აფხაზეთი „ აფსნი“, ხოლო „ აფსუა“ აფხაზი არ არის!
გასულ კვირას, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. რეზოლუციას 2026 წლის სესიაზე 107-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი.
ცნობისათვის, სტრატეგიულმა პარტნიორმა ჩინეთმა მხარი არ დაგვიჭირა, თავი შეიკავა... და, ტაილანდმაც; 26-საუკუნოვანმა „ძმებმაც“... შუა აზიის ქვეყნებმა და არაბულმა სახელმწიფოებმაც...
საქართველოს მთავრობა რომ ხარ, მეზობლად რუსეთი გყავს (და მუდამ გეყოლება) და საგარეო საქმეთა სამინისტროსც გაქვს, რაღაცას ხომ უნდა მიხვდე...
საღერღელი ამეშალა...
ადიღეური მოდგმის ერთ-ერთი ტომისთვის, აფსუებისთვის ისტორიული სათემო სახელის „აფხაზის“ ავტომატურად მირთმევამ, ხოლო აფსუური ენისთვისთვისაც „აფხაზურის“ შერქმევამ, რაც მოგვიტანა, ვხედავთ.
აფხაზეთი „აფსნი“ არ არის, ხოლო „აფსუა“ აფხაზი არ არის!
ბატონი ბიძინა თავაძის „VIVAთ HIშთOღIA: ანუ რას გვიამბობენ მცენარეთა სახელწოდებანი აფსუა-აფხაზთა აბორიგენობაზე საქართველოში“ ძალზე გასაგებად ხსნის აფხაზ-აფსუათა სადავო აბორიგენობას.
ნამდვილად არ ვიცი, უძვირფასესი ენობრივ-ლექსიკური მასალები, რომელიც დაცულია ორ მონოგრაფიაში, იაკობ მედვედევის „კავკასიის ხეები და ბუჩქები“ (სამჯერ დაიბეჭდა მეფის რუსეთსა და რევოლუციის შემდგომაც თბილისში) და ე. წ. გერმანელ კალონისტთა ოჯახში დაბადებული ადოლფ კრისტიან როლოვის „კავკასიის ველური მცენარეები“ (დაიბეჭდა თბილისში 1908 წელს), რატომ არ არის ცნობილი და რატომ არავინ ცდილობს მათ შესწავლას.
ი. მედვედევი 1867 წლიდან მოღვაწეობდა საქართველოში და მუშაობდა იმპერიის მიწათმოქმედების დეპარტამენტში – ჯერ მეტყევედ, შემდეგ კი ამიერკავკასიის რწმუნებულად, ხოლო ა. როლოვი დაიბადა და გაიზარდა რა თბილისში, 1898-1918 წლებში იყო თბილისის ბოტანიკური ბაღის დირექტორი, შემდეგ „გპი“-ს პროფესორი – ამდენად, მათი ნაშრომები მაღალი სამეცნიერო ღირებულებისაა, სანდო და ფასეულია.
ამ ნაშრომებიდან ამჯერად მხოლოდ რამდენიმე მცენარის სახელწოდებას შევეხებით, რადგან ამ ორი უზარმაზარი მონოგრაფიის მიმოხილვას თავად სჭირდება მონოგრაფია.
ენათმეცნიერებიდან ცნობილია, რომ ამა თუ იმ ენაში არსებული მცენარეთა სახელწოდებანი ბევრ საინტერესო მასალას შეიცავს ამ ხალხის ცხოვრების წესის, თუ გნებავთ, აბორიგენობისა და მიგრაციის შესახებ.
როგორც ი. მედვედევის, ისე ა. როლოვის მიხედვით, მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აფსუური ენა წიწვიან ხე-მცენარეებს ნაძვს, ფიჭვს, სოჭს ერთმანეთისაგან ვერ განასხვავებს და სამივეს ერთი და იმავე სახელით – „აფსა“ მოიხსენიებს, ხოლო ერთი მეორისაგან გენეტიკურად შორს მდგომ სახეობებს ფიჭვსა და სოჭს, ასევე, მოიხსენიებს მეორე საერთო სახელითაც – „ამზა“. ცნობისათვის: წიწვიანების ზემოხსენებული სამივე სახეობა გავრცელებულია როგორც ჩრდილოეთ, ისე სამხრეთ კავკასიაშიც, ამასთან, ნაძვი და სოჭი მარტოოდენ მთებში იზრდება, ხოლო ფიჭვი - მთებშიც და ბარშიც.
თუ ქართულ ენობრივ სინამდვილეს მივმართავთ, აღმოჩნდება შემდეგი: ქართულად: ნაძვი და ელატი; ჭანურად და მეგრულად – ნუზუ,სვანურად – ნეზვრა და ღუმირ.
ფიჭვი: ქართულად და მეგრულად – ფიჭვი, სვანურად – გოგიბ.
სოჭი: ქართულად სოჭი და ჩიხრი; მეგრულად – გოგიბი, სვანურად – ნენზე.
მოყვანილი მასალიდან ცხადია, რომ ქართველური ენები მკაფიოდ განასხვავებენ სამივე წიწვიან სახეობას. ისმება შეკითხვა, რატომ ვერ განასხვავებს აფსუური ენა ამ მკვეთრად განსხვავებულ წიწვიანებს?
საინტერესოა ის გარემოება, რომ ამავე ავტორთა მიხედვით, ყაბარდოულად და ჩერქეზულად ნაძვისა და სოჭის სახელებად მითითებულია „ფსეი,“ რაც იმას უნდა ნიშნავდეს, რომ აფსუებმა თავის დროზე სწორედ ამ ენებიდან ისესხეს წიწვიანების აღმნიშვნელი სახელი და დაურთეს თავიანთი ცნობილი წინსართი „ა“. ამგვარად უნდა იყოს მიღებული აფსუურში ყველა წიწვიანის საერთო სახელწოდება „აფსა.“
ასევე საინტერესოა ის გარემოებაც, რომ 1999 წელს თბილისში გამოცემული „ქართულ-აფხაზური სასაუბროს“ მიხედვით, აფსუურში (და არა აფხაზურში) დღეს ხეობასაც „აფსა“ ჰქვია, ხოლო წიწვიან ტყეს კი „აფსარა“.
მართალს ბრძანებს ბატონი ბიძინა _ მეტისმეტია ნაძვის, ფიჭვის, სოჭისა და წიწვოვანი ტყის ერთი და იმავე სახელით მოხსენიება. მასასადამე, აფსუები თავის დროზე არ იცნობდნენ ამ წიწვიან ხე-მცენარეებს (ნაძვი, ფიჭვი, სოჭი), რადგან ისეთ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, სადაც ეს წიწვიანები არ იყო გავრცელებული, რაც სრულიად შეესაბამება და ადასტურებს ცნობილი რომაელი მოღვაწის და მეცნიერის პლინიუს უფროსის ცნობის სისწორეს, რომ აფსუები ჩვ. წ. I საუკუნეში ცხოვრობდნენ ჩრდილო-აღმოსავლეთს იმიერკავკასიაში – კასპიისპირეთში, დაახლოებით დღევანდელი ყალმუხეთის ტერიტორიაზე, ხოლო შემდეგ, მიგრაციისას, ჩერქეზების ან ყაბარდოელებისაგან ისესხეს წიწვიანი ხე-მცენარეების სამი სახეობისათვის საერთო სახელწოდება – „აფსა.“
თუ საწინააღმდეგოს დავუშვებთ და აფსუებს აფხაზეთის აბორიგენებად ჩავთვლით, როგორც ამას ჩვენი ზოგიერთი ვაიმეცნიერი აკეთებს, მაშინ ძნელი ასახსნელი იქნება ის გარემოება, თუ როგორ მოხდა, რომ ამ ტერიტორიაზე მოსახლე ქართველურმა ტომებმა ქართებმა, სვანებმა, მეგრელებმა, ჭანებმა – აქ გავრცელებულ წიწვიანებს – ნაძვს, სოჭსა და ფიჭვს ცალ-ცალკე განსხვავებული სახელები შეარქვეს, ხოლო აფსუებმა, არა თუ ცალ-ცალკე სახელები ვერ დაარქვეს თავიანთ ენაზე ამ ხე-მცენარეებს, არამედ ვერც კი შეძლეს, ესესხათ თავიანთი მეზობლებისაგან – ქართველური ტომებისაგან კავკასიონის ქედს გადაღმა გადავიდნენ და იქიდან „ჩამოიტანეს“ მათი საერთო სახელი, რაც მეტად გასაკვირია.
კიდევ უფრო პარადოქსული და საინტერესოა მუხისა და ვაზის სახელწოდებანი აფხაზურ ენაში. ი. მედვედევისა და ა. როლოვის მიხედვით, მე-19 საუკუნის ბოლოსათვის აფსუური ენა ერთსა და იმავე სახელს უწოდებს ერთმანეთისაგან გენეტიკურად შორს მდგომ მცენარეებს მუხასა და ვაზს _ ორივეს ჰქვია „აჯ“.
დასავლეთ საქართველოში, კერძოდ კი აფხაზეთში, ვაზი ტყეშიც კია გავრცელებული, ხეებზეა შესული და ამ დროს ათეულ საუკუნეობით აქ მცხოვრები ტომი მას მუხისგან ვერ განასხვავებს?
ამავე ავტორების მიხედვით, ჩერქეზულად მუხას ჰქვია „ჯიჰაი,“ ხოლო ვაზს ბალყარულად „ჯოზუმ“. სავარაუდოდ, აფსუა-აფხაზებმა სწორედ ამ ენებიდან ისესხეს მუხისა და ვაზის საერთო სახელწოდება „აჯ“.
თუ აფსუა-აფხაზები მართლაც პირველი საუკუნიდან საქართველოში აბორიგენები იყვნენ, აფსუური ენა რატომ ვერ განასხვავებს მუხასა და ვაზს ერთმანეთისაგან, ან რატომ ისესხა ეს სახელწოდება მაინცდამაინც ჩრდილოკავკასიელი ხალხისაგან და რატომ ვერ შეითვისა-ისესხა მეზობელი ქართველური ტომებისაგან, თუკი მართლაც მეზობლობას ჰქონდა ადგილი? ქართველური ენები ხომ მშვენივრად განასხვავებენ ერთმანეთისაგან ერთსაც და მეორესაც:
ქართულად – ვაზი; ჭანურად და მეგრულად – ბინეხი, ბენეხი; სვანურად – ვააზ, ღვააზ;
ქართულად – მუხა; ჭანურად – ჭკონი; მეგრულად – ჭყონი; სვანურად – ჯირა, ჯიჰრა. აი, რა მრავალფეროვნადაა წარმოდგენილი ვაზისა და მუხის სახელწოდებანი ქართველურ ენებში და რაოდენ საოცარია, რომ ეს მრავალფეროვნება ვერ შეამჩნია ე. წ. „აბორიგენულმა“ აფსუურმა ენამ და აქაც მაინცდამაინც ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრებთ მიმართა „სასესხებლად“.
ზემოთნახსენები „ქართულ-აფხაზური სასაუბროს“ (1999) მიხედვით (უფრო სწორი იქნებოდა მას ერქვას „ქართულ-აფსუური სასაუბრო“), ამჟამად მუხას კვლავ ეწოდება „აჯ“, ხოლო ვაზს „აძახუა“; მაგრამ ვერსად გავექცევით იმ ფაქტს, რომ ი. მედვედევი და ა. როლოვი სახელწოდება „აძახუას“ საერთოდ არ იცნობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს სახელწოდება აფსუურმა ენამ გვიან შემოიტანა, რადგან ი. მედვედევის შრომა ბოლოს 1919 წელს გამოიცა.
ვაზის დღევანდელი აფსუური სახელწოდება „აძახუა“ არის ქართული ძახველის აფსუური ვარიანტი და იგი შესულია აფსუურში მეოცე საუკუნის ოციანი წლების შემდეგ. ძახველსაც თავისებურად მტევანს მიმსგავსებული ნაყოფი აქვს და, აქედან გამომდინარე, მისი სახელი დაარქვეს ვაზს.
ი. მედვედევისა და ა. როლოვის მონოგრაფიებში უამრავი საინტერესო მასალაა ენობრივი თვალსაზრისით. ავიღოთ ერთმანეთისაგან ისეთი განსხვავებული ხე-მცენარეები, როგორიცაა: წიფელი, იფანი და ჭადარი. ამ განსხვავებულ მერქნიან მცენარეებს აფსუურ ენაში ეწოდება ერთი და იგივე სახელი – „აშვ“, იფანს აქვს მეორე სახელიც „აჩამხა“. ქართველურში კი ასეთი სურათი გვაქვს:
წიფელი – ქართულად წიფელი; ჭანურად – წიფური, წიფრა; მეგრულად – წიფური; სვანურად კი – წიფ და წიფრა;
იფანი – ქართულად და მეგრულად – იფნი, კოპიტი, იფანი;
ჭადარი – ჭადარი და ჭანდარი. საინტერესოა ის გარემოება, რომ ჭადარი საქართველოში უძველეს დროიდან გავრცელებულად ითვლება და ჩვენში გამოიყენებოდა მისი სპარსული სახელიც – ჩინარი, რაც პოეზიაშიც კია ასახული. „ქართულ-აფხაზური სასაუბროს (1999 წ.) მიხედვით, დღეს ჭადარს აფსუურში ეწოდება აჭანდარი. როგორ მოხდა, რომ საუკუნეების განმავლობაში აფსუურმა ენამ აქამდე ვერ შეამჩნია ჭადარი და მისი სახელი მხოლოდ მე-20 საუკუნეში ისესხა.
წიფლის, იფნისა და ჭადრის ერთი და იგივე სახელით მოხსენიება და ჭადრის სახელწოდების სესხება მე-20 საუკუნეში კიდევ ერთი თვალნათლივი მაგალითია იმისა, რომ აფსუა-აფხაზები საქართველოს აბორიგენები არ არიან და მათ ისტორიულ აფხაზებთან და აფხაზეთთან საერთო არაფერი აქვთ.
კიდევ ერთი თვალნათლივი მაგალითი _ წაბლი და პანტა მოიხსენიება თითქმის ერთი და იმავე სახელით: წაბლი – ახე, პანტა – ახა. საერთოდ კი, წაბლი ეკუთვნის წიფლისებრთა ოჯახს, ხოლო პანტა – ვარდისებრთა ოჯახს; აფსუურმა ენამ კი ვერც განასხვავა და ვერც ქართველური ენებიდან ისესხა.
წაბლი: ქართულად – წაბლი; ჭანურად -ჭუბური, ჭუბუი; სვანურად – გვიჯ, გვიჯრა, კუცჩ (ი. მედვედევით); მეგრულად – ჭუბური.
რაც შეეხება პანტას, იგი ქართველურ ენებში უამრავი სახელითაა წარმოდგენილი: პანტა, ჭკუტა, კვიჭიჭი, პანტე სხული, კვეტელე სხული; გოწო ვიცხ. წაბლისა და პანტის არც ერთი ქართველური სახელი არ მიესადაგება აფსუურს, რაც მეტად საყურადღებოა, რადგან ორივე ეს სახეობა კავკასიისა და საქართველოს ფლორის აბორიგენია.
აღსანიშნავია, რომ ამავე ავტორთა მონაცემებით, წაბლის ქართული სახელი „წობულის“ ფორმით შესულია დაღესტნურ ენებში, ხოლო ოსურად წაბლს ეწოდება „გურჯიაგ-ტერს“, რაც თავისთავად მეტყველებს მის წარმომავლობაზე.
მე-16-17 საუკუნეების ევროპელი კარტოგრაფების (გასტალდი, ჯენკინსი, ჰონდოუსი) მონაცემებით, ამ პერიოდში აფსუების ტომი მომთაბარეობდა ყუბანისპირეთსა და აზოვის ზღვისპირეთში, სადაც შეიძლებოდა გაცნობოდნენ ველურ მსახლს – პანტას, მაგრამ, აფხაზეთში შემოსვლამდე ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაეცნობოდნენ ჩვეულებრივ წაბლს, თუმცა აუხსნელი რჩება, რა ნიშნით მიამსგავსეს ისინი ერთმანეთს.
ი. მედვედევისა და ა. როლოვის მონაცემებით, აფსუური ენა ასევე ვერ განასხვავებს ერთმანეთისაგან ბოტანიკურად სხვადასხვა ოჯახში მყოფ სახეობებს, როგორიცაა ჩვეულებრივი თელა და კავკასიური რცხილა და უწოდებს ერთსა და იმავე სახელს „ახეც“ მაშინ, როდესაც ქართველურ ენებში ამ სახეობების აღსანიშნავად იმდენი სახელწოდება გვაქვს, რომ მათი მოყვანა უკვე ზედმეტად მიგვაჩნია.
ი. მედვედევისა და ა. როლოვის ზემოაღნიშნული შრომები კიდევ მრავალ საინტერესო მასალას შეიცავს, რომელიც შემდგომ განხილვას და ანალიზს საჭიროებს.
ყოველივე ეს სრულიად შეესაბამება და ადასტურებს ცნობილი რომაელი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის პლინიუს უფროსის ცნობას იმის შესახებ, რომ აფსუები ახ. წ. I საუკუნეში ცხოვრობდნენ კასპიისპირეთში, ვოლგის შესართავის მახლობლად, დღევანდელი ყალმუხეთის ტერიტორიაზე, რომელიც ნახევრად უდაბნოს წარმოადგენს და სადაც არცერთი ზემოთ აღნიშნული სახეობების მცენარე არ არის გავრცელებული.
რაჭველი ვარ და, ვიღაც ცდილობს, ისედაც გაყალბებული საქართველოს ისტორია იმითიც გამიყალბონ, რომ აფსუები ჯერ სულაც რაჭაში სახლობდნენ და მერე „ქვემოთ“ ჩამოჩოჩდნენ?
იმე, ბეჩა!
მაია ჭელიძე
