სასჯელი სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის მოვიხადე
რუბრიკის დღევანდელი სტუმარი უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე პოპულარული წლების წინ ბავშვობაშივე გახდა. ლაღი, გულანთებული, შემდგომ კი მებრძოლი, გაბედული, შეუპოვარი, მეამბოხე სულის პატრონი სკოლის დამთავრებისთანავე დისიდენტური მოძრაობის ფერხულში ჩაება. 17 წლის ასაკში ბრალი 120 პოლიციელის ცემაში დასდეს და 5-წლიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯეს. 20 წლის ასაკში კი კიდევ ერთი აბსურდული ბრალდებით ციხეში აღმოჩნდა. რეალურად, სასჯელი სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის მოიხადა. როგორც თავად ამბობს, სტუდენტობიდან სწორედ ერთ მთავარ საქმეს _ ქვეყნის სიყვარულს, დამოუკიდებლობას და თავსუფლებას ემსახურება. მან ამ ბრძოლაში გულისა და სულიერების მთელი სიღრმე ჩააქსოვა.
კუხში გატარებული ბავშვობა
საკმაოდ ლაღი ბავშვობა მქონდა, რადგან ოჯახში, სანათესაოშიც გოგონა მხოლოდ მე ვიყავი და მთელი ყურადღება ჩემკენ იყო მოპყრობილი. ძალიან მანებივრებდნენ, თანაც თანატოლებში ყველაზე პატარა ვიყავი. მეც, ჩემი მშობლებიც, ბებია-ბაბუებიც თბილისში დავიბადეთ და გავიზარდეთ, ამიტომ სოფელს მოწყვეტილი ვიყავი. მხოლოდ მამის დიდი ბებიის სოფელი კუხი მახსენდება, რომელთანაც ტკბილი მოგონებები მაკავშირებს. იქ სულ 4-5-ჯერ ვარ ნამყოფი. მამაჩემის დიდი ბაბუა საქართველოში, წერეთლებთან ერთად, აბრეშუმის ჭიის პირველი შემომტანი იყო. ჩვენი ოჯახი პირველი იყო, სადაც აბრეშუმის ჭიის წარმოება განვითარდა, ზრდა დაიწყო და მერე მთელ კუხსა და ხონში გავრცელდა. სახლში იმდენი აბრეშუმის ნაწარმი გვქონდა, რომ სოფელში კედლებზეც შპალერის ნაცვლად აბრეშუმი იყო გაკრული. დიდი ბებია, გარდა იმისა, რომ აბრეშუმის მრეწველობას ეწეოდა, კარგად ერკვეოდა ხალხურ მედიცინაში. ბალახებით არაერთ დაავადებას არჩენდა, მათ შორის, მოტეხილობებსაც. ასევე, ბავშვობის მოგონებებიდან მახსოვს, ეზოში ღია ცის ქვეშ ისლის სახურავით გადახურული ჭურები, რომლის თავებზეც ამოზრდილი ბალახებით ბებია ხალხს კურნავდა. ბებიას დები ექიმები იყვნენ და მას ხალხური მეთოდებით მკურნალობას უშლიდნენ: განათლებული ქალი ხარ და რაღა დროს ბალახებია, ხომ ხედავ, მედიცინა როგორ განვითარდაო.
მამა _ რეზო კაკაბაძე გეოლოგი იყო. იგი იხსენებდა: სოფელში რომ ჩავდიოდით, ბებია ამბობდა, ჩემი სერბიელები ჩამოვიდნენო. სერბებს ჭრელაჭრულა ტანსაცმელი უყვართ, იქ კი თალხი ტანსაცმელი ეცვათ და ამიტომ ჩვენ ჩაცმულობით სერბიელებს გვადარებდაო.
კუხში თხილის ხისგან დამზადებული უზარმაზარი საწნახელი გვქონდა, სადაც მამაჩემის ბაბუა ციცქა-ცოლიკაურს წურავდა. სხვათა შორის, ახლა ეს ტრადიცია აღარ არსებობს, ადრე კი ღვინოს რომ დაწურავდნენ და დაყენდებოდა, ნარჩენ ჭაჭას წყალს ასხამდნენ. ასე მზადდებოდა შუა ღვინო, რომელიც ისეთ ვიტამინებს შეიცავდა, რაც ადამიანს ენერგიას აძლევდა და სიცოცხლეს უხანგრძლივებდა. მოგეხსენებათ, იმერეთში მიწები მთებზეა გამოკიდებული. გლეხები ყანაში მიწების დამუშავებისას შუა ღვინოს სვამდნენ, რაც მათ ენერგიას მატებდა. ეზოში შავი ყურძენიც გვქონდა. ბებია წითელ ღვინოს აადუღებდა, მერე პურს ჩაყრიდა და ისე გვაჭმევდა ქალაქიდან ჩასულ ბავშვებს, რაც მშვიდ ძილს უწყობდა ხელს.
რწმენის ძალა
აქვე ერთ ამბავს მოგიყვებით: ჩემს ბავშვობაში მორწმუნეობა სირცხვილად, განუვითარებლობის გამომხატველად ითვლებოდა, რის აფიშირებასაც ყველა ერიდებოდა. ბებია ძალიან მორწმუნე იყო და ბუნებასთანაც საოცრად ურთიერთობდა. მახსოვს, ერთ დღეს ეზოში სიმინდი ჰქონდა გასაშრობად გაფენილი. უცებ ცაში აიხედა და შეიცხადა, გაავდრდებაო. ქარს შეეხვეწა: სიმინდის გაშრობამდე სამი დღე დარჩა, ოღონდ, მაცადე და მერე თუ გინდა, ეს გოდრები, ეზოში რომ მილაგია, სულ დალეწეო. მართლაც, ქარი სამი დღე არ ამოვარდნილა და მეოთხე დღეს, ბებია ეზოში რომ გამოვიდა, გოდრები სულ დალეწილი დახვდა, სხვა ყველაფერი კი ისევ თავის ადგილას იდო. ეს სასწაული იყო. საქონელს ტყეში რომ უშვებდნენ, ხშირად იკარგებოდა. ბებია შეულოცავდა და მგელი საქონელს აღარ ეკარებოდა.
მინდა, ისიც გიამბოთ, რას გვიყვებოდა დიდი ბებია ძილის წინ: ადამიანებს პატარა თვალები გვაქვს, მაგრამ უზარმაზარი სივრცის, უამრავი ფერის დანახვა შეგვიძლია. პირველი ადამიანები გაცილებით მეტს _ თავიანთ გამჩენს (ასე უწოდებდა უფალს) ხედავდნენ და ბედნიერად ცხოვრობდნენ. მერე ერთმა ადამიანმა ცუდი საქციელი ჩაიდინა, გამჩენმა ყველა ადამიანი დასაჯა და მისი დანახვის უნარი დაუკარგა. ამის მერე ადამიანი ბუნების სრულ სილამაზეს, ფერებსაც ვეღარ ხედავს. ამიტომ ისე უნდა იცხოვროთ, რომ გამჩენმა მისი დანახვის უნარი დაგიბრუნოთო. როცა გავიზარდე, მივხვდი, ბებიას რისი თქმაც სურდა. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ადამიანები ათეისტები იყვნენ, უფალთან უფრო ახლოს იყვნენ, ვიდრე დღევანდელი საზოგადოება. დღეს ტაძრებში მეტი ადამიანი დადის, მაგრამ დიდი ნაწილის ღმერთისადმი დამოკიდებულება ფარისევლურია.
ტივებით გამართული მსვლელობა
ვაკეში ჭავჭავაძის #68-ში ვცხოვრობდით. სკოლაში სწავლის დასრულების პერიოდი ეროვნული მოძრაობის გააქტიურებას დაემთხვა. მე საბჭოთა მოქალაქე ვიყავი და საპროტესტო მოძრაობები საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ სწორედ ამ პერიოდში დაიწყო. 80-იანი წლებიდან დისიდენტურმა მოძრაობამ საქართველოში ფეხი მძლავრად მოიკიდა. პირველი დემონსტრაცია, რომელშიც მონაწილეობა მივიღე, 1978 წლის 14 აპრილს დედა ენის დაცვის დღეს ეძღვნებოდა. სკოლა რომ დავამთავრე, სწავლა „გეპეიში“ ქიმიის ფაკულტეტზე განვაგრძე. ამ პერიოდში 1980 წელს ენის დაცვის ორი წლისთავი აღვნიშნეთ და ეს დღე ერისთვის ლოცვის დღედ გამოვაცხადეთ. პროკლამაციები დავბეჭდეთ და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში გავავრცელეთ. დედაენის დაცვის ორი წლისთავი მცხეთაში, სვეტიცხოველში აღვნიშნეთ. ჩვენი მანქანა პოლიციამ თავისუფლად გაატარა. თურმე, როგორც კი ქალაქიდან გავედით, მცხეთაში ყველა შესასვლელი გადაკეტეს. იქ რომ შევედით, ველოსიპედებით შეჯიბრი ტარდებოდა და გზა ვითომ ამ მოტივით გადაკეტეს. ჩვენ საკმაოდ ბევრი პროკლამაცია გავავრცელეთ და ველოდით, რომ ახალგაზრდობა შემოგვიერთდებოდა, რადგან მაშინ მე, მარინა კოშკაძე, თამრიკო ჩხეიძე, მარიკა ბაღდავაძე და სხვები პოპულარული სტუდენტები ვიყავით. გაგვიკვირდა, რომ აქციაზე ძალიან ცოტა ხალხი მოვიდა. უცებ, ჩვენ 8-10 ბიჭი მოგვიახლოვდა და გვითხრეს: გზები გადაკეტილია, არავის უშვებენ, ბავშვებმა მორებისგან ტივები შევკარით და ისე გადმოვდივართ მტკვარზეო. ეს ულამაზესი სანახაობა იყო. ასე შემოგვიერთდნენ სტუდენტები.
ხელისუფლებამ ამ აქციის გამო ჩვენი დასჯა გადაწყვიტა და დაკავებები დაიწყო _ ჯერ ირაკლი წერეთელს სტაცეს ხელი, თუმცა, მისი დახსნა მოვახერხეთ. მე და ზვიად გამსახურდია ეზოში ვიდექით და ვსაუბრობდით, როცა გენერალი კვანტალიანი მოგვიახლოვდა და გამსახურდია გვერდზე გაიყვანა. ზვიადს ვეუბნები, სად მიყვები, ეს ხომ კვანტალიანია-მეთქი. უცებ, ვხედავ, გენერალმა მანქანის კარი გააღო და ზვიადს უთხრა, ჩაჯექიო. უნებურად ვიყვირე, ზვიადი დაიჭირეს-მეთქი. ამის გაგონებაზე სვეტიცხოველიდან ხალხი გამოვარდა ძახილით, ზვიადი დაიჭირესო. ჩემი გავრცელებული ხმა, მევე დამიბრუნდა. ირაკლი წერეთელს ერთი სტუდენტი, თეთრაძე გამოესარჩლა და თბილისში მის გასათავისუფლებლად დავიძარით. თუმცა ადგილამდე ვერ ჩავაღწიეთ, მიჯაჭვული ამირანის ძეგლთან პოლიცია გაჩნდა, ხელში აგვიტაცეს და მანქანაში აღმოვჩნდით, საიდანაც პოლიციაში წაგვიყვანეს. როცა გამოგვიშვეს, მერე უმაღლეს სასწავლებლებში დაიწყეს დაბარებები, მათ შორის, „გეპეიშიც“. მე არავის დავუბარებივარ, მაგრამ ბევრი სტუდენტი გარიცხეს. ხელისუფლებამ აღნიშნული ღონისძიების გამართვის გამო დაგვსაჯა. იქ გავარკვიეთ, რომ ზვიადი დაკავებული არ ჰყავდათ, ჩვენ კი გვიანობამდე გაგვაჩერეს. ჩვენ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 228-ე მუხლის მეორე ნაწილით აღიძრა, რაც ბოროტ ხულიგნობად იყო კვალიფიცირებული და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობდა.
120 პოლიციელის ცემისთვის გასამართლებული 17 წლის მოზარდები
მე, თამრიკო ჩხეიძე, მარიკა ბაღდავაძე და ირაკლი წერეთელი 120 პოლიციელის ცემისთვის გაგვასამართლეს, რაც სრული აბსურდი იყო. სასამართლოს შენობა ტანკებით იყო გარშემორტყმული და შიგ არავის უშვებდნენ. მშობლებს პროცესზე დასასწრებად სპეციალური ნებართვები დასჭირდათ. დედ-მამას ქორწინების მოწმობა მოთხოვეს, იმის დასტურად, რომ ნამდვილად ცოლ-ქმარი იყვნენ. პარალელურად, რეზო ჩხეიძე შევარდნაძის კაბინეტში იჯდა და პროცესზე დაკავებულების მშობლების დასწრების საკითხს აგვარებდა. ძლივს გამოიძებნა ადვოკატი, რომელიც ჩვენ დაცვას დათანხმდებოდა. გოგონებს ჭარხალაშვილი გვიცავდა, რომელმაც დაცვით სიტყვაში თქვა: ეს ისტორიული პროცესია, რომელსაც, ალბათ, თაობები შეისწავლიან. არ მგონია, ჩვენს მდიდარ, ძლიერ სახელმწიფოს, როგორიც საბჭოთა კავშირია, ის საქმე წაადგეს, სადაც სამ სტუდენტს 120 პოლიციელის ცემისთვის ასამართლებენო. შესვენებაზე საქმის პროკურორის, ხარშილაძის მეუღლე მოგვიახლოვდა, თან ცრემლებს ვერ იკავებდა, ისე გვითხრა: თქვენხელა შვილები გვყავს. ბავშვებმა მამას უთხრეს, თუ ამ გოგოებს ციხეში გაუშვებ, აღარასდროს დაგელაპარაკებით, პატივს აღარ გცემთო. იმდენად მძიმე პროცესი იყო, რეზო ჩხეიძე შევარდნაძის კაბინეტს ვერ ტოვებდა _ არ ვიცოდით, რა გადაწყვეტილებას მიიღებდნენ. საბოლოო სიტყვა საზოგადოებრივ დამცველს გადასცეს, რომელიც პედაგოგი იყო. იგი წამოდგა და მხოლოდ ეს წარმოსთქვა: „ღმერთო, ისმინე ქართვლის ვედრება, ისე აღზარდე შენ შვილის სული, რომ წინ გაუძღვეს ჭეშმარიტება, უკან ჰრჩეს კვალი განათლებული“. მოსკოვიდან მოვიდა ნებართვა, არ დავეპატიმრებინეთ. ასეთ საზოგადოებაშიც კი იყო რაღაც საერთო, რაც გვაკავშირებდა _ ქვეყნის სიყვარული, ურთიეთპატივისცემა, შინაგანი კულტურა, მოწინააღმდეგის მიმართ ღირსეული მოპყრობა, რაც ძალიან ფასობდა. რეჟიმის დროსაც კი პატივს სცემდნენ იმ საქმეს, რასაც ჩვენ ვემსახურებოდით _ ქვეყნის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას. საბოლოოდ, ხუთი წლით პირობითი სასჯელი მოგვისაჯეს. 1982 წელს ქალებს ამნისტია შეგვეხო და პირობითი სასჯელი მოგვეხსნა.
ხელისუფლების მიერ მოტაცებული დისიდენტები
1980 წელს, როცა ბრეჟნევი საქართველოში ჩამოსვლას აპირებდა, რამდენიმე დღით ადრე ხელისუფლებამ სტუდენტური მოძრაობის წევრები მოგვიტაცა. საქმე ის არის, რომ იმ პერიოდში „გეორგიევსკის ტრაქტატთან“ დაკავშირებით საპროტესტო აქციისთვის ვემზადებოდით. ჩვენთვის ტრაქტატი კი არ იყო მიუღებელი, პროტესტს სხვა მიზეზი ჰქონდა: რუსეთმა მაშინ „გეორგიევსკის ტრაქტატი“ დაარღვია და ამას ვაპროტესტებდით. ტრაქტატი იმისთვის გაფორმდა, რომ რუსეთს საქართველო დაეცვა და არა პირიქით, საწინააღმდეგო ქმედებები განეხორციელებინა. ამ თემაზე პროკლამაციები დავბეჭდეთ და უნივერსიტეტის ეზოში შეკრებას ვაპირებდით. იქამდე მე, თამრიკო ჩხეიძე და მარიკა ბაღდავაძე სხვადასხვა გზებით უნდა მივსულიყავით. მე ფილარმონიასთან ამიყვანეს, დანარჩენები _ კეკელიძეზე. მოკლედ, ქუჩიდან აგკვრიფეს, დაგვაპატიმრეს და დღევანდელ ისნის პოლიციაში წაგვიყვანეს. მერე სამარშრუტო ტაქსიში ჩაგვსვეს და სანამ ბრეჟნევი აქ იყო, თელავში გადაგვასახლეს. ერთმანეთი მარშრუტკაში აღმოვაჩინეთ. თელავის „ინტურისტში“ შეგვასახლეს. კომუნისტებმა სასტუმრო დაცალეს, უცხოელი ტურისტები ტურბაზაში შეყარეს და 14-სართულიან სასტუმროში მხოლოდ ჩვენ ვიყავით. შევარდნაძის დონეზე გადაწყდა, რომ დედაჩემი და თამრიკოს დედა იმ სასტუმროში შემოუშვეს, ოღონდ, სხვა ნომრებში. უმძიმესია, როცა ქუჩიდან ახალგაზრდა გოგოს გიტაცებენ. ჩვენი დაპატიმრების ყველა ეტაპზე იქ იყო ვახტანგ გვარამია, რომელიც მანამდე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეც იყო. ჩვენ ვიყავით ახალგაზრდები, რომლებიც საბჭოთა კავშირს ვებრძოდით, მისი დაშლისა და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ვიღწვოდით, მოწინააღმდეგე მხარეს კი გენერლები, მინისტრები იდგნენ, რომლებიც საბჭოთა კავშირს ემსახურებოდნენ, მაგრამ მათი ჩვენდამი ღირსეული დამოკიდებულება ყოველთვის თვალშისაცემი იყო.
ციხე თუ ფსიქიატრიული საავადმყოფო?!
1983 წელს ირაკლი წერეთელმა გაავრცელა პროკლამაციები, „გეორგიევსკის ტრაქტატთან“ დაკავშირებით. პროკლამაციების გავრცელების მომენტში მისი თანამზრახველები დაიჭირეს, რომელთაც შემდგომ საქციელი მოინანიეს და გათავისუფლდნენ, ირაკლი კი ციხეში აღმოჩნდა, რადგან მან მონანიებაზე უარი განაცხადა. ჩვენ ირაკლის დაცვა გადავწყვიტეთ მისი გათავისუფლების მოთხოვნით, ყოველდღე გენერალურ პროკურატურასთან აქციებს ვმართავდით. პროკურორი სულ ერთხელ შეგვხვდა და გვითხრა: რისი გაკეთებაც შემიძლია, ესაა ხაჭაპურები გამოგიცხოთ, რომ წერეთელს შეუტანოთო. შენობიდან გამოვედით და რუსთაველზე საპროტესტო აქციის გასამართად გავეშურეთ. 50 ადამიანი ვიქნებოდით, მაგრამ ეს მაშინ დიდი რიცხვი იყო. უცებ თავს დაგვესხნენ და იქვე დაგვაპატიმრეს. ბრალი 220-ე მუხლით საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის წაგვიყენეს, რაც ავტოსავალი გზის გადაკეტვას ითვალისწინებდა. არადა, როგორ გადავკეტავდით გზას, როცა იქვე დაგვაკავეს, რუსთაველზე ჩასულიც არ ვიყავით. ესეც აბსურდული ბრალდება იყო, მაგრამ გაგვასამართლეს. ეს ჩემი მეორე ნასამართლეობა იყო, ამჯერად სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მოგვისაჯეს. 50-ივე აქციის მონაწილე დაგვიჭირეს, მერე სხვები გაუშვეს და ციხეში მხოლოდ მე, გია ჭანტურია, თამრიკო ჩხეიძე, მარიკა ბაღდავაძე, ზურა ცინცაძე და ლუიზა შაკიაშვილი დაგვტოვეს.
მაშინ დისიდენტებს, მეტწილად, ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში უშვებდნენ. დარწმუნებული ვიყავი, ჩვენც ფსიქიატრიულში წაგვიყვანდნენ. ციხე თვალითაც არ მქონდა ნანახი. სანამ ქალთა კორპუსში მიგვიყვანდნენ, ციხეში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა _ ციხის დაცვა მოხსნეს და მის ნაცვლად მერვე პოლკი დააყენეს. პატიმრებში კი ჭორი გაავრცელეს, კომისია მოდის და წესრიგი უნდა იყოსო. მთელი ციხე გახეხეს, რადგან ყველა ძალოვანი მინისტრი მიგვყვა, მხოლოდ ინაური არ იყო. ერთ-ერთ საკანში შემიყვანეს, სადაც სულ ქალები იყვნენ. ისიც კი არ ვიცოდი, რომ კაცები და ქალები ცალ-ცალკე საკნებში იყვნენ განთავსებულნი. ამ დროს 20 წლის ვიყავი. ციხეში კი აღმოვჩნდი, მაგრამ მე მეგონა, ფსიქიატრიულში მიმიყვანეს. ფრანგული თმის სამაგრები მეკეთა და ისიც კი მომხსნეს, ვიფიქრე, ალბათ, გიჟებთან რკინის შეტანას ერიდებიან-მეთქი. პატიმრები, რომლებიც მე გიჟები მგონია, ხმას არ მცემენ, თურმე, მათ ჩათვალეს, რომ კომისიის წევრი ვარ და ელოდებიან, რას ვკითხავ. „ნართან“ მივეყუდე, თან გულში ვფიქრობ, როგორ დავეკონტაქტო _ გიჟთან ურთიერთობა არასდროს მქონია. მორიდებით ვიკითხე, შეიძლება დავჯდე-მეთქი. დაბრძანდითო, _ მითხრეს. უცებ, მეუბნებიან, მზად ვართ, ყველა შეკითხვაზე გიპასუხოთ, რა აინტერესებს კომისიასო. ვიფიქრე, გიჟია და კომისია ვგონივარ-მეთქი. ალბათ, გაინტერესებთ, როგორ პირობებში ვიმყოფებითო, _ არ მეშვება ერთი „გიჟი“. მე დავინტერესდი, მკურნალობით თუ იყვნენ კმაყოფილნი. კიო, მითხრეს. ე. ი. ავლიპს ემადლიერებით, ხომ-თქო. აქ კი ძალიან დაიბნენ: არა, დირექტორი (ციხის) გაბუნიააო. გავიფიქრე, გაბუნია, ალბათ, დამწყები ფსიქიატრია-მეთქი. ასე გაგრძელდა რამდენიმე საათს _ მათ კომისიის წევრი ვეგონე, მე კი _ ისინი გიჟები. ბოლოს დავინტერესდი, სად ვიყავი და გაირკვა, რომ ციხეში ვარ.
თამარ შველიძე
გაგრძელება იქნება

