ევროკავშირი ევროპა არ არის...
ბოლო წლებია, მუდმივად ვიგერიებთ ევროპარლამენტისა და „დიფ სთეითის“ მესვეურთა უტიფარ, ანტიდემოკრატიულ შემოტევებს. ცალსახად გამოჩნდა, რომ ევროკავშირს ყველაზე მეტად თავისუფლებისა ეშინია და ამით ძალიან დაემსგავსა საბჭოთა კავშირსა და პოლიტბიუროს. ჰოდა, ებრძვის და აფერხებს ასე გავეშებით, შედარებით პატარა ქვეყნების დემოკრატიულად და თავისუფლად განვითარების პროცესს. მაგალითი კი სახეზეა, ყველაფერი საკუთარი თვალით ვიხილეთ და დღემდე ვხედავთ თუ როგორ გვებრძვიან და არაფერს იშურებენ ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების - „ქართული ოცნების“ დასასუსტებლად და დამნაშავე ოპოზიციური ძალების ხელისუფლების სათავეში მოსაყვანად!
ევროკავშირის მხრიდან ამდენი წლის განმავლობაში ადგილი არ ჰქონია ჩვენი ქვეყნისთვის მისაღები სისტემური რეკომენდაციების, კონცეფციებისა და სამოქმედო პროგრამების განხილვას, სახელმწიფოს განვითარების ძირითადი ორიენტირებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებაზე რეკომენდაციების შემოთავაზებას. ევროკავშირს - თუ ის პერსპექტიულ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდა, უნდა შეძლებოდა - პოლიტიკური პროცესებისა და მოვლენების არა მხოლოდ განსჭვრეტა, არამედ მასში გაერთიანების მსურველ სუბიექტთა პერსპექტივების გააზრებაც. მაგრამ ევროკავშირი დედინაცვალის პოზიციიდან ჭვრეტდა ყველას და, მასთან ერთად, საქართველოს.
ლიბერალური ღირებულებებიდან ჩემთვის მნიშვნელოვანია ადამიანი, როგორც ასეთი, მაგრამ აბსოლუტურად მიუღებელია პიროვნებისა და ერის ეროვნულ ინტერესებთან და ტრადიციებთან დაპირისპირება. პიროვნება, როგორი სიმაღლისაც უნდა იყოს ის, ვერასდროს შექმნის იმას, რაც უნდა შექმნას ერმა, ნაციამ! ე. წ. რეფორმატორებმა ლიბერალური ღირებულებები „ახალი ქართველის“ შესაქმნელად გამოიყენეს, ისეთი ქართველისა, რომელსაც არაფერი ეროვნული არ შეაწუხებდა და ყველაფერს „ტრანსნაციონალური ხედვებით“ შეხედავდა.
ჩვენი ნაციონალური კულტურა და სამშობლოს სიყვარული ოდითგან საკაცობრიო სიყვარულის საზრისიდან გამომდინარეობდა. სამშობლოს სიყვარული, ეროვნული ფესვების წვდომა, საკუთარი ხალხის პატივისცემა და დაფასება, ზრუნვა ერის ფიზიკური და სულიერი განვითარებისა და კეთილდღეობისათვის, ბუნებრივი გრძნობებია, რადგან ადამიანი გენეტიკურად ერის ღვიძლი შვილია - სწორედ ეს გახლავთ მაღალი სულიერი კულტურის ნაყოფი, ასერიგად რომ მიენაგრა ტოლერანტობის ღვთიურ ძალას. და ეს ყველაფერი ეუწყა მსოფლიოს „ვეფხისტყაოსნის“, ჩვენი უნიკალური პოლიფონიური საგანძურის სახით, რაც ამ ერის უნიკალურობაზე ეჭვის საბაბს არ უნდა ტოვებდეს და არც ტოვებს, თუმცა ჩვენი „მეგობრები“ არ და ვერ ხედავენ ამ ყველაფერს და თავგამოდებით ებრძვიან იმას, რის განვითარებააც ასე გულდასმით ვესწრაფით.
რაც უფრო ვითარდება ერი, მით უფრო იღვიძებს მასში შეგრძნება ინდივიდუალობისა, როგორც პიროვნებას აქვს გრძნობა და შეუფერხებელი მისწრაფება თავის დაცვისა, ისე მთელ ერს, როგორც სოციალურ ორგანიზმს, აქვს ინსტინქტი და სურვილი თავის დაცვისა. ჩვენი ხელისუფლება ცდილობს, ამ სურვილის შესაბამისად იპოვოს ძალა - დაუპირისპირდეს იმ ძალებს, რომლებიც ებრძვიან მის თავისუფლებას და მას განიხილავენ არა როგორც თანასწორ სახელმწიფოს, არამედ, როგორც დავრდომილ ვასალს, რომელსაც ყველაფერს გააკეთებინებენ საკუთარი ინტერესების დასაცავად. აქედან გამომდინარე, მოინდომეს ჩვენი ომში ჩართვა და უბედურებისა და სიკვდილის სუბიექტად ქცევა, რომელსაც დღემდე სიცოცხლის ფასად უპირისპირდებიან ჩვენი ლიდერები და ყველაფერს აკეთებენ გლობალური ომის პარტიის სამხელად და დასამარცხებლად. აქ კი ხალხის ძალა და ნებაა აუცილებელი, ნება სამშობლოს თავისუფლებისა, მშობელი ხალხის ბედნიერებისა და სამშობლოს მომტერეთა დამარცხებისა.
ამ ძალას უთუოდ გამონახავს საკუთარ თავში ჩვენი ხალხი, ისევ მიანდობს საკუთარი ოჯახისა და ქვეყნის ბედს „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“, რომელიც გახლავთ გარანტი გრძელვადიანი მსვიდობიანი განვითარებისა და სიკეთისა, რომელიც თითოეული მოქალაქის საკეთიდღეოდ, მათი ოჯახების სამომავლოდ არის მიმართული.
რაც შეეხება ოპოზიციას, უმეტესწილად ეს არის დასავლეთიდან მართული, აგენტურული ქვენაგრძნობებით შებყრობილ მოღალატეთა გაერთიანება. ვხედავთ, რომ სააკაშვილის ერთპიროვნული დიქტატორული რეჟიმის ნარჩენები, სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებში გაერთიანებით, ცდილობენ ხალხის ზომბირებას და „ქართული ოცნების“ ჩანაცვლებას უბედურების ძალით, რაც აბსოლუტურად გამორიცხულია. ამ ე. წ. ოპოზიციას არ გააჩნია საკუთარი სამშობლოს პრობლემების განცდის ერთიანი ნიადაგი, რისგანაც მეტად შორს არის „ჩვენი“ ოპოზიცია და, ამასთანავე, ის ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს, ძალადობა და უზნეობა გადაიყვანოს ინტელექტუალურ, მორალურ და პიროვნებისეულ სივრცეში, რაც შესაძლებლობათა უგუნური გამოყენებაა... ამას კი ხალხი თვალნათლივ ხედავს და თუნდაც ამიტომაც არ ენდობა მას. ყველა უბედურებასთან ერთად, ის მოძალადისა და უღმერთოს ძალგულოვნებით აპირებს გახელისუფლებას.
ხალხი ბრძენია და იმასაც ხედავს, რომ გახელისუფლების მანიით შეპყრობილთა კავშირი იმდენად ჭრელი და არაორდინარულია, არ შეიძლება ის ერთიან ძალად წარმოვიდგინოთ, ხოლო ასეთი ძალის გარეშე ნებისმიერი გაბრძოლება რომ დამარცხებისთვის არის განწირული, ესეც დავის საკითხს არ წარმოადგენს. ასე რომ, ყოველი გაერთიანება უნდა იყოს ნებაყოფლობითი და მაღალი იდეალებით აღვსილი, მხოლოდ ასეთ გაერთიანებას აქვს პერსპექტივა და მომავალი. უფლისმგმობელთა საფუძველზე შექმნილი ძალა ეშმაკეულია და ასე მიმართავდა ოდითგან და ახლაც ასე მიმართავს საღვთო ქართველი: ფუი, ეშმაკს!
და ბოლოს, რატომ იმარჯვებს მუდმივად „ქართული ოცნება“ სრულიად საქართველოში და მასთან, სამეგრელოშიც, რომელიც (მოკლედ ვიტყვი) ბუდე გახლდათ „ნაცფაშისტებისა“? - იმიტომ იმარჯვებს, რომ: ჩვენს ხელისუფლებას, „ქართული ოცნების“ საპატიო ხელმძღვანელის ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და პრემიერ- მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, გააჩნია ერთმანეთთან შეთავსებული და სისტემურად გამართული შეხედულება და აბსოლუტური შესაძლებლობა იმ სახელმწიფოს მომავლის შესახებ, რომელსაც ისინი ასე რუდუნებით აშენებენ. რაც, უპირველეს ყოვლისა, მდგომარეობს, საკუთარ ტრადიციებზე დაყრდნობით, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მიღწევებზე დაფუძნებული სახელმწიფოს შექმნაში.
ასევე, ყველაზე მთავარი, რატომაც ენდობა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა „ქართული ოცნების ხელისუფლებას“, მან უძირითადეს მიზნად ეროვნული სახელმწიფოს ჩამოყალიბება გაიხადა, რათა მუდმივად სხვა სახელმწიფოებსა და სხვათა მიზნებზე არ იყოს დამოკიდებული!
„ქართული ოცნება“ ამ არჩევნებზეც უალტერნატივოა! ევროკავშირი კი ევროპა არ არის. ევროპა რენესანსული კულტურის მრავალფეროვნებით გაბრწყინებული სივრცეა, რომლის წევრიც ჩვენ დასაბამიდან ვიყავით და უდიდესი წვლილი შევიტანეთ მის ასეთ ბრწყინვალებასა და სიმაღლეზე ასვლაში!
ლაშა გვასალია
მწერალი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის უფროსი, საქართველოს მწერალთა კავშირის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი

