სოსო მანჯავიძე: ჩვენ ცეცხლოვანი რგოლიდან ამოვვარდით და ამიტომ გვსჯიან

სოსო მანჯავიძე: ჩვენ ცეცხლოვანი რგოლიდან ამოვვარდით და ამიტომ გვსჯიან

გვესაუბრება ანალიტიკოსი, ისტორიკოსი სოსო მანჯავიძე:

_ ბატონო სოსო, ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარება ისტორიულ დღედ შეფასდა. რის ფასად მოხდა შეთანხმების მიღწევა, რა განწყობებია ისრაელში?
_ უპირველესად, გასათვალისწინებელია, თუ რა პირობებში მოხდა „დიდი ზავის“ დადება _ დროებითი ცეცხლის შეწყვეტა, როცა ფუნდამენტური წინააღმდეგობები არსებობდა. მინდა გითხრათ, რომ კონფლიქტი არათუ გადაწყდა, არამედ ძალიან მძიმე ფაზაში შედის. ზოგადად, ამ საკითხის განხილვა კონტექსტის გარეშე მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. კერძოდ, ისრაელის გარშემო, მას შემდეგ, რაც ღაზას სექტორში მან სპეცოპერაცია, ომი დაიწყო, უმწვავესი ვითარება შეიქმნა. გავიხსენოთ გაერო-ში ნეთანიაჰუს გამოსვლა ცარიელ დარბაზში, უპრეცედენტო ანტიისრაელური განწყობები, რაც მსოფლიოში, ევროპაში გაბატონდა და რამაც იზოლაციის პირდაპირი საფრთხე შექმნა. გარდა ამისა, ის ქვეყნები, რომლებიც მეტ-ნაკლებად აშშ-ის გავლენას ექვემდებარებოდნენ, იგულისხმება ახლოაღმოსავლური მონარქიები, მთლიანად რეგიონი, ფაქტობრივად, ანტიისრაელურმა განწყობამ მოიცვა. შედეგად, რეჟიმებს თავიანთი მოსახლეობის კონტროლი გაუჭირდათ. ასევე, ირანთან ომმა დაადასტურა, რომ ისრაელი არ არის ხელშეუხებელი. ანუ, მას ძალიან ბევრი მოწყვლადი ადგილი აქვს, იგივე, „რკინის გუმბათიც“ მაინცდამაინც შეუვალი არ არის. 
ზემოხსენებულმა ფაქტორებმა გამოიწვია ის, რომ დონალდ ტრამპმა, რომელიც ამერიკის ისტორიაში ყველაზე მეტად პროისრაელური განწყობის პრეზიდენტია და მისმა ადმინისტრაციამ ყველაფერი გააკეთეს, რათა შექმნილი ვითარება გამოესწორებინათ. შედეგად, ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის ხელშეკრულება გაფორმდა. ცხადია, ამ ხელშეკრულების გაფორმებით არაფერი დასრულებულა. ნამდვილად არ მსურს, რომ საომარი მოქმედებები განახლდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემი გონება საწინააღმდეგოს მაფიქრებინებს. სავარაუდოდ, გარკვეული პერიოდის მერე, ვითარების გამწვავების ახალ ფაზას ვიხილავთ.
_ ამის თქმის საფუძველს რა გაძლევთ?
_ მოგეხსენებათ, ამ კონფლიქტს ძალიან დიდი ისტორია აქვს. ისრაელის სათავეში მყოფი ამჟამინდელი ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მისი ქვეყანა მთელ იმ ტერიტორიაზე უნდა გაფართოვდეს, რომელიც სადავო იყო. ისრაელს დღეს არ აქვს და არც არასდროს ჰქონია გაფორმებული საზღვრები. გაერო-მ ისრაელს არაერთხელ მოუწოდა, საზღვრების დემარკაცია გააკეთოს, მაგრამ მას საზღვრები მაინც არ აქვს. შედეგებიც სწორედ აქედან გამომდინარეა. პალესტინელებისა და ისრაელის პოზიცია რადიკალურად განსხვავდება. მოკლე ხანში მოვლენები ისე განვითარდება, როგორც ზემოთ მოგახსენეთ. ჩემი სიტყვები დავიმახსოვროთ და მერე ვრცლად ვისაუბროთ მომხდარზე. 
_ ანუ, თქვენ ამბობთ, რომ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა მდგრადი არ არის და ახალი ახლო აღმოსავლეთის გარიჟრაჟი მითია?
_ დიახ, ფუნდამენტური საკითხები გადაწყვეტილი არ არის. ცეცხლის ჩაქრობა დროებითია, რაც აუცილებელი გახდა გარკვეული მიზეზების გამო და ამერიკის პრეზიდენტმა როგორც პიარაქცია, ამის გაკეთება ეფექტურად შეძლო. მაგრამ ვიმეორებ, იმის გამო, რომ ფუნდამენტური საკითხები გადაუწყვეტილა, მომავალში ესკალაციას უნდა ველოდოთ.
_ თეთრ სახლში ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა შედგა და უკრაინის პრეზიდენტმა შორსმოქმედი ფრთოსანი რაკეტების მიწოდება მოითხოვა.
_ დიახ, ზელენსკი ყველანაირი იარაღის მიწოდებას, შესყიდვის უფლების მიცემას ითხოვს. ამერიკა უფასოდ აღარაფერს იძლევა. ტრამპს გარკვევით არაფერი უთქვამს. მან აღნიშნა, რომ რუსეთისა და უკრაინის ლიდერები ერთმანეთს ვერ იტანენ, მაგრამ მისი გამოცდილებიდან, ანუ ახლო აღმოსავლეთში წარმატებით მიღწეული მშვიდობის დამყარებიდან გამომდინარე, ცდილობს, ერთმანეთის მოძულე ორი ლიდერი შეარიგოს. აი, ამ დონეზე დაჰყავს ტრამპს რუსეთ-უკრაინის ომი. ზელენსკისთან შეხვედრამდე ტრამპს სატელეფონო საუბარი ჰქონდა პუტინთან, რა დროსაც ბუდაპეშტში შეხვედრაზე შეთანხმდნენ. ამერიკის პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ ეს შეხვედრა წარმატებით დასრულდება და უკრაინაში მშვიდობა დამყარდება. ამასთან დაკავშირებით მინდა ფრთხილი პესიმიზმი გამოვთქვა: აქაც დიდი წინააღმდეგობებია და ვფიქრობ, ასე მარტივად მშვიდობა ვერ მიიღწევა. ადრეც გავაკეთე ეს პროგნოზი და ახლაც ანალოგიური სიტუაციაა. 
ჩვენ ვითარების უფრო მეტად გამწვავებას უნდა ველოდოთ. ჩემი აზრით, რუსეთი სამხედრო სპეცოპერაციას, ფაქტობრივად, დამთავრებულად გამოაცხადებს და სრულმასშტაბიან ომზე გადავა. ამაზე მიუთითებს შემდეგი ინდიკატორები, კერძოდ, ის, რომ რუსეთის განადგურებას პირდაპირ კურირებს აშშ, რაზეც ტრამპი ღიად საუბრობს. მაგალითად ის, რომ რუსეთისთვის სასიცოცხლო ონკანების გადაკეტვა _ ნავთობზე ნადირობა ღიად მიდის. ასევე, ინდოეთსა და ჩინეთზე ხდება ზეწოლა, რომ მათ რუსული ნავთობი არ შეისყიდონ. ზუსტად ასე იწყებოდა იაპონიისა და აშშ-ის ომი _ იაპონიას ენერგომატარებლების მიღების ყოველგვარი საშუალება გადაუკეტეს. სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ იაპონია ამერიკელებს თავს დაესხა. დაახლოებით იგივე სიტუაციაა რუსეთთან მიმართებით _ რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმები მიმდინარეობს. ასევე რუსეთში, პუტინის პოლიტიკის გამო, უკმაყოფილება იზრდება. აქედან გამომდინარე, გამორიცხული არ არის, რუსეთში მოვლენები სულ სხვა სცენარით განვითარდეს, რაც დასავლეთის სტრატეგიულ გეგმებშიც შედის. ამიტომ, შესაძლოა, ორი მოსალოდნელი სცენარი ვიხილოთ: ერთი, რუსეთი სრულმასშტაბიან ომზე გადავა, მეორე _ რუსეთში სასახლის გადატრიალება დაიწყება, რაც რეალურად არის მოსალოდნელი და იქ ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს. ამას კი, კიდევ უფრო მძიმე შედეგები მთელი მსოფლიოსთვის ექნება. 
მოგეხსენებათ, რუსეთში დასავლურ ძალებს, ლიბერალურ ფრთას დასაყრდენი ნამდვილად არ აქვთ. დიდი ალბათობით, იქ ხელისუფლებაში უფრო ნაციონალისტური განწყობის ადამიანები მოვლენ, ვიდრე პუტინი და მისი გუნდია. რუსეთში ეს უდიდესი პრობლემა იქნება, მით უმეტეს, თუ პროცესი უმართავი გახდება. ამას ხელს უწყობს უკრაინისთვის „ტომაჰავკების“ გადაცემის საკითხიც, რასთან დაკავშირებითაც პუტინს გაურკვეველი პოზიცია აქვს. ეს უკვე მერამდენე წითელი ხაზია, ვინ მოთვლის. ანუ, ამ მხრივ ამერიკას ძალიან რთული, მრავალმხრივი, მრავალვექტორული პოლიტიკა აქვს. ეს პოლიტიკა შეიძლება ერთგვარად ბაყაყის ნელ ცეცხლში მოხარშვას შევადაროთ. აბა, ცხელ წყალში რომ ჩააგდო, ამოხტება. ასე რომ, ამ პოლიტიკას უკვე ოთხი წელია, წარმატებულად აწარმოებენ. ანუ, ცდილობენ, რუსეთის აფეთქება შიგნიდან მოახდინონ. პრინციპში, არ შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ეს ერთმნიშვნელოვნად ჩავარდნილი პოლიტიკაა. 
დასავლეთს რუსეთის მიმართ ნათლად გამოხატული პოლიტიკა აქვს. აქვე შემიძლია დავასახელო კორპორაცია „რენდის“ კვლევა. ეს კორპორაცია ანალიტიკური ცენტრია, რომელიც განსაზღვრავს, ვის რეკომენდაციებს იღებს ეს ხელისუფლება აშშ-ში. ის საკუთარ კვლევებს ყოველწლიურად აქვეყნებს. მაგალითად, „რენდი“ იკვლევს როგორ დაასუსტონ რუსეთი იმგვარად, რომ ამერიკაზე და მის მოკავშირეებზე ატომური დარტყმა არ გამოიწვიონ. ეს არის მთელი ფილოსოფია. იქ ჩამოთვლილია, როგორ, რა მიმართულებით უნდა იმუშაონ სამხედრო, იდეოლოგიური თუ სხვა თვალსაზრისით, დეტალურად არის გათვლილი ფინანსები და ა. შ. რუსეთი ცდილობს, ამ ყველაფერს ერთგვარი ასიმეტრიული ნაბიჯით დაუპირისპირდეს. ზოგადად, ეს დაპირისპირება უკრაინის ტერიტორიაზე წარმოებულ ამ პროქსი ომში გადმოიღვარა, რასაც, სამწუხაროდ, ზოგი ჩვენი თანამემამულე კვლავ რუსეთსა და უკრაინას შორის გამართულ ლოკალურ კონფლიქტად მიიჩნევს. ეს მათ იდეოლოგიზირებულ ბუნებაზე მიუთითებს. 
_ ბატონო სოსო, 20 ოქტომბერს ლუქსემბურგში შეხვედრა გაიმართა, სადაც შუა აზიის ყველა ქვეყანასთან ერთად, სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებიც იყვნენ მიწვეულნი, საქართველო კი მხოლოდ ელჩის დონეზე იყო წარმოდგენილი, რაზეც უკმაყოფილება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმაც გამოთქვა. ისევ ჩვენს რადარებიდან გაქრობას ცდილობენ?
_ აქ რადარებიდან გაქრობაზე არ არის ლაპარაკი. საქართველოში ომი არ ყოფილა და, შესაბამისად, აქტუალურიც არ ვართ. გარდა ამისა, ევროპელებისთვის ჩვენი ქვეყანა ერთგვარი სივრცეა, რომელზეც ისინი კონტროლს კარგავენ. ანუ, ჩვენ, ფაქტობრივად, გლობალისტებს არ დავემორჩილეთ იმაში, რომ რუსეთთან ესკალაციაში ჩავრთულიყავით. შესაბამისად, მათგან შერისხულნი ვართ. გარდა ამისა, საქართველო არ იზიარებს ევროპელების შეშლილ დამოკიდებულებას რიგი ღირებულებების მიმართ, იგივე, გენდერულ შეშლილობას. ერთი მხრივ, ეს საკითხი იდეოლოგიზირებულია. თუმცა პირდაპირ ვამბობ: ეს იდეოლოგია კი არა, შეშლილობა და სატანიზმია. ეს გეოპოლიტიკური ამოცანაა. რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩვენ ცეცხლოვანი რგოლიდან ამოვვარდით და კავკასიაში მათი პოლიტიკური ამოცანის შესრულება ვერ ხერხდება. საქართველოს სწორედ იმ მისწრაფების გამო სჯიან, რომ ცდილობს, თავი გადაირჩინოს. ამიტომ ძალიან გაბრაზებულები არიან, ყველანაირად ცდილობენ, საქართველო დაამცირონ და ამგვარ ღონისძიებებზე არ მიიწვიონ. ზოგადად, ევროკავშირისგან სამართლიანი პოზიციების დაკავებას ელოდო, ეს იგივეა, რომ ღორისგან ან ვირისგან წესიერ საქციელს მოელოდე. ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოს. ჩვენ ხომ ვხედავთ, ვინ არიან იქ, რა კონტინგენტია თავმოყრილი. 

თამარ შველიძე