სხვის დაკრულზე ცეკვით თაობები დავკარგეთ

სხვის დაკრულზე ცეკვით თაობები დავკარგეთ

სამხრეთ აფრიკაში, სტელენბოსის უნივერსიტეტის შესასვლელში გამოკრულ აბრაზე არის შემდეგი წარწერა:
„ნებისმიერი ერის გასანადგურებლად არ არის საჭირო ატომური ბომბის ან შორეული რადიუსის რაკეტების გამოყენება, ამისთვის საჭიროა განათლების ხარისხის შემცირება და თვალის დახუჭვა, როდესაც მოსწავლე გამოცდაზე იტყუება.
ასეთი ექიმების ხელში პაციენტები იღუპებიან;
ასეთი ინჟინრების ხელში შენობები ინგრევა;
ასეთი ეკონომისტებისა და ბუღალტრების ხელში იკარგება ფული;
ასეთი მოსამართლეებისა და იურისტების ხელში იკარგება სამართალი.
განათლების კრახი -ერის კრახია“.
რუსთაველის პროსპექტზე მოწანწალე უსაქმური ახალგაზრდების ჯგუფზე ხუნვეიბინები ახსენდება ხალხს, რომლებიც, ძირითადად, ქალაქებში იყვნენ მობილიზებულები და ასრულებდნენ სხვის მიერ შეკვეთილს _ ანადგურებდნენ ოთხ სიძველეს: ძველ კულტურას, ძველ იდეოლოგიას, ძველ ჩვეულებებს, ძველ ტრადიციებს. ხუნვეიბინები შენობებსა და ქუჩებს ახალ სახელებს ანიჭებდნენ, ანადგურებდნენ კულტურულ ძეგლებს, ფიზიკურად ძალადობდნენ და ხშირად კლავდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც მაოს იდეებს ეწინააღმდეგებოდნენ. მთავარ იდეას წარმოადგენდა ჩინეთის ისტორიის იმგვარად გადაწერა, რომ ყველაფრის ცენტრში მაო ყოფილიყო _ მართლაც, ხომ არაფერი გეცნობათ?
გაიზრდებიან ქართველი ხუნვეიბინები და გამოვლენ ისეთი ზომბი პროფესორ-მასწავლებლები, რომლებზეც უკვე ვთქვით ორიოდე სიტყვა და კიდევ უარესები, მოფაშისტოები, ისეთები, როგორიც ყაველაშვილის შვილის მასწავლებელი აღმოჩნდა. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეზეა საუბარი, რომელიც მასწავლებელმა მონიშნა _ „მოღალატის შვილი“ და საბრალო ბავშვი შეუძლოდ გახდა...
1991 წელს, საქართველოს განათლების სამინისტროს ისრაელიდან ეწვივნენ კოლეგები და როდესაც განათლების სისტემაზე საუბრობდნენ, საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ, მერაბ ჯიბლაძემ ჰკითხა: ახალშექმნილი სახელმწიფო რომ იყავით, რომელი ქვეყნის განათლების სისტემა აირჩიეთო? 
დელეგაციის ხელმძღვანელმა უპასუხა: რამდენიმე ქვეყნის განათლების სისტემა შევისწავლეთ: რუსული, გერმანული, ფრანგული, ამერიკული, იაპონური და სხვა ქვეყნების განათლების კანონები, რამაც მიგვაღებინა გადაწყვეტილება, რომ შეგვექმნა საკუთარი, რადგან სხვისი კანონები არ გამოგვადგებოდა, ჩვენ ებრაელები ვართო...
როდესაც აკადემიკოს ლეონტიევს ტელეგადაცემაში ჰკითხეს, რომელი ეკონომიკური პოლიტიკა იქნებოდა რუსეთისთვის უმჯობესი, ამერიკული, გერმანული თუ იაპონური, მან უპასუხა: მე იაპონურ ეკონომიკურ პოლიტიკას ავირჩევდი, მაგრამ ამისათვის რუსეთში მხოლოდ იაპონელები უნდა ცხოვრობდნენო...
ხომ საინტერესოა, ვინ შეიმუშავა ეს ავადსახსენებელი რეფორმა და რა ძირითად პრინციპებს ეყრდნობა?
იმ პერიოდში, ელექტრონულ მისამართზე რტი.ორგ. გაჩნდა ინფორმაცია: „ამბიციური საგანმანათლებლო რეფორმა საქართველოში“, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოში განათლების რეფორმის წარმართვაში ეხმარებოდა ღთI (ღესეარცჰ თრიანგლე Iნსტიტუტე), ინსტიტუტი, რომელიც დაარსდა 1958 წელს აშშ-ის სამი უნივერსიტეტის ბაზაზე. ამ ინსტიტუტის პროგრამა „საქართველოში საშუალო განათლების გაუმჯობესებისთვის ხელშეწყობა“ „აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ მიერ იყო მხარდაჭერილი. ინტერნეტინფორმაციის მიხედვით, აღნიშნულ ინსტიტუტს ანალოგიური პროგრამები ჰქონია: ლათინურ ამერიკაში (პერუ), აზიაში (კამბოჯა, ინდონეზია, პაკისტანი), აფრიკაში (გვინეა, ნიგერია, სენეგალი და სამხრეთ აფრიკა), ხოლო „ევროპიდან“ ეს პატივი მხოლოდ საქართველოს ერგო.
ალბათ, დაინტერესდით, ამათგან რომლის დონეზე დავიყვანეთ ჩვენი შვილები? საქართველოში მიმდინარე პროგრამა იმ პროგრამების ზუსტი ანალოგი გახლდათ, რაც პაკისტანსა და კამბოჯაში ინერგებოდა. 
შევარდნაძის დროს თუ ჯერ კიდევ მოჰყვებოდა ინერციით „საბჭოთა განათლებით“ განათლება, სააკაშვილის ხელისუფლების დროს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ის რესურსიც ამოიწურა და „განათლების რეფორმით“ საჯარო სკოლებიდან რაც მივიღეთ, იმას დღეს ვხედავთ. 
რა განათლებას მისცემენ ისეთი მასწავლებლები, როგორიც მიხეილ ყაველაშვილის შვილის მასწავლებელი აღმოჩნდა, ან გიგი თევზაძის მსგავსი რექტორები, შობა რომ „რუსული ნარატივი“ ჰგონია და სტუდენტებს ჩააგონებს, ჩვენი წინაპრები კანიბალები იყვნენო; ან ლევან ბერძენიშვილის მსგავსი ლექტორები _ ვაჟას, ილიას, ერეკლე II-ს და, ზოგადად, ყოველივე ქართულს რომ აკნინებს. ქართულ სისხლზე აგდებით საუბრობს, ჩვეულებრივი სისხლი აქვს ყველასო _ თითქოს არ იცის, ამ შემთხვევაში რაზეა საუბარი და ღმერთის არარსებობას ცაში სიცარიელით ხსნის, აბა, სად არის ცაშიო.
ხვიჩა კვარაცხელიას, როგორც ფეხბურთელს, მხოლოდ ყველა ნამდვილი ქართველი კი არა, მსოფლიო შესციცინებდა, როდესაც „ნაპოლიში“ ფეხბურთის ვარსკვლავად გამოიკვეთა, უსახური შარახვეტია, ვინმე ნოდარ ლადარია კი, ნაცვლად იმისა, რომ თანამემამულის წარმატებით ეამაყა, სოციალურ ქსელში საქვეყნოდ წერდა: „მთელი ნეაპოლი მოხუცი ქართველი ქალების ნაპატრონებია, დიდება კი მაინც ვიღაც შარახვეტიას შეხვდა“. ან იგივე „ილიაუნის“ ლექტორმა გიორგი ტაბატაძემ რა უნდა ასწავლოს სტუდენტებს სიძულვილის გარდა, რომელიც ასევე სოციალურ ქსელში საქვეყნოდ წერდა ლაშა ტალახაძეზე: „პოლიტიკა და სპორტი ერთი და იგივეა, ლაშა ტალახაძე კი ქოცია, ქოცი კი რუსია. შესაბამისად, არაფერი გასახარი და მისალოცი მის ჩემპიონობაში არ არის.“
ეს მხოლოდ ერთეულები ვახსენე _ განათლების სისტემა გადავსებულია ამგვარი „მასწავლებლებით!“ სამწუხაროდ, სწორედ ის მივიღეთ მათგან „განათლებული“ ახალგაზრდებისგან, რომ აქამდე თუ კონკრეტულად არჩევდნენ, ახლა მთელ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, ჩვენს ფეხბურთელებს ისე ესხმიან თავს, როგორც მოძულე მტერს, რას ჰქვია, რომ პოლიტიკაში არ ერევით და არ გმობთ პატრიოტების დაკავებას, თქვე „ქოცების ფეხბურთელებოო.“
განათლების სისტემის ვითომ რეფორმა და ახალგაზრდა თაობებისთვის განათლების მიმცემი პროფესორ-მასწავლებლების ჩარეცხვა სხვა შედეგს ვერც მოიტანდა...
საგანგაშოა, რომ ასეთ ახალგაზრდებს კონვეიერულად უშვებს ქართული განათლების სისტემა და პროპაგანდის კრებსითი დასავლური ფაბრიკა. შედეგად მივიღეთ ზომბირებული, ცრუსწავლებითა და ყალბი ფასეულობებით გამოყვანილი გამოთაყვანებული ახალგაზრდობა.
„ახალგაზრდობის“ შესახებ ყბადაღებული ფრაზები უკვე გამაღიზიანებელი გახდა, რადგან „ახალგაზრდებში“ გულისხმობენ არა საღად მოაზროვნე, ოჯახში აღზრდილ გოგო-ბიჭებს, არამედ ნაცდასავლეთის მიერ გამოწვრთნილ აგრესიულ ფარას, რომელთაც, ხელისუფლების ლოიალობის გამო საკმად დიდი ხანია, თავზე აქვთ ხელი აღებული, ადამიანების ცოცხლად დაწვასა და ნგრევაზე გადავიდნენ.
სხვის დაკრულზე ცეკვით თაობები დავკარგეთ ნარკომანიისა თუ პოლიტმორევში, ახლა, ყველაფერთან ერთად, უწიგნურობის მორევია და განათლებული მომავალი თაობების გარეშე მეტი გაძლება შეუძლია კიდევ ამ პატარა საქართველოს?
ოჯახის რეფორმას ვერავინ მოახდენს, ისეა დეფორმირბული; ვერც ვერავის მშობელს ვერ აღვზრდით ასაკიდან გამომდინარე, მანამდე უნდა აღეზარდა საკუთარ მშობელს, მაგრამ გაუზრდელი მშობლების ჯერ კიდევ ხალასი შვილების გადარჩენა ხომ შესაძლებელია... პორნოს ყურება, „სელფების“ გადაღება, შუა თითების აშვერა ბილწსიტყვაობის დართვით და მხოლოდ ინგლისური ენის საყველპუროდ ცოდნა არც ევროპული განათლებაა, არც ამერიკული და არც მარსიანული _ პლინტუსსქვემოთ მდგომარეობაა, მაგრამ ამას როგორ მიხვდება გაუნათლებელი და ყოვლად უწიგნური მოზარდი? 
წიგნში ხომ უნდა ეწეროს ის, რაც მოზარდს დააინტერესებს _ სად არის ასეთი სახელმძღვანელოები? ამჟამად უკვე შვილიშვილების წიგნებში ვიხედები და დანახვა მე არ მინდა, წიგნთან შეუთამაშებელ მოზარდს რა დააინტერესებს _ სიტყვების რახუნიდან რა უნდა ისწავლოს სწავლის მძებნელმა...
„განათლების რეფორმისას“ დაშვებულმა შეცდომებმა შედეგად მოგვიტანა ის, რომ მოზარდები ცოდნის შეძენის სურვილს უკვე ნაკლებად ამჟღავნებენ. სამეცნიერო მოღვაწეობა კი არაპრესტიჟულად მიაჩნიათ, რადგან ხედავენ, რომ ინტელიგენციის სატანადო დაფასება არა აქვს (ისინი ხომ საშუალო ფენის დონეზეც კი ვერ ინახავენ ოჯახს). ეს მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს. მეცნიერების განვითარების გარეშე ქვეყანას არა აქვს მომავალი, რადგან ერის სულიერებისა და განათლების ერთ-ერთ უმთავრეს ძალას სწორედ ისინი წარმოადგენენ“ (ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. საშობაო ეპისტოლე. 2010 წელი).
ნამდვილად არ მესმის, რატომ არიან ერთმანეთის დასანახად ხელისუფლების წარმომადგენლები თავიანთი სიგრძის სანთლებით ეკლესიის კართან აკრულები, როცა პატრიარქის სახელმწიფოებრივი შეგონებანი სახელმწიფო დონეზე არ განიხილება?
უამრავი ისეთი მაგალითის დასახელება შემიძლია პირველ პირში, რაც განათლების სისტემის რეფორმის აბსულუტური კრახის დასტურია და სასწრაფოდ შველას ითხოვს, მაგრამ აზრი?
განათლების რეფორმის ჩატარება აუცილებელია, მაგრამ ეს რეფორმა განათლებულმა და ჭკვიანმა ადამიანებმა უნდა ჩაატარონ და თანაც, საკუთარი ჭკუითა და გამოცდილებით და არა გადამთიელთა სულელური კარნახით! 
ბლეზ პასკალის სიტყვებია: „საკმარისია, საფრანგეთი სამასმა ინტელექტუალმა დატოვოს, რომ ის იდიოტების ქვეყნად გადაიქცესო.“
ძალიან მაინტერესებს, რამდენმა ინტელექტუალმა დატოვა საქართველო, ანუ კიდევ რამდენი დაგვრჩა და როდის იქცევა საქართველო სრულიად იდიოტების ქვეყნად...

მაია ჭელიძე