როცა იცი, შეიარაღებული ხარ!

როცა იცი, შეიარაღებული ხარ!

იცით, რომ არსებობს ფემინისტური მედიაპლატფორმა, რომელმაც გამოაქვეყნა სტატია, სადაც მოთხრობილი იყო, როგორ შეიძინეს ჯადოქრის მომსახურება (არ დავასახელებ საიტს!), რათა ჯადო გაეკეთებინა და დაეწყევლა აშშ-ში ცნობილი ადამიანი, რომელიც აღიზიანებდა ადამიანთა გარკვეულ წრეს. სტატია სატირული იყო, მაგრამ რეალურად აღწერდა დაწყევლის პროცესს და დაწყევლის რიტუალის თანმდევ ქმედებებს. მეგან კელიმ გაამხილა, რომ ამ ადამიანის მეუღლე იმდენად შეშფოთებული იყო რამდენიმე დღით ადრე, რომ მღვდელს მიმართა დასახმარებლად. დამთხვევაა თუ წინასწარი სამზადისი იყო იმისთვის, რაც შემდეგ მოხდა, ძნელი სათქმელია, მაგრამ „შეკვეთა“ ორ დღეში აღსრულდა...
მეგან კელიმ მოუწოდა საიტებს, რომ ბოდიში მოიხადონ _ ბოდიში შველის სიკვდილს?
სიმართლე რომ ვთქვა, ისე ვარ მოწყობილი, საგონებელში თითქმის არასდროს ვვარდები, მაგრამ არის ისეთი სფეროები, რაც ჩამაფიქრებს ხოლმე _ სხვისთვის რომ ზღაპარია, ჩემთვის მიმზიდველი ამოსახსნელი საიდუმლოა მისტიკა. სერიოზულ მიდგომებზე ვფიქრობ ხოლმე, თორემ რუსთაველის პროსპექტზე რომ რაღაცას სულელობდნენ, მხოლოდ მამხიარულებდა.
არ არის სასაცილო, თუნდაც ცარიელი იყოს ჩასასვენებელი, როდესაც მისი დაწვით ერთობიან, რაღაცნაირად ნეკრომანებად ან ნეკროსადისტებად წარმოგიდგებიან აქტის შემსრულებლები, მაგრამ თუ ამ შეგრძნებას მოიშორებ, უკვე სასაცილო გახდება მათი „ჯადოქრული“ გარჯა და აღტკინება;
ასევე, ძალიან სასაცილო დასანახი იყო, როდესაც შუა რუსთაველის პროსპექტზე ვიღაც თავმომწონე „ჯადოქარი“ რაღაცას ხარშავდა ჯადოსნურ ქვაბში და ვითომ ჯადოსნურ სიტყვებს ამბობდა არსებული ხელისუფლების დასამხობად და კონკრეტულად, ბატონი ივანიშვილის „გასაქრობად“;
ვითომ „ვუდუს თოჯინას“ რომ უკვე სხვა, მაგრამ წინამორბედის მსგავსად ასევე „თავმომწონე ჯადოქარი“ ნემსებს არჭობდა პარლამენტის წინ ფეხმორთხმული, არც ეს იყო სახალისო საყურებელი, რადგან, რომ დავინახე, რა საცოდავი ყოფილა ჩემი გზააბნეული თანამოძმე, სინანულის გრძნობა დამებადა, მაგრამ რომ წარმოვიდგინე, როგორ ნეტარებას განიცდიდა საკუთარი სისულელისგან, გამეცინებოდა, აბა, რა მომივიდოდა.
ამ ახალდროების „ჯადოქრებში“ ჩემი ჯილა ის თურქი „ჯადოქარია“, ქათმის ფეხებს რომ ისროდა წინასაწარი დაკავების საგამოძიებო იზოლატორის კარიბჭესთან ავჭალაში და თან შავად ახრჩოლებდა სანთელს _ რაც მე მასზე ვიცინე, და დღემდე მეცინება... უნებლიედ „ფუფალა“ მახსენდება, შაკიკით გაწამებულ ქალს რომ არიგებს, ყვავი უორთქლოდ მოხარშე და მიიღეო.
არ ვიცი, ეს ჩვენი „რუსთაველისპროსპექტელი“ ჯადოქრები რა რანგისანი არიან, მაგრამ მათი შელოცვა-ჯადოსნობების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ფაქტია, უკუღმა ჯადოქრობენ.
უკვე იმასაც კი ვფიქრობ, რომ ორი ვარიანტია: პირველი _ ერთი კატეგორია, ანუ ქართველი პოლიტჯადოქრები შიზოფრენიის ფარული ფორმის მატარებლები არიან; მეორე ვარიანტი _ სვეგამწარებულები მართლა ცდილობენ ჯადოსნობას ვიღაცაზე შურის საძიებლად და ვიღაც კვაჭი, მნიშვნელოვანი საზღაურის ფასად ამ „შიგევროპელ ჯადოქრებს“ იდეალურად აგოიმებს. რადგან მასალა-ბრიყვი არსებობს, ასეთი მასწავლებლების არსებობა გამორიცხული არ არის.
აი, რატომ _ „სიტყვა და საქმეში“ ვნახე განცხადება, რომ ვიღაც ხალხს კურნავდა რაღაცებისგან, ჩამონათვალი იყო. ვინაიდან დიდი უნდობლობა მაქვს ქიმიისა და ექიმებისა, განსაკუთრებით იმ მიმართულებით, რაც ჩემს მეუღლეს სჭირდა, ვიფიქრე, ეგებ, ძველმა ხალხურმა მედიცინამ გაჭრას-მეთქი და შუაგულ ვაკეში ვიღაცას მივადექი. კარი ახალგაზრდა ქალმა გამიღო და ხმაზე ვიცანი, რომ ის იყო მკურნალი. არ გამკვირვებია _ ასაკი რა შუაშია მამაპაპისეულ ცოდნასთან. გავისაუბრეთ, მოვახსენე ჩემი საწუხარი და მოიმარჯვა ქალმა კალამ-კალმისტარი. რას წერდა, ჯერ ხომ არ ვიცოდი, ამიტომ მოთმინებით ველოდი და ვათვალიერებდი ოთახს. 
რა უცნაურები არიან ქართველი ე. წ ჯადოქრები, ნათელმხილველები და მკითხავები _ ყველას ისე აქვს „სამუშაო ოთახი“ ხატებით გამოტენილი, რომ არ იცოდე, სად ხარ, სასულიერო პირის სამყოფელი გეგონება. ჯადო და ხატები ერთად _ მაგარი მიგნებაა, მაგრამ ბრიყვს აბნევს, რადგან შეუცნობლად რწმენას აძლევს, რომ ჯადო გაჭრის. ასეა, როცა ტვინში ვინმეს ორპირი უქრის... 
დაწერა „მკურნალმა“ „შპარგალკა“, მომაწოდა, ყველაფერი ჩამოგიწერეო და ახლა სიტყვიერად აგიხსნიო. რამდენიმე მომენტს გეტყვით, რაც ამდენი წლის შემდეგაც ისე მამხიარულებს, რომ ლამის ჩამოვვარდე სკამიდან. 
მაშასადამე, მე უნდა წავსულიყავი რომელიმე სასაფლაოზე, წამეყვანა 7 ვარია, წამეღო 7 სანთელი და მომეძებნა ჩემი მეუღლის მოსახელე 7 გარდაცვლილის საფლავი. რომ წარმოვიდგინე, როგორ მივაბიჯებ საფლავებს შორის აფრთხიალებული შვიდი ქათმით და ღამისთენებაც საფლავზე მიწევს, რადგან ისეთი სახელი ჰქვია, რომ მიახლოებით მაინც, რამდენ კაცს ჰქვია, ვერ ვიტყვი, _ ისეთი სასტიკი სიცილი ამიტყდა, რომ ხველაში გადამეზარდა და ავფხარკალდი. მე იქ ვეღარ გავჩერდებოდი, ბოდიში მოვუხადე, მე თვითონ წავიკითხავ-მეთქი და გამოვვარდი. არ ვიცი, რამდენ ხანს ვიცინოდი, მაგრამ ვინც მაშინ გამვლელი შემხვდა აბაშიძეზე (იმ დროს ბარნოვის ქუჩა იყო), სრულ ჭკუაზე მყოფი არ ვეგონებოდი.
საქმე ის არის, რომ მე ჩემი ფანტაზიები ჩამერთო და წარმოვიდგინე, როგორ დავდივარ დაოსებული, საფლავებს შორის, აკრიახებული ვარიებით, რომლებიც მასკინტლავენ კიდეც _ თავდაყირა დაკიდებულები ისინიც ხომ დაოსდებოდნენ. მოკლედ, ბევრი რამ ჩაეტია ჩემს ფანტაზიებში. 
სხვათა შორის, ჩემს მეუღლეს სანამ მოვუყვებოდი ბოლომდე, სამი დღე ვუყვებოდი და სამ დღეში 30-ჯერ დაგვენგრა ოჯახი _ აინტერესებდა ფინალი და ნერვები ეშლებოდა, რომ ვერ იგებდა რას ვამბობდი, მე კიდე, ჩემივე ფანტაზიებზე სიცილი მიტყდებოდა და ვფიჩინდებოდი. 
ჩემს ადგილზე ტვინში „სკვაზნიაკიანი“ რომ ნამდვილად ივლიდა ქათმებით ხელში სასაფლაოზე, 100%-ით დარწმუნებული ვარ და აი, რატომ _ შარშანწინ, ზუსტად 26 სექტემბერს ვიყავით მუხათგვერდის სასაფლაოზე, ბებიაჩემის საფლავზე, სადაც მეც უნდა განვისვენო, ანუ ჩემი მხარე თავისუფალია და დიდი, გაბარჯღული ხე დგას. რა ჯანდაბა მინდოდა საფლავში, არ ვიცი, მაგრამ ხის ფესვებში ამოვთხარე პატარაზე და ქათმის კვერცხი ამოვიღე. სურათიც გადავუღე და სოცქსელს მოვდე, აი, რა ვნახე-მეთქი. ჩემი თანმხლები გაოცებული იყო და ერთგვარი კრძალვით შემომაჩერდა დიმიტრი, შენ დადე ეგ კვერცხი მანდო? 
საქმე ის არის, რომ მე ზუსტად მივადექი იმ ადგილს, სადაც კვერცხი იყო ჩაფლული და თითებით დავიწყე მიწის თხრა. საერთოდ, ისიც არ ვიცი, რატომ ავიტეხე სასაფლაოზე წასვლა
შეგნებულად არ შევინახე ფოტო _ რაღაცნაირი ამაზრზენი იყო იმის გააზრება, რისთვისაც გამიზნული იყო. კვერცხი წამოვიღე და დედაჩემს ვაჩვენე _ გადაირია ქალი. ამასობაში გაიბზარა და იქიდან ისეთი გოგირდის სუნი ამოვარდა, აშკარად ჯოჯოხეთის საშვი იყო. ვიღაცას ჯადო ჩავუშალე _ ისემც იმას რა ვუთხარი!
ისე, იმ კვერცხით უნდა მერბინა თიმსალ-მაკოსავით ყვირილით: მე ჯადო ვერაფერს დამაკლებს, ჯადო ხელში მაქვს! _ მე ხომ ჯადოს მპოვნელადაც ვმუშაობ. ვმუშაობ, აბა, რას ვაკეთებ, ორი ე. წ. ჯადო მაქვს ნაპოვნი საკუთარ ქვედაბოლოში და მეუღლის სახლში, ახლა კიდევ საკუთარ საფლავში. ეს ბოლო მე არ მეკუთვნოდა, მაგრამ ის ორი ნამდვილად ჩემი იყო და ვინც გააკეთებდა, ისიც ვიცი, მაგრამ რა მოიგეს, ის არის საკითხავი...
უიიი, რამდენი რეალური ამბავი ვიცი ჯადოებზე და ინტერვიუების აღებიდან გამომდინარე, რამდენ აფერისტ ჯადოქარს ვიცნობ _ თქვენც რომ შესაძლოა, იცნობდეთ და გჯეროდეთ კიდეც მათი ბჟუტურის...
როცა რამე იცი, შეიარაღებული ხარ!
ქართველი „თეთრი ჯადოქრები“ იგივენი არიან. ჩემი თუ არ გჯერათ, 1606 წელს დელიში დაბადებულ ინაით-თულ-ლაჰ ქანბუს მაინც დაუჯერეთ!
„მეექვსე ამბავში“ ასეთი ეპიზოდია: მეფე პირველ ცოლს გაშორდა და მეორე ცოლი მოიყვანა. ერთ დღეს, ეზოში ნარდს რომ თამაშობდა, ორბი მოფრინდა და ჩხავილით დასტრიალებდა თავზე. ცოლმა უთხრა, ეს შენი პირველი ცოლია და ვერ გადაურჩები მის კლანჭებს, თუ მე არ დაგიცავიო. მეფე შეშინდა და აცახცახდა, ვეზირო, მირჩიე რამეო. მიენდე შენს ცოლსო. ცოლმა ვეზირს უთხრა, ახლა მეც ორბად გადავიქცევი, ჩხუბს გავუმართავ და მეფის წინ ჩამოვაგდებ, მეფემ კი უნდა იმარჯვოს, ეს კეტი დაარტყას და მოკლას, მაგრამ რომ არ აგერიოს, მე ჭროღა ორბი ვიქნებიო. 
ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც ცოლმა უთხრა. მეფემ ვეზირს ჰკითხა, რომელს დავკრა, შავს თუ ჭროღასო? ვეზირმა მიუგო: ჩემი რჩევაა, ორივეს დაჰკრა, რომ საბოლოოდ გადაურჩე ამ ავაზაკებსო. მეფემ ისმინა ვეზირის რჩევა, ის უწმინდურები ჯოჯოხეთს გაისტუმრა და უბედურებას თავი დააღწია.
მე ქართველ და არა მხოლოდ ქართველ „სიაფანდ ჯადოქრებზე“ მოგახსენეთ, თორემ სიტყვის უძლიერესი ძალა არსებობს _ თუ არსებობს ლოცვის ძალა, არსებობს პირუკუც...

მაკა ჯაყელი