აწყვეტილი ტრამპი და მარკო რუბიოს ზარი ოკეანის გაღმიდან
წინა კვირას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ჩვენს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს დაურეკა. მერე რა, დაურეკა და დაურეკა, ხომ არ შეხვედრიაო? ჩაილაპარაკა აკაცუკების („ნაციონალების“) ერთმა ნაწილმა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ინფორმაცია გაავრცელა, მარკო რუბიო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ესაუბრა, მათ ორმხრივი ინტერესის სფეროები განიხილეს, მათ შორის კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებაო. რადიო „თავისუფლებამ“ გამოაცხადა, რუბიო საქართველოს პრემიერ-მინისტრს კი არა, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრს ესაუბრაო. ეს ის რადიოა, ახალგაზრდობისას რომ ვუსმენდით ხოლმე და გვეგონა, ოკეანის გაღმიდან თავისუფლების სიო უბერავდა. რა სიოც იყო, ახლა ვხედავთ. ახლა არ დამიწყოთ, დასავლეთი და ამერიკა მაშინ სხვანაირი იყო, ახლა კიდევ სხვანაირია, გაფუჭდაო. რას ამბობთ, ადრე კარგი იყო და ახლა გაფუჭდა? როცა ინდიელებს ჟუჟავდნენ, მაშინ იყვნენ კარგები თუ როცა ხიროსიმასა და ნაგასაკიში ატომურ ბომბებს ყრიდნენ?
კარგი, დავანებოთ ამას თავი, ისევ რუბიო-კობახიძის საუბარზე გადავიდეთ. არაო, ეგრევე გამოხტა ვინმე თენგო თევზაძე - აშშ-ს კავკასიაში სიმყარე სჭირდება, ივანიშვილმა კი დაიკავა ირანის, ტერორისტების მხარე - აშშ-ის წარმომადგენელი იყო ჩამოსული, სანქციები გაგრძელდა, ახლა რუბიოს ზარი შედგა, „ქართული ოცნებისთვის“ ეს იყო ცუდი ზარი, ხაფანგში გაებაო. თუ არ ვცდები, ეს ის თენგოა, კრიტიკულ მომენტებში რომ გამოაგორებენ ხოლმე „ნაცები“ და თაზო დათუნაშვილივით სისულელეებს ალაპარაკებენ. „ლელოელებს“ ჰყავთ თაზო, „ნაცებს“ ჰყავთ თენგო. ჰოდა, იცის ამ თენგომ, რა უთხრა რუბიომ კობახიძეს. რას ეტყოდა? კარგს არაფერს. ამას წინებზე ყულევის ტერმინალთან დაკავშირებით თეთრი სახლიდან რევიზორი იყო ჩამოსული, აქაურობა დაათვალიერა და წავიდა, ახლა რუბიომ დარეკა - ბიჭო, მანდ რა ხდებაო? თენგოს თუ დავუჯერებთ, კობახიძე გაება, ამჯერად თავი ვეღარ დაიძვრინა, თავისი კაბინეტის ნაპირა კუთხეში დადგა და აქვითინდა - მარკო, მაპატიე, ეს აღარ განმეორდებაო.
თამარ ჩერგოლეიშვილი დარწმუნებულია, რომ რუბიოს ზარი რეგიონში მიმდინარე პროცესებთან იყო კავშირში. არ გამორიცხავს, სხვა საკითხებსაც შეეხნენ - სავარაუდოდ, ჩვენი ცის გამოყენება განიხილებოდა, ყურის ძირშია ირანი, არ უნდა გაგვიკვირდეს ზარებიო. თამარა თენგოზე და თაზოზე უფრო მიხვედრილია. ამას არც სხვები გამორიცხავენ და არც ჩვენ გამოვრიცხავთ, მაგრამ, სხვებისგან განსხვავებით, ჩვენ დარწმუნებული ვართ, კობახიძე აშშ-ელ „კლიენტს“ უარით გაისტუმრებდა - ჩვენი ცა ირანზე თავდასხმისთვის არ გამოდგება. აშშ-ს შეუძლია, ირანს დაარტყას აზერბაიჯანიდან (ტრამპმა ხომ აჩუქა ალიევს თეთრი სახლის გასაღები? ჰოდა, დაუფასოს), სომხეთიდან (ფაშინიანსაც აჩუქა თეთრი სახლის გასაღები), საუდის არაბეთიდან, ერაყიდან, თურქმენეთიდან, ავღანეთიდან, კუვეიტიდან, და რა ვიცი, ჯანდაბიდან და დოზანიდან. ბოლო-ბოლო, თურქეთიდან, ნატო-ს წევრი ქვეყანაა. უი, უკაცრავად, ყველამ უარი უთხრა აშშ-ს? ამიტომაც ავარდა ფინთი გოიმივით დონალდ ფრედოვიჩი, არაბეთის პრინცმა უკანალზე მაკოცოსო? დიახ, არაბებმა უარი უთხრეს, ვერ გაგატარებთ ირანის დასაბომბადო.
და მაინც, როგორ ფიქრობთ, რატომ დარეკა რუბიომ, რა მინდაო, რას ვითხოვო? რა ვერსიას ანვითარებს აკაცუკთა ერთი ნაწილი? ვიცი, არ დაიჯერებთ, მაგრამ გარკვეულ წრეებში ეს ვერსია ფართოდ განიხილება: ესე იგი, თურმე რუბიოს ზარი ძალზედ საეჭვოდ დაემთხვა მიშა სააკაშვილის წაქცევას საკანში. ჯერ ნანულა ჟორჟოლიანმა გაავრცელა ინფორმაცია, მიშა წაიქცა საკანში, ხელ მაიტეხა, ფეხ მაიტეხა, კისერ მაიტეხა და გვერდები დაიჟეჟაო. მერე პენიტენციურმა დაწესებულებამ განაცხადა, წნევა დაუვარდა, წაიქცა, მაგრამ არც არაფერი მოუტეხია, ექიმებმა საჭირო პროცედურები ჩაუტარეს და ისევ „ხოდზეაო“. ჰოდა, აკაცუკების მტკიცებით, მარკო რუბიომ ირაკლი კობახიძე სასტიკად გააფრთხილა, სააკაშვილი არ მოკლათ, ეგ ჩვენ ცოცხალი გვჭირდებაო. ნეტარ არიან ასეთი მორწმუნენი, მაგრამ სააკაშვილი ვის რა ფეხებად უნდა? რაღა დროს სააკაშვილია, როცა მსოფლიოში მხოლოდ დენთის სუნი ტრიალებს და მთელი ევროპა ლამის მესამე მსოფლიო ომის წინაშე დგას? აგერ, რას ამბობს რუბიო, რომელმაც მოიცალა და ჩვენთანაც დარეკა: „თუ ნატო მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ ევროპა თავდასხმის შემთხვევაში, ხოლო ისინი უარს გვეუბნებიან ბაზების გამოყენების უფლებაზე მაშინ, როცა ეს ჩვენ გვჭირდება, ეს არ არის მაინცდამაინც კარგი შეთანხმება“.
აქეთ რუბიო გამოთქვამს პრეტენზიებს, იქით ტრამპი ლაპარაკობს ნაწყენი ტონით: „საფრანგეთმა ისრაელისკენ მიმავალ ამერიკულ თვითმფრინავებს საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება არ მისცა. საფრანგეთმა მხარი არ დაგვიჭირა „ირანის ჯალათთან“ დაკავშირებით, რომელიც წარმატებით იქნა ლიკვიდირებული. აშშ ამას დაიმახსოვრებს“!
დაიმახსოვრებს კი არა, შეიძლება საქმე იქამდე მივიდეს, რომ აშშ საერთოდ გავიდეს ნატო-დან და შემდეგ იმავე ნატო-დან რაც დარჩება, ამასაც ვნახავთ. ტრამპმა უკვე დაიწყო საუბარი ნატო-ს წესდების მე-5 მუხლის გაუქმების თაობაზე. მე-5 მუხლი ავალდებულებს ნატო-ს, დაიცვას ნებისმიერი წევრი ქვეყანა თავდასხმისგან. თუ ეს მუხლი გაუქმდება, მაშინ რაღა აზრი აქვს ნატო-ს წევრობას? - არც არაფერი.
მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურმე მარკო რუბიო შოკშია, ის უკვე მუქარაზე გადავიდა, დასავლეთ ევროპის ქვეყნებს ბაზების დახურვით და ამერიკული ჯარების გაყვანით დაემუქრა: „როცა ამ ქვეყნებს რუსეთი დაესხმება თავს, ჩვენ ვიმსჯელებთ, გვექნება თუ არა დრო მათ დასახმარებლად“.
რა გამოდის? ტრამპი და რუბიო პუტინს უბიძგებენ, დასავლეთს დაარტყას? კი, მაგრამ რაში სჭირდება უკვე დასაჭურისებული დასავლეთი პუტინს? თუმცა წინასწარ ნურაფერს ვიტყვით, აგერ, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, ჯერ მშვიდობამდე შორია, ჩვენ ომისთვის ვემზადებითო. მთელ დასავლეთ ევროპას არა, მაგრამ შეიძლება ინდივიდუალურად ერთი-ორ ე. წ. სახელმწიფოს კი მოხვდეს ალიყური.
საზოგადოებაში შეშფოთება გამოიწვია იმან, რომ 1-ელ აპრილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა პროვოკატორებმა ეგრევე ატეხეს ამბავი, ამას ცუდი სუნი ასდის, ეს უკვე მეორედ მოსვლაა, მალე დედამიწა აღარ იქნებაო. საქმეში ჩახედული ადამიანები კონკრეტულად ვერაფერს ამბობენ, მაგრამ არსებობს საფუძვლიანი მოსაზრება, რომ სამხედრო „ბოინგმა“ საწვავი აიღო და ჯერ სომხეთში, შემდეგ კი თურქეთში გაფრინდა. ნუ გვავიწყდება, რომ თურქეთი ნატო-ს წევრია.
სწორედ დონალდ ტრამპზეა ნათქვამი - ასე, ჩემო მანასეო, ხან ისე და ხან ასეო. ქართველებს მეორე შესაფერისი გამოთქმაც გვაქვს - ამას კვირაში ცხრა პარასკევი აქვსო. ესე იგი, ერთ დღეს ამბობს, ირანში ომი დასასრულს უახლოვდებაო, მეორე დღეს აცხადებს, ირანი ფაქტობრივად აღარ არსებობსო - საზღვაო ფლოტი განადგურებულია, საჰაერო ძალები განადგურებულია, რაკეტები ამოწურული და განადგურებულიაო, მესამე დღეს ამტკიცებს, გადავწყვიტე, უკიდურესად ძლიერად დავარტყათ მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში, ჩვენ მათ ქვის ხანაში დავაბრუნებთ, სადაც მათი ადგილიაო. გავა რამდენიმე დღე და... რეჟიმის შეცვლა ჩვენი მიზანი არ იყო, მაგრამ რეჟიმის შეცვლა მოხდა მათი ყველა თავდაპირველი ლიდერის დაღუპვის გამო, ყველანი დაიღუპნენ და რა ვქნათო? ალბათ, უახლოეს ხანში ტიპი იტყვის, ირანის მთავრობა შემოგვაკვდა, არ გვინდოდაო.
დონალდ ტრამპმა ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართა. აი, აქ კი ნამდვილად აიწყვიტა: „ჩვენ ვიგებთ, ჩვენ მათ ძალიან ძლიერ დარტყმას მივაყენებთ, 2 კვირაში გავანადგურებთ, ქვის ხანაში დავაბრუნებთ, ყველამ ტრ...ზე მაკოცოს“!
სულ ეს იყო? თითქმის, მაგრამ ემანუელ მაკრონს მაინც გადასწვდა - მას ცოლი საშინლად ეპყრობა, ის ჯერ კიდევ ყბაში მოხვედრილი დარტყმისგან გონს მოდისო. შეიძლება მაკრონი მეტის ღირსია, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტს ხომ უნდა გქონდეს იმდენი შეგნება, რომ კოლეგა არ შეურაცხყო? ან ყველამ უკანალზე მაკოცეთო, ეს რა არის, რა უბედურებაა? მოკლედ, აშშ-ს ერთი ნორმალური პრეზიდენტი აღარ ეღირსა რუზველტის შემდეგ. პრინციპში, მარტო აშშ-ს? მსოფლიო პოლიტიკა კრიზისშია, რომელსაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება.
გელა ზედელაშვილი

