თეა წულუკიანმა დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა დადო
ე. წ. ოპოზიცია შოკშია, თეა წულუკიანმა უკვე დაიწყო ანდერძის აგება, ეჭვიც კი აღარავის ეპარება, რომ უახლოეს ხანში „ნაციონალური მოძრაობა“ აიკრძალება და დანარჩენი განაყოფებიც ზედ მიჰყვებიან.
ე. წ. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ „ოცნებას“ გეგმა დალაგებული აქვს, პარტიების აკრძალვის პროცესები პირდაპირ ეთერში უნდა აჩვენოსო. წულუკიანის კომისიის ანგარიში არა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ, „ლელო _ ძლიერი საქართველოს“, გახარიას პარტიას და ნიკა გვარამიას კოალიციასაც ეხებაო, _ თურმე უჩნდებათ მოლოდინი, რომ ხელისუფლება ამ პარტიების აკრძალვასაც მოითხოვს.
თქვენი არ ვიცი და, მე, პირადად, ასეთი მოლოდინი ცოტა გადაჭარბებული მგონია, „ქართული ოცნება“ ყველა პარტიის აკრძალვას არ მოითხოვს. კი არიან ასაკრძალები, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით, მისთვის ასეთი ნაბიჯი წამგებიანი იქნება, მკვლელების პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვაც საკმარისია.
ე. წ. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ის, რაც პირველად ხდება საქართველოში, უკვე გამოცდილია რუსეთსა და ბელარუსში, სადაც პუტინისა და ლუკაშენკოს მოწინააღმდეგეები ციხეებშიც გამოკეტეს და ოპოზიციური პარტიებიც არაერთხელ აკრძალეს. მეტიც, თურმე ოპოზიციური პარტიების უკან საქართველოს უდიდესი მოსახლეობა დგას და ამ ხალხს ვერც აკრძალავენ და ვერც აზრს შეუცვლიან.
გაიგონეთ? პაატა ბურჭულაძის, ჰელენ ხოშტარიას, ლევან ხაბეიშვილისა და თინა ბოკუჩავას მხარეს დგას საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, რომელსაც პუტინი, ლუკაშენკო და ივანიშვილი ვერც აკრძალავენ, ვერც აზრს შეუცვლიან. არა, კი ცდილობენ, მაგრამ მოსახლეობა ჯინაზე დგას. სხვათა შორის, კი ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი „ქართულ ოცნებას“, მაგრამ ხმას მაინც ამ პარტიას აძლევს, აეგრე სჯის, რათა ბევრი შეცდომა დაუშვას და 22-ე საუკუნეში „ნაციონალური მოძრაობა“ დაბრუნდეს.
მოკლედ, ამხანაგებო, დებო და ძმებო, თეა წულუკიანმა მთელი ე. წ. ოპოზიციური სპექტრი (ამათ სპექტრობას რა ვუთხარი) საგონებელში ჩააგდო - ისე გაამწარა, ხან რას უგონებენ (მეორედ გათხოვდაო), ხან რას (მესამედ გათხოვდაო), მაგრამ უკან მაინც ვერ დაახევინეს. წულუკიანი გვპირდება, „ნაცმოძრაობა“ აიკრძალება და ამ ყველაფერს მოსახლეობა პირდაპირ ეთერში ნახავსო. ვნახავთ, ბატონებო და ქალბატონებო, ვნახავთ, მაგას როგორ გამოვტოვებთ.
გელა ზედელაშვილი

