ქალთა სახეები ე.წ. ოპოზიციაში

ქალთა სახეები ე.წ. ოპოზიციაში

ხმა დაშლილებიდან
მეგობრებო, ეკაკო ბესელიამ კავკასიონის ქედებივით კვლავინდებურად შეჰყარა საკუთარი წარბები, მრავალმნიშვნელოვნად გადაატრიალა თვალები და თქვა არაკი - იშლებაო, უკვე ჩამოიშალაო, ბიძინა ივანიშვილს გუნდი აღარ ჰყავსო, აგონიაში არიანო, მორჩაო, ანრი ოხანაშვილის გაშვება იმას ნიშნავს, რომ ახლა ღრმა კრიზისში არიანო, ან კი ოხანაშვილი რა სასუსე კაცი იყოვო? ან კი მდინარაძე რა სასუსე კაციაო? ხალხი აღარ ჰყავთ, თანამდებობებზე რომ დანიშნონო. თან ნახეთ, რასთან გვაქვს საქმეო, მამუკა მდინარაძეს ცუდი ამბები მიჰქონდა ოხანაშვილზე და სწორედ მაგან მაინარიკლაო. ჯერ ოხანაშვილი არ მიიღო სუსის სისტემამ, იქ სუ სხვანაირი სისტემააო და თქვენ გგონიათ, მდინარაძეს მიიღებს სისტემაო? 
მოკლედო... ასწია განაპირა წარბი ეკაკომ და თქვა ისევ არაკი, - ეგენი ჩამაიშალნენო... აგე, მდინარაძე გადასულა სულანჯიებთან და ოხანაშვილზე უთქვამს, ეგაო, ამ კედლისა არ არი, არ მიიღოთო, ზემოთ საქმეს ჩავაწყობ, მე მიმიღეთო. ჰოდა, სპირიდონა სულანჯია გადასულა ივანიშვილებთან, ჩამამჯდარა „ტაბურეტკაზე’’ და დაუწყია, მაგ საქმითვინ მარტო მდინარაძეა დაბადებული, ეგ ოხერი ოხანაშვილი რა სასუსე კაცი იყოვო? იქიდან სპირიდონა სულანჯია გადასულა კობახიძეებში და იგივე გაუმეორებია _ ეგრე აღმოჩნდა მდინარაძე სუს-ში. 
ჰო, ეკაკომ კიდე ბევრი სისულელე თქვა ბურატნიჩენკოს გადაცემაში, კიდე ბევრჯერ შეჰყარა საკუთარი წარბები კავკასიონის ქედებივით და მრავალმნიშვნელოვნად გადაატრიალა თვალები, მაგრამ მე კინაღამ გული ამერია და სასწრაფოდ გადავრთე - ხალხო, ეკაკო ბესელია რომ კორუფციაზე დაიწყებს ლაპარაკს, აბა, რა უნდა მექნა, არ გადამერთო?
დიახაც, უნდა გადამერთო და... ტელევიზორს წიხლი რომ ვკარი, კომპიუტერს ძვრა ვუყავი. აღარაფერს ვამბობ კავკასიონის ქედებსა და იქ მიჯაჭვულ გვრიტ გედეონაზე...
ესე იგი, ხმა მესმის დაშლილებიდან, „ქართული ოცნება’’ იშლებაო. თან მარტო ხმა კი არ მესმის, ყიჟინაც დაუციათ და ტაშ-ფანდურიც გაუჩაღებიათ ბეჩავებს... 

იაკო ფარულავა შოკშია
მეო, თანდათანობით უიმედობა მიბყრობსო, მგონი ამ დუნიაზე სიტუაციას მართლა „დიფ სთეითი’’ მართავსო. არა, ამას წინებზე მისტერ ყუფარსონისგან მართლაც იყო დავალება, „მეგობარი აქტის’’ გარშემო გაერთიანდითო, მაგრამ როგორც ხედავთ, ვერ გავერთიანდით, ამიტომაც შემიბყრო უიმედობამ და თავს აღარ მანებებსო.
მე მგონი, ესენი რომელიმე რეზოლუციის გარშემო რომ გაერთიანებულიყვნენ, უკეთესი იქნებოდა. რა, გასაერთიანებლად რომელიმე დადგენილება ან დეკრეტი არ გამოდგებოდა? _ ალბათ გამოდგებოდა.
ბოლო-ბოლო, სალომე ბაბომ ქარტია რომ დაწერა თავისი ძველი ქართულით, იმის გარშემო შეიძლებოდა გაერთიანება, მაგრამ როგორც ჩანს, შინაურ ბაბოს შენდობა არ აქვს...
მოკლედ, ხუმრობა იქით იყოს და... იაკომ ვერც მსახიობად ივარგა, ვერც ბიზნესმენად, ვერც პოლიტიკოსად. 
იაკო, ისევ ლიბანელ მებარკლეს დაურეკე, მაგ სფეროში შეიძლება უფრო იპოვო საკუთარი თავი... რავი, ბოლო-ბოლო, ისევ მეგარმონე ტარიელას დაურეკე, მა რა ვქნათ, ეგრე ხომ არ იქნები? ჰო, 3-20-ზე დარეკე, ან ერთი გიპასუხებს, ან მეორე.

თამარას ნანულა შემოელანძღა
არ ვიცი, შეიძლება პირიქითაც იყო, შეიძლება ნანულა ჟორჟოლიანს შემოელანძღა თამარა ჩერგოლეიშვილი. პრინციპში, რა მნიშვნელობა აქვს? მოკლედ, თამარას დაუწყია მსჯელობა ზოგადსაკაცობრიო თემაზე სოციალურ ქსელში და ვიღაცები ახტომიან, რას მიედ-მოედებიო? ამას გადაუთვალიერებია „ამხტართა“ გვერდები და უმეტესობას სულ ბავშვების სურათები ჰქონია გამოფენილი. აუღია ჩერგოს ეს სურათები, თავისებურად გამოუფენია და დაუწყევლია. ნანულას, როგორც ადამიანთა უფლებების ცნობილ დამცველს, ძალიან სწყენია და თამარასთვის პირდაპირ მიუხლია: შენა, ქალო, ბავშვების წყევლა თუ შეგიშლია, ესე იგი, დიდი ბოროტი ვინმე ყოფილხარო. როგორ გგონიათ, თამარა დაუხვალიებდა? არ უპასუხებდა? კი, შეიძლება მე დავაშავე, ბავშვები არ უნდა დამეწყევლა, მაგრამ შენ საერთოდ ვინ გეკითხება, რას ბოდიალობო? სხვათა შორის, გიგა ბოკერიამაც გააკეთა ამ თემაზე განცხადება და საკუთარი ცოლის ქმედება დაგმო, კი არის თამარა ჩვენი გუნდის ლიდერი, მაგრამ მაინც შეცდომა დაუშვაო. ჰო, გუნდის ლიდერიო, სწორედ ასე თქვა. ნეტავ გამაგებინა, სად ჰყავს ბოკერიას გუნდი? ერთი კაკო ბობოხიძე რომ დაიარება მაგასთან პერიოდულად, ეგ არი გუნდი? მოკლედ, ეგ სხვა თემაა და თანაც უმნიშვნელო, ამ ამბავში მთავარი ის გახლავთ, რომ თუ ადრე თამარა ნანულას ლაითად ვერ იტანდა, ახლა მისი დანახვაც არ უნდა. ეს ფაქტობრივად ომია ჩერგოლეიშვილსა და ყავლგასულ „ნაცებს“ შორის. არა, მაგათ ომი ადრეც ჰქონდათ, მაგრამ ის ცივი ომი იყო, ახლა გაცხელდა. 
 ვაი, ამათ პატრონს!

გელა ზედელაშვილი