ისე მოეწონა ჩინეთი, სამშობლოში წასვლა აღარ უნდოდა

ისე მოეწონა ჩინეთი, სამშობლოში წასვლა აღარ უნდოდა

14 მაისს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთს ეწვია. ჩინელებმა პომპეზურად და დიდი პატივით მიიღეს. ტრამპი ძალიან კმაყოფილი დარჩა, აღფრთოვანდა კიდეც. თუმცა, იყო ისეთი მომენტები, რაც მას არ მოეწონებოდა, მაგრამ ამ ეტაპზე გაატარა, არ შეიმჩნია. მაგალითად, კი დაახვედრა სიმ უამრავი ბავშვი ყვავილებით და ყიჟინით, მაგრამ თვითონ არ დახვდა აეროპორტში. წარმოგიდგენიათ? „მსოფლიო მბრძანებელი“ ეწვია ჩინეთს და აეროპორტში არ დახვდა პირველი პირი. აბა, ამას ვინ იფიქრებდა? კიდევ ერთი და მეტად საჩოთირო მომენტი: ბანკეტზე სიმ ამერიკის შეერთებული შტატები მოიხსენია, როგორც დაცემის გზაზე მყოფი ქვეყანა. ალფრედოვიჩმა ესეც გაატარა. სამშობლოში დაბრუნებულმა ახსნა, რომ სი ამ შემთხვევაში ბაიდენის ამერიკას გულისხმობდა და არა იმ სასწაულებრივ ეპოქას, რომელშიც ამერიკა ახლა იმყოფებაო.
არავინ იცის, როდის უთხრა სიმ ალფრედოვიჩს, მე შენი კი არა, ბაიდენის ეპოქა ვიგულისხმეო. შეიძლება უთხრა კიდევაც ბაღში სეირნობისას? შეიძლება სულაც მისი მოგონილი ზღაპარია? რას ამბობთ, ჯერაც არაფერი მოუგონია, აი. მოკლედ, ალფრედოვიჩმა თავისი დამოკიდებულებით და ქედის მოხრით აჩვენა, რომ ჩინეთი ნამდვილად არ არის ხელწამოსაკრავი იმპერია. შეიძლება არც უნდოდა ამის ჩვენება, მაგრამ ასე გამოუვიდა და სი ძინ პინმაც თავის მხრივ აჩვენა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ნამდვილად არ არის მსოფლიო ჰეგემონი. არ დაგავიწყდეთ, ერთ კვირაში ჩინეთს ახლა ვლადიმირ პუტინი ეწვევა და რასაკვირველია, სი ჯერ ყველაფერს ჩაუკაკლავს, მერე კი დასხდებიან, ალფრედოვიჩის წინადადებებს განსჯიან, მოილაპარაკებენ და როგორც ისინი გადაწყვეტენ, ისე იქნება ყველაფერი. იცით, ახლა ყველაზე საინტერესო რა იქნება? დახვდება თუ არა სი პუტინს აეროპორტში? თუ დახვდება, დარწმუნებული ვარ, ალფრედოვიჩი გაგიჟდება და შეიძლება ჩინეთს ომიც კი გამოუცხადოს. მანამდე კი... მანამდე თაფლად დაიღვარა პირდაპირ: „ჩემთვის პატივია, ვიყო თქვენი მეგობარი, ხოლო ჩინეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები გახდება უკეთესი, ვიდრე ოდესმე“.
როგორც ბრიტანული გამოცემა თჰე Gუარდიან-ი წერს, დონალდ ტრამპმა და სი ძინპინმა ორი საათი ისაუბრეს, საუბარი, ძირითადად, ეხებოდა ტაივანს, ვაჭრობას და აშშ-ჩინეთის ურთიერთობებში არსებულ სხვა უთანხმოებებს. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა და თეთრ სახლს მისი დასრულების შემდეგ ოფიციალური შეჯამება არ გაუვრცელებია, თუმცა ჩინეთის ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტო „სინჰუამ“ განაცხადა, რომ სიმ ტრამპს უთხრა: თუ ტაივანის საკითხი სწორად არ გადაწყდება, აშშ-სა და ჩინეთს შორის არსებობს შეტაკებებისა და კონფლიქტების რისკი, რაც მთელ ურთიერთობას უდიდესი საფრთხის წინაშე დააყენებს. ამავე გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტრამპმა არ დაიშურა ქება სის მისამართით, უწოდა მას „დიდი ლიდერი“, ხოლო სის გამოსვლა მისასალმებელ ნაწილში უფრო იყო პირქუში. მან იმედი გამოთქვა, რომ აშშ და ჩინეთი შეძლებენ კონფლიქტის თავიდან აცილებას.
ტრამპი სის: „ჩვენ ერთად ფანტასტიკური მომავალი გვექნება. მე უდიდეს პატივს ვცემ ჩინეთს, იმ საქმეს, რომელიც თქვენ შეასრულეთ. თქვენ დიდი ლიდერი ხართ… ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან ყოფნა. დიდი პატივია, ვიყო თქვენი მეგობარი“.
რა ხდება? „მსოფლიო მბრძანებელი“ სიყვარულს აფრქვევს, სი ძინპინს ძმობას და მეგობრობას ეფიცება, ხოლო „ძვირფასი“ სი საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე ლაპარაკობს. მას ყველაზე მეტად მაინც ტაივანის ბედი აინტერესებს, რომელზე თათიც აშშ-ს უდევს. აშკარაა, თუ არ გადაწყდება ტაივანის საკითხი ჩინეთის სასარგებლოდ, ვერასდროს იქნება ამ ორი უზარმაზარი სახელმწიფოს ურთიერთობა ნორმალური. საინტერესოა, საქართველოში ტაივანის ჯაშუშს, თინა ხიდაშელს თუ აწყობს, რომ ეს საკითხი ჩინეთის სასარგებლოდ გადაწყდეს? არა მგონია, აწყობდეს, მაგრამ ერთიც არის - ალბათ, ის ისე გადაინაცვლებს ჩინელების მხარეს, როგორც დაგიბარებიათ. ესენი ახალი ტიპის აგენტები არიან, ხელიდან ხელში ძალზედ იოლად გადადიან. ჩვენში დარჩეს და... სულ ვფიქრობ, რაში უნდა სჭირდებოდეს ტაივანს თავისი ჯაშუში საქართველოში? რატომ უნდა ხარჯავდეს ვიღაცა ამაში ფულს? იმიტომ, რომ თინა ძალომ ომი გამოუცხადოს ჩინეთს საქართველოში? ვააახ, მაინც არ მესმის და რა ვქნა, რა გავაკეთო? 
მოკლედ, სიმ პირდაპირ უთხრა ალფრედოვიჩს, ან ხელს აიღებთ სეპარატიზმის მხარდაჭერაზე, ან კიდევ ჩვენს შორის სამხედრო კონფლიქტია მოსალოდნელიო. კიდევ რა გარიგება შედგა პეკინში (თუ შედგა), ეს უკვე დროდადრო გახდება ცნობილი, ყველამ რომ ყველაფერი გაასაიდუმოოს, ალფრედოვიჩი მაინც ილაპარაკებს თავის სტილში. ეგ დამოკიდებულია იმაზე, მისცემენ თუ არა წელს ნობელის პრემიას:
როგორც ხედავთ, „ძვირფასი“ სი უკვე დაპატიჟეს შეერთებულ სტატებში. ისე, ისიც საინტერესო იქნება, დახვდება თუ არა დონალდ ტრამპი აეროპორტში? დაველოდოთ, მაგასაც ვნახავთ. ფაქტობრივად, ჩინეთის მმართველმა სიმართლე უთხრა თავის კოლეგას - ჯერ უკრაინის ომმა და შემდეგ ირანის ამბებმა კარგახნით ჩაძირა ამერიკის შეერთებული სტატების როგორც პრესტიჟი, ასევე გავლენა. სხვათა შორის, ტრამპს აკრიტიკებენ იმის გამოც, რომ პეკინში ჩაიყვანა არა პოლიტიკოსები და მთავრობის წევრები, არამედ მილიარდერები, უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელები. ესეც გასაგებია, ტრამპმა აღნიშნა კიდევაც, რომ მას სურს, ინვესტიციები ჩადოს ჩინეთის ეკონომიკაში და აკეთოს ბიზნესი. რამდენად მიუშვებენ ჩინელები ამერიკელ ბიზნესმენებს საკუთარ „საძოვრებზე“ საბალახოდ, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ხომ ცდილობენ? კიდევ ერთი, როგორც ამბობენ, ტრამპმა ჩინელებს ნავთობიც შესთავაზა, ჩვენგან იყიდეთო. ჩინელებს ნავთობი ორი არხიდან აქვთ - რუსეთიდან და ირანიდან, რაში სჭირდებათ ამერიკული? მოკლედ, სპეციალისტებმა ამ შეხვედრას დიდი ვაჭრობის დასაწყისი კი უწოდეს, მაგრამ იქნება თუ არა სინამდვილეში დიდი, ამას დრო გვიჩვენებს. 
ვუყურე დონალდ ტრამპის გაცილებას, სი ძინპინი ისევ სახლში დარჩა, აეროპორტიდან არ გააცილა. სამაგიეროდ, სტუდენტები დაახვედრა თვითმფრინავთან დროშების ფრიალით და იქამდე აფრიალეს, სანამ ალფრედოვიჩი თვითმფრინავის კარში არ გაუჩინარდა. მანამდე ვიღაცებს ჩამოართვა მხურვალედ ხელი, ზოგს გაუღიმა, ზოგს რაღაც გადაულაპარაკა, უხასიათოდ მომეჩვენა, გეგონებოდა, წასვლა აღარ უნდოდა. ძალიან მოეწონა ჩინეთი და რა გასაკვირია, რომ სამშობლოში წასვლა აღარ სდომებოდა? ვნახოთ, რა იქნება შემდეგ, ყველაფერს დრო გვიჩვენებს. 

გელა ზედელაშვილი