განათლების რეფორმამ ტაძრამდე უნდა მიგვიყვანოს!
კაცობრიობის კეთილდღეობა ხომ განათლებაზე დგას და პლანეტარული
სიცოცხლეც მთლიანად მასზეა დამოკიდებული. განათლება, მეცნიერება ეკონომიკის
განვითარების უდიდესი კაპიტალი, მაშასადამე, საზოგადოების კეთილდღეობის
ამაღლების უშრეტი შესაძლებლობა და წყაროა.
გვესაუბრება ეკონომიკურ
მეცნიერებათა აკადემიური
დოქტორი, სსუ-ის პროფესორი
იური პაპასქუა:
_ ბატონო იური, გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები უმაღლესი განათლების სისტემის მიმდინარე რეფორმის შესახებ.
_ ქალბატონო თამარ, ვიდრე შეკითხვებს დამისვამთ, მცირე შესავალს გავაკეთებ. თქვენ ყოველთვის ახერხებთ აქტუალური თემების შერჩევას. მათ შორისაა განათლების რეფორმის საკითხიც, რაც ყოველთვის ყველაზე მეტად აქტუალურია და მუდამ ასე დარჩება. ერთგვარი მოლოდინით, ვალდებულებითაც კი მივიღებ მონაწილეობას თქვენთან დიალოგში და შიგნიდან დანახულ პრობლემებზე ჩემს შეხედულებებს გაგიზიარებთ. ამასთან, შევნიშნავ, რომ ეს ის თემაა, რომელზეც საზოგადოების წარმომადგენლებმა თავიანთი მოსაზრებები უცილებლად უნდა გამოთქვან, დიალოგში ყველა ცნობილი სპეციალისტი და გამოცდილების მქონე პირი უნდა ჩაერთოს.
_ ბატონო იური, განათლების ახალი რეფორმა ითვალისწინებს სასწავლო პროგრამების განახლებას, სახელმძღვანელოების მაღალ დონეზე მომზადებას, იცვლება საკადრო პოლიტიკაც. აქვე საინტერესოა, რამდენად შეძლებს ხელისუფლება სტუდენტის აუდიტორიაში დაბრუნებას?
_ სამწუხაროდ, დაინტერესებულ „კეთილმყოფელ“ პირთა ხანგრძლივი ძალისხმევის შედეგად, დღეს საბუნებისმეტყველო საგნების სწავლება და ფუნდამენტური კვლევების, ზოგადად, მეცნიერების განვითარების მიმართ ინტერესი გამქრალია, მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამები „სწავლის მძებნელს“ აზროვნების თანდაყოლილ უნარსაც აცლის და მომავალ თაობებს მორჩილ შემსრულებლებად აყალიბებს.
ჩვენს ახალგაზრდობას ნიჭიერება და ენერგია ჭარბად გააჩნია, მაგრამ იშვიათი გამონაკლისების გარდა, უმრავლესობის „განსწავლულობა“ ზედაპირულია - მიბმულია კალკულატორთან, ხელოვნური ინტელექტის შეტყობინებების გაცვლის მარტივ საშუალებებთან, კომპიუტერული უზრუნველყოფის პროგრამებთან, წიგნს არავინ კითხულობს, აუდიტორიები ცარიელია, აზროვნების გამხსნელი დავალებების შესრულება პროგრამებშიც არაა და არც არავის უნდა. უმეტესობას მხოლოდ დიპლომის მიღება აინტერესებს, ამისთვის იხდის სწავლების საფასურს და მთელი მისი ძალისხმევა აქეთკენაა მიმართული. კურსდამთავრებულის დასაქმებაზე არავინ ზრუნავს... წარმატებული გამონაკლისები განათლების სისტემის გამართულობის შედეგი როდია - მათი გამორჩეულობა და პირადი მიღწევები ათასმა სხვა ინდივიდუალურმა ფაქტორმა განსაზღვრა. ვისაც სწავლა უნდა, ის სწავლობს და წარმატებებსაც აღწევს, თუმცა ასეთები იშვიათია.
სახელმწიფოს უზენაესი ფუნქცია ადამიანების კეთილდღეობაზე ზრუნვაა. მათ შორის, განათლება უმთავრესი და სხვა დანარჩენის საფუძველია. ამიტომ ძირითადი რესურსები სწორედ მასობრივი განათლებისკენ უნდა იყოს მიმართული. მაგრამ უგუნურობის შედეგი ისაა, რომ განათლება ყიდვა-გაყიდვის საგნად, ბიზნესად იქცა - ცოდნის გადაცემაში ფულს ახდევინებენ და დიპლომის მისაღებად ფულს იხდიან (ამ დროს, ცოდნა რომელიმე ერთის ან თუნდაც ჯგუფის შექმნილი არაა - მისი ყოველი კონკრეტული გამოვლინება თუ საბოლოო სახე უსაზღვრო დროში უთვალავი თაობის მეცადინეობამ შექმნა და საყოველთაო კუთვნილებაა. თვით ყველა დროის გენიოსი ალბერტ აინშტაინიც ვერ დაიჩემებს ფარდობითობის თეორიის უპირობო ავტორობას ჰენდრიკ ლორენცის, ანრი პუანკარეს, გალილეო გალილეის და სხვათა გამოკვლებების გამოყენების გარეშე. ამდენად, ფარდობითობის თეორია არ უნდა იყოს რომელიმე კომპანიის კუთვნილება და ყიდვა-გაყიდვის ობიექტი. ეს რთული, მრავალგანზომილებიანი საკითხია და ჯობია, აქ შევჩერდეთ). ბიზნესს იაფი მუშახელი და თვინიერი მომსახურე პერსონალი სჭირდება. მისი მიზანი მოგების მიღებაა და არა განათლებული საზოგადოების შექმნა. აი, ეს მოცემულობაა შესაცვლელი!
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას მდიდარი საუნივერსიტეტო ტრადიციები აქვს, სადაც მრავალფეროვანი საუნივერსიტეტო სისტემაა ჩამოყალიბებული, უნდა ვაღიაროთ, რომ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის მოქმედი საგანმანათლებლო დაწესებულებები ახალგაზრდებისთვის საჭირო პროფესიების ასათვისებლად საფუძვლიანი, საკმარისი ცოდნის მიწოდებასა და პროფესიული უნარების განვითარებას ვერ უზრუნველყოფენ. კერძო სექტორის შედარებითი უპირატესობის, ხელოვნურად შექმნილი მიმზიდველობის, მომთხოვნელობის, კურსდამთავრებულის დასაქმებაზე ზრუნვის მიღმა, ბევრად უფრო მანკიერი დაფინანსების ვაუჩერული პრაქტიკა, ლობირება და პოლიტიზირებული ატმოსფერო იმალება. სახელმწიფო სექტორის განათლების სფეროს პრობლემები ყველა შემადგენელში ზედაპირზეც ჩანს - ესაა გაუმართავი ინფრასტრუქტურა, დამოკიდებული მმართველობა, ყველა საჭირო ღირსებისგან დაცლილი პროგრამები, სტუდენტების სწავლის საფასურზე დამოკიდებული ანაზღაურების სისტემა, განათლების მიღების მოტივაციის არ არსებობა. რამეს თუ სჭირდება გადარჩენა, ეს განათლების სისტემა და სწავლების პროცესია. ყველა ფაქტორის და ნიშნის გათვალისწინებით, აუცილებელია მიზანმიმართული გარდაქმნები და თვისობრივად განსხვავებული სისტემის შექმნა. არსებული მდგომარეობით საწავლების გაგრძელება, მომავალი თაობების წინაშე, დანაშაულია. ამიტომ სრულიად ჯანსაღი და გონივრულია, რომ საქართველოს ხელისუფლება განათლების სისტემის გარდაქმნით დაინტერესდა. გაცხადებული სამიზნეები, მასშტაბები და ამბიციურობა მისაღებია. განათლების მასშტაბური რეფორმის დაწყებით შესაძლებლობა ჩნდება, რათა წინა პერიოდში დაშვებული საბედისწერო შეცდომები გამოსწორდეს. ამ განზრახვის მხარდაჭერა და ხელშეწყობა აუცილებელია. მაგრამ აქ ყურადღება რამდენიმე გარემოებაზე უნდა გავამახვილოთ: ჩვენ ხელთ გვაქვს ერთადერთი გამოქვეყნებული დოკუმენტი: „უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია“, რომელზეც შეგვიძლია ვიმსჯელოთ, ვიკამათოთ, შევჯერდეთ, ან საერთო ენა ვერ გამოვნახოთ. თუმცა კონცეფციაზე აზრის გამოთქმა უმადური საქმეა, მას არ ახლავს არც განმარტება, არც კანონის ან კანონქვემდებარე აქტის პროექტი. ამიტომ ნებისმიერ გულრწფელ და კეთილგანწყობილ შენიშვნაზეც კი, შესაძლოა, უარყოფითი პასუხი მიიღო, - ეს ასე არ არის, ეს აქ არ იგულისხმებაო.
_ კონცეფციაში დასახული ამოცანები რამდენად განხორციელებადია?
_ ამ კონცეფციაში ფორმირებულია შვიდი გამოწვევა, რის გამოც ახალი, მასშტაბური რეფორმა გახდა აუცილებელი. მასში მოცემულია შვიდი გადასაწყვეტი ამოცანა, რომელსაც კონცეფციის განხორციელება უნდა დაეფუძნოს. შესაძლებელია ამ პოზიციებს დაეთანხმო და გაიზიარო კიდეც. მათში ობიექტური გარემოებები მართლაც არსებობს. კონცეფციის ზედაპირული გაცნობა გიქმნის ილუზიას, რომ ყველა ეს გამოწვევა და დასახული ამოცანა ხანგრძლივად ნაფიქრი, ურთიერთდაკავშირებული, რესურსებზე მორგებული და შესრულებადია. გაცხადდა ისიც, რომ დოკუმენტი საბოლოო სახეს საჯარო განხილვების შემდეგ მიიღებს.
კონცეფციის წარდგენისას პრემიერმა გარკვეული განმარტებები გააკეთა. მას შემდგომ განათლების სამინისტრო, მისი წარმომადგენლები სხვადასხვა აუდიტორიებთან შეხვედრებს მართავენ. დასმულ კითხვებზე პასუხებსაც იძლევიან, მათ შორის, ისეთსაც, კონცეფციიდან რომ არ გამომდინარეობს, შედეგად, ბევრი გაურკვევლობა მაინც რჩება. საერთო შთაბეჭდილება ასეთია: ყველამ, ვინც განათლების სისტემის რეფორმაზე ასე „თავდაჯერებით“ „განმარტებებს“ იძლევა, არ იცის, რა არის გასაკეთებელი, რა იქნება მერე, ვის რა ბედი ეწევა და რა შედეგი უნდა დადგეს, არ ესმის რისკები და სირთულეები, რაც ამ რეფორმას შეიძლება გამოუჩნდეს. სტატუსთან, მიმართულების არჩევასთან, პროგრამების წინასწარ მომზადებასთან დაკავშირებული ისეთი დავალებებიც გაიცემა, რომელთა შესრულებაზე ძვირფასი დრო და ენერგია უნდა დაიხარჯოს, საბოლოოდ კი, ეს არავის დასჭირდება. მათთან კამათი ან თუნდაც კეთილგანწყობილი კრიტიკული პოზიცია, ფასდება როგორც დაპირისპირება და ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული განწყობა.
ცხადია, ეს ასე არ უნდა აღიქმებოდეს. განათლების რეფორმა ურთულესი და სახიფათო პროექტია. ასეთი პროექტები ერთდღიანი რევოლუციით არ ხორციელდება, არც წელიწადია საკმარისი და შესაძლოა, არც ერთი საარჩევნო პერიოდი ეყოს. „შოკური თერაპიის“ დამანგრეველი გამოცდილება უკვე გვაქვს და წარსულში აღარ უნდა დავბრუნდეთ. განათლების სისტემის რეფორმას სჭირდება მოდელის არჩევა, ერთიანი საკორდინაციო საბჭო, დეტალურად გაწერილი მოკლევადიანი და კონცეპტუალური ხედვის ამსახველი გრძელვადიანი სტრატეგია. სიჩქარისა და გაუაზრებლობის გამო, შესაძლოა, გამოუსწორებელი შედეგი მივიღოთ. რა თქმა უნდა, ვიღაცა უკმაყოფილო ნამდვილად დარჩება. მაგრამ მთავარია, გაჩნდეს არსებულზე უკეთესი ალტერნატივა, კონკურენტული, ფუნქციონირებადი, საკმარისი ცოდნის მიღების შესაძლებლობა და ძლიერი სამეცნიერო ცენტრები. ჩვენ მის დადებით და უარყოფით მხარეებზე თავისუფლად აზრის გამოთქმა უნდა შევძლოთ. ამ სფეროში გამოცდილებს, დარგის სპეციალისტებს უნდა მოვუსმინოთ, რათა გაუთვალისწინებელი პრობლემები ავირიდოთ. ბრმა მოწონება, მხოლოდ სიტყვიერი მხარდაჭერა და ქება-დიდება, ხელისუფლების მიმართ ერთგულებას, პასუხისმგებლობას და სიკეთის გაკეთებას სულაც არ ნიშნავს.
ღრმად თუ ჩავუკვირდებით, კონცეფციაში არის წინააღმდეგობრივი პოზიციები, საკუთარ შესაძლებლობებზე ზედმეტი წარმოდგენა, დროისა და ვადების რეალობასთან აცდენები. მას ნამდვილად ატყვია სიჩქარე, ნედლია და ბუნდოვანი - ისეთ დებულებებსაც შეიცავს, რომელთა ამოქმედება გაუაზრებელ დაპირისპირებას და მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებას გამოიწვევს. კულუარებში და საჯარო აუდიტორიებშიც ამ კონცეფციით, მოსმენილი განმარტებებით და მოსალოდნელი ცვლილებებით, ფაქტობრივად, არავინაა კმაყოფილი. უდავოა, რომ რეფორმა განსახორციელებელია, მაგრამ გაუგებარია რისთვისაა ის საჭირო, თუ აქამდე შექმნილს ანგრევს და დაპირისპირებებით ისედაც გადავსებულ ჩვენს ყოფას, კიდევ უფრო დაამძიმებს - ტაძრამდე არ მიგვიყვანს.
თითქოს უწყინარი საკითხია, თუმცა წინააღმდეგობრივია კონცეფციის თუნდაც სათაური: „უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია“. თავშივე არასწორია, ამხელა მასშტაბის და მნიშვნელობის რეფორმა უმაღლესი განათლებიდან დაიწყო მაშინ, როდესაც საშუალო და სკოლამდელი განათლება, რომელზეც უმაღლესი განათლება უნდა აშენდეს, დანგრეულია, გამოშიგნულია და მხოლოდ ელემენტარულ, საჯარო სივრცეში ინტეგრირებისთვის საკმარისი ცოდნის მიღებაზეა ორიენტირებული. რეფორმა სწორედ იქიდან უნდა დაიწყოს და თანაბრად შეეხოს სკოლამდელ, სასკოლო და უმაღლეს განათლებასაც. ცოცხალი აზროვნება ბავშვის დაბადებამდე და ოჯახში ყალიბდება, შემდეგ, სისტემური პროცესი ბაღიდან იწყება და უნივერსიტეტით სრულდება. განათლების რეფორმა სწორედ ამ ჯაჭვს უნდა გაჰყვეს. განათლება ვერ იქნება წარმატებული, თუ მთლიან ჯაჭვს ერთ რგოლს მაინც გამოვაცლით და განათლების ვექტორული სინქრონულობა დაირღვევა. უმაღლესი განათლება უნდა დაეყრდნოს სწორად ჩამოყალიბებულ საბაზისო განათლებას. უნივერსიტეტში სწავლა უნდა გრძელდებოდეს და არა ნულიდან იწყებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ჰაერში დაკიდებულად რჩება. მხოლოდ უმაღლესი განათლების რეფორმა საფუძველს მოსწყდება და აქედან არაფერი გამოვა.
(გაგრძელება იქნება)

