ალი ბაბაევი: ევრობიუროკრატებს საქართველოს მოსახლეობა მონებად ვუნდივართ

ალი ბაბაევი: ევრობიუროკრატებს საქართველოს მოსახლეობა მონებად ვუნდივართ

გვესაუბრება „საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარე,  პოლიტოლოგი ალი ბაბაევი:

_ ბატონო ალი, თქვენ 2007 წლის შვიდი ნოემბრის მოვლენების მონაწილე ხართ. როგორ გახსენდებათ შვიდი ნოემბრის დარბევა დღევანდელი გადმოსახედიდან?
_ შვიდი ნოემბერი ჩემი მეხსიერებიდან არასდროს წაიშლება. მიტინგი 2007 წლის ორ ნოემბერს დაიწყო. მაშინ დიდი აუდიტორიის წინაშე აქციაზე სიტყვით პირველად გამოვედი, სადაც სააკაშვილის რეჟიმი დავგმე, რომელსაც საქართველო უფსკრულისკენ მიჰყავდა. აქციები ერთი მიზეზით იმართებოდა _ ციხეებში ადამიანის უფლებების დარღვევისა და ქვეყნის არასწორი მიმართულებით წაყვანის გამო. იმ პერიოდში აქტიურად გამოვდიოდი მიტინგებზე, როგორც თბილისში, ისე ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორში, რამაც ძალიან დამაზარალა _ ჩემი ოჯახის მიმართ ტერორი განხორციელდა. ექვს ნოემბერს შიმშილობა გამოვაცხადე. შვიდ ნოემბერს მოშიმშილეებთან დამლაგებლების ფორმაში გადაცმული ადამიანები შემოვიდნენ, ვითომ დასასუფთავებლად, უცებ დუბინკები ამოიღეს და ცემა დაგვიწყეს. დარბევის მერე რიყეზე გადავინაცვლეთ, იქაც იგივე განმეორდა. საღამოს „იმედი“ დაარბიეს. მეც იქ ვიყავი. 
სააკაშვილმა ქართველი ხალხის წინაშე ბევრი შეცდომა დაუშვა. თუნდაც თბილისის სამმართველოს წინ მშვიდობიან მოსახლეობაზე რეზინის ტყვიების გამოყენება, სადაც უცნობი სასტიკად ცემეს. მერე იყო 26 მაისი. რომელი ერთი ჩამოვთვალო. საქართველოს ისტორიაში სააკაშვილის მმართველობა შავი ასოებით ჩაიწერება. 2012 წელს მიშა სასტიკად დავამარცხეთ. მას მერე ნაცებს ხუთჯერ ჰქონდათ ქვეყნის გადატრიალების მცდელობა. მათ ზურგს ევროპელი კორუმპირებული ბიუროკრატები უმაგრებენ, რომელთაც მშვიდობის მსურველი ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების გადაგდება სურთ. აი, ეს უნდათ ევრობიუროკრატებსაც და შიდა მტრებსაც _ იმ ძალების აგენტებს, რომლებიც საქართველოს მიმართ მტრულად არიან განწყობილნი. საქართველოს დაპყრობას საუკუნეების განმავლოაში არაერთი მომხდური ცდილობდა, თუმცა საბოლოოდ ეს ვერავინ შეძლო. წინაპრები რელიგიას, ტრადიციას, ადათ-წესებს ინარჩუნებდნენ. ევროპას სურს, ჩვენც გადაგვაგვაროს, შედეგად, ერთსქესიანთა ქორწინება დავუშვათ _ ქალი ქალზე გათხოვდეს და კაცმა კაცი შეირთოს, ბავშვები გაირყვნენ და ა. შ. ამას ვერც გადაგვარებული ევროპა მოესწრება და ვერც ჩვენი რადიკალები, რომელთაც სხვადასხვა უცხოური ფონდებიდან დაფინანსებული თანხებით ტრენინგებს უტარებენ. ქართველი ხალხისა და ხელისუფლების მთავარი ამოცანა მშვიდობის, ღირსების შენარჩუნებაა. 
_ ევროკომისარმა ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის დასკვნაში აღნიშნა, საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ფორმალურად არისო.
_ ქართველი საზოგადოება მტკიცედ დგას. 2028 წლამდე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია შეჩერებული აქვს, ეს უარს არ ნიშნავს. უსამართლობაა, როცა მიღებულ რეზოლუციებში ისეთ ტექსტებს წერენ, რაც კრიტიკას ვერ უძლებს. ეს ქალაჩუნა ქალბატონები _ კალასები, კოსები, იუკნევიჩიანები, რომლებიც დღეს ევროპას მართავენ, საქართველოს ეროვნული რელსებიდან გადაყვანისკენ ისწრაფვიან. მათ არ აწყობთ სუვერენული, დამოუკიდებელი საქართველო. ქვეყნის დაქცევას შიდა მტრების _ ნაცების და ნჯო-ების საშუალებით ცდილობენ. ოცდაათი წელია, არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვარ და კარგად ვიცი, გრანტები როგორც ნაწილდება. არაერთი პროექტი შეგვიტანია, მაგრამ ისინი მხოლოდ თავიანთ რჩეულებს აფინანსებდნენ. დღესაც ასეა. გასარკვევია, სად მიდის მათ მიერ გადმორიცხული თანხები. ვიცი, რომ ორი ათეული წელია, უცხოეთიდან წამოსული თანხები იმ ტრენინგებში იხარჯებოდა და იხარჯება, რაც ქვეყნის სტაბილურობას, განვითარებას კი არა, არამედ ქვეყნის განადგურებას ხმარდება. 
_ ახლახან ქართული ნჯო-ების დაფინანსება გერმანიის მთავრობამაც დაადასტურა. ელჩი რადიკალური პროცესების დაფინანსებაში მონაწილეობდა.
_ რა თქმა უნდა, ამ ნჯო-ებს ბევრი საელჩო აფინანსებს. ქვეყნის განვითარებას სწორედ ეს ხალხი უშლის ხელს, რომლებიც ოპოზიციის მიტინგებზე დადიან და იქ სიტყვითაც გამოდიან. ზემოთ შვიდი ნოემბერი ვახსენე, მაშინ ერთი პოლიციელიც არ დაშავებულა, არც შენობები დაგვიწვავს. პირიქით, პოლიციელები სასტიკად გვისწორდებოდნენ. ახლა რა ხდება? _ პოლიციის მანქანებს და თავად პოლიციელებს ცოცხლად წვავენ, ულაწუნებენ, ობიექტებს, ინფრასტრუქტურას ანადგურებენ. ოთხ ოქტომბერს გადატრიალების მცდელობის დროს ადგილი ჰქონდა ვანდალიზმს _ მცირე ბიზნესები დააზარალეს. ეს ვანდალიზმი სწორედ ამ არასამთავრობოების დამსახურებაა _ ვითომ კონფერენციებს ატარებენ და სინამდვილეში, აკაცუკებს სასტიკი მეთოდებით მოქმედებას ასწავლიან.
_ გამოსავალი რა არის, რუსთაველის გამზირს ახლა მცირე ჯგუფი კეტავს, მაგრამ ისინი აცხადებენ, რომ თავგანწირვისთვის მზად არიან?
_ წლებია, ქუჩაში აქციებზე ვდგავარ, მაგრამ ერთი თეთრიც არავის მოუცია, საჭმელსაც კი არ გვაჭმევდნენ. ჩვენ გულანთებული ადამიანები ვიყავით, რომლებიც სამართლიანობის, ტერორის წინააღმდეგ ვიბრძოდით. დღევანდელი ახალგაზრდობის საქციელი რას ჰგავს, ან რისთვის იბრძვიან, თვითონ თუ იციან? აქეთ ეს ქალაჩუნა პრეზიდენტი უჭერს მხარს მათ „შინ ევროპელობას“. მისი გაპრეზიდენტება ჩემი ბრალიც არის. ასევე, სხვა ბევრ უვარგისს მიეცა „ქართული ოცნების“ მანდატი: პრემიერ-მინისტრებს, პარლამენტის თავმჯდომარეს... ეს ნაძირლები დღეს „ქართულ ოცნებას“ ებრძვიან. როგორ მინდა ზოგ მათგანს შევხვდე და ვკითხო: ძმაო, ჩემზე მეტი არ გიბრძოლია, ყველაფერი მიიღე, რაც გსურდა და რატომ გადაწყვიტე ქვეყანაში დესტაბილიზაციის, არეულობის მოწყობა და ასე ხელისუფლებაში დაბრუნება. უსუფაშვილს, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარე იყო, ხიდაშელს, რომელიც თავდაცვის მინისტრი იყო, ვეკითხები: რატომ უღალატეს ივანიშვილს? მმართველ ძალაში ასეთი ხალხი თუ კიდევ არის, სჯობს, დროულად წაეთრიონ. ვამაყობ, რომ ხელისუფლების სათავეში ასეთი ახალგაზრდული, ენერგიული გუნდი დგას. შემეძლო, მაგრამ არც თანამდებობა მომითხოვია, არც დეპუტატობა. მე ქვეყნის ერთგული ადამიანი ვარ, რომელსაც სტაბილურობა, განვითარება სურს. მჯერა, თუ ის პროექტები, რაც მთავრობამ დაისახა, განხორციელდება, იგივე შუა დერეფანი და სხვა, მალე საქართველო მარტო რეგიონში კი არა, მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი იქნება.
_ ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის შეფასება პოზიტიური იყო მონტენეგროს, ალბანეთის, უკრაინის და მოლდოვას მიმართ, ჩვენ კი ნეგატიურად შეგვაფასეს.
_ ეს დამოკიდებულება ისევ და ისევ იმ ქალბატონებიდან მოდის, რომლებიც ზემოთ ვახსენე. ერთ-ერთი მათგანი აქ ჩამობრძანდა და რუსთაველის გამზირის გადაკეტვაში მიიღო მონაწილეობა. ასევე, მსგავსი წარმოდგენები ჩვენს ქვეყანაზე იმ შინაური აგენტების, მტრების ბრალიც არის, რომლებიც მათ დაკრულზე ცეკვავენ. აი, რატომ შეგვადარეს მოლდოვას, რომელმაც არჩევნები წააგო. რუმინეთშიც ხომ ვნახეთ, რაც მოხდა, როგორ მოიყვანეს „არჩევნებით“ სასურველი კანდიდატი. ეს უნდოდათ საქართველოშიც. ეუთო/ოდირმა აღნიშნა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ, დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა, მაგრამ ევროპამ მაინც არალეგიტიმურად ცნო. ოთხი ოქტომბრის არჩევნები იმდენად კარგად ჩატარდა, როგორც არსად მთელს მსოფლიოში, მაგრამ ამის აღიარება ევრობიუროკრატებს არ აწყობთ. მათ უნდათ, სათამაშოსავით გვმართონ, რაც არ გამოსდით. ევროპარლამენტარები გვეუბნებიან: რასაც გეტყვით, იმას გააკეთებთ, რომელ კანონებსაც გეტყვით, იმას მიიღებთ, გეტყვით, ადექი, ადგებით, დაწექი _ დაწვებითო. ამაშია საქმე. 
_ გამოდის, უფლებას არ გვაძლევენ, საკუთარ ქვეყანაში კანონი დავიცვათ? 
_ დიახ, საქართველოს მოსახლეობა მონებად ვუნდივართ. ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, ჩვენი კონსტიტუცია, დროშა, ჰიმნი, კანონები გვაქვს. რატომ უნდა მიგვითითოს ვიღაცამ, რა გავაკეთოთ?! ყველა პრესტიჟულ საერთაშორისო კვლევებში საქართველო ლიდერია, მაღალ პოზიციებზე დგას და ამ დროს ევროკავშირი გვეუბნება: გასაწევრიანებლად მზად არ ხართო. საქართველო აღარ არის ის ქვეყანა, რომელსაც თითის დაქნევით შეაშინებ. აგერ, ჩინეთთან ჩვენი ურთიერთობა მყარდება. ქვეყანა აქტიური განვითარების გზას ადგას. გაუგებარია, როგორ გვისწრებს მოლდოვა, რომელიც სნგ-ს წევრია?! უკრაინას რაც შეეხება, ნახევარი ქვეყანა აღარ არსებობს, ორმოცი წელი მაინც უნდა, რომ ფეხზე დადგეს და ამ დროს კოსი გვეუბნება: იქ კორუფცია არ არის და ადამიანის უფლებები არ ილახებაო. ამდენი მილარდები იხარჯება და ზელენსკი კიდევ იარაღს ითხოვს. ჩვენ არც იარაღს ვითხოვთ, არც ფულს. ჩვენ ვგმობთ ჩვენ მიმართ ევროკავშირის ასეთ დამოკიდებულებას. ეს ბიუროკრატი, კორუფციაში ჩაფლული ადამიანები, ბედავენ და თითს აქით იშვერენ. იმედია, ეს ხალხი თანდათან პოლიტიკას ჩამოშორდება, ევროპაც ჭკუაზე მოვა და მიხვდება, რომ ასეთი გარყვნილი ცხოვრება სიკეთეს არ მოუტანს. ჩვენ ცივილიზებული ევროპისკენ სვლა გვინდა და არა გარყვნილის, ბიუროკრატიული და კორუმპირებული ევროპისკენ. როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი, ჩვენ მიმართ ევროპის უსამართლო დამოკიდებულებას ვგმობ. აქვე მინდა გითხრათ, რომ ევროკავშირის ელჩი ჰერჩინსკი, რომელიც დღეს საქართველოში აგენტურას მართავს, აქიდან უნდა მოშორდეს. გერმანიის ელჩი ხაზარაძის ცოლის ბინაში ცხოვრობდა და თან ნჯო-ებს ღიად აფინანსებდა! რადიკალების უფლებებზე ხმალამოღებულნი რომ იბრძვიან, რატომ არ დაგმეს ოთხი ოქტომბრის გადატრიალების მცდელობა?! ევროკავშირმა რატომ არ დაგმო პრეზიდენტის სასახლეზე შტურმის მიტანა?! ამიტომ ვფიქრობ, ჯერ თავად ევროკავშირში უნდა მოხდეს სერიოზული ცვლილება და ის სწორი გზით წავიდეს.
აქვე, მივესალმები ხელისუფლების პოლიტიკას კორუფციასთან ბრძოლის კუთხით. კორუფცია ყველა ქვეყანაშია, მისი ძირფესვიანად აღმოფხვრა ძნელია. მაღალი ეშელონებიდან ბრძოლის დაწყება დადებითი ტენდენციაა. საქართველოს ხელისუფლება ამ ბრძოლით სხვა ქვეყნებისთვის, სადაც კორუფცია ყვავის, მაგალითია. მავანმა ხელი მოითბო, რაც ქვეყნის განვითარებას ეწინააღმდეგება. კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს. მივესალმები ხელისუფლების კორუფციასთან, ნარკოტიკებთან ბრძოლას. წარმატება ხელისუფლებას ამ დიდ საქმეში. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პროკურატურამ ბრალი რვა პირს საბოტაჟის მუხლით წაუყენა, რაც დროულია. ყველა დამნაშავემ ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხი უნდა აგოს და ამას ყველა უნდა შეეგუოს _ მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსნებიც და რადიკალი ოპოზიციონერებიც.

თამარ შველიძე