რამაზ საყვარელიძე: ქართული ოპოზიცია - ჩრდილების თეატრის უძრავი ვარიანტი

რამაზ საყვარელიძე: ქართული ოპოზიცია - ჩრდილების თეატრის უძრავი ვარიანტი

გვესაუბრება პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე:

_ ბატონო რამაზ, რა ხდება პოლიტიკაში?
_ ქართველებს ერთი ნიჭიერი ადამიანი გვყავს, გელა კანდელაკი, რომელმაც ჩრდილების თეატრის უძრავი ვარიანტი გააკეთა. ადამიანებს ამ თეატრში ემოციები უჩნდებათ იმაზე, რაც სცენაზე ჩრდილების მეშვეობით ხდება. 
პარადოქსია, რეალურად ხომ ჩრდილებში არაფერი ხდება _ ისინი სხვა ფიგურების ჩრდილები არიან. ჩრდილების თეატრზე მეტაფორა თქვენმა კითხვამ გამიჩინა თუ რა ხდება ქართულ პოლიტიკაში. ოღონდ, ჩრდილებში ოპოზიციას ვგულისხმობ. ხელისუფლება ჩრდილის როლიდან გამოვიდა, სწორედ იმიტომ ემუქრებიან და ეძიძგილავებიან კვირაში შვიდჯერ. ხელისუფლების გადაწყვეტილებამ დიდი წინააღმდეგობა გამოიწვია იმ ხალხში, ვინც შეჩვეულია, რომ მსოფლიოს მათი ჩრდილები მართავენ. ეს ხალხი შეჩვეულია, რომ ჩრდილები არ ეკამათებიან, არამედ იმას იმეორებენ, რაც მათ სურთ. ეს მსოფლიო თემაა. ჯეი დი ვენსმა, მას მერე, რაც „პოლიტიკომ“ ტრამპი გააკრიტიკა, განაცხადა: ყოველივე დიფ სთეთის კარნახით გაკეთდაო. დიფ სთეითი იგულისხმება ყველგან, სადაც ადამიანები არ ჩანან და ჩრდილები მოქმედებენ. ფაქტობრივად, ჯეი დი ვენსის რეპლიკა ნიშნავდა: „პოლიტიკოს“ რედაქცია ჩრდილია, რეალური მიზეზი სხვაგანააო. ჩვენი ოპოზიცია ჩრდილია, რეალური მიზეზი კი სხვაგანაა. 
საქმე ისაა, რომ 2022 წლამდე ევროპასა და ამერიკას საქართველოსთან შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა. დაპირისპირება შემდგომ დაიწყო, როცა ჩვენი ომში ჩართვა მოინდომეს. დაპირისპირება უფრო ადრეც, 2019 წელს დაიწყო, როცა ხელისუფლებამ თბილისამდე ჩინური მატარებელი გამოიყვანა, რაც ამერიკასთან შეთანხმებული არ იყო. ბუნებრივია, ამან აშშ გააბრაზა. მერე, მან ომში ჩართვა მოგვთხოვა, რაზეც საქართველომ უარი განაცხადა. აშშ ამანაც გააბრაზა. კულმინაცია ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე ხელმოწერა იყო. წლებია ამერიკისთვის ჩინეთი მტერია. 2019 წელს პომპეომ კიდეც გვითხრა, ანაკლიის ასაშენებლად ჩინეთი არ შემოუშვათ, ავტორიტარული ქვეყანააო. ჩვენ კი შემოვუშვით. ამ ფონზე, ამერიკისთვის ჯიუტი საქართველოს იმიჯი გამოიკვეთა. მას არ უყვარს ჯიუტი ქვეყნები. თავად დიდი ქვეყანაა და მიაჩნია, რომ მას არ უნდა ეჯიუტებოდნენ. მით უმეტეს, საქართველოსავით პატარა ქვეყანა. 
ამ ფონზე, დასავლეთმა იმ ძალების დაფინანსება დაიწყო, რომლითაც ჩვენი ხელისუფლების შეცვლას ცდილობს. მისი სურვილია, პატარა ქვეყნებში ის ხელისუფლება ჰყავდეს, რომელიც აწყობს. 
პუტნის უკრაინაში შესვლის ერთ-ერთი მიზეზიც ეს იყო _ ხელისუფლების შეცვლა. აქაც იგივე საკითხი დადგა _ ხელისუფლება არ იქცევა ისე, როგორც ამერიკას სურს და ეს სიჯიუტე დასჯადია. ამიტომაც დაიწყეს ოპოზიციის დაფინანსება, რომელმაც უკვე რამდენიმე რაუნდი გაიარა გამჭვირვალობის კანონზე რუსული კანონის დარქმევით დაწყებული. ახლა ლატვიაში ტრენინგებს გადიან და არჩევნების გასაპროტესტებლად ემზადებიან, რასაც დასავლეთი აფინანსებს. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენი ოპოზიციის ინტერესი რევოლუციის მოწყობა ნამდვილად არ არის. განა შეიძლება, მას იმ პროცესის ინტერესი ჰქონდეს, სადაც ას კაცს ძლივს აგროვებს. რევოლუციას ასი კაცით როგორ მოახდენ? მაგრამ ამ ას კაცს თუ შეკრებ, ფულს მიიღებ! ამიტომაც იძახიან, ოპოზიციამ ჭკუა სულ დაკარგა, რეებს აკეთებსო, ჭკუა კი არ დაკარგა, არამედ ფულს აკეთებს. დიახ, იმ მინიმალურს ახერხებს, რაც ფულის ასაღებად სჭირდებათ. დასავლეთიც უშურველად იხდის თანხას ხელისუფლების დამხობისთვის.
_ ასი კაცით ოპოზიცია ხელისუფლებას როგორ დაამხობს...
_ რა თქმა უნდა, ხელისუფლებას ვერ გადმოაგდებენ, სამაგიეროდ ამომრჩეველს ხომ ეტყვიან, ხელისუფლების შეცვლა გვინდაო. გერმანიაში ახლობლები მყავს და მითხრეს, იქ მთელი ერი დარწმუნებულია, რომ საქართველო რუსეთისკენ მიდის. ეს პროპაგანდა მუშაობს. ხალხს აჯერებენ, რუსეთისკენ სვლა, საქართველოში ხელისუფლების შეცვლით უნდა შევაჩეროთო. ხედავთ, როგორ აყენებენ საკითხი?! იგივე, გერმანიაში ადგილობრივ არჩევნებში პიროვნება არ დაარეგისტრირეს, მიზეზი ღიად უთხრეს: თქვენი პოლტიკური ორიენტაცია მიუღებლად მიგვაჩნიაო. ამ დროს, საქართველო კონსერვატიული მოძრაობის რიგებში ჩაეწერა. ამიტომ ევროპა ავრცელებს მოდელს, თითქოს, საქართველო რუსეთისკენ მიდის და ამის შეჩერება უნდათ. ამიტომაც ევროპელები თანახმა არიან საქართველოს პოლიტკურ ცხოვრებაში ჩაერიონ და „რუსეთისკენ მიმავალი“ ხელისუფლება გადააგდონ.
_ როგორც აღნიშნეთ, ამის რესურსი ოპოზიციას არ აქვს.
_ აქ რესურსზე არაა ლაპარაკი. ევროპა ამ სურვილს თავისი ამომრჩევლის გასაგონად აჟღერებს, რომელმაც ამ საქმისთვის ფინანსები უნდა გამოყოს. როგორც „იუესაიდი“, რომელიც ამერიკელი მოქალაქეების ფულით იკვებებოდა, მილიარდებს ხარჯავდა და ბედნიერად იყო, სანამ ტრამპმა ბოლო არ მოუღო. „იუესაიდი“ დემოკრატებს უჭერდა მხარს და ტრამს მათი გაძლიერება არ აწყობდა. ჩვენ ამ დიდი პოლიტიკური პარტიების ორთაბრძოლაში ვართ მოჭყლეტილი, რომელთაც ფული სჭირდებათ და მის მისაღებად იძახიან: მსოფლიო იღუპება, რუსეთი ევროპაზე შეტევას აპირებსო. მთელ ევროპულ მოსახლეობას თავში ჩაუბეჭდეს, რომ თუ რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, მერე მთელ ევროპას დაერევაო. რიგი ექსპერტის თქმით, ომი კიდევ ერთ წელს რომ გაგრძელდეს, რუსულმა ეკონომიკამ შეიძლება სერიოზული რყევები განიცადოს. თუმცა, ამას ფართო ამომრჩეველს არ ეუბნებიან, არამედ აშინებენ, სახიფათო რუსეთი მოდისო. ასე, მოსახლეობიდან ფულის ამოღებით, ევროკავშირის ხელში დიდი ფული აღმოჩნდება. მოსახლეობა დააჯერეს, რომ ევროკავშირს რუსეთის საფრთხისგან ევროპის გადარჩენა შეუძლია. ევროპაში ისეთი პრობლემებია, ევროპელები თუ აყაყანდნენ, ვერცერთი დღეს არსებული ლიდერი სკამს ვერ შეინარჩუნებს. იმ რიტორიკით, რომ აგერ რუსეთმა საქართველო წაიღო და ახლა უკრაინა მიაქვს, ფულის ამოღება ხდება. ანუ, ამომრჩეველი შიშის ფონზე ისე იქცევა, როგორც ეუბნებიან. ადამიანს შიში აიძულებს, ორიენტაცია ლიდერებზე აიღოს. მგლები, მაიმუნები, საფრთხის დროს, ლიდერზე იღებენ ორიენტაციას და სადაც ის გაიქცევა, იქით გარბიან. ასეა, ევროპელი ამორჩევლის შემთხვევაშიც.
_ საქართველოში რა ხდება, შიში რამდენად განმსაზღვრელია საზოგადოებისთვის, უვიზო მიმოსვლის შეჩერების კონტექსტში?
_ არ მგონია, შიშის მექანიზმი ამ შემთხვევაში ამუშავდეს. აქ უფრო უკეთესად ცხოვრებას ემუქრება საფრთხე და არა სიცოცხლის ხელყოფას. უარესი მუქარებიც ყოფილა და შედეგიც დამდგარა _ აღა მაჰმად ხანმა საქართველო გადაბუგა, რუსეთთან რატომ დაამყარეთ ურთიერთობაო, მაგრამ ჩვენმა ქვეყანამ გაძლო, არ დაიღუპა. ახლაც ასეთი რთული ბრძოლის პირობებში ვართ. ანუ, როგორც აღა მაჰმად ხანს არ აწყობდა ჩვენი რუსეთთან ურთიერთობა, ისევე არ აწყობს ახლა ევროპას. უფრო სწორედ, რეალურად, საქმე ჩვენს ჩინეთთან ურთიერთობას ეხება, რაც უილსონსაც წამოსცდა. 
კავკასიაში შემოსული ჩინეთი არც რუსეთს აწყობს, რადგან ჩრდილოეთ კავკასიას წაართმევს. ამით რუსეთი თავის ევროპელ ჩრდილებს უჩხიკინებს. ვიღაც თავის თამაშს თამაშობს, ვიღაც _ სხვისას. გამსახურდია ასეთ ადამიანს კაცის კაცს უწოდებდა. ევროპელებიც შეიძლება ჩავთვალოთ, რომ კაცის კაცები არიან, რომლებიც თავის თამაშს არ თამაშობენ. დიდი ეჭვი მაქვს, რომ ისინი რუსეთის თამაშს თამაშობენ. იმიტომ, რომ ერთდროულად ასეთი გამწარებული დაპირისპირება ჩინეთთან და ამერიკასთან, სწორედ რუსეთს აწყობს. რატომ უწევენ რუსეთს ანგარიშს მაშინ, როცა ბომბებს ესვრიან? ჯერ ცუდად ვიცით, ის ამბები, რატომ ესვრიან ბომბებს. ომის ყველა საიდუმლო ბოლომდე არ გახსნილა. მაგრამ წინა საუკუნის ბოლოს ხშირად ისმოდა ევროპელების წუხილი: რა გაგვიწყალა ამერიკამ საქმე, თავის კონტინენტზე წავიდეს, საკუთარ თავს თავად მოვუვლითო. ახლა დუმან, მეტიც, ტირიან: ამერიკელები თუ წავლენ, რა გვეშველებაო. მაშინ რუსული პროპაგანდა ამბობდა: ამერიკა წავიდეს, ევროპას ჩვენ დავიცავთო. რუსეთი ხომ ბირთვული ქვეყანაა. ეს მოდელი _ ამერიკას თუ გავაგდებთ, ევროპას დავიცავთ ერთ დროსაც არსებობდა და ისევ ამოტივტივდა. 
ასე რომ, უკრაინის ომი, თავის შიდა დინებების გათვალისწინებით, ერთ-ერთი ურთულესია. თან თუ დავაკვირდებით, ზელენსკის გარემოცვა ტრამპს აბრალებს, რუსეთზე მუშაობსო. მაშინ როგორ არის ეს რუსეთის და უკრაინის ომი?! ევროპულ ქვეყნებს უნდათ, ამერიკა მოიშორონ და მეტად დამოუკიდებელნი იყვნენ, მაგრამ მაშინ რომელიმე ბირთვულ სახელმწიფოზე მოუწევთ დაყრდნობა. გამორიცხული არაა, ასეთი „პატრონი“ მათგან განაწყენებული რუსეთი აღმოჩნდეს. მით უმეტეს, ინტერესების თანხვედრაც იკვეთება. დღევანდელ სიტუაციას შეიძლება ბევრი გაგრძელება ჰქონდეს. მათ შორის, ჩვენზე ამხედრებული ევროპელები, რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებდნენ. რუსეთის ინტერესი იმაშიც გამოიხატება, თუ რატომ არიან ევროპელები ამხედრებულები, მათ ნაცების ტიპის პარტიების მოყვანა უნდათ, რადგან მიშა ციხეშია. ამ პარტიებში კი, ვიცით, რამდენი გაიძახის: ევროპა გვინდაო და ამ დროს ხელფასს რუბლებში იღებს.
_ არჩევნებზე რა შედეგს ელით? 
_ რევოლუციის მცდელობა იქნება, მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის იმდენად ბევრი რამ გახდა ცხადი, ოპოზიცია მიტინგებზეც ვეღარ კრეფენ ხალხს, რაშიც წულუკიანის კომისიამაც დიდი როლი შეასრულა. ხელისუფლებამ თითიც რომ არ გაანძრიოს, ნაცების მოსვლის ალბათობა თუ გაჩნდა, მათ თავად მოსახლეობა წალეკავს. ისინი კრიმინალები არიან, თუმცა ფარად პოლიტიკურ მოტივს _ ევროპელობას იფარებენ, მაგრამ მაინც არაფერი გამოუვათ.
_ ხელისუფლებას გაცხადებული აქვს, რომ ვიზა ლიბერალიზაციის სანაცვლოდ ღირებულებებისთვის ღალატს არ აპირებს. ეს სიჯიუტე წაგვადგება, თუ დათმობაზე უნდა წავიდეთ?
_ კარგი კითხვაა, სიჯიუტე კომპლიმენტი არ არის. კარგ სიჯიუტეს პრინციპულობას უწოდებენ, ცუდს _ იდიოტიზმს. 
_ ჩვენს შემთხვევაში რომელია? 
_ პრინციპულობა. რა თქმა უნდა, ხელისუფლებას არ უნდა ტრადიციების დათმობა და საქართველოს თავზე ლგბტ დროშების ფრიალი. ეს არც ტრამპს უნდა. მაგრამ საქმე ისაა, რომ პრობლემა ჩვენთან იმის გამო როდი აქვთ, რომ აქ ლგბტ დროშა არ ფრიალებს. ვიმეორებ, პრობლემა ჩინეთი _ გეოპოლიტიკაა. 

თამარ შველიძე