ჯონდი ბაღათურია: ოპოზიცია სალანძღავი სიტყვა გახდა

ჯონდი ბაღათურია: ოპოზიცია სალანძღავი სიტყვა გახდა

გვესაუბრება „ქართული დასის“ დამფუძნებელი ჯონდი ბაღათურია:

_ ბატონო ჯონდი, მსოფლიოში არასტაბილური ვითარებაა _ ცხელი, სავაჭრო ომები, ყველა ყველას წინააღმდეგაა. ამ ფონზე რა ხდება საქართველოში? 
_ ჩვენს რეგიონში დაწყებული ომი საქართველოსთვის საკმაოდ მაღალი რისკების შემცველია. ხელისუფლება მშვიდობის შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებს, თუმცა გამოწვევები სერიოზულია. მხოლოდ ლტოლვილების პრობლემა რად ღირს. საქართველოს არც ეკონომიკური, არც დემოგრაფიული, არც სოციალური თვალსაზრისით, არ აქვს ლტოლვილების მიღების შესაძლებლობა. ხელისუფლება ამაზე სერიოზულად უნდა დაფიქრდეს და უპირველესად 2019 წელს ხელმოწერილი დოკუმენტი, გაერო-ს „მიგრანტთა პაქტი“ დაუყოვნებლივ გააუქმოს, რომლის მიხედვითაც, ჩვენმა ქვეყანამ მიგრანტების შეუზღუდავად შემოყვანისა და მათი აქ დამკვიდრების ხელშეწყობის ვალდებულება აიღო. ისეთი განცდა მაქვს, რომ ზოგ შემთხვევაში დინებას მივყვებით. ხელისუფლებამ სწორი სტრატეგია _ მშვიდობა აირჩია, მაგრამ ცოტა საჭესაც უნდა მოკიდოს ხელი და ნიჩბები გარკვეული მიმართულებით მოუსვას. 
ამაში შემდეგს ვგულისხმობ: ჩვენ მოკავშირე სახელმწიფო საერთოდ არ გვყავს. მეზობელ სახელმწიფოებს მეტ-ნაკლებად ურთიერთობები დალაგებული აქვთ. მაგალითად, სომხეთი რუსეთთან ურთიერთობას ისევ ალაგებს. გარდა ამისა, მას საფრანგეთში, ევროკავშირში, აშშ-ში ძლიერი ლობი ჰყავს, ასევე, კარგი ურთიერთობა აქვს ირანთან. აზერბაიჯანს ისრაელთან და თურქეთთან აქვს სიტუაცია დალაგებული, ალბათ, რუსეთთანაც მოაგვარებს პრობლემებს. აი, ჩვენ კი, ასეთი ურთიერთობა არავისთან გვაქვს, ყველას მტერს ვუწოდებთ. აქამდე მტერს მხოლოდ რუსეთს ვეძახდით. ახლა დიფ სთეითიც დასამარცხებელი გვყავს _ ის მართლაც ჩვენი მტერია. როცა ასეთი ძლევამოსილი მტრები გყავს, ელემენტარულად, მოკავშირეები უნდა მოძებნო, რომლებიც ამ დაპირისპირებაში მტრების ძლევამოსილებას დაგიბალანსებს და დახმარებას გაგიწევს. სად შეიძლება ეს მოკავშირეები ვეძებოთ? _ არგენტინასა და ბრაზილიაში მათ ვერ ვიპოვით, აქცენტი ისევ სამეზობლოზე უნდა გაკეთდეს. ჩვენ არ ვართ გლობალური სახელმწიფო, რომ სამხრეთ აფრიკაში საქმეები ვარჩიოთ. ჩვენ სწორი სამეზობლო პოლიტიკა უნდა ავაწყოთ და გლობალურ კონტექსტში ისე ვიპოზიციონიროთ.
სამეზობლოში უპირველესად ურთიერთობები რუსეთთან უნდა დავალაგოთ. არც სხვა მეზობლებთან გვაქვს ყველაფერი კარგად, მაგრამ მაინც რუსეთით უნდა დავიწყოთ. ხელისუფლებამ სოციალურ, დემოგრაფიულ საკითხებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს. კი ბატონო, გავიგეთ, რომ ნაცები ცუდი ხალხია, დიფ სთეითიც დასამარცხებელია, მაგრამ ახლა სჯობს, საქმეს მივხედოთ. აბობოქრებულ ზღვაში უიალქნო გემივით, ღვთის ანაბარა მივცურავთ, ვიმეორებ, საჭესთან უნდა დავდგეთ და ნიჩბები მაგრად მოვუსვათ. 
_ ამასობაში, ოპოზიცია დროს არ კარგავს _ ბრიუსელში ჩასულებმა ახალი დირექტივებიც მიიღეს და ქვეყნის დასანქცირებაც მოითხოვეს...
_ პირველ რიგში, ყველა ჟურნალისტს მოვუწოდებ: ნუ მოვახდენთ ნამდვილი ოპოზიციის დისკრედიტაციას და ამათ ოპოზიციას ნუ ვუწოდებთ. ოპოზიცია სალანძღავი სიტყვა გახდა. ესენი ქვეყნის მტრები, მეხუთე კოლონაა, რომლებიც ხელისუფლებას კი არ უწევენ ოპონირებას, არამედ ქვეყნის ოპონენტები არიან. კი ბატონო, გვეზიზღება ეს მეხუთე კოლონა, მაგრამ ამ 20-კაციანი ნახირის გადაადგილებებზე რეაგირებას ნუ მოვახდენთ. ჩვენ იმაზე ვიფიქროთ, როგორ განვითარდეს ეკონომიკა, პოლიტიკური მომავალი. ეს ნახირი სად ჩავა და ჩამოვა, რა მნიშვნელობა აქვს, გიჟი ბაზარს მიდიოდა, რა მიჰქონდა, რა მოჰქონდაო. მათზე საუბრით „საერთო გაზეთის“ ძვირფას, სერიოზულ მკითხველს ნუ მოვაცდენთ. ამ ჯოგზე საუბარზე უარს ვაცხადებ. სხვას რას ელოდით, ბრიუსელში ჩაბრძანდნენ და ისევ ქვეყანას უმტრეს.
_ თქვენ ახსენეთ, მოკავშირეები არ გვყავსო. რას ფიქრობთ, სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის გადატვირთვაზე? 
_ აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვის პერსპექტივა მართლაც არსებობს. ეს ევროპასთანაც საჭიროა, თუმცა ამის შესაძლებლობას ვერ ვხედავ. ევროპაში ცალკეულ სახელმწიფოებთან უნდა ვიმუშაოთ და არა ევროკავშირთან. აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვის მიმართულებით მუშაობა მოისუსტებს, მეტი ენერგიულობაა საჭირო. მაგალითად, რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება მკვდარი წერტილიდან არ იძვრის, არადა, ახლა მასთან დიალოგის დასაწყებად ძალიან ნოყიერი ნიადაგია. 
სასურველია, ეკონომიკა ცოტა სხვა კუთხით განვავითაროთ. სადაც მიწა დაინახეს, ყველგან კორპუსი ჩადგეს. მშენებლობა ეკონომიკის ერთ-ერთი მოცულობითი დარგია, მაგრამ მას მულტიპლიკაციის ეფექტი არ აქვს. შედეგად, ვიღებთ ორ-სამ გამდიდრებულ დეველოპერს, ქვეყანა კი აზიელებითა და აფრიკელებით ივსება. მინდა, ხელისუფლებას ვურჩიო, ისეთი დარგების განვითარებას უბიძგოს, რომელთაც მულტიპლიკაციური ეფექტი ექნება და აქ უცხო ტომების ჩამოსახლებას ხელს არ შეუწყობს. მეგობარი მეუბნებოდა: ბათუმში არაბი მათხოვარი შემხვდაო. ამ კუთხით ქვეყანას მეტი პატრონობა სჭირდება _ კარი ღიაა, მესაზღვრე, მებაჟე არ დგას, არავინ ამოწმებს, ვინ შემოდის. ჩვენ არ ვართ ისეთი ეკონომიკის ქვეყანა, რომ ამ შემოსევას გავუძლოთ. 
_ მათე დევიძის დაპატიმრების შემდეგ გვარამიამ განაცხადა: პატრიოტიზმის გამო არიან ახალგაზრდები ციხეშიო. პოლიციელისთვის ჯოხის მოქნევა, პატრიოტიზმია?
_ ჩვენ ვიცით, როგორ მზადდებოდა ხელისუფლების წინააღმდეგ შეიარაღებული გადატრიალება, ქვეყნის გარედან დამხობა. ამას სახელმწიფო რეაგირების გარეშე ვერ დატოვებდა. მაგრამ ერთი რამ მინდა ხელისუფლებას ვუსაყვედურო: ბევრს აღარ ახსოვს, მათე დევიძე ვინ არის. ადამიანებს მოკლე მეხსიერება აქვთ, უკვე დაავიწყდათ მისი დანაშაულის ამსახველი კადრები. რატომ არ ხდება ამის ტირაჟირება?! ახლა ამ ბიჭს პატიმრობა მიუსაჯეს და ბევრმა ვერც გაიგო, რატომ. დიახ, მათ დაავიწყდათ და შენ უნდა უჩვენო, როგორ მოუქნია ჯოხი პოლიციელს. აჩვენე ეკრანზე, რატომ დააკავე. მე არ ვიცი, ვინ არის მათე დევიძე და გამაგებინე, მაჩვენე მისი დანაშაულის ამსახველი კადრები ერთხელ, ორჯერ, რამდენჯერაც საჭირო იქნება. ის ადამიანები, ვინც ნახა, მან პოლიციელს ჯოხი როგორ მოუქნია, იმ წუთას გაბრაზდნენ, მერე საკუთარ ყოფით პრობლემებზე გადაერთვნენ. ამიტომ, ხშირად უნდა მოხდეს ამის ტირაჟირება. ჩვენ უკვე ციხის წამების კადრებიც მივივიწყეთ. ნაცები ლამის მსხვერპლად არიან წარმოჩენილნი. ახლა საგამოძიებო კომისია შეიქმნა, რომ ადამიანების მეხსიერების რესტარტი მოხდეს. მხედველობითი მეხსიერება სულ სხვა რამაა, აჩვენეთ ხალხს მთელი კონტექსტი, დიახ, ტირაჟირება უნდა მოხდეს, რატომ არის დაჭერილი მათე დევიძე. მაყურებელი თვითონ შეაფასებს, დამნაშავეა თუ არა.
_ რასაც აქ პატრიოტიზმს უწოდებენ, ამერიკაში რადიკალიზმი და ქუჩის ექსტრემიზმი ჰქვია, რომლის აღმოსაფხვრელად ტრამპმა საზღვაო ქვეითი ჯარი მოიშველია...
_ საზღვაო ქვეითი ჯარი აშშ-ის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ყველაზე ბრძოლისუნარიანი ქვედანაყოფია. ტრამპს მათი შეყვანა რომ დასჭირდა, წარმოგიდგენიათ, რა ძალასთან მოუწია დაპირისპირება. გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ საზღვაო ქვეითი ჯარი არ გვყავს. ორი-სამი ჟანგიანი კატარღა გვყავს, ისიც, ვიღაცის ნაჩუქარი.
_ პრემიერმა აღნიშნა, რომ ზიზღის კამპანია, ადამიანებისთვის შეურაცხყოფის მიყენება უნდა დასრულდეს... 
_ კი ბატონო, მხარს ვუჭერ იმას, რომ ზიზღის კამპანია დასრულდეს, მაგრამ ხელისუფლებამ ამ მიმართულებით დროულად უნდა იმოქმედოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხალხი ქუჩაში გამოვა და ყველაფერს თავად დაასრულებს. მივესალმები, ხელისუფლების მხრიდან კანონების გამკაცრება, მაგრამ კანონებს აღსრულება სჭირდება. ყველას კისერში ხელი უნდა ჩაავლონ და ვინც ციხეშია ჩასაყუდებელი, ყველა ჩააყუდონ და მათი უმსგავსობები აღკვეთონ. რა დროს ჯარიმებია?! _ ჩვენ ჩინგიზ ხანებთან, მტრის შემოსევასთან გვაქვს საქმე. ამ პროცესს ჯარიმებით, ეკრანიდან მოწოდებებით, ევროკავშირთან, გერმანიის ელჩთან ეპისტოლარულ ჟანრში დისკუსიით ვერ გააჩერებ. ბრიტანეთის საელჩოს პირდაპირ ანგარიშები უნდა დაუბლოკო, მანქანაში ჩასვა და გაისტუმრო. სამართლებრივი მანქანა უნდა ამუშავდეს, სხვაგვარად არაფერი გამოვა.
_ გვარამია ციხეში საკუთარი ფეხით მივიდა. ალბათ, მისი პროკურორობისდროინდელ ციხეში მისვლას ასე თამამად, ვერ გაბედავდა...
_ ძალიან კარგად თქვით, თავის პროკურორობისდროინდელ ციხეში ასე არ მიცუქცუქდებოდა. ამ სისტემაში ჯერ სუბარმა გაატარა სერიოზული რეფორმები, მერე კახა კახიშვილმა. დღეს ხელისუფლებამ თუკი რაიმე სფერო დიამეტრულად შეცვალა, ეს პენიტენციური სამსახურია. მეტი რა უნდა გვარამიას, საჭმელი შეაქვს და ნებივრობს. სააკაშვილის პატიმრობას რომ უყურებენ, აღარც ეშინიათ, ზოგს ასეთი პირობები სახლში არ აქვს. 
მათ ჰგონიათ, რომ ნიკა გვარამია და ჯოგის სხვა წევრები ისეთი ფიგურები არიან, რომ მათი დაჭერის გამო ხალხი აღშფოთდება, გარეთ გამოვა, ხელისგულზე ატატებულს გამოიყვანენ ციხის კამერიდან და პარლამენტში შეატატანებენ.
_ სამ თვეში არჩევნებია. მოსალოდნელია თუ არა პროცესების გამწვავება?
_ ჩემი აზრით, თვითმმართველობის არჩევნები გაზაფხულისთვის უნდა გადაიდოს, რათა ჯანმრთელ ოპოზიციას მასში მონაწილეობის საშუალება მიეცეს. ასეთ შემთხვევაში, ერთიან ფრონტს შევქმნით და საზოგადოებას ჯანსაღ ალტერნატივას შევთავაზებთ. ნამდვილი ოპოზიციის არსებობა სახელმწიფოსთვისაც სასარგებლოა. ხელისუფლებასთან ჯანსაღი დისკუსია უნდა შედგეს და არა კინკლაობა იყოს გაჩაღებული, რასაც ეს ნახირი მეხუთე კოლონა აკეთებს.  

თამარ შველიძე