რევაზ კარანაძე: დღეს ამერიკა დაღმავალი, ხოლო ჩინეთი აღმავალი დიდი ძალაა

რევაზ კარანაძე: დღეს ამერიკა დაღმავალი, ხოლო ჩინეთი აღმავალი დიდი ძალაა

გვესაუბრება პოლიტეკონომისტი რევაზ კარანაძე:

_ ბატონო რევაზ, გამოხმაურება მოჰყვა წინა კვირას კაია კალასის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ევროპის უსაფრთხოების თვალსაზრისით, საქართველოში რუსეთის ჯარების არსებობა, შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს. ევროკავშირი რუსული ჯარების გაყვანას ღიად ითხოვს და აღნიშნავს, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე სვლისკენ ხელი უნდა შევუწყოთო. 
_ ჩვენს ქვეყანასთან შეთანხმების გარეშე, ასე უბრალოდ, მის გეოპოლიტიკურ ინტერესებზე საუბარი, ვფიქრობ, სწორი არ არის. რუსეთის ჯარებმა საქართველოს ტერიტორია რომ უნდა დატოვონ, ამაზე არავინ დავობს, მაგრამ თუ როგორ ან რა ფორმით უნდა მოხდეს, ეს საქართველოსთან უნდა შეთანხმდეს. დიახ, ეს ოფიციალური თბილისის გადასაწყვეტია და არა ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის კაია კალასის, რომლის ქმარიც სანქციების დაწესების პერიოდში რუსეთთან ვაჭრობდა. და, იმ კაია კალასის, რომელმაც მეორე მსოფლიო ომთან მიმართებით ამას წინათ გაუგონარი განცხადება გააკეთა. ხოლო როცა მას უთხრეს: ამ საკითხში ვერ ერკვევითო, გადაწყვიტა, რომ ბევრი უნდა წაიკითხოს. კალასმა, ასევე, გააკრიტიკა ირლანდია: თქვენ რა იცით, საერთოდ, კოლონიალიზმი რა არის, ეს ჩვენც განვიცადეთ ორმოცი წლის განმავლობაშიო. ირლანდიელებმა მისი ცოდნა, როგორც აბსოლუტურად გაუნათლებელის, ისე შეაფასეს. 
აქედან გამომდინარე, საქართველოსთან მიმართებით გაკეთებული კალასის განცხადებაც არის სპეკულაცია. ჩვენს ქვეყანაში, უბრალოდ, აჟიოტაჟის ატეხვის, ისტერიის დანერგვის საშუალება, რათა მერე თქვან: ხომ ხედავთ, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის მოწოდებას ქვეყნიდან რუსეთის ჯარების გაყვანის შესახებ, არ უერთდებაო. კალასს, მით უმეტეს, მის ასეთ ზედაპირულ განცხადებას, არანაირი ძალა არ აქვს. ამით, უბრალოდ, მანიპულირებენ და ადამიანების ნერვებზე თამაშობენ.
ჩვენ ევროპულ კურსზე საუბარი დავიწყეთ თითქოს იმისთვის, რომ რუსეთი დაგვებალანსებინა, მაგრამ ამით საქმე უფრო გავირთულეთ, შედეგად, რუსეთმა აფხაზეთი და სამაჩაბლო დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა და მათი ოკუპაცია მოახდინა. აქედან გამომდინარე, საკითხი, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის უნდა მოგვარებულიყო, სამწუხაროდ, უფრო მაღალ დონეზე _ დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირებაში გადავიდა. რეალურად, ჩვენი პოტენციალი _ საკითხის მოგვარება გარე ძალებს ვანდეთ, რაც ჩემთვის მიუღებელია.
_ რეალურად, რა არჩევანის წინაშე ვართ?
_ ჩვენი _ საქართველოს არჩევანი, უპირველესად, საკუთარი ინტერესების დაცვაა. ის, რომ ჩვენ რაღაც ცივილიზაციის ნაწილი უნდა ვიყოთ, მოძველებული, აბსტრაქტული მოცემულობაა, რასაც 21-ე საუკუნეში ასე მარტივად ვეღარ გავატარებთ. ეს, ჩემი აზრით, სატყუარა აღმოჩნდა, რადგან ჩვენ ახლა ნელ-ნელა ვსწავლობთ, რა არის ევროპა. გამოცდილებამ ერთი რამ აშკარად დაგვანახა _ ჩვენი სუვერენულობა სხვებს მარტივად არ უნდა გადავაბაროთ, რადგან „კეთილი ბიძიები“ არ არსებობენ. 
_ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საქართველოში შეხვედრები გამართეს, სადაც ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებასთან ერთად, რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს როგორც საიმედო სტრატეგიული პარტნიორის როლზეც.
_ აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვას რაც შეეხება, ჯერჯერობით, ამ კუთხით მნიშვნელოვანი არაფერია. ვფიქრობ, ხელისუფლება ცდილობს, აშშ-სთან ურთიერთობის დალაგების გზით ლეგიტიმაცია მოიპოვოს, გარკვეული შეთანხმებები გააფორმოს და ტრამპისგან სიმპათიაც დაიმსახუროს. სხვა ხელშესახებ ურთიერთობას კონტინენტსგადაღმა მდებარე აშშ-სთან ამ ეტაპზე არ ველი. მაშინ, როცა დღეს ამერიკა დაღმავალი დიდი ძალაა, ხოლო ჩინეთი _ აღმავალი დიდი ძალა და თანაც, ეს უკანასკნელი ჩვენს კონტინენტზეა, საკითხს ცოტა სხვაგვარად უნდა მივუდგეთ. ეს არ ნიშნავს, რომ ამერიკასთან არამეგობრული ურთიერთობა უნდა გვქონდეს. თუმცა, ამდენხნიან სტრატეგიულ ურთიერთობასა და პარტნიორობას ეკონომიკაში, ვიზების გამარტივებასა, თუ სხვა საკითხებში ხელჩასაჭიდი შედეგები უნდა მოყვებოდეს, რასაც ვერ ვხედავთ. გული მწყდება, რომ ჩვენ აშშ-სთან ცალმხრივი ურთიერთობები და, მათ შორის, სავიზო რეჟიმიც ცალმხრივი გვაქვს. ჩემი აზრით, სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ასეთი დამოკიდებულება არასწორია. 
_ როგორ შეაფასებთ ბოლო დროს ზელენსკის გააქტიურებას, რომელიც საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე ალაპარაკდა და განაცხადა, რომ მზადაა, ჩვენს ქვეყანას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაში ყველანაირად დაეხმაროს.
_ ვერც კი წარმომიდგენია, ზელენსკი საქართველოს რაში უნდა დაეხმაროს. ვფიქრობ, მას დახმარება მსოფლიოსგან თავად სჭირდება. ამიტომ ცდილობს, იმ ადგილებს მიუახლოვდეს, სადაც შესაძლოა, მხარდაჭერას გამოჰკრას ხელი. ზელენსკის ჩვენი დახმარება არაფერში შეუძლია, ეს მხოლოდ პიარია ისევე, როგორც მთელი მისი მოღვაწეობა.
_ კანდელაკის კვლევის თანახმად, საქართველო ირანის ორბიტაზე ინაცვლებს. „ჰადსონის ინსტიტუტის“ ტრიბუნიდან საკუთარი ქვეყნის ტერორიზმში დადანაშაულება ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე როგორ მოქმედებს? მით უმეტეს, რომ ამ განცხადებიდან ორიოდ დღეში უილსონმაც გაიმეორა: საქართველოს კურსი უნდა შევაცვლევინოთ და ირანის ორბიტიდან ევროპის გზაზე დავაბრუნოთო.
_ კანდელაკი და მისი მსგავსნი კოლექტიურად, მიზანმიმართულად მოქმედებენ, რათა აშშ-მ საქართველოს მთავრობას რაიმე სახის სასჯელი დაუწესოს. ჯერ გაჰყვიროდნენ: ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავთო, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ _ დაინახეს რა, რომ ტრამპს რუსეთთან ანტაგონისტური დამოკიდებულება არ აქვს, რუსეთზე ყვირილს შეეშვნენ. მერე ჩინეთზე გადაერთნენ, თუმცა ჩვენ ვნახეთ ორი კვირის წინ სი ძინპინთან თავდახრილი ტრამპი. აქედან გამომდინარე, ახლა ირანზე გადავიდნენ, რაც, ჩემი აზრით, ძალიან სასაცილოა. ჯო უილსონმა როგორც კი „მეგობარი აქტი“ მიიღო, მაშინვე ამ საკითხის კონგრესში გატანას შეეცადნენ. თავდაპირველად იქ მტრად რუსეთი იყო მოხსენიებული. ტრამპის გამარჯვების შემდეგ, ტექსტი ჩინეთსა და ირანზე გადააკეთეს. მას მერე, რაც ტრამპი ჩინეთთან ურთიერთობის დალაგებას შეეცადა, ახლა მთავარ დამნაშავედ პირდაპირ ირანი ჩაწერეს. ხომ ხვდებით, რა დონეზე დაეშვნენ. არასდროს დამავიწყდება მწერალ ტორესა მოსის განცხადება: ამერიკელებმა ბარემ გამოისეირნონ და თბილისიც დაგვბომბონ, მე წინააღმდეგი არ ვიქნებიო. მერე ეს პოსტი წაშალა, რადგან შარშან თორმეტდღიანი ომის მერე, ამას უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. ამ ყველაფრის მერე რაღა უნდა გაგვიკვირდეს. ისინი ქვეყნის ინტერესების დაზიანებას არაფრად მიიჩნევენ, რათა თავიანთი ინტერესები გაატარონ. 
_ ბატონო რევაზ, შვიდ ივნისს სომხეთში არჩევნები გაიმართა. როგორ შეაფასებთ დამდგარ შედეგს?
_ სიმართლე გითხრათ, სომხეთში გამართული არჩევნების შედეგებზე საუბარი ასე მარტივი არაა. ბუნებრივია, მხარეები ეცადნენ, არჩევნებზე გავლენები კიდევ ერთხელ მოეხდინათ, თუმცა, ვფიქრობ, სიურპრიზები სწორედ არჩევნების შემდგომ გველის, რომელშიც 49,81%-ით ფაშინიანის პარტიამ გაიმარჯვა, თუმცა რამდენად შეძლებს უმრავლესობის მოპოვებას, ეს ცალკე საკითხავია. ჩემთვის გაუგებარია, რეალურად, გარდა რუსეთის ყურადღების გადატანისა, რა ინტერესი აქვს, მაგალითად, დასავლეთს. რუსეთის რეაქცია გამოხატულია ფაშინიანის მიმართ ულტიმატუმების სახით, რაც ყველამ ვიხილეთ.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოსთან მიმართებით, როცა ჩვენ შევეცადეთ, განსხვავებული პოლიტიკური კურსი გვქონოდა, რუსეთს ბევრად მკაცრი რეაქცია ჰქონდა. არასდროს დამავიწყდება არამარტო სანქციების დაწესება და ჩვენს პროდუქციაზე ემბარგოს დადება, არამედ საბარგო თვითმფრინავით გამოყრილი საქართველოს მოქალაქეები. სომხეთისგან პუტინი, ჯერჯერობით, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ელოდება. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. აშკარაა, საუბარი ბუნებრივი აირის გაძვირებაზეც არის. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთს, ირანის სახით, ალტერნატიული წყარო აქვს.

თამარ შველიძე