ქართული ენა და რეფორმა

ქართული ენა და რეფორმა

2006 წლიდან დაიწყო სასკოლო განათლების რეფორმა, რომელსაც ჩვენი საზოგადოება მოუთმენლად ელოდა. მისი განხორციელებისათვის მზადება ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს დაიწყო. შეიქმნა განათლების სარეფორმო ჯგუფი, რომლის მუშაობა დარგის მუშაკთა ფართო ფენისათვის უცნობი იყო. ის ინფორმაცია კი, რომელიც საზოგადოებას მაშინ მიეწოდებოდა, ბევრ კითხვას ბადებდა. განათლების სამინისტროს წარმომადგენლები, ოფიციალური პირები თავს არიდებდნენ რეფორმის სიახლეებზე საუბარს და მხოლოდ ზოგადი ფრაზებით იფარგლებოდნენ. როგორც შემდეგ გაირკვა, ამის მიზეზი ნამდვილად ჰქონდათ. 
კარგად მახსოვს განათლების რეფორმატორებთან ჩემი პირველი შეხვედრა. ეს იყო რეფორმის დაწყებამდე, 2004 წელს. 
პირველი, რამაც მაშინ ჩემში პროტესტის გრძნობა გამოიწვია, ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებისათვის განკუთვნილი საათების მნიშვნელოვანი შემცირება და ქართულ სკოლებში ქართული ენის კურსის სწავლებაზე უარის თქმა იყო. 
მაშინდელი რეფორმატორების აზრი ასეთი გახლდათ: მშობლიური ენის ცალკე დისციპლინად სწავლება არ არის საჭირო, რამდენადაც ქართული ენა ქართულ სკოლაში ისედაც ყველამ იცის, ენის საკითხები ლიტერატურულ მასალასთან ინტეგრირებით უნდა ვასწავლოთ; რაც შეეხება საათების შემცირებას, აქ მთავარია არა რაოდენობა, არამედ ხარისხი. 
ამ დამოკიდებულებამ შემდგომში თავისი ასახვა პოვა ეროვნულ სასწავლო გეგმებშიც. პირველი და მეორე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმებში (2006 წ., 2012 წ.) და „საგნობრივ სტანდარტში“ მთელი აქცენტი გადატანილი იყო არა ცოდნაზე, არამედ ე. წ. უნარ-ჩვევებზე. კონკრეტულად არსად იყო მითითებული, ენის რომელ საკითხებს უნდა დაუფლებოდა მოსწავლე სწავლების ამა თუ იმ საფეხურზე. აქ მოცემული იყო მხოლოდ „შედეგები“ სათანადო „ინდიკატორებით“. როდის რა მასალა უნდა ესწავლებინა მასწავლებელს (ან საერთოდ, ესწავლებინა თუ არა), ეს პედაგოგის გადასაწყვეტი იყო. 
მოგვიანებით მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაში თითქოს შეიცვალა მშობლიური ენის კურსის სწავლებისადმი დამოკიდებულება, მაგრამ საქმეს ვერც ამან უშველა. შედეგად კი მივიღეთ ის, რომ მასწავლებელი ან საერთოდ ვერ ასწრებს ენის საკითხებზე მუშაობას, ან სწავლება მხოლოდ წესების გაცნობითა და დაზეპირებით შემოიფარგლება. 
ენის კურსის სწავლება არ გულისხმობს გრამატიკული წესებისა და ტერმინების უაზრო დაზეპირებას. მთავარი ამ ენის კანონზომიერებების შეცნობა, მათი გააზრება და მეტყველებისას მართებული ფორმების გამოყენებაა. პირველ რიგში, მას პრაქტიკული დანიშნულება აქვს _ ემსახურება სათანადო ორთოგრაფიული, პუნქტუაციური და სტილისტური ჩვევების ფორმირებას, რაც საბოლოო ჯამში მოსწავლეთა ზეპირი და წერითი მეტყველების დახვეწისაკენ არის მიმართული. ენობრივი ნორმების გააზრების გარეშე მოსწავლეს უჭირს სიტყვის მართლწერა, ფრაზისა და წინადადების სწორად აგება, სასვენი ნიშნების მართებულად გამოყენება... 
ქართული ენის სწავლება დღევანდელ სკოლაში სავალალო მდგომარეობაშია, რაც ასახვას პოულობს მოსწავლეთა (და არა მხოლოდ მოსწავლეთა) ზეპირ თუ წერით მეტყველებაში. ის ყოველდღიურად „მდიდრდება“ ახალ-ახალი ბარბარიზმებით, ჟარგონებით, კალკირებული ფორმებით, ღარიბდება ლექსიკური მარაგი... 
მისასალმებელია ის გარემოება, რომ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მეორე რედაქციაში (ზგემ-ი 2024 წ.) ქართული ენის სწავლებას განსაკუთრებული ადგილი უკავია. იქ ხაზგასმით წერია, რომ დღევანდელი სასკოლო განათლების უპირველესი მიზანი „ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ღირებულებების მქონე, ოჯახის, ქართული ტრადიციის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების, სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიის და კულტურის მცოდნე, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და პატრიოტი მოქალაქის აღზრდაა“. 
რა ვასწავლოთ და როგორ ვასწავლოთ _ დღეს ეს არის ერთ-ერთი ძირითადი და აქტუალური საკითხი ქართული ენის (და არა მხოლოდ ქართული ენის) სწავლებისას.
მაგრამ არის კი დღეს პედაგოგი მზად იმისთვის, რომ მაღალ დონეზე ასწავლოს ესა თუ ის დისციპლინა? 
2006 წლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვლა, პირველ რიგში კი შეიცვალა მასწავლებლის მომზადების სისტემა. რეფორმის ერთ-ერთი სიახლე სწორედ პედაგოგიური უნივერსიტეტის გაუქმება იყო. 
საქართველოში ერთადერთი უმაღლესი პედაგოგიური სასწავლებელი, რომელიც ჯერ ა. ს. პუშკინის, შემდგომ კი სულხან-საბა ორბელიანის სახელს ატარებდა და 1936 წლიდან ფუნქციონირებდა, 2005 წელს გაუქმდა. 
პედაგოგიური უნივერსიტეტი აღარ არსებობს, თუმცა მასწავლებლის მომზადების პროგრამები აქვს რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტს (თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, თელავის, გორის, სოხუმის…). 
არ არის დასამალი, რომ ფართო პროფილის უნივერსიტეტებისათვის პედაგოგის მომზადება არ არის პრიორიტეტული. სადაც ეს მიმართულება დარჩა, იქაც დღეს საბაკალვრო/სამაგისტრო დონეზე მზადდება მხოლოდ დაწყებითი კლასების პედაგოგები. 
რაც შეეხება საბაზო და საშუალო საფეხურის საგნის პედაგოგებს, ისინი მხოლოდ ერთწლიან მომზადებას გადიან. 
ნუ მოვიტყუებთ თავს, ის 60-კრედიტიანი (1-წლიანი) პროგრამა, რომელსაც დღეს ეყრდნობა საგნის მასწავლებლის მომზადება, არ არის საკმარისი. არ შეიძლება ექიმი, იურისტი თუ ბიზნეს ადმინისტრატორი ერთ წელიწადში დაეუფლოს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის პროფესიას. საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების გამომუშავება 60 კრედიტის ფარგლებში არ ხდება, ხოლო ის მინიმალური ბარიერი, რომლებიც მასწავლებლობის მსურველებმა გადალახეს საგნის გამოცდაზე, ნამდვილად არ არის საკმარისი პედაგოგობისთვის. პირველ რიგში, პედაგოგის მომზადებაზე უნდა ვიზრუნოთ.
კიდევ უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს უკვე ჩავლილ რეფორმასთან დაკავშირებით. ალბათ, ჩვენი დარგის მუშაკები ამაზეც ისაუბრებენ. დაშვებული შეცდომების კრიტიკული გააზრება მომავალი რეფორმის წარმატების ერთ-ერთი საწინდარი იქნება.

ნათელა მაღლაკელიძე
პედ. მეცნ. დოქტორი 
განათლების აკადემიის წევრი ილიას უნივერსიტეტის 
განათლების სკოლის  
მიწვეული პროფესორი