სუხიშვილებმა „დაზადნეს“

სუხიშვილებმა „დაზადნეს“

წინა კვირას რაღაც აკარაკული ფესტივალი (ოპენ აირ) რომ ჩატარდა ლისის ტბის მიდამოებში და „მუზუკანტმა“ ერეკლე გეწაძემ რუსეთის დროშას დააფსა, გახსოვთ, ხომ? მაშინ ისიც გემახსოვრებათ, ნინო სუხიშვილი რომ გამოვიდა სცენაზე და „მუზიკანტ“ აჩიკო გულედანის გამოხდომა გააპროტესტა. კიდევ რა იყო გასაპროტესტებელი იქ, სადაც სხვა სახელმწიფოს დროშას აფსამენ და საოხრეს სცენაზე მათრახივით იქნევენ? თურმე გულედანს ათეული წლების წინ ნამღერი გამოუტანია, გაბრუებული პუბლიკისთვის ახალივით შეუთავაზებია (ძაან არ მიმხვდარიყვნენ), სადაც ჯვრებსა და შავ ჯიპებზეა ბაასი. ჰოდა, ამის გამო გამოვიდა ნინო სუხიშვილი და... როგორ გეკადრებათო? საქართველო ხომ მართლმადიდებლური ქვეყანააო? ჩვენი დასი ემიჯნება სიტყვებს, რომლებიც აქ გაჟღერდაო, ეგ მკრეხელური იყო ჩვენი გაგებითო, ჩვენი დევიზი ყოველთვის იყო ენა, მამული და სარწმუნოებაო!
უცნაურია, ანსამბლ „სუხიშვილების“ დევიზი არის ენა, მამული, სარწმუნოება და ამავე დროს კუნტრუშობენ მათთან, მათ წინაშე, ვინც ვერც ენას იტანს, ვერც სარწმუნოებას, ვერც მამულს და საერთოდაც, ვინც სცენაზე შარდავს? ხოხ, ეს ყველაფერი ხომ წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან?
ჰოდა, სანამ მამალი მესამედ იყივლებდა, „სუხიშვილებმა“ ეგეთი იკლიკანტური განცხადება გამოაცხვეს (სტილი დაცულია): 
„გვსურს გამოვეხმაუროთ ჩვენთვის სამწუხარო ინციდენტს, რომელიც ოპენ აირ-ის მიმდინარეობისას მოხდა. აჩიკო გულედანის სიმღერის ტექსტი არასწორად გაიგო დასის რამდენიმე წევრმა, რამაც დასის მნიშვნელოვან ნაწილში გამოიწვია უკმაყოფილება და კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა დასის ფესტივალში მონაწილეობა. 
დასის ხელმძღვანელმა, ნინო სუხიშვილმა, საჭიროდ ჩათვალა რომ კრიტიკული სიტუაციის განსამუხტად ისე ემოქმედა, როგორც იმოქმედა. 
ვწუხვართ, რომ ნინოს ნათქვამმა სიტყვებმა, რომელიც ანსამბლში ვითარების განმუხტვისკენ იყო მიმართული, სამართლიანად დაიმსახურა კრიტიკა. გვსურს დაგიდასტუროთ, რომ სუხიშვილები ყოველთვის იდგა და დგას როგორც რწმენის, ისე გამოხატვის, ხელოვნების თავისუფლების და ზოგადად, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის სამსახურში და გვჯერა, რომ ეს უფლებები არათუ ხელს არ უშლის, არამედ ავსებს ერთმანეთს. კიდევ ერთხელ, ვწუხვართ, რომ აღნიშნულმა ინციდენტმა ბევრ ჩვენს გულშემატკივარში გაუგებრობა გამოიწვია“.
ეჰ, ბევრი წერდა ამ დღეებში - საღოლ, ნინოო, გმირი ხარო, შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდაო, მაგრამ რა გამოვიდა? ბოდიში, აჩიკოს მკრეხელური სიმღერა თურმე არ ყოფილა მკრეხელური, თურმე „წმინდანური“ ყოფილაო. 
ეგრე იცის, როცა ტრადიციული აზრები აგიჩუჩუნდება, მერე კუთხეში მიგაყენებენ და გეტყვიან - ოე, რას არაკუნებო? ქალოვ (ნინო) და კაცოვ (ილარიონ), ჯერ ამ ბორდელში რომ მიდიხართ, არ იცით, რომ მკრეხელურ რაღაცებს იკადრებენ? მეორეც - თუ მიდიხართ და ადრეც არაერთხელ წასულხართ, რაღას კეკლუცობთ, ვის ეპრანჭებით, წინაპრების სულებს? აღარ გამოვა მაი ამბავი, თქვენ წერტილი 2011 წლის 26 მაისს დაგესვათ, ქართველების სისხლით მორწყულ ასფალტზე რომ იკუნტრუშეთ. 
სხვათა შორის, ავი ენები ამბობდნენ, ნინო სუხიშვილს დასის წევრებმა გაუპროტესტეს, აქ არ ვიცეკვებთ, თუ განცხადებას არ გააკეთებთო და ამიტომაც დაგმო გულედანის „შედევრი“, ეს ყოფილა იძულებითი ნაბიჯი, რაც აგერ, ამ განცხადებით დადასტურდა. ისე, ცოტა გასაგებადაც შეიძლებოდა დაწერა, მაგრამ არა უშავს, ყველა ილია ჭავჭავაძე ვერ იქნება. სიმართლე უთქვამთ ჩვენს წინაპრებს, „ნაცის“ სიტყვა არასდროს დაიჯერებაო.

გელა ზედელაშვილი