ბონდო მძინარაშვილი: საქართველო ევრობიუროკრატიისთვის ტერიტორიაა, ქართველებისთვის კი - სამშობლო

ბონდო მძინარაშვილი: საქართველო ევრობიუროკრატიისთვის ტერიტორიაა, ქართველებისთვის კი - სამშობლო

გვესაუბრება საქართველოს 
დამსახურებული ჟურნალისტი 
ბონდო მძინარაშვილი: 

_ ბატონო ბონდო, ევროპარლამენტარებმა საპარლამენტო წესების დარღვევის მოტივით, „ტელეიმედის“ ჟურნალისტებს ევროპარლამენტში მუშაობა ერთი წლით აუკრძალეს. ბრიტანული სანქციების შემდეგ, რა არის ამ კოორდინირებული შეტევის მიზანი, რეალურად, რის საფუძველზე გაკეთდა რეზოლუციაში მსგავსი ჩანაწერი? 
_ საქმე ის არის, რომ, როგორც საქართველო, ზუსტად ისევე, ევრობიუროკრატია და დიდი ბრიტანეთიც, 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. სწორედ ამას უკავშირდება რეზოლუციები, ბრიტანული თუ ევროპარლამენტის მიერ „ტელეიმედისთვის“ დაწესებული სანქციები. ასევე, „პოსტვ“-ისა და „რუსთავი-2“-ის გაფრთხილება, რომ თუ ევრობიუროკრატიის დღის წესრიგს არ დაემორჩილებიან, მათ მიმართაც ანალოგიური რეპრესიები განხორციელდება. მიზანი ერთია _ საქართველოში ხელისუფლების შესაცვლელად პოლიტიკური ველი მომზადდეს. არც ევრობიუროკრატიისთვის და არც ბრიტანეთისთვის, ქართველი ხალხის აზრს მნიშვნელობა არ აქვს, მათი მიზანი იმ პოლიტიკური აქტორების მაქსიმალურად მოგუდვაა, რომლებიც საქართველოში მათ ინტერესებს არ ემსახურებიან. ასევე, იმ მედიასაშუალებებს ემტერებიან, რომლებიც მათი პროპაგანდის გამტარებლები არ არიან. შესაბამისად, ეს ისე უნდა აღვიქვათ, როგორც კიდევ ერთი ნაბიჯი ამ მარყუჟის შესავიწროვებლად. 
_ ევროპარლამენტარების სანქციას სანდუს გადაწყვეტილება მოჰყვა, რომელმაც სამ ქართულ ტელევიზიას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიის გაშუქებისთვის აკრედიტაცია არ მისცა.
_ დიახ, აქაც მიზეზი თითიდან გამოწოვილია. სესიას უამრავი მედიასაშუალება ესწრებოდა და მათ მიერ მოპოვებული მასალების საფუძველზე, სიუჟეტების მომზადება თავისუფლად შეეძლოთ იმ ტელევიზიებსაც, რომლებიც ღონისძიებაზე არ დაუშვეს. მათ მშვენივრად იციან, რომ ამ გადაწყვეტილებით ვერც „ტელეიმედს“ შეაცვლევინებენ პოზიციას, ვერც „პოსტვ“-ის და ვერც „რუსთავი-2“-ს, მაგრამ ასე ცდილობენ, ქართული პოლიტიკა და მედიაველი დანაღმონ, რათა შესაძლებლობისთანავე ეს ნაღმები ააფეთქონ. სამწუხაროდ, მათთვის საქართველოს მოსახლეობის პოზიცია არაფერს ნიშნავს. მეორე მხრივ, თავად ქართველი ხალხისთვის ე. წ. ოპოზიციური ალიანსი _ ძალა, რომელსაც ევრობიუროკრატია ეყრდნობა, მიუღებელია. ამიტომ მაქსიმალურად ცდილობენ, „ქართული ოცნება“ დააზიანონ და 2028 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ისევ აყვირდნენ, თითქოს საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმი არ არსებობს, მედიას ახრჩობენ და ა. შ. არადა, თუ დავაკვირდებით, მათ ნაქებ მოლდოვაში მხოლოდ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველი და მეორე არხი არსებობს, რომელიც პრეზიდენტ მაია სანდუს ემორჩილება. უკრაინაში კი ოპოზიციური მედია, ფაქტობრივად, განადგურებულია, ხოლო ჟურნალისტების დიდი ნაწილი ქვეყნიდან წასული, ან რეპრესიების შიშით გაჩუმებულია. ამ ფონზე, ევრობიუროკრატები აცხადებენ, რომ საქართველოში კატასტროფული მდგომარეობაა, მოლდოვასა და უკრაინაში კი დემოკრატია ყვავის, რაც სიცრუეა. 
საქართველოში ოპოზიციური მედიასაშუალებები დეზინფორმაციის გავრცელებით არიან დაკავებული. ამ ფონზე, გასაკვირია, როგორ ახერხებს საქართველოს ხელისუფლება ვითარების დაბალანსებას და მტრული ძალებისთვის წინააღმდეგობის გაწევას. ამ ბრძოლაში აგრესიული ფორმით შესვლა ქვეყნის გარდაუვალ დაღუპვას გამოიწვევს. გავიხსენოთ, როგორ აქტიურად ეხმარებოდნენ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის დროს ოპოზიციას ის მედიასაშუალებები, რომლებიც მისგან დაფინანსებას იღებენ. 
დღეს ჩვენ მასობრივი დეზინფორმაციის ეპოქაში ვცხოვრობთ. საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო ომი აქტიურ ფაზაშია, რომელიც 2028 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, კიდევ უფრო გააქტიურდება. ევრობიუროკრატიის მხრიდანაც გაძლიერდება თავდასხმები როგორც მმართველ პარტიაზე, ისე იმ მედიასაშუალებებზე, რომლებიც ევროკავშირის დღის წესრიგით არ მუშაობენ. ასევე, წახალისდება რადიკალური ძალები, რომლებიც 2028 წელს არჩევნებში მონაწილეობისთვის კი არა, არამედ მის ჩასაშლელად და დესტრუქციის გასამძაფრებლად ემზადებიან. 
_ ერთმანეთში დაპირისპირებულ ოპოზიციას მაშველ რგოლად საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ქვედა პალატის რეზოლუცია მოევლინა, სადაც ევროინტეგრაციის პროცესის დე ფაქტო შეჩერება მოითხოვეს.
_ დიახ, საფრანგეთის სენატში 577 წევრია, სხდომას 96 მათგანი ესწრებოდა და რეზოლუციას მხარი 68-მ დაუჭირა. ქვორუმი არ შედგა, ადგილზე პარლამენტარების მეხუთედიც არ იმყოფებოდა და რეზოლუცია მაინც მიიღეს. ხომ გაგიგონიათ, ხემ თქვა: ცული რას დამაკლებდა, მასში ჩემი ჯიშის რომ არ ერიოსო. ჰოდა, საფრანგეთის სენატში ასეთი ხის ტარი ზურაბიშვილი იყო, რომელმაც საქართველოს წინააღმდეგ რეზოლუციის მომზადებას ხელი შეუწყო. ყოფილი მთავარსარდალი დღეს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებს. ნაცვლად იმისა, რომ უცხო ქვეყნების მიერ მიღებულ უსამართლო რეზოლუციებს შეეწინააღმდეგონ, პირიქით, ხელისუფლების საზიანოდ, ხელს უწყობენ და ამით ძალაუფლების ბერკეტების დაბრუნებას ცდილობენ. არადა, წესით, ქვეყნის აღმშენებლობაზე უნდა იყვნენ ორიენტირებულნი და არა ნგრევაზე, რათა მერე ევროკავშირის ვარსკვლავებით მოჭედილი დროშებით ამ ნანგრევებზე დგომა თავადვე არ მოუხდეთ. 
ყველაზე გონივრული, რასაც დღეს ხელისუფლება აკეთებს, ცალკეულ სახელმწიფოებთან ურთიერთობის დალაგების მცდელობაა, რათა მათთან კომუნიკაციის საშუალება არსებობდეს. ანუ, ყველა არ უნდა გადავიმტეროთ. ვინც გვემტერება, მათთანაც დიპლომატია უნდა გამოვიყენოთ. 
აქვე, დიდი მნიშვნელობა აქვს ქართველი ხალხის სიმტკიცეს _ თუ ევრობიუროკრატიის თავდასხმებს ხალხმა მტკიცე ნება არ დაუპირისპირა, მხოლოდ ხელისუფლება ვერაფერს გახდება. კარგი იქნება, თუ ქართული პოლიტიკური სპექტრი, რომელიც რადიკალიზმით, დესტრუქციით და პოლიტიკური დივერსიით დაკავებული არ არის, მეტად იაქტიურებს, პოლიტიკურ ველს შეავსებს და დივერსანტებს განდევნის. ყველა ჩვენგანის ვალია, სიფრთხილე გამოვიჩინოთ და ქვეყნის გადასარჩენად არცერთი ნაბიჯით უკან არ დავიხიოთ.
_ 26 მაისს დივერსანტები ხალხის თავების დათვლით იმუქრებიან...
_ თავების დათვლას, ვურჩევ, ხელები ან ფეხები დაითვალონ, უფრო მეტი გამოვა. წარმოუდგენელია, მათ ამ ქვეყანაში რაიმე მომავალი ჰქონდეთ, რადგან ისინი ქართველ ხალხს არ ემსახურებიან.
დღეს ქვეყნისთვის ყველაზე დიდი საფრთხე დემოგრაფიული და ინტელექტუალური რესურსის გადინებაა. საქართველოდან რჩეული ახალგაზრდები საზღვარგარეთ სამეცნიერო ცენტრებში მიჰყავთ, რომელთაც უცხო ქვეყნების ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ. იქ ბევრი ქართველი მეცნიერი მუშაობს. ჩვენ მათი უკან დაბრუნება და ამ რესურსის გამოყენება უნდა შევძლოთ. იმპერიებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომ მთელი ინტელექტუალური რესურსი არა ადგილზე, არამედ ცენტრისკენ იყოს მიმართული. საუკუნეების განმავლობაში ასე მიჰყავდათ: ოსმალეთში, სპარსეთში, რუსეთის იმპერიაში... ეს იმპერიული პოლიტიკაა. დღეს ჩვენ ევროიმპერიის მოგერიება გვიწევს. საბჭოთა კავშირთან შედარებით, ევროიმპერია გაცილებით დაუნდობელია. საბჭოთა იმპერია აგრესიულად მოქმედებდა, მაგრამ მაშინ სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები გვქონდა, მეცნიერება ვითარდებოდა. ევროიმპერიას კი რესურსი გააქვს და უნდა, რომ საქართველოს ტერიტორია - მსოფლიო გზაჯვარედინი - მხოლოდ საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს: აკონტროლოს ტვირთბრუნვა, აქ იყოლიოს თავისი მარიონეტები, რომელთაც გრანტებს, კრედიტებს მისცემს, რაც მერე ისევ ქვეყნის მოსახლეობის გადასახდელი იქნება. 
აქაური ევრომოსამსახურეები ცდილობენ, 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ და სახელმწიფო დღესასწაულს ჩრდილი მიაყენონ. ესენი ევროიმპერიის აგენტები არიან, რაც დიდი საფრთხის შემცველია. თუმცა მთავრობა ყველა საერთაშორისო პლატფორმას იყენებს, რათა ყურადღება საქართველოს ინტერესების დაცვასა და მისი გაძლიერების აუცილებლობაზე გაამახვილოს. რადიკალებს არც 26 მაისს და არც შემდეგ, არანაირი პერსპექტივა არ აქვთ, რადგან ყველა ხედავს, რომ ისინი ევრობიუროკრატიის დღის წესრიგს ემსახურებიან და არა ქართველი ხალხის ინტერესს. უნდა გავიგოთ, რომ ევრობიუროკრატიის ინტერესში ქართული სახელმწიფოს შენარჩუნება არ არის, მას მხოლოდ შუა დეფერანი აინტერესებს. საქართველო ევრობიუროკრატიისთვის ტერიტორიაა, ქართველებისთვის კი _ სამშობლო. 
ჩვენ დავინახეთ, ერის როგორი ერთიანობა იყო 17 მაისს _ ოჯახის სიწმინდის დღეს, ასევე, ვიხილეთ ილია მეორის გარდაცვალებით გამოწვეული საოცარი გლოვა და ხალხის დამოკიდებულება ახალი პატრიარქის, შიო მესამის აღსაყდრების მიმართ. აი, ამ ყველაფერს ებრძვიან. ევრობიუროკრატებს სურთ, ხელისუფლებას, ეკლესიას, განათლების სისტემას მათი მარიონეტები მართავდნენ, რაც არაერთხელ გააკეთეს, რაღაც ნაწილში კიდეც მიაღწიეს მიზანს, ახლა აღარაფერი გამოსდით და კრუნჩხვებში არიან. ჩვენი ადგილობრივი რადიკალები, დივერსანტები მათ დახმარებას აქტიურად ცდილობენ, რისი საშუალებაც არ უნდა მივცეთ. მომდევნო ორი წელი დიდი სიფრთხილე გვმართებს. რაც მთავარია, ისეთი ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რაც საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს არ დააზიანებს, რადგან ქვეყნის დასუსტების პირობებში, ევროიმპერია ადვილად გადაგვყლაპავს და არც მეზობლები დაგვინდობენ. ქართველებს რბილი ხასიათი გვაქვს, კი ბატონო, გადამწყვეტ მომენტში ხმლის მოქნევაც შეგვიძლია, მაგრამ მანამდე მაინც შემნდობნი, მოწყალენი ვართ, რითაც ევროაგენტურა სარგებლობს და ძალადობით გზის გაკაფვას, ძალაუფლების ბერკეტების ხელში ჩაგდებას ცდილობს. 

თამარ შველიძე