ერთადერთ გარანტიად ვხედავ ნეიტრალიტეტს, რადგან სხვაგვარად წარმოუდგენელია ვეშაპებს შორის მოქცეული საქართველოსთვის გრძელვადიანი მშვიდობა, სტაბილურობა და კიდევ მრავალი სიკეთე.
მე ასეთი აზრიც კი გამიჩნდა _ ტრამპმა ძალიან კარგად იცის, სად მდებარეობს საქართველო, მიხეილ სააკაშვილთან ერთად მოიარა თბილისი და ბათუმი, „ტრამპ თაურის“ პრეზენტაციაც შედგა და პირველი 47-სართულიანი „ტრამპ თაუერიც“ უნდა დასრულებულიყო 2013 წლის ბოლომდე. აშენდა თუ არა, არ დავინტერესებულვარ, ის კი გამოვიდა ხმად, რომ ტრამპი სააკაშვილზე ნაწყენი დარჩა, გაცურება დამიპირაო. რა და როგორ იყო, ნაკლებად მაინტერესებს, მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ გეოგრაფიის მთლად უცოდინარი რომც იყოს ტრამპი, ადგილზე კარგად გაიაზრებდა, სად იმყოფებოდა – სწორედ ისე, როგორც საქსმა თქვა, რუსეთის სამხრეთით, მთლად საქართველოსთან მობჯენილთან. როდესაც საქართველოს ხელისუფლება ცდილობს აშშ-ის ადმინისტრაციასთან ახლო და მჭიდრო კონტაქტზე გასვლას, აშშ-ის მხრიდან კი გულცივობაა, არც ავს გვიქადიან და არც კარგს, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ მას სრულებით არ აინტერესებს პალმერსტონის დოქტრინა?
პირადად მე, ასეთი ეჭვი გამიჩნდა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ საქართველოს ხელისუფლების მიმართ ნეიტრალურ და უინტერესო დამოკიდებულებაზე, სანაცვლოდ, ევროპა გადაგვკიდებია და თან ძალიან მტრულადაც. მე რომ ევროპა მიყვარდა და ევროპაში მინდოდა, ის ევროპა აღარ არის, გაქრა, მის ნაცვლად დარჩა დეგრადირებული, არაფორმალური ოლიგარგიული მმართველების ბრიუსელური ევროპა, რომლისთვისაც მხოლოდ სისხლისღვრა და ადამიანის გადაგვარებაა პრიორიტეტული. 
ასე რომ, მხარს ვუჭერ საქართველოს ნეიტრალიტეტის იდეას!

მაია ჭელიძე