თანამედროვე სამყაროში სამართლის უზენაესობის კრიზისია!

თანამედროვე სამყაროში სამართლის უზენაესობის კრიზისია!

გასულ კვირას „საუკუნის გაქცევის“ მთავარი ფიგურანტი გიორგი ბაჩიაშვილი დააკავეს, რის შესახებაც ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა.
2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ წითელი ხიდისა და სადახლოს შორის ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული, საქართველოს და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი გადაადგილდებოდა. გატარებული საგამოძიებო და ოპერატიული სამძებრო ღონისძიებების შედეგად, სუსმა ძებნილი ბიზნესმენი დააკავა. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით აწარმოებს, რაც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს. სასჯელის ზომა სამიდან-ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა განცხადება გაავრცელა, რასაც „საერთო გაზეთის“ მკითხველს ვთავაზობთ:
პოლიტიკოსები და პოლიტოლოგები ხშირად საუბრობენ „წესებზე დაფუძნებულ მსოფლიო წესრიგზე“, რაც წლიდან წლამდე აქტუალობას სულ უფრო კარგავს. სამართლის უზენაესობის გარეშე ვერავითარი წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგი ვერ იარსებებს, სამართლის უზენაესობას კი თანამედროვე სამყაროში უმძიმესი კრიზისული პერიოდი უდგას. სამწუხაროდ, თითზე ჩამოსათვლელიც კი აღარ დარჩა ინსტიტუტები, რომლებიც საერთაშორისო დონეზე სამართლის უზენაესობას განუხრელად დაიცავენ.
ერთ-ერთი ინსტიტუტი, რომლის პასუხისმგებლობა სწორედ საერთაშორისო დონეზე სამართლის უზენაესობის დაცვაა, ინტერპოლი გახლავთ. თუმცა, ბაჩიაშვილის შემთხვევამ დაადასტურა, რომ პოლიტიკური ინტერესების გავლენით კომპრომისების დაშვება ინტერპოლსაც უწევს. კერძოდ, ინტერპოლი აშკარად მოკლებულია შესაძლებლობას „დიპ სტეიტის“ აგენტების მიმართ დამოუკიდებელი და ობიექტური გადაწყვეტილებები მიიღოს. 
ასე მოხდა გიორგი ბაჩიაშვილის შემთხვევაშიც, როდესაც ინტერპოლმა საქართველოს ხელისუფლებას სრულიად უსაფუძვლოდ უთხრა უარი მასზე წითელი ცირკულარით ძებნის გამოცხადებაზე. ბაჩიაშვილის შემთხვევას წინ უსწრებდა „დიპ სტეიტის“ მიერ სხვა უცხოელი აგენტების მფარველობა ინტერპოლის გამოყენებით. კერძოდ, ინტერპოლს 2014 წელს უარი ათქმევინეს მიხეილ სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადებაზე, ხოლო 2015 წელს დავით კეზერაშვილზე გამოცხადებული ძებნა გააუქმეს.
დავიტოვოთ იმედი, რომ ამერიკაში ტრამპი „დიპ სტეიტის“ შესუსტებას შეძლებს, რაც პოლიტიკური წნეხისგან განთავისუფლებაში ინტერპოლსაც დაეხმარება.