დროა, დავიწყოთ საუბარი რეალურ მედიაზე
გვესაუბრება for.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი გია იაკობაშვილი:
_ ბატონო გია, ოპოზიციურ პარტიებს დაქვემდებარებული ჟურნალისტების შემყურე ჩნდება აზრი, რომ ჟურნალისტიკა საზოგადოებას წაართვეს, თავად ჟურნალისტის სახელი კი გაუფასურდა. ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გამო, ამ ველის ქვეყნის საზიანოდ დაბინძურება ხდება...
_ ზოგადად, მიმაჩნია, რომ არც ღირს, ამ ვითომ ჟურნალისტებს, იმდენი პატივი დავდოთ, რომ მათ მიერ ჩადენილ ბინძურ ქმედებებზე კომენტარები გავაკეთოთ. ჩვენგან გაჟღერებული თუნდაც კრიტიკა, ნებისმიერი სახის რეაქცია, მათთვის ჟანგბადია, რითაც მერე დაძაბულობის კერებს ქმნიან. დესტაბილიზაციის შექმნა, რასაც ისინი მუდმივად ხელს უწყობენ, სამოქალქო დაპირისპირების წინაპირობას ქმნის. მიზანიც სწორედ ეს არის. აქ ყოველთვის ერთი მაგალითი მახსენდება: რამდენიმე წლის წინათ, როცა რკინიგზაზე ორსართულიანმა მატარებელმა პირველად გაიარა, განცხადება გაავრცელეს, მატარებელი გვირაბში გაიჭედაო. ვიღაცებმა ეს კიდეც დაიჯერეს. მიზანიც ხომ ეს იყო. ამ ოპოპარტიულ ტელევიზიებს მედიასაშუალებებად არ მივიჩნევ და არც იქ მომუშავე ადამიანები მგონია ჟურნალისტები. ამას წინათ ერთ-ერთმა ე. წ. ჟურნალისტმა განაცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ ქალაქში რუსული საცობები შექმნაო. ამაზე ვთქვი, ამ საქმეს გიგი უგულავა სჭირდება, ყველას დაერევა, მანქანებს ჩამოართმევს და თვითონ ივლის-მეთქი.
რაც შეეხება ზოგადად მედიაში არსებულ ვითარებას, ასეთია: ზოგი სიცრუეს ავრცელებს, ზოგიც გადაუმოწმებელ ინფორმაციას, ვიღაც ქართული საზოგადოების წინააღმდეგ პირდაპირ ფსიქოლოგიურ დივერსიას ახორციელებს, ვიღაც კი ცდილობს, მაყურებელს თუ მკითხველს გადამოწმებული, ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს. აი, ეს განსხვავებაა, რაშიც ახალი არაფერია. სხვაგანაც იგივე ხდება. ზოგი პროფესიით ბოროტად სარგებლობს, ზოგისთვის კი ჟურნალისტობა სოციალური პასუხისმგებლობაა.
როცა ჟურნალისტი დეზინფორმაციას მიზანმიმართულად ავრცელებს, მას რაზე უნდა ესაუბრო?! მათ შეიძლება მხოლოდ დასცინო ან დააიგნორო. ასეთია ჩემი მიდგომა.
_ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, აღვირახსნილ ჟურნალისტიკას „ლაგამი ამოსდოს“. როგორ აფასებთ ახალ ინიციატივებს?
_ ეს ყველაფერი წლების წინაც უნდა გაკეთებულიყო. ამ კუთხით კანონების გამკაცრება, რა თქმა უნდა, დაგვიანებულია, რის შედეგებსაც ახლა ვიმკით და კიდევ მოვიმკით. 2016 წლის ნოემბერში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, „იმედის“ პირდაპირ ეთერში მიხეილ ყაველაშვილი და ლადო კახაძე დამპირდნენ, რომ ცილისწამების შესახებ კანონს მიიღებდნენ, რაც ამ აღვირახსნილობას გარკვეულ ჩარჩოში მოაქცევდა. პირმა, რომელიც დეზინფორმაციას, ბოროტ ცილისწამებას ავრცელებს, პასუხი უნდა აგოს. ადამიანს ფიზიკურ შეურაცხყოფას რომ მიაყენებ, დანაშაულს რომ ჩაიდენ, ეს ხომ დასჯადია?! განა სიტყვას ნაკლები ძალა აქვს?! სიტყვით შეიძლება ადამიანი მოკლა, გაანადგურო. ჟურნალისტმა ცილისწამებაზე პასუხი არ უნდა აგოს? ამიტომ მივესალმები ყველა სახის რეგულაციას, რათა საზოგადოებაში შესაბამისი განწყობა იყოს.
თუმცა ვხედავთ, როგორ ეწინააღმდეგება მავანი კანონმდებლობას _ აგერ, მელიამ შუა მიტინგზე სამაჯური მოისროლა, ზოგი დაკისრებული გირაოს თანხას არ იხდის და სხვა. ეს გარეწრები „ქართულ ოცნებას“ უნიათოს უწოდებენ. როგორ არიან უნიათოები, როცა 13 წელია, ყველა არჩევნებს იგებენ.
_ მიშამ ცილისწამების მუხლის გაუქმების გარდა, მიიღო კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“, რომლის სახელით დღეს ქვეყნებს, სახელმწიფოებს ანგრევენ. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების საფარქვეშ ილანძღება თამარ მეფე, ვაჟა ფშაველა, ილია, ქართული ტრადიციები, ზოგადად, ქართველი კაცი...
_ ეს ჩვენი ეროვნული, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, დამცირებაა, რაც მიმართული იყო იმისკენ, რომ ვინც ამას ვერ აიტანდა, ქვეყნიდან გაქცეულიყო, ან აქ დარჩენილიყო იმედდაკარგული, მაგრამ გაჩუმებული და თავჩაქინდრული. მიზანი ეს იყო, რასაც ნაწილობრივ კიდეც მიაღწიეს. დააკვირდით, როგორი ნიჰილისტური განწყობებია ახალგაზრდა თაობაში, რომელიც დაარწმუნეს, რომ ჩვენ არც ისტორია გვაქვს, არც დღევანდელობა და არც მომავალი გაგვაჩნია, თუ ვიღაც ბალტიისპირელ რასას და ბრიუსელში წამომჯდარ ურსულას დირექტივებს არ გავითვალისწინებთ. სახალხო დამცველის მოადგილეს სიტყვებიც ხომ გვახსოვს: ევროპა ცალ ფეხზე დადგომას თუ გვიბრძანებს, უნდა დავდგეთო. ცალ ფეხზე დადგომას მხოლოდ ის გიბრძანებს, ვისაც ქვეყნის მიმართ არავითარი პატივისცემა არ გააჩნია.
_ მედიის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, უცხოური დაფინანსება იზღუდება, რასაც ოპოტელევიზიები ცენზურად აფასებენ...
_ ამ ადამიანებს ისღა დარჩათ, ბეჭედი დაადონ ხელმოწერითურთ, რომ გამჭვირვალობა ცუდია. დიახ, ბარემ მოაწერონ ხელი იმას, რომ საზოგადოების ინფორმირება ცუდია. წარმოგიდგენიათ, ჟურნალისტი, რომლის პროფესია საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას ითვალისწინებს, გეუბნება, ინფორმაციის მიწოდება ცუდიაო. მაშინ რა ესაქმება მედიაში, ჟურნალისტიკაში? დიახ, ყველამ უნდა ვიცოდეთ, ვინ საიდან ფინანსდება, რადგან დღევანდელ სამყაროში, სადაც ყველაფერს ფული წყვეტს, არაკეთილსინდისიერი, ფულიანი ადამიანები, არაკეთილსინდისიერ უფულო ადამიანებს ინსტრუმენტებად იყენებენ _ „მუსიკას“ უკვეთავენ და ისინიც ასრულებენ. ეს „მუსიკა“ კი ჩემი ქვეყნისთვის საზიანოა.
წლების განმავლობაში ვცდილობდი, ინფორმაცია მომეპოვებინა, ანალიზი გამეკეთებინა და საზოგადოებისთვის მიმეწოდებინა, თუ რა ხდება ნჯო-ების მიერ დაფინანსებულ მედიაში, მაგრამ ყველგან ცხრაკლიტულს წავაწყდი. წარმოიდგინეთ, ინფორმაციას ყველაზე მეტად ის ორგანიზაცია მალავდა, რომელსაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველო“ ჰქვია. ორგნიზაცია რომლის სახელწოდებაშიც სიტყვა „გამჭვირვალობა“ ფიგურირებს, როგორ უნდა იყოს გამჭვირვალობის წინააღმდეგი?! _ ეს სრული ნონსენსია. ეს იმის შედეგია, ეკა გიგაური, მისი კანტორა და კოლეგები როგორ აფასებენ ქართულ საზოგადოებას. მათ ჩვენ იდიოტები ვგონივართ. არადა, პირიქით, ეკა გიგაური, ნინო ლომჯარია და მათი მსგავსნი წარმოუდგენლად უნიჭო იდიოტები არიან. მათი ერთადერთი შანსი, რომ ადგილი შეინარჩუნონ და ზედაპირზე იტივტივონ, ეს არის გაუმჭვირვალობა, სიცრუის ტირაჟირება, ქვეყნისთვის დივერსიების მოწყობა.
_ დასავლეთში თუკი რაიმე მედიის ნორმალურ იერს არეგულირებს, ეს სასამართლო და კანონია. ჩვენთან რა ვითარებაა ამ კუთხით?
_ სასამართლო და კანონი გასაგებია, მაგრამ საბოლოოდ, საზოგადოების განწყობა, დამოკიდებულება ბევრ რამეს განსაზღვრავს. როცა იცი, მაღაზიაში ვადაგასული პროდუქტები იყიდება, მეორედ იქ აღარ შეხვალ. მედიასაშუალებებთან მიმართებითაც ასეა _ როცა მედია ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, უბრალოდ, სხვა არხზე უნდა გადართო, არ წაიკითხო, რეაქცია არ გამოხატო და ისინი თავისთავად მოკვდებიან, დაიხურებიან. როცა დაინახავენ, რომ გავლენას ვეღარ ახდენენ, მათი ბედი ყოველგვარი სასამართლოს გარეშე გადაწყვეტილი იქნება. მთავარი სასამართლო საზოგადოების განწყობაა, მით უმეტეს, მედიასთან მიმართებაში.
გეფიცებით, „ტვ პირველის“ და „ფორმულას“ არსებობის განმავლობაში მათთვის ჯამში ნახევარი წუთიც არ მექნება ნაყურები. რატომ ვუსმინო და მერე ნერვები მოვიშალო? ნუ უყურებ, უბრალოდ, „დაიკიდე“ და გულზე მოგეშვება.
_ კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ თუკი ჟურნალისტიკა მხოლოდ მკითხველზე ან გაყიდვაზე ორიენტირებული იქნება, ის მკითხველის დონეზე დავა. დღეს ამ დონის ჟურნალისტიკა იმიტომ გვაქვს, რომ საზოგადოებაც იმავე დონისაა. აქ განათლების მიმართ დამოკიდებულებაც მნიშვნელოვანია.
_ დიახ, გაუნათლებლობა ყველაზე დიდი პრობლემაა, საიდანაც ქვეყანაში მთავარი რეფორმები უნდა დაიწყოს. 2012 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 13 წელი გავიდა და განათლების სისტემა ისევ ფსევდოლიბერალებით და „ნაცმოძრაობის“ ადეპტებით არის სავსე. გავიხსენოთ, ვინ იყვნენ განათლების მინისტრები: ნიკა გვარამია, დიმიტრი შაშკინი, ალექსანდრე ჯეჯელავა, გიორგი მარგველაშვილი. ნორმალური მინისტრი ჯერ არ გვყოლია. ასე გრძელდება 25 წელია. ამ პერიოდში რამდენმა ბავშვმა დაამთავრა სკოლა და უმაღლესი სასწავლებელი. ორი გაუნათლებელი თაობა გაიზარდა. ალბათ, ეს ყველაფერი სიმპტომატურია _ გადახედეთ სოცქსელებს, როგორ წერენ ადამიანები, ან რა ქართულით მეტყველებენ. ელემენტარული მართლწერა _ „ტყვილის“ ნაცვლად „ტყუილი“ რომ უნდა დაწერონ, არ იციან!
თავად საზოგადოება რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ უკეთესი განათლება გვქონდეს. ოჯახშიც ხომ უნდა ასწავლო რაღაც, მხოლოდ სკოლა ხომ არ არის. შედეგად, ამ გაუნათლებელი ადამიანებით მანიპულირება თუნდაც არჩევნებზე, ძალიან ადვილია. ის 25 ადამიანი, რომელიც რუსთაველის გამზირს ყოველდღე კეტავს, რა თქმა უნდა, დაფინანსებულია, მაგრამ იქვე მეორე 25 ადამიანი ტრიალებს, ვინც უპასუხისმგებლოა და არ ფიქრდება იმაზე, რომ თავისი ქცევით ამ დაფინანსებულ მჩხავანა ტიპებს სოლიდარობას უცხადებს, რითაც ქვეყანას დათვურ სამსახურს უწევს. წეღან ვახსენე, საუკეთესო საშუალება მათი დაიგნორებაა-მეთქი. გავავლოთ პარალელი: თავიდან რომ დაიწყეს რუსთაველის გამზირის გადაკეტვა, მანქანები უკან ტრიალდებოდნენ და საცობები იქმნებოდა. ახლა ყველამ ვიცით, რომ ამ დროს ეს მაიმუნი ვირიშვილები გზას კეტავენ და ამ მიმართულებით აღარ ვმოძრაობთ. რუსათველის გამზირის გადაკეტვა აღარავის ადარდებს. ამ ადამიანების დაფინანსებას შემდეგნაირად ვუყურებ _ „ნაცმოძრაობამ“ ქვეყნიდან იმდენი ფული მოიპარა, დღეს ამ სახით უკან აბრუნებენ. ახალგაზრდები, რომლებიც მათგან ყოველდღე 100-150 ლარს იღებენ, მერე კაფეში შედიან, ან ტაქსით მგზავრობენ და ფული ისევ ქვეყანას უბრუნდება. ეს ყველაფერი მალე დასრულდება, თუ ხელისუფლებისა და საზოგადოების ნება იქნება. აი, ეს არის გამოსავალი. თუ ამის გაკეთება არ გვინდა და ვიღაცის იმედზე ვართ, მაშინ ღირსები ვყოფილვართ, რომ არც სახელმწიფო გვქონდეს, არც ეკონომიკა და არც განათლება.
_ გამოდის, საზოგადოება ჯერ ვერ შეიქმნა? მე-19 საუკუნე ილიამ გადაარჩინა. მაშინ ყველა „ილია“ იყო _ ერთი პოზიციის, მიზნისთვის იყვნენ შეკრებილნი. დღეს მიხვალ რომელიმე მწერალთან ან პოეტთან და გეუბნება, პოლიტიკაში არ ვერევიო...
_ დღევანდელი სპეციფიკა ილიასდროინდელისგან ძალიან განსხვავდება. ახლა ინფორმაციის საუკუნეა. უფრო სწორად, ინფორმაციის საუკუნე 20-25 წლის წინათ ჯერ კიდევ იყო, დღეს კი დეზინფორმაციის საუკუნეა. ალბათ, ახალი მიდგომებია საჭირო, რათა ბევრი ილია, აკაკი, ვაჟა-ფშაველა, კვლავ გამოჩნდეს. ეს საზოგადოების მოთხოვნილებიდან გამომდინარე უნდა მოხდეს. თქვენ ახსენეთ, ზოგ მწერალს პოლიტიკა არც აინტერესებსო. საქართველოში ორი ათასი მწერალი გვყავს, მაგრამ წელიწადში ერთი წიგნი იწერება. თავს ნუ მოვიტყუებთ, რომ ყველა მწერალია.
ჩემი აზრით, ქვეყანაში უნდა შეიქმნას ფონდი, რომელიც ნამდვილად საჭირო, აქტუალურ პროექტებს დააფინანსებს. ეს სოროსის ფონდის საპირწონე უნდა გახდეს. ის დისკუსიები, რომლებიც შედეგზე ორიენტირებული იქნება, უნდა შედგეს, რასაც სახელმწიფოს ხელშეწყობა სჭირდება. რაც მთავარია, აზრთა გაცვლა-გამოცვლაში უნდა მონაწილეობდნენ არა ცნობადი, არამედ სანდო ადამიანები.
_ ბატონო გია, პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ ნაცების ბევრ მავნებლობას ფარდა ახადა, მათ შორის, გამომცემლობა „სამშობლოდან“ ჟურნალისტების გამოყრის ფაქტსაც...
_ ის შენობა ჟურნალისტებისთვის აბსოლუტურად შეუსაბამო იყო. როდემდე უნდა ყოფილიყო მედია ნაცების ხელისშემყურე. შენობა დოტაციაზე იყო, მთავრობა იხდიდა ფულს. ვიცი, რედაქციები, რომელთაც 12 ოთახი ჰქონდათ აღებული, სახელმწიფო ფულს უხდიდა და აქედან 11 ოთახი გაქირავებული ჰქონდათ. გაზეთის გასაკეთებლად აუცილებელი არ არის, სახელმწიფოს დოტაციაზე იმყოფებოდე, თუნდაც ოფისის ფულს გიხდიდნენ. მე დოტაციაზე არასდროს ვყოფილვარ. „პრესა ჯი“ 2007 წელს დავაფუძნე და ოფისიც წამართვეს. საგამოძიებო კომისიაზე მეც ვიმყოფებოდი და ყველაფერი მოვყევი. ოფისი მხოლოდ ოთხი წელი მქონდა, ახლაც არ მაქვს. მე თუ მკითხავთ, გამომცემლობიდან რედაქციები თავად უნდა გამოსულიყვნენ. აბა, სააკაშვილის ბანდის ხელისშემყურე ხომ არ უნდა იყო, ღირსება ხომ უნდა გაგაჩნდეს. თვითონ ფორმა, თუ როგორ გამოყარეს ჟურნალისტები, დაარბიეს გამომცემლობა, ყოვლად მიუღებელი იყო. სააკაშვილი როგორც მოიქცა, ეს იყო ვიღაცების დასჯა, ძალის დემონსტრირება და იმის ჩვენება, რომ, როცა მოუნდებოდა, კიდეც გამოგაგდებდა, კიდეც დაგაშინებდა.
_ ბეჭდური პრესის როლზე მინდა გკითხოთ, რაც დღეს დაკნინებულია, გაზეთმა მკითხველი დაკარგა. მიზეზი და გამოსავალი რა არის?
_ მკითხველი გაზეთმაც დაკარგა და წიგნმაც. სხვა დრო დადგა. იცით, რაზე მწყდება გული? _ როგორ შეიძლება გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველი“ ტელეფონში წაიკითხო. ჩვენ საკუთარი ჯანმრთელობით ტექნოლოგიების ფასს ვიხდით. სკოლაში, ჩემს ბავშვობაში კლასში სათვალე მხოლოდ მე მეკეთა, ახლომხედველი ვარ. დღეს 30 ბავშვიდან 28-ს სათვალე უკეთია. ინტერნეტში მოკლე-მოკლე ვიდეოების ყურება გაცილებით იოლია. დღეს, ალბათ, მედიის განსაზღვრებაც დასაზუსტებელია. ვინ არის ჟურნალისტი? ახლა „ფეისბუქს“ სოციალურ მედიას ეძახიან. ნებისმიერი ადამიანი, ვინც სოცმედიაში წერს, თავს ჟურნალისტად აცხადებს! ასევე, უმარტივესია „იუთუბარხის“ გაკეთება. ყველას შეუძლია, საკუთარი ტელევიზია ჰქონდეს, ნებისმიერ აქციაზე მივიდეს, პოლიციელს გაულაწუნოს და მერე თქვას, ჟურნალისტი ვარო. რა არის რეალურად მედია და ვინ არიან ჟურნალისტები, ამაზე უნდა ვილაპარაკოთ. საუბარს იმით დავამთავრებ, რითაც დავიწყე: მე, „ფორმულა“, „ტვ პირველი“, მთავარი“ მედიად და იქ მომუშავე პირები ჟურნალისტებად არ მიმაჩნია. ასე გაზეთი „კომუნისტიც“ გვეუბნებოდა, რომ მსოფლიოში ყველაზე ბედნიერები ვიყავით. საკუთარი პროპაგანდა ნებისმიერ დროში ყველა დიქტატორს ჰქონდა. გავიხსენოთ გებელსი. მედია ფაშისტურ გერმანიაშიც იყო. იგივე, ბოლშევიკურ საქართველოშიც. ეს ორგანიზაციები იმისთვის არსებობენ, რომ ინფორმაცია გაავრცელონ. დღეს მედიაში პოპულარობას ორი გზით აღწევ: ან „ყვითელი“ უნდა იყო, მაგალითად, დაწერო, რომ ქათამმა ნიანგი გააჩინა და ამას 100-დან 99 ადამიანი წაიკითხავს, ან შენ მიერ მიწოდებული ინფორმაცია ოპერატიული, საინტერესო, სანდო უნდა იყოს. ასეთ ინფორმაციას, პირობითად, შვიდი ადამიანი წაიკითხავს, მაგრამ მათ საზოგადოებაში ჭკუა მოეკითხებათ.
როგორც იცით, მე „საზოგადოებრივი მაუწყებელის“ ბორდის წევრი ვარ. ხშირად მეუბნებიან, არხს რეიტინგი არ აქვსო. მერწმუნეთ, არც საქართველოში და სხვაგან მოცარტს, ბეთხოვენს, ბახს იმდენი მსმენელი არასდროს ეყოლება, რამდენიც შაკირას ან ლელა წურწუმიას ჰყავს. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ბეთხოვენი ცუდია. ეს იმას ნიშნავს, რომ ასიდან მუსიკალური გემოვნება მხოლოდ შვიდ-რვა ადამიანს აქვს. ასევეა „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, რომელიც შესანიშნავია და დღითიდღე უკეთესი ხდება. რეიტინგი შეიძლება არ აქვს, მაგრამ ყველა ერთნაირი ხომ არ ვართ. სამაგიეროდ, „საზმაუს“ მაყურებელი ობიექტურ, გადამოწმებულ ინფორმაციას იღებს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ „საზმაუს“ მთავარი პრინციპი ჯერ სანდოობაა და მერე ოპერატიულობა. შეიძლება სხვა არხმა ინფორმაციის გავრცელება დაგვასწროს, მაგრამ ეს ნორმაა, რადგან ჩვენ ინფორმაციას რამდენჯერმე ვამოწმებთ, რათა მაყურებელი არ მოვატყუოთ, რომელსაც პატივს ვცემთ. აი, ამაშია განსხვავება.
თამარ შველიძე

